ხელისუფლებამ „რვიანი“ დაშალა და „ექვსიანად“ აქცია. „ნაცების“ შეთავაზებული „ლიმონის“ აღებაზე ორი პარტია დათანხმდა, დანარჩენებმა კი - „შესტიორკობაზე“ უარი თქვეს. უფრო მეტიც, ვიდრე გიორგი თარგამაძე და დავით გამყრელიძე შეერთებულ შტატებში „ნაციონალების“ საბოლოო პასუხის გაჟღერებასთან „საეჭვოდ დამთხვეულ“ საქმიან შეხვედრებს მართავენ, ამჟამად უკვე „ექვსიანი“ მმართველებს საპასუხო წინადადებებს სთავაზობს და ამბობს, რომ ხელისუფლებას მაინც მოუწევს მოლაპარაკების მაგიდასთან დაბრუნდება.
აი, რა განუცხადა პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ სააგენტო „ჯი-ეიჩ-ენს“: „მგონია, რომ უარის თქმას, დათანხმება სჯობს, რადგან თუ უარს იტყვი, მაშინ ალტერნატიული პოლიტიკა უნდა აირჩიო - ქუჩა, მიტინგები, პროტესტი... თუ არც ერთს ირჩევ, მაშინ მიდიხარ სახლში... ხელისუფლების მიერ გაჟღერებული წინადადებები კლიმატის გაუმჯობესების რაღაც შანსს ქმნის. არსებობს შესაძლებლობა, რომ ბრძოლის შემთხვევაში, ქვეყანაში ოდნავ უკეთესი არჩევნები მივიღოთ, ვიდრე გვქონია. რვიანი შეიქმნა იმ მიზნით, რომ საარჩევნო გარემოს კლიმატთან დაკავშირებით შედეგი მიღწეულიყო. ჩავთვალოთ, რომ ეს მისია ამოწურულია, ამოცანა ამოხსნილია. ასე რომ, ისეთი სუბიექტის არსებობა, როგორიც „რვიანია", საჭირო აღარაა“.
ხელისუფლებისა და ოპოზიციის „საარჩვენო ქმედებებთან“ დაკავშირებით განცხადება გაავრცელეს არასამთავრობო ორგანიზაციებმაც - "ყოფილი პოლიტპატიმრები- ადამიანის უფლებებისათვის" (ლიდერები ნანა კაკაბაძე და გელა ნიკოლაიშვილი) და „წინააღმდეგობის მოძრაობა“ (წარმომადგენელი სოსო მანჯავიძე და მედიაკავშირ "ობიექტივის" ხელმძღვანელი ირმა ინაშვილი):
„27 ივნისს, "რვიანის" სახელით ცნობილ პოლიტიკურ პარტიათა ჯგუფში შემავალმა ორმა პარტიამ: "ქრისტიან-დემოკრატებმა" და "ახალმა მემარჯვენეებმა" უპირობო თანხმობა განაცხადეს ხელისუფლების მიერ წარდგენილ საარჩევნო გარემოს შეცვლასთან დაკავშირებულ წინადადებებზე. სამოქალაქო საზოგადოების ზოგიერთი წარმომადგენლის მხრიდან აღნიშნულმა წინადადებებმა უკვე მიიღეს ზუსტი შეფასება: "უზნეო" და "უკანონო". ჩვენ, უფლებადაცვითი ორგანიზაციების წარმომადგენლები, სრულიად ვიზიარებთ აღნიშნულ შეფასებას და მიგვაჩნია, რომ ამ წინადადებების ძირითადი სულისკვეთება თავისი არსით უზნეოა.
ხელისუფლება ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე, ულტიმატუმური ფორმით, სთავაზობს ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს მათი პოზიციების გაყიდვის ფასს - 1 მილიონ ლარს. ამ მაცდუნებელი თანხის მოპოვებისაკენ მიმართულ დოღში უკვე გადაეშვნენ "ქრისტიან-დემოკრატები" და "ახალი მემარჯვენეები“. როგორც ჩანს, ამ პარტიებისათვის ეს არის ის მისაღები თანხა, რომელზეც მათ ვაჭრობის გამართვაც კი არ ჩათვალეს საჭიროდ და ცნობილი ნაწარმოების გმირის, კიკუსაგან განსხვავებით, ყოყმანიც კი არ დაუწყიათ, რომ შემთავაზებლის სურვილის დასაკმაყოფილებლად, მათი მოთხოვნა დაუყოვნებლივ შეესრულებინათ.
მოვუწოდებთ დანარჩენ ოპოზიციურ პარტიებს, რათა ისინი მკაფიოდ და მკვეთრად გაემიჯნონ ხელისუფლების მიერ შემოთავაზებულ უზნეო და უკანონო წინადადებებს და მათთან ერთად, ყველა იმ „პოლიტიკურ კიკუს“, რომლებიც მზად არიან ხელისუფლებას დაეხმარონ ძალაუფლების შენარჩუნებაში, შეუქმნან მას დემოკრატიულობის ფასადი, ხოლო ამის შედეგად მიიღონ პოლიტიკური დივიდენდები, რის გამოც ხალისით მონაწილეობენ პოლიტიკურ პროსტიტუციაში“.
რამდენად პრაგმატული და მორალურია „ექვსიანის“ უარი ხელისუფლების შეთავაზებულ წინადადებებზე ამასთან დაკავშირებით პრესაგე.ტვ „თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთ ლიდერს, ირაკლი ჩიქოვანს ესაუბრა. აქვე შეგახსენებთ იმ პატიების ჩამონათვალს, რომლებიც „ექვსიანში“ კი აღმოჩნდნენ, მაგრამ „შესტიორკობაზე“ უარი თქვეს: "რესპუბლიკური პარტია", "თავისუფალი დემოკრატები", "ხალხის პარტია”, "კონსერვატიული პარტია", "ეროვნული ფორუმი“ და "საქართველოს გზა".
რამდენად არის პრაგმატული „ექვსიანის“ გადაწყვეტილება, რომ უარს ამბობთ ხელისუფლების შეთავაზებაზე? 2008 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ რომ არ შევიდა ოპოზიცია ახალ პარლამენტში, შეიქმნა ახალი საპარლამენტო პარტიები და ამით ისარგებლა არა ხალხმა, არამედ ხელისუფლებამ? რამდენად შორეულ გათვლებს აკეთებთ, როცა უარს ამბობთ?
ირაკლი ჩიქოვანი: „ჩვენ ახლა არ ვსაუბრობთ პარლამენტში შესვლა-არშესვლაზე, ან არჩევნების ჩატარება-არჩატარებაზე. ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ის, რაც ხელისუფლებამ წარმოადგინა, ეს არ არის საარჩევნო გარემოს ცვლილება. ეს ერთი და მეორეც, რა ფორმითაც ხელისუფლებამ ჩვენ თავისი წინადადებები წარმოგვიდგინა, არის ულტიმატუმი და პრაქტიკულად - პოლიტიკური შანტაჟი. რა თქმა უნდა, რაღაცა წინადადებები არის უფრო მეტად გავრცობილი, ვიდრე მანამდე წარმოადგინეს.
დაასახელეთ...
- მაგალითად, მედიამონიტორინგის საკითხი. საპროცედურო საკითხი - საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენელთა უფლებები საარჩევნო უბნებზე და ა.შ. ასევე ნიშანდობლივია წინადადება, რომელიც ეხება საუწყებათაშორისო ჯგუფის შექმნას, რომელმაც საარჩევნო პერიოდში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე მონიტორინგი უნდა განახორციეოს. პროცედურულ საკითხებთან დაკავშირებით ნამდვილად შეიძლებოდა გარკვეული საკითხების განხილვა, ეს ყველაფერი რაღაც პოზიტივისკენ მიდიოდა, მაგრამ, მთლიანობაში, არ იყო სიცხადე.
ჩვენ რასაც ვთავაზობდით ხელისუფლებას, პირველ რიგში, ამაზე უნდა შემოეტანათ მათ სიცხადე. ორი მთავარი საკითხი, რომელიც ჩვენ დავაყენეთ კვლავ უგულველყოფილია ხელისუფლების მხრიდან. ეს არის: საარჩევნო სისტემა და ამომრჩეველთა სიები. დღევანდელი საარჩევნო სისტემა არ უზრუნველჰყოფს იმას, რომ ქვეყანაში პოლიტიკური პარტიის მიერ მოგროვებეული ხმათა ოდენობა პროპორციულად აისახოს წარმომადგენლობით ორგანოში.
რეალურად რომ ავიღოთ ის სისტემა, რასაც ხელისუფლება გვთავაზობს და შევუფარდოთ არჩევნების შედეგებს, რომელიც 2008 წლის საპარლამენტო არჩევნებში დაფიქსირდა, ასეთ სურათს მივირებთ: ხელისუფლებამ მაშინ მიიღო 51% და დღეს აქვს - 79% ადგილებისა პარლამენტში, მაგრამ ახლა თუ მიიღებს 51%-ს და ექნება 77% ამ ადგილებისა. ამიტომ ვამბობთ, რომ მათი წინადადებები საარჩევნო სისტემის თვისობრივი ცვლილება არ არის.
პარტიების დაფინანსების საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია, ამას ჩვენც ვითვალისწინებდით, მაგრამ იმ ფორმით, რომ თუ ამ შეთავაზებებს არ მოაწერთ ხელს - დაფინანსებას ვერ მიიღებთ, ეს მიუღებელია. ჩვენთვის პოლიტიკური ვაჭრობაა მიუღებელი და არა ის, რომ ეს ზოგადად აკრძალული პრაქტიკაა. ასეთი პრაქტიკა არსებობს სხვა ქვეყნებშიც და აქედან გამომდინარე, ჩავწერეთ ჩვენ ჩვენს შეთავაზებებში ეს საკითხი, მაგრამ ასეთი ფორმით შემოთავაზებას არ მივიღებთ. ჩვენ საარჩევნო სისტემის ცვლილებას ამ დაფინანსებაში არ გავყიდით.
სამაგიეროდ, „რვიანი“ დაიშალა...
- „რვიანი“ არ დაშლილა... „რვიანში“ შემავალმა ორმა პოლიტიკურმა სუბიექტმა არჩია, რომ ხელი მოეწერა ამ შეთავაზებებისთვის და ჩვენ სინანულს გამოვთქვამთ, კარგი იქნებოდა, ბრძოლა ერთად გაგვეგრძელებინა.
თქვენ უკვე „ექვსიანი“ ხართ, ხელისუფლება თქვენთან აღარ დაჯდება მოლაპარაკების მაგიდასთან.
- გუშინ განცხადება ერთობლივად „ექვსმა“ პოლიტიკურმა ძალამ გაავრცელა. ასევე გავავრცელეთ დოკუმენტი, რომელიც გუშინ კონსულტაციების შედეგად იყო შექმნილი, ასევე ერთობლივად. ამ დოკუმენტზე ხელი არ მოაწერეს „ქრისტიან-დემოკრატებმა“ და „ახალმა მემარჯვენეებმა“, მათ არჩიეს, რომ ხელი მოეწერათ იმ დოკუმენტისთვის, რომელიც პალიკო კუბლაშვილმა დაწერა.
ბატონო ირაკლი, შეიძლება, თქვათ, რომ ეს ყველაფერი არ იყო სერიოზული დარტყმა „რვიანისთვის“, მაგრამ რიგითი მოქალაქის თვალით რომ შეხედოთ ამ პროცესს, ეს იყო სერიოზული დარტყმა თქვენთვის. ელოდით იმას, რომ მიგატოვებდნენ?
- მე გეტყვით ერთ რამეს, რა თქმა უნდა, უკეთესი იქნებოდა, პოლიტიკურ ძალებს გაეძლოთ ცდუნებისთვის, ნერვებს არ ემტყუნა მათთვის, რადგან ძალიან კარგად მესმის, ადვილი მოსასმენი არააა ხელისუფლების მხრიდან - თუ ამ წინადადებებს არ დათანხმდებით, მაშინ ვერაფერს მიიღებთ. ჩვენ ყველას კარგად უნდა გვახსოვდეს, რომ ხელისუფლების ეს შემოთავაზებები განპირობებეული იყო სწორედ იმ სიძლიერით, რასაც პოლიტიკური სპექტრის ერთიანობა ჰქვია.
თუმცა, „ხალხის“ პარტიის ლიდერი ღიად აცხადებს, რომ ხელისუფლებას მომავალი არჩევნების ლეგიტიმაციისთვის საერთაშორისო თანამეგობრობა საარჩევნო სუბიექტებთან შეთანხმებულ გარემოში არჩევნების ჩატარებას ავალდებულებს. 17 საარჩევნო სუბიექტია საქართველოში. „რვიანში“ შედიოდა 9 პარტია, რადგან „ქრისტიან-დემოკრატები“ წინა არჩევნებში ბლოკით გავიდნენ და ფაქტობრივად, ორი პარტიის აზრს გამოხატავდნენ. დარჩით ექვსი და აღარ ხართ უმრავლესობა 17 საარჩევნო სუბიექტიდან. ახლა რაღა აზარი აქვს თქვენს ბრძოლას, სავარაუდოდ, ხელისუფლებას თქვენზე მეტი პარტია მოუწერს ხელს ამ დოკუმენტზე...
- ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი იმიტომ, რომ ჩვენ ჩვენს მოქალაქეებს დავანახოთ, რატომ არის საარჩევნო გარემო მნიშვნელოვანი და ხალხთან ერთად მოვითხოვოთ ამის შეცვლა. შედეგად კი, მივიღოთ ნორმალური საარჩევნო გარემო.
ჩვენი მთავარი მიზანი მხოლოდ საარჩევნო გარემოს შეცვლა კი არ არის. მთავარი მიზანია ის, რომ მმართველი ძალა, რომელმაც ქვეყანა პოლიტიკურ და ეკონომიკურ კრიზისში შეიყვანა, აღარ იყოს ხელისუფლებაში და ქვეყნის მომავალი არ ებაროს.
ვერ მივიღე პასუხი კითხვაზე -, „ექვსიანს“ დაელაპარაკება ახლა ხელისუფლება?
- ხელისუფლებამ უნდა გააცნობიეროს ის, რომ საარჩევნო გარემოს შეცვლა არ არის „ექვსიანის“ პოლიტიკური გემოვნების საკითხი. აქ მთავარია ის, რომ ისინი მიხვდნენ: ამგვარი წინადადებები და ის, რის გაფორმებასაც ცდილობენ, არ ჩაითვლება შეთანხმებად ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის.
მე ვიცი ერთი რამ, ხელისუფლება ძალიან სუსტ პოზიციაზეა და ამიტომ ცდილობს, ასეთი პოლიტიკური ნაბიჯების გადადგმას. რაც შეგვეხება ჩვენ, მიუხედავად იმისა, რომ ეს ხელისუფლება არის უტიფარი, ლაპარაკობს ულტიმატუმებით, მხოლოდ ზევიდან გადმოხედვითი პოზიციიდან საუბრობს ოპოზიციასთან, ჩვენ მზად ვართ დავუჯდეთ და ველაპარკოთ, რატომ არის სწორი საარჩევნო სისტემა.
ეს გასაგებია, მაგრამ გია თორთლაძემ შეიძლება მოუწეროს ხელი, პაატა დავითაიამ, ან ვინმემ სხვამ... ისინიც ოპოზიციონერები არიან, ყოველშემთხვევაში - ასე ჰქვიათ...
- თქვენ შეაფასებთ ამას, როგორც შეთანხმებას, ან საარჩევნო გარემოს შეცვლას?
მე ვერ გიპასუხებთ ამ კითხვაზე . არ მაქვს უფლება... თან ამ ინტერვიუთი მინდა, თქვენი პასუხით გაიგოს მოსახლეობამ, რამდენად პრაგმატულები ხართ სამომავლო გათვლებში...
- ჩვენი პრაგმატულობა არის ასეთი, ჩვენი ერთიანობა ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ერთიანობით უნდა მივაღწიოთ ამ პროცესში საზოგადოების თანამონაწილეობას. ეს არის ყველაზე დიდი პრაგმატიზმი, რაც ჩვენში დევს. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რა თქმა უნდა, პოლიტიკური ბრძოლის გზები სხვადასხვაა, ყველა პარტია ადრე თუ გვიან აკეთებს თავის პოლიტიკურ არჩევანს, მაგრამ ამ პოლიტიკურ არჩევანში ვერ დავეთანხმებით ჩვენს კოლეგებს, იმიტომ, რომ ფორმა, რომლითაც ხელისუფლებამ ეს წინადადებები შემოგვთავაზა, მიუღებელია. ეს არის პოლიტიკური შანტაჟი და მუქარა.
დიპლომატიური პასუხები გაქვთ, პირდაპირ მითხარით, სხვებმა რომ მოუწერონ ხელი ლეგიტიმური იქნება ეს შეთანხმება...
- იმ პოლიტიკურმა პარტიებმა, რომლებიც ხელს მოუწერენ, თავად უნდა აგონ პასუხი საზოგადოების წინაშე. მე კი, მერე საზოგადოებასთან და საერთაშორისო თანამეგობრობასთან თანამშრომლობის გზა მრჩება.
იქნება აქციები? როგორ გააგრძელებთ ბრძოლას?
- ამ კონკრეტულ შემთხვევაში, მე არ ვარ უფლებამოსილი ზუსტად გელაპარაკოთ გეგმებზე. ერთ რამეს გპირდებით, რომ ჩვენი ერთიანობა და ბრძოლა საარჩევნო გარემოსთვის, არ აღმოჩნდება ისეთ ვითარებაში, რომელ ვითარებაშიც მას არ ეცოდინება, რას აკეთებს და რისთვის აკეთებს. მხოლოდამხოლოდ საზოგადოებასთან ერთად და თანამონაწილეობით შევეცდებით, გავაკეთოთ ყველაფერი. დანარჩენი კი - ხალხის შესაფასებელი იქნება, სწორი გზა ავირჩიეთ, თუ - არა.
ყველას კარგად უნდა გვესმოდეს ისიც, რომ ეს გზა, ქვეყნის განვითარებისთვის აუცილებელია და გასავლელი გვქავს, რომ ჩვენთან შედგეს დემოკრატია, ვიყოთ ეკონომიურად და სოციალურად წელში გამართული ქვეყანა. ამ ყველაფრის თავი და თავი დევს არჩევნებში.
არსებობს ინფორმაცია, რომ თინა ქეიდინაუმ პირდაპირ გითხრათ, თქვენი პოზიცია აქციებით უნდა იყოს გამყარებულიო.
- ჩვენი პოზიცია აქციებით კი არ უნდა იყოს გამყარებული, არამედ სამოქალაქო საზოგადოებისა და ამომრჩევლის მხარდაჭერით. ნებისმიერი ფორმა, რომელიც უზრუნველჰყოფს ჩვენი მოქალაქეების სურვილისა და უფლებების ფართომასშტაბიან გამოხატულებას, ჯდება დემოკრატიულ ფარგლებში - ჩვენთვის მისაღებია.
ის რასაც აკეთებს ხელისუფლება, რა ფორმითაც ითანხმებს პოლიტიკურ ძალებს ამ საკითხზე, საზოგადოების მხრიდან არ ჩაითვლება, როგორც კონსესუსი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის.
ის რომ ორი ოპოზიციური პარტია გამოაკლდა „რვიანს“ და დათანხმდა ექვსი პარტიისთვის მიუღებელი ფორმით შემოთავაზებულ წინადადებებს, იყო თუ არა იმის შედეგი, რომ პარტიებმა ინდივიდუალური მოლაპარაკებების რეჟიმში დაიწყეთ შეხვედრები ხელისუფლებასთან, თუნდაც „რვიანის“ სახელით?
- მე არ ვიქნები მართალი, რომ დავიწყო იმაზე საუბარი, თუ რის შედეგად მოხდა ეს. არ მაქვს ეს პოზიცია. ჩვენმა კოლეგებმა დაასახელეს საკუთარი არგუმენტები საჯაროდ, ამიტომ ამ არგუმენტებს, დიდი პატივისცემის მიუხედავად, ჩვენ ვერ გავიზიარებთ. სწორედ ამიტომ აღმონდა ის ორი პარტია იქ, სადაც არის დღეს.
ანუ, ფიქრობთ, რომ პოლიტიკურად წააგო ამ ორმა პარტიამ?
- რომ გვჯეროდეს, რომ ჩვენმა კოლეგებმა სწორი ნაბიჯი გადადგეს, არაფერი დაგვიშლიდა, ვყოფილიყავით იქ, სადაც ისინი დგანან დღეს.
ანუ არჩევნებამდე მისასვლელი თქვენი გზა გადის მორალზე და არა -მილიონებზე?
- მიმაჩნია, რომ არჩევნებს ერთმიშვნელოვნად იგებს მხოლოდდამხოლოდ ის პოლიტიკური ძალა, რომელსაც რეალურად გააჩნია ბმა საკუთარ საზოგადოებასთან და ამ საზოგადოებას სთავაზობს სწორ პროგრამებს, როგორც ეკონომიკურს, ასევე - პოლიტიკურს“.