ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გამოსვლა პარლამენტში მწვავე კამათის ფონზე წარიმართა. ოპოზიციას აინტერესებდა, რა პროგნოზი აქვს ეროვნულ ბანკს ეროვნულ ვალუტასთან დაკავშირებით, რატომ ვერ გაამართლა ლარიზაციის სამთავრობო გეგმამ. დეპუტატები ეროვნული ბანკის პრეზიდენტს მოუწოდებენ, სიმართლე ილაპარაკოს.
„რატომ არ ამბობთ ხოლმე ხმამაღლა, როცა ამა თუ იმ ნაბიჯს დგამს მთავრობა არასწორს, ეს რა შედეგს მოიტანს. გაგახსენებთ, როცა აქციზი მოუმატეს საწვავზე, ეროვნულმა ბანკმა ფორმალურად მაშინ პარლამენტისადმი მიწერილ წერილში დაწერა, რომ ეს გამოიწვევს ინფლაციას, მაგრამ ხომ ძალიან კარგად ვიცოდით, რომ ამას ექნებოდა ძალიან მძიმე გავლენა ფასებზე, ჩვენს მოქალაქეებზე და ამავდროულად თქვენ ერთადერთი ინსტრუმენტი გრჩებათ აწიოთ განაკვეთი სესხზე“, - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.
როგორც ეროვნული ბანკის პრეზიდენტი აცხადებს, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სხვადასხვა მიმართულებით იყოს შეთანხმება და კოორდინაცია მთავრობას და ეროვნული ბანკს შორის.
„ამავე დროს იცით, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამის საფუძველ დოკუმენტს სამი ხელმოწერა აქვს, ფინანსთა მინისტრის, ეკონომიკის მინისტრის და ეროვნული ბანკის პრეზიდენტის. აქედან გამომდინარე, თავისთავად ნიშნავს, რომ ჩვენს შორის უნდა იყოს კოორდინაცია. რაც შეეხება იმას, რომ აქციზის მომატება გამოიწვევდა ფასების მომატებას, ვფიქრობ, ჩვენ ეს საკმაოდ მკაფიოდ განვაცხადეთ და თუ გადავხედავთ ჩვენი მონეტარული პოლიტიკის ანგარიშებს და კომიტეტის შეხვედრებს, ყველგან ხაზგასმით არის ნათქვამი, რომ ერთჯერადი ფაქტორების გამო წელს ინფლაცია იქნება მაღალი“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ.
„ევროპული საქართველოს“ წევრი, ხათუნა გოგორიშვილი დაინტერესდა, თვლის თუ არა კობა გვენეტაძე, რომ ლარის ვარდნა უკავშირდება მთავრობის არასწორ პოლიტიკას.
ოპოზიციამ გვენეტაძე იმის გამოც გააკრიტიკეს, რომ სებ-ის პრეზიდენტი „ქართული ოცნების“ ოფისში არ უნდა დადიოდეს.
„ქართული ოცნების“ ოფისში მე არ ვყოფილვარ, მაგრამ ზოგადად, თუკი ნებისმიერი ფრაქცია მოინდომებს, ეროვნულ ბანკთან შეკითხვები ექნება და შეგვეძლება რამე განვმარტოთ, ან პასუხები გავცეთ, ყველა შემთხვევაში ყველა ფრაქციასთან ამისთვის მზად ვართ. მაგრამ როცა ფინანსთა მინისტრი პარლამენტში ბიუჯეტს წარადგენს და ლარის კურსი უფასურდება გარეთ, ეს ნიშნავს, რომ ეროვნული ბანკი არის დამოუკიდებელი თავის ფუნქციებში“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ.
„ნაციონალური მოძრაობის“ წეევრი, რომან გოცირიძე კი თვლის, რომ ეროვნული ბანკი თავად ქმნის იმ გარემოს, რაც ფინანსურ სექტორში გვაქვს.
„635 მილიონი დეპოზიტებზე დაუდო მთავრობამ კომერციულ ბანკებს და მიუხედავად იმისა, რომ ავტეხეთ ჩვენ განგაში და გვეგონა, რომ ოდნავ მაინც თავს შეიკავებდა მთავრობა განსაკუთრებით ლარის გაუფასურების ფონზე, სამი დღის წინ 20 მილიონი კიდევ წაუმატა კომერციულ ბანკებს. რატომ მისცა ეს 20 მილიონი ლარი? გამოდის, რომ კომერციული ბანკები დასვით თქვენ ნარკოტიკულ ნემსზე,“ - განაცხადა რომან გოცირიძემ.
„ქართული ოცნების“ დეპუტატი, დავით ჭიჭინაძე კი თვლის, რომ ლარის არასტაბილურობით ბანკები დიდ ფულს შოულობენ და ამ სიტუაციაში მნიშვნელოვანია ეროვნული ბანკის ჩარევა.
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, აკაკი ბობოხიძე კი გვენეტაძეს ურჩევს, საკუთარ მომავალზეც იფიქროს.
„თქვენ თუ ასე გააგრძელებთ და მკაფიოდ არ დაგვანახეთ ხელისუფლების სწორი ან არასწორი მოქმედებების გავლენა დღევანდელ მდგომარეობაზე, გარწმუნებთ, რომ თქვენ აღმოჩნდებით ხვალ ის განტევების ვაცი, რომელსაც ხელს შეაწმენდს ხელისუფლება“, -განაცხადა ბობოხიძემ.
როგორც გვენეტაძე განმარტავს, მოლოდინები იყო იმასთან დაკავშირებით, რომ შემოდგომაზე, არჩევნების შემდეგ ლარი აუცილებლად გაუფასურდებოდა, როგორც ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა აღნიშნა, ზუსტად ამის გამო დაიწყეს იმ ზომების განხორციელება, რაც ლარიზაციას შეეხება. მისივე თქმით, საქართველოში არის მცურავი გაცვლითი კურსი და ამას თავისი მიზეზი აქვს.
ამასთან, მისივე თქმით, დღესდღეობით ეროვნული ბანკისთვის ერთჯერადი ფაქტორი, რომელსაც შეიძლებოდა ნომინალური ეფექტური კურსის შესუსტება გამოეწვია, ცნობილი არ არის. როგორც გვენეტაძე ამბობს, გარდა ამისა, მეზობელ ქვეყნებსაც უნდა შევხედოთ.
„თურქულ ლირას თავისი ისტორიული მინიმუმი ჰქონდა დაახლოებით, ორი კვირის წინ. ესეც არის გარკვეულწილად იმის მოლოდინი, რომ შეიძლება რაღაც მოხდეს“, - განაცხადა გვენეტაძემ.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განმარტებით, ფულის მასის გაზრდა არ ახდენს გავლენას არც ინფლაციაზე და არც გაცვლით კურსზე. გვერნეტაძის მტკიცებით, როდესაც ეკონომიკა ვითარდება, როცა სხვადასხვა ინსტრუმენტები შემოდის, ფულის მასა არ გვაძლევს სწორ ინფორმაციას.
„კორელაცია ინფლაციასა და ფულის მასას შორის ირღვევა. ზუსტად იმიტომ არის, რომ იმ ქვეყნებმა, რომლებმაც ჩათვალეს და ნახეს, რომ ეს ურთიერთქმედება მათ შორის აღარ არის, ან უკეთეს შემთხვევაში შემცირდა, გადაწყვიტეს, რომ ეს მეთოდი აღარ ვარგა და გადავიდნენ ინფლაციის თარგეთირებაზე. თუ ვლაპარაკობთ 50%-იან ინფლაციაზე და 100%-ით ფულის ზრდაზე, რა თქმა უნდა, აქ შეიძლება ჰქონდეს გავლენა, მაგრამ იმ ჩარჩოს მიხედვით, რაც გვაქვს, ფულის მასის გაზრდა არ ახდენს გავლენას არც ინფლაციაზე და არც გაცვლით კურსზე“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ.
ამასთან ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განმარტებით, ლარიზაცია არ ნიშნავს ლარის კურსის სტაბილურობას.
„გალარების სოციალური პროგრამა მთავრობამ განახორციელა ეროვნული ბანკის ტექნიკური დახმარებით. სოციალური პროგრამის გამართლებულობაზე კამათი ყოველთვის შეიძლება“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ.
მისივე განმარტებით, ლარიზაცია არ ნიშნავს ლარის სტაბილურობას, ეს არის ლარის გაცვლით კურსზე დამოკიდებულების შემცირება, რაც იმას ნიშნავს, რომ ეკონომიკაში უნდა გაიზარდოს წვდომა ლარის რესურსზე და რაც უფრო მეტი წვდომა იქნება ლარის რესურსზე, მით უფრო მეტი სესხი იქნება ლარში“, - განმარტა სებ-ის პრეზიდენტმა და საერთაშორისო მაგალითები მოიყვანა.
კობა გვენეტაძის განცხადებით, ყველა ქვეყანაში აღნიშნულ პროგრამას სხვადასხვა დროს მოყვა შედეგი, გრძელვადიან პერსპექტივაში.
ოპოზიცია ინფლაციის თემასაც შეეხო, რომელსაც მოსახლეობა განსაკუთრებით, მწვავედ აღიქვამს. აკაკი ბობოხიძის თქმით, ლარის კურსი არის ერთ-ერთი მთავარი განმსაზღვრელი ინფლაციის, რადგან გამორიცხულია ლარის კატასტროფულ მატებას არ მოჰყვეს ფასებში ცვლილება.
„მუდმივად ვლაპარაკობთ, რომ ვასტაბილურებთ და უკვე მერამდენე სტაბილურობას ვიჭერთ, ოღონდ უბედურება ისაა, რომ სწორია თითქოს სტაბილურობას ვიჭერთ, რადგან იყო 1.64, მერე ავიდა 1.80-ზე და რაღაც პერიოდი დასტაბილურდა. მერე გადახტა 2.20-ზე და დასტაბილურდა, მერე ავიდა 2.50-ზე, ახლა ბედნიერი უნდა იყოს ხალხი, რომ ლარის კურსი დასტაბილურდება 2.70-ზე? აქ მთავარია ადამიანებს ველაპარაკოთ გასაგები, გლეხური, ხალხური ენით, რა არის ლარის კურსის ასეთი ნახტომური ცვლილებების მიზეზი, რა არის ინფლაციის მიზეზი, რა არის საგარეო და საშინაო პრობლემები“, - განაცხადა ბობოხიძემ.
ძნელი სათქმელია, რამდენად დააკმაყოფილა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განმარტებებმა დეპუტატების ინტერესი, თუმცა უმრავლესობა იმედოვნებს, რომ აღნიშნული პოლიტიკით უფრო უარეს სიტუაციაში არ აღმოვჩნდებით.
როგორც კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ განაცხადა, ეროვნული ბანკი იღებს ვალდებულებას, რომ ფასების სტაბილურობა შენარჩუნდება იქნება და ინფლაცია იქნება 3%-ის ფარგლებში.
მისივე თქმით, ეროვნული ბანკი გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს ამ ვალდებულების შესასრულებლად.
„მე მხარი დავუჭირე ერთ რამეს, რომ მომავალ წელს ინფლაცია შემცირდება - ეროვნული ბანკი იღებს ვალდებულებას, რომ ფასების სტაბილურობა შენარჩუნებული იქნება და ინფლაცია იქნება 3%-ის ფარგლებში. ეს იმას ნიშნავს, რომ იქნება ბევრად დაბალი, ვიდრე არის წელს. მთავარი ეს არის. ხაზს ვუსვამ, კომიტეტმა მხარი დაუჭირა პოზიციას, რომ მომავალ წელს ეროვნული ბანკი უზრუნველყოფს 3%-იან ინფლაციას და გამოიყენებს ნებისმიერ მის ხელთ არსებულ ინსტრუმენტს. ყველა პირობის გათვალისწინებით, მან ეს უნდა უზრუნველყოს“, - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.
მისივე განმარტებით, გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეროვნული ბანკი ამ მიზნის მისაღწევად გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს, ეს არის ფულადსაკრედიტო პოლიტიკა, მონეტარული განაკვეთი, რეზერვების მართვა, მათ შორის თუ საჭირო გახდა იგივე სტერილიზაციის ღონისძიებები, ინტერვენციები და ა.შ.
„წელს ინფლაციასთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს გადახრები, იყო 4%-იანი და დღევანდელი მდგომარეობით 6,9 %. მომავალი წლისთვის ეროვნული ბანკი ამ ვალდებულებას იღებს, რომ იქნება ორჯერ დაბალი“, - აცხადებს კოვზანაძე.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2017 წლის ნოემბერში საქართველოში ინფლაციის დონემ წინა თვესთან შედარებით 1,1%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 6,9% შეადგინა.
სტატისტიკის მიხედვით, ერთთვიან პერიოდში ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: ტრანსპორტი, სურსათი და უალკოჰოლო სასმელები, ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო.
რაც შეეხება წლიურ ინფლაციას, ამ პუნქტის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები; ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (25,8 %), ხორცი და ხორცის პროდუქტები (9,9 %), რძე, ყველი და კვერცხი (9,7 %), ხილი და ყურძენი (9,0 %), ზეთი და ცხიმი (7,4 %), ყავა, ჩაი და კაკაო (6,1 %);
რაც შეეხება ტრანსპორტს, ფასები მომატებულია 15,8 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 2,02 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (18,9 %), სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (18,6 %) და სატრანსპორტო მომსახურებაზე (8,5 %);
ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ფასები გაიზარდა 19,4 პროცენტით, რაც 1,24 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაში. ჯგუფში ფასების მატება დაფიქსირდა თამბაქოს ნაწარმზე (40,4 %);
საქსტატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციის მიხედვით გაძვირდა ჯანმრთელობის დაცვაც - ფასები გაიზარდა 6,4 პროცენტით, რაც 0,55 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაში. ჯგუფში ფასების მატება დაფიქსირდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურის და მოწყობილობების ქვეჯგუფზე (12,2 %) და ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურებაზე (6,3 %).