[ეკა ბაქრაძე]
ალოობის დაწყების წინ ხორბლის ყანებს სხვადასხვა მწერები შეესია - ჯერ იყო კალია, ახლა კი - ხოჭო. თუ მათი მოგერიება დროულად ვერ მოხერხდა, ხორბლის მოსავლიანობის გაზრდის სახელმწიფო პროგრამას, საფრთხე დაემუქრება.
დედოფლისწყაროში ხორბლის ნათესების განადგურება პურის ხოჭოს დაწყებული აქვს.
სურსათის ეროვნული სააგენტოს კახეთის რეგიონალური სამმართველოს ცნობით, სპეციალისტების ინფორმაციით, განსაკუთრებით რთული ვითარებაა შირაქის ველზე.
„დედოფლისწყაროში პურის ხოჭოს მიერ მარცვლების დაზიანება შეინიშნება. იგი გავრცელებულია როგორც შუაგულ შირაქში, აგრეთვე „დიდნაურისა“ და „ჩალიან ხევის“ მიდამოებში. ძლიერი გავრცელების შემთხვევაში, თუ მავნებელი 1 კვ/მეტრზე 10-დან 15 რიცხვამდეა, საჭიროა ჩაატაროთ წამლობა რომელიმე პრეპარატებით: „მოსეტამი“ 0,2-0,3 კგ ჰექტარზე ან „ალპაკი“ 0,1-0,15 კგჰა-ზე. ამას გარდა, მზესუმზირის ნათესებში შეინიშნება კუტკალიებისმიერ ფოთლების დაზიანება. მის წინააღმდეგ გამოიყენება „დურსბანი“ 1,5 კგ ჰა-ზე“, - აცხადებს სურსათის ეროვნული სააგენტოს კახეთის რეგიონალური სამმართველოს მცენარეთა დაცვის სპეციალისტი ილია ზურაშვილი.
სურსათის ეროვნული სააგენტო მოსახლეობას დაუყოვნებლივ პრევენციული ღონისძიებების გატარებისკენ მოუწოდებს. როგორც უნდა ებრძოლოს მოსახლეობა ასობით ჰექტარზე გადაჭიმულ ყანებში მავნებლებს, რთული წარმოსადგენია. მით უმეტეს, რომ ფერმერებს შესაწამლად საჭირო არც პრეპარატები აქვთ და არც ფული, რომ ეს პრეპარატები შეიძინონ.
როგორც გაირკვა, ფული არც სურსათის ეროვნული სააგენტოს აქვს, ყოველ შემთხვევაში ხოჭოებზე განპირობებული თანხები ნამდვილად არ გააჩნია. ეს იმიტომ, რომ სააგენტოს ინფორმაციით, სახელმწიფო პროგრამით ფინანსდება ისეთი მავნებლების წინააღმდეგ ბრძოლა, როგორიც არის იტალიური ან მაროკოული კალია, ამერიკული თეთრი პეპელა. ასეთი მავნებლების წინააღმდეგ სააგენტო ბრძოლას აპირებს, მაგრამ როგორც ყოველთვის ამ შემთხვევაშიც დააგვიანდა.
საქმე ისაა, რომ ამ 3 კვირის წინათ დედოფლისწყაროს რაიონში, ე.წ. „ჩათმის“ ტერიტორიაზე, დაახლოებით, 4 000 ჰექტარზე კალია უკვე გავრცელდა. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს ფერმერმა ზურა თეთვაძემ განუცხადა, კალია სწრაფად გამრავლდა და მავნებლის სალიკვიდაციოდ ღონისძიებები სასწრაფოდ არის გასატარებელი.
„ვცდილობ, რომ საკუთარი ძალებით შევწამლო სახნავ - სათესი ნაკვეთები. კალია ხორბლის და სიმინდის ნათესებს ჭამს და თუ ტერიტორია მალე არ შეიწამლა, მოსავალს გაანადგურებს“, - აღნიშნა ზურა თეთვაძემ.
„საფრთხის ასაცილებლად პრევენციული ღონისძიებები წელსაც დაიწყება, დაახლოებით, მაისის ბოლოს და ივნისის დასაწყისში“, - აცხადებდა სააგენტოს წარმომადგენელი ვერიკო გულუა.
მოკლედ, კალიებთან ბრძოლა დაიწყო, ხოჭოებთან - ვერა. არადა, ორივე მავნებელი ხორბლის მოსავალს ემუქრება, ანუ იმ პროგრამას, რომელშიც სახელმწიფომ მილიონები ჩადო. საქმე ეხება, ხორბლის სათესლე მასალის ამერიკიდან ჩამოტანას და საქართველოში მაღალმოსავლიანი „ჯაგერის“ ტიპის ხორბლის დათესვას. ამ პროგრამის მეშვეობით, 1 ჰექტარზე მოსავლიანობა მინიმუმ 3 ტონამდე უნდა გაიზარდოს (შარშან გლეხებმა 1 ჰა-ზე 900 კგ მარცვალი ძლივს მოიწიეს) და თუკი ხოჭოები და სხვადასხვა მწერები არ ალაგმეს, „ამერიკული ხორბლის ოცნებაც“ კვამლივით გაიფანტება.