უკვე ოფიციალურმა სტატისტიკამაც დაადასტურა, რომ საქართველოში ყოველ მეორე ოჯახს მიზერული შემოსავალი აქვს. ამიტომ მათი ყოფა დღითი დღე უარესდება. „საქსტატის“ თანახმად, 2017 წელს საქართველოს მასშტაბით ოჯახების 46,7%-ის საშუალო ყოველთვიური ფულადი შემოსავალი 101-დან 400 ლარამდეა. ასეთი შემოსავალი ქალაქში მცხოვრებთა 35,9%-ს, ხოლო სოფლად მცხოვრებთა 61,6%-ს აქვს.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, შედარებით მაღალი, 401-800 ლარი სულ ოჯახების 24,3%-ს აქვს. ქალაქში ამ ოდენობის შემოსავალი ოჯახების 26,9%-ს გააჩნია, ხოლო სოფლად - 20,8%-ს.
ოჯახების შედარებით მცირე ნაწილს, 13,6%-ს ყოველთვიურად 801-1500 ლარი აქვს, 1500 ლარზე მეტს კი ყოველთვიურად ოჯახების მხოლოდ 5,9% იღებს.
ყოველთვიურად ყველაზე მცირე შემოსავალი, 100 ლარი და ნაკლები სულ ოჯახების 4%-აქვს. ამ ოდენობის შემოსავალი ქალაქში მცხოვრები ოჯახების 2,3%-ს, ხოლო სოფლად მცხოვრებ 6,3%-ს აქვს.
ეს ნიშნავს, რომ ხალხის მატერიალური მდგომარეობა ქვეყანაში არ უმჯობესდება და თუ მხედველობაში მივიღებთ ლარის გაუფაურებას და მაღალ ინფლაციას, გამოდის, რომ მათი ყოფითი პირობები სულ უფრო უარსედება. სწორედ ამიტომ ფიქრობს ექსპერტი სოციალურ საკითხებში პაატა აროშიძე, ასე გაგრძელება აღარ შეიძლება, რადგან მდგომარეობა, შესაძლოა, სოციალურ უკმაყოფილებამდე მივიდეს.
„როცა ქვეყანა იმპორტზეა დამოკიდებული და ეროვნული წარმოება არ გააჩნია, ყოველთვის გასაჭირშია. მსოფლიოს ყველა ქვეყანაში შეიმჩნევა სურსათისა და სამომხმარებლო პროდუქციის გაძვირების ტენდენცია, მაგრამ ჩვენთან ამ პრობლემას ლარის გაუფასურებაც დაემატა. შემოსავლები ან საერთოდ არ იზრდება, ან იმდენად მცირე ტემპით მატულობს, რომ ხალხი ვერც კი გრძნობს. კომუნალური მომსახურებაც ძვირდება, რის გამოც არათუ დაბანდებისთვის, ხალხს ფული პროდუქტის მოსამარაგებლადაც არ ყოფნის. შემოსავლების ნაწილი შთანთქა ინფლაციამ, ნაწილი - გაძვირებულმა პროდუქტმა და ცხოვრება კიდევ უფრო გაჭირდა. საშუალო ფენის კრიზისია ქვეყანაში“, - ამბობს აროშიძე.
„საქსტატის“ უკანასკნელი ანგარიშით, საქართველოს მოსახლეობის შემოსავლების 44% საკვების შეძენაზე იხარჯება. დასავლურ ქვეყნებში სურსათზე მთლიან ხარჯებში გაცილებით ნაკლები წილი მოდის. აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის მონაცემებით, საკვების დანახარჯები მოსახლეობის მთლიანი დანახარჯების მხოლოდ 6.4%-ია. საკვებზე დანახარჯების მაღალი წილია ყველაზე ღარიბ ქვეყნებში, მაგალითად, კამერუნში საკვებზე დანახარჯების წილი 45%-ია, კენიაში - 46%, ნიგერიაში კი - 56%.
მოსახლეობის მსყიდველუნარიანობაზე ამახვილებს ყურადღებას სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე.
„შეიძლება ხელფასების დინამიკა გავაკეთოთ წლების მიხედვით, მაგრამ მათი მსყიდველუნარიანობა უნდა განვსაზღვროთ კონკრეტულ სასაქონლო ჯგუფთან მიმართებით. პირობითად, 2013 წელს რამდენი კილოგრამი ხორცის ან ბრინჯის შეძენა შეგვეძლო, კარტოფილის, კარაქის და ა.შ. ეს უნდა შევადაროთ ახლა რამდენის შეძენა შეგვიძლია და ამის მიხედვით უნდა მოხდეს გაანალიზება.
ჩვენ ვართ იმპორტდამოკიდებული ქვეყანა, საქონლის 75%-ზე მეტი უცხოეთიდან შემოდის. შესაბამისად, ლარის გაუფასურება დიდ პრობლემას ქმნის ამ მიმართულებით. შინამეურნეობების ხარჯიც მატულობს, რასაკვირველია უპირატესად პირველადი მომხმარების საქონლის მიმართულებით“, - აცხადებს სოსო არჩვაძე.