[გიორგი ბექაური]
დიდი გამოთვლების და ანგარიშის შემდეგ, სტატისტიკის სამსახურმა პირველი კვარტლის ინვესტიციები გამოაქვეყნა. შარშანდელთან შედარებით უცხოური კაპიტალი შესამჩნევად გაზრდილია, თუმცა რაოდენ საკვირველიც არ უნდა იყოს, კვიპროსის ხარჯზე. ევროპის მასშტაბითაც კი ეს მომცრო კუნძული, საქართველოს საინვესტიციო ლოკომოტივია.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2001 წლის პირველ კვარტალში, საქართველოში განხორციელებული უცხოური ინვეტიციების მოცულობამ 174 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 2,3-ჯერ აღემატება 2010 წლის პირველი კვარტლის მონაცემებს. იმ პერიოდში საქართველოში 75,7 მილიონი ლარის ინვესტიცია შემოვიდა.
პირველ კვარტალში 6 უმსხვილესი პირდაპირის ინვესტორი ქვეყნის წილმა 86% შეადგინა. ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან შემოსული ინვესტიციები 116 მილიონი დოლარია და მთლიანი 67%-ია.
მსხვილ ინვესტორთა სია სრულიად შეიცვალა, ამჯერად ყაზახებისა და არაბების ნაცვლად პირველი ინვესტორი ქვეყანა კვიპროსია (24%), მეორე ადგილზე დიდი ბრიტანეთი ა(17%), მესამეზე - ჰოლანდია (15%), ხოლო მეოთხე ადგილებს რუსეთი და ვირჯინიის კუნძულები იკავებს (11%-11%), მეხუთე ადგილზე თურქეთი აღმოჩნდა (8%).
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიხედვით, შემოსული ინვესტიციებიდან 82,8% მრეწველობაში ჩაიდო, 39,8% - საფინანსო სექტორში, 19,9% - ენერგეტიკაში, 14,4% - მშენებლობაში, სასტუმროებსა და რესტორნებზე მხოლოდ 3,4% იოდის. ამ სიაში, როგორც ყოველთვის ვერ მოხვდა სოფლის მეურნეობა.
სტატისტიკის ექსპერტის სოსო არჩვაძის განცხადებით, ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის მით უკეთესია, რაც უფრო მეტი ინვესტიცია შემოვა. მეორე საკითხია, რამდენად „ხარისხიანია“ ეს ინვესტიციები, ვინაიდან კვიპროსი, მისი ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე არ არის ის ქვეყანა, რომელზედაც დიდი იმედების დამყარება შეიძლება. არ უნდა შეიქმნას, იმის ილუზია, რომ კვიპროსიდან მომდევნო კვარტლებშიც დიდი კაპიტალი შემოვა.
„როდესაც ინვესტიციების რაოდენობაზე ვსაუბრობთ, ასევე უნდა განვიხილოთ ხარისხობრივი პარამეტრები, ვინაიდან ამ თვალსაზრისით ბევრი კითხვის ნიშანია. მართალია, კვიპროსი ევროკავშირის წევრია, მაგრამ თავისი ეკონომიკური პოტენციალით არ არის ის სახელმწიფო, რომელმაც შეიძლება პოზიტიური როლი შეასრულოს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში. შეიძლება ამ ქვეყნიდან შემოსულ ინვესტიციებს, მხოლოდ ერთჯერადი ეფექტი ჰქონდეს. ვნახოთ, მომდევნო კვარტლებში როგორი ტენდენციები ჩამოყალიბდება“, - ამბობს სოსო არჩვაძე.
ეკონომიკის ექსპერტი შოთა მურღულია კი აღნიშნავს, რომ წლის განმავლობაში კვიპროსული ინვესტიცია მთავრობაში არავის უხსენებია, ამიტომ მისთვის ცოტა გაუგებარია რა სახის კაპიტალდაბანდებაზეა საუბარი.
„თვითონ კვიპროსშიც არცთუ სახარბიელო ეკონომიკური სიტუაციაა, ამიტომ უცნაურია, რომ ამ ქვეყანას საინვესტიციო რესურსები აქვს“, - ამბობს მურღულია. მისი თქმით, მიმდინარე წელი, შარშანდელთან შედარებით, საინვესტიციო კუთხით წარმატებულია და ამას რამდენიმე მიზეზი განაპირობებს.
„ჯერ ერთი ის, რომ მსოფლიოში ფინანსური კრიზისის ტალღამ გადაიარა, გაჩნდა საინვესტიციო რესურსი და დაიძლია შიშის სინდრომი. მეორეც, საქართველოს მთავრობამ ამ მიმართულებით განსაკუთრებულად აქტიურად იმუშავა“, - ამბობს მურღულია.