208 შინაბერა და არც ერთი მამაკაცი

208 შინაბერა და არც ერთი მამაკაცი

[გეგა ბერიძე]
საქართველოში მოქმედი პოლიტიკური პარტიების საზოგადოებასთან ურთიერთობა კრიტიკას ვერ უძლებს. გამოკითხულ მოქალაქეთა უმეტესობას პარტიების მუშაობა არ მოსწონს. რეალურად, ძალიან ცოტა პარტიას გააჩნია სამოქმედო პროგრამა.

პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის შეფასებით, „საქართველოში მოქმედი თითქმის არც ერთი პოლიტიკური პარტია ხალხზე არ მუშაობს“ – პოლიტოლოგმა და აქვე დასძინა, რომ „ხალხზე მუშაობის გარეშე ყველაფერი შეუძლებელია“.

„დღეს ჩვენ საკუთარი უგუნურების ნაყოფს ვიმკით. საქართველო უკვე არასაიმედო პარტნიორი გახდა და ქართველ ხალხს არასანდოს იმიჯი ჩამოგვიყალიბდა. მე ველოდები, რომ სამომავლოდ საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან ჩვენი ბოიკოტირება შეწყდება, იზოლაცია დამთავრდება და დღის წესრიგში ხელისუფლების შეცვლის საკითხი დადგება, თუმცა ჩვენ არც ამისთვის ვიქნებით მზად. არც ერთი პროცესისთვის არც ერთ ეტაპზე მზად არ ვყოფილვართ“ – განაცხადა საყვარელიძემ, რომლის აზრით, 2008 წელს მიხეილ სააკაშვილს რომ ხალხის მორალური მხარდაჭერა არ ჰქონოდა, ომს არ დაიწყებდა.

აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ ამასწინათ გამოკითხული მოქალაქეების უმეტესობასაც საქართველოში პოლიტიკური პარტიების მუშაობა არ მოსწონს.

NDI – ს კვლევების შედეგების თანახმად, გამოკითხულთა 64 პროცენტი მიიჩნევს, რომ პარტიები ხალხის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად ძალიან ცოტას აკეთებენ, 4 % თვლის, რომ ისინი ამ მხრივ ბევრს მუშაობენ, 20 პროცენტი კი მიიჩნევს, რომ პარტიები ამ მხრივ „საკმარისს“ აკეთებენ.

ამას გარდა, გამოკითხულთა 35 პროცენტი მიიჩნევს, რომ პარტიები რეგიონებში ძლიერი პარტიული ქსელის ჩამოსაყალიბებლად „ძალიან ცოტას აკეთებენ“. ამ მხრივ პარტიების მუშაობა საკმარისად მხოლოდ 25 %-ს მიაჩნია, 11 პროცენტი კი დარწმუნებულია, რომ პარტიები ბევრს მუშაობენ, ხოლო 25 პროცენტმა – „არ იცის“.

გამოკითხულთა 54 პროცენტი მიიჩნევს, რომ პარტიები ქვეყანაში არსებული პრობლემების მოგვარების კონკრეტულ გზებს მოსახლეობას არ აწვდიან, ამ მხრივ პარტიების მუშაობა მხოლოდ 4 პროცენტს მოსწონს, ხოლო 22 პროცენტი ფიქრობს, რომ პარტიები ამ მხრივ სათანადოდ მოქმედებენ.

გამოკითხულთა 53 პროცენტი ასევე დარწმუნებულია, რომ პოლიტიკური პარტიები არჩევნებიდან არჩევნებამდე მოსახლეობის აზრს არ კითხულობენ. ამ მხრივ პარტიების მუშაობა სათანადოდ მხოლოდ 25 პროცენტს მიაჩნია, 6 პროცენტი კი თვლის, რომ ისინი ძალიან ბევრს აკეთებენ.

NDI–მ საქართველოს მასშტაბით 2 053 ადამიანი პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე გამოკითხა. კვლევა შვედეთის განვითარების სააგენტომ (სიდა) დააფინანსა და კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა ჩაატარა.

აღნიშნულ პრობლემატიკაზე პოლიტიკის მეცნიერაბათა დოქტორი, პოლიტოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი, მალხაზ მაცაბერიძე საუბრობს:

„ერთ–ერთი ბოლო მონაცემებით, საქართველოში 208 პარტიაა რეგისტრირებულია. ეს შესაძლოა, იმით იყოს გამოწვეული, რომ პარტიებს მხოლოდ წესდებას, პროგრამას კი აღარ სთხოვენ. ჩვენს პირობებში 208 ალტერნატიული პროგრამის შექმნა შეუძლებელია. აქედან გამომდინარე, რეალურად ძალიან ცოტა პარტიას გააჩნია სამოქმედო პროგრამა.

პარტიები ერთმანეთის მსგავსნი არიან თავიანთი ლოზუნგებით, მოთხოვნებით და, ამავე დროს, სრულიად ცალ-ცალკე არიან და ვერ შეთანხმებულან, ჰქონდეთ ერთიანი სტრუქტურა,

ბრძოლა იმაზე მიმდინარეობს, თუ ვინ იქნება ნომერი პირველი. ასევე, ძალიან დიდი პრობლემაა, რომ ყოველი არჩევნების წინ ხდება პარტიების გადაჯგუფება. მათ უხდებათ გამუდმებული ბრძოლა ხმებისთვის და მხარდამჭერთა ძიება.

ეს კი იმაზე მეტყველებს, რომ პარტიები ჩამოუყალიბებელნი არიან. ძლიერი პარტია უნდა არსებობდეს დამფუძნებელზე დიდხანს, ანუ ეს გაერთიანება იქმნება რომელიმე პიროვნების გარშემო და მისი პოლიტიკიდან გასვლის შემთხვევაში, მისი პარტია, თუ იგი ძლიერი და სტაბილურია, არ უნდა იშლებოდეს.

ამ მკაცრი კრიტერიუმით თუ მივუდგებით ქართულ პარტიებს, ასეთები ჩვენ არ გვყავს. წავიდა ასლან აბაშიძე, გაქრა „აღორძინება“, წავიდა ედუარდ შევარდნაძე, გაქრა „მოქალაქეთა კავშირი“. ეს რაც შეეხება სახელისუფლებო პარტიებს. იგივე ვითარება გვაქვს დანარჩენ პარტიებშიც.

ამასთან, ძნელია, გაარკვიო, არსებულ პარტიათა შორის რომელია რეიტინგული. ამგვარ კვლევებს, ძირითადად, თავად პარტიები უკვეთავენ და შედეგებიც, რა თქმა უნდა, თავიანთი პარტიის სასარგებლოდ ხდება ცნობილი. ამიტომაც, ძნელად სათქმელია, სინამდვილეში, რომელი პარტიაა დღეს დომინირებული, თუმცაღა ზოგადი დაკვირვებიდან გამომდინარე, მაინც რეიტინგი აქვთ, ალბათ, იმ პარტიებს, რომლებიც უფრო ხშირად ჩანან მედიაში“.