ზუგდიდის პოლიციის მაღალჩინოსანს ადამიანის წამებაში ადანაშაულებენ

ზუგდიდის პოლიციის მაღალჩინოსანს ადამიანის წამებაში ადანაშაულებენ

[ნანა ფაჟავა, ზუგდიდი]

შსს ზუგდიდის პოლიციის მაღალჩინოსანმა ლაშა ექონიამ ორ თანამზრახველთან, ასევე პოლიციის თანამშრომლებთან ერთად 26 წლის ალექსანდრე სართანია გაიტაცა, ზედაეწერისა და კოლხიდის ტყეებში სასტიკად აწამა და უგონო მდგომარეობაში მიატოვა. სასიკვდილოდ გამეტებულმა სართანიამ მომხდარიდან ორი საათის შემდეგ კოლხიდის ტყიდან გზა თავად გაიკვლია და უცხო ადამიანების დახმარებით საკუთარ სახლში დაბრუნდა.

იგი ამჟამად ზუგდიდის წმინდა ლუკას სახელობის სამედიცინო ცენტრში მკურნალობს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. მკურნალი ექიმები სართანიასათვის მიყენებულ დაზიანებებს პირველ საათებში მსუბუქ ფორმად აფასებდნენ, თუმცა დღეს ირკვევა, რომ პაციენტის მდგომარეობა გაურესდა და სამედიცინო დაწესებულებაში ყოფნა მას კიდევ 10 დღე მოუწევს. ექიმ–ტრავმატოლოგის, რაბო ლამანძიას განცხადებით, პაციენტს სხვა პირების მიერ მიყენებული დაზიანებების შედეგად მრავლობითი დაჟეჟილობები და თავის ტვინის შერყევა აღენიშნება.

25 ივნისს ზუგდიდში მომხდარი ინციდენტის შესახებ ალექსანდრე სართანიას მონათხრობს მისი ოჯახის წევრები და ნათესავები იხსენებენ. ისინი დარწმუნებული არიან, რომ ანგარიშსწორების მიზეზი პოლიციელის უსაფუძვლო ეჭვები გახდა. დაშავებულის დედა, მადონა ხვიჩია შვილის მონათხრობიდან იმ ეპიზოდსაც იხსენებს, როცა ლაშა ექონიამ ზედაეწერიდან კოლხიდის ტყეში ავტომანქანის საბარგულით გადაყვანილი მსხვერპლის მორიგი წამების ფაქტი მობილური ტელეფონით გადაიღო. პოლიციის უფროსი დამამცირებელ გარემოებაში მყოფ სართანიას ვიდეო–კადრების ინტერნეტსივრცეში გავრცელებით დაემუქრა.

მოგვიანებით, იმავე ტყეში დატყვევებულის სანახავად ექონიას საკუთარი ცოლი, სოფო ბიგვავა მიჰყავს, რომელიც სართანიას მკურნალი ექიმი იყო. პოლიციელი მეუღლისთვის წამების მიზეზი სწორედ სტომატოლოგსა და პაციენტს შორის თითქოს, არსებული ინტიმური ურთიერთობა გახდა.

პაციენტისა და ექიმის ურთიერთობაში ეჭვი არ შეაქვთ ალიკა სართანიას ნათესავებსაც. მისი დეიდა, ქეთევან ხვიჩია დეტალურად იხსენებს დისშვილის ავადმყოფობის ისტორიას და ამბობს, რომ კლინიკა „გულში“ დაწყებულ სამედიცინო ისტორიას სასიყვარულო თავგადასავალთან არანაირი საერთო არ აქვს.

დაშავებულის ოჯახმა სამეგრელო–ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურასა და სამხარეო პოლიციის მთავარ სამმართველოს საჩივრის წერილით მხოლოდ დღეს მიმართა, რადგან შენობებთან მობილიზებული დაცვის საჯარისო ნაწილები განცხადებით  მისულ მოქალაქეებს უარით ისტუმრებდნენ და განუმარტავდნენ, რომ ძალოვანი ხელმძღვანელების მთელი შემადგენლობა ანაკლიში იყო გადასროლილი, სადაც მათი მინისტრი მერაბიშვილი დახურულ შეხვედრებს მართავდა.