კრემლი ბაქოს და ერევანს ულტიმატუმს უყენებს

კრემლი ბაქოს და ერევანს ულტიმატუმს უყენებს

[მერაბ ბრეგაძე]

პრეზიდენტ მედვედევის შუამავლობით, სომხეთ–აზერბაიჯანის ლიდერების ყაზანის შეხვედრა კვლავ უშედეგოდ დასრულდა. ილჰამ ალიევი და სერჟ სარგსიანი კონფლიქტის დარეგულირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერაზე ვერ შეთანხმდნენ. მთიანი ყარაბაღის ცაზე ისევ შავი ღრუბლები ჩამოწვა.

თუმცა, მხარეები იხტიბარს არ იტეხენ და სამმხრივ ფორმატში გარკვეულ „პროგრესზე“ საუბრობენ. მათ სამიტის შედეგების შესახებ ერთობლივ განცხადებას მოაწერეს ხელი. მასში ნათქვამია, რომ „მიღწეულია ურთიერთგაგება რიგ საკითხებთან მიმართებაში, რომელთა გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს მთიანი ყარაბაღის პრობლემის მოგვარებას“.

ყაზანის შეხვედრას კი წინ უძღვოდა მოსკოვში რუსეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების აუდიენცია, რომელმაც, კრემლის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, „კიდევ უფრო დააახლოვა მხარეთა პოზიციები“.

მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირების ძირითადი პრინციპები, ე.წ. მადრიდის პრინციპები აზერბაიჯანსა და სომხეთს საფრანგეთისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ჯერ კიდევ 2007 წელს წარუდგინეს. გასულ წელს, შუამავლებმა ასევე ორივე მხარეს ამ პრინციპების განახლებული ვარიანტი გადასცეს.

მადრიდის პრინციპები გულისხმობს აზერბაიჯანისთვის მთიანი ყარაბაღის ირგვლივ არსებული ტერიტორიების დაბრუნებას, მთიანი ყარაბაღის გარდამავალ სტატუსს, რომელიც უსაფრთხოებისა და თვითმმართველობითაა უზრუნველყოფილი, დერეფანს, რომელიც მთიან ყარაბაღსა და სომხეთს აერთებს, მთიანი ყარაბაღის საბოლოო სტატუსის განსაზღვრისათვის რეფერენდუმის ჩატარებას იურიდიულად სავალდებულო დევნილების დაბრუნების პირობით, უფლებას ყველა გადაადგილებული პირისა დაბრუნდეს ადრინდელ საცხოვრებელ ადგილზე, საერთაშორისო უსაფრთხეობის გარანტიებს, სამშვიდობო ოპერაციის ჩათვლით.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, მადრიდის პრინციპები ისევ ქაღალდზე დარჩა და მოსკოვში სომხეთ-აზერბაიჯანის სამიტით უკმაყოფილებას ვერ მალავენ. რუსული პრესის ინფორმაციით, კრემლი იმდენად განაწყენებულია, რომ, შესაძლოა, საშუამავლო ძალისხმევა შეწყვიტოს. მომდევნო მოლაპარაკებები, სავარაუდოდ, უკვე რუსეთის გარეშე გაიმართება.

„კომერსანტის“ ცნობით, დიმიტრი მედვედევი ვერ შეძლებს ბაქოს და ერევანის შერიგებას. როგორც გამოცემა აღნიშნავს, რუსეთის პრეზიდენტი უკმაყოფილო დარჩა ყაზანის სამიტის გამო და მედვედევი მზად არის ამ საქმეში თავისი მისია შეწყვიტოს. უფრო მეტიც, მედვედევმა კონფლიქტის მონაწილეებს ულტიმატუმიც წაუყენა - მომდევნო სამმხრივი შეხვედრა იმ შემთხვევაში გაიმართება, თუ ყარაბაღთან დაკავშირებულ მომზადებულ გეგმას ხელი მოეწერება.

ჩაშლილ მოლაპარაკებას ბაქოსა და ერევანშიც მკაცრად გამოეხმაურნენ. სომხეთის საგარეო უწყებამ მოლაპარაკებების ჩაშლაში ბაქო დაადანაშაულა. სომხურმა მხარემ ასევე კატეგორიულად უარყო გავრცელებული ინფორმაცია, რომ სეჟ სარგსიანი მზად იყო ყარაბაღის გარშემო აზერბაიჯანული მიწები დაეთმო. ერევანში განაცხადეს, რომ ყაზანში „ამ საკითხზე საუბარიც კი არ ყოფილა“.

თავის მხრივ, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა კიდევ უფრო მკაცრი განცხადება გააკეთა და, ფაქტობრივად, ერევანს დაემუქრა. ალიევმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობა ნებისმიერი გზით იქნება აღდგენილი. ბაქოში აცხადებენ, რომ მათ არმიას წინ ვერაფერი დაიდგება: 

„მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანის შემადგენლობაში აუცილებლად დაბრუნდება, რისთვისაც სამხედრო ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდება“, – ეს განცხადება პრზიდენტმა ალიევმა ბაქოში, შეიარაღებული ძალების დღისადმი მიძღვნილი სამხედრო აღლუმის დაწყების წინ გააკეთა.

მისივე თქმით, აზერბაიჯანის სამხედრო ბიუჯეტი ერთნახევარჯერ მეტია, ვიდრე სომხეთის სამხედრო ბიუჯეტი: „სრულებით დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა აღდგება. ამისათვის კი უფრო ძლიერები უნდა ვიყოთ“.

მისივე თქმით, სომხეთის მიერ აზერბაიჯანის ტერიტორიის 20%-ის ოკუპაცია დროებითი მოვლენაა და ის არ შეიძლება მუდმივად გაგრძელდეს. ალიევის განცხადებით, აზერბაიჯანი სამხედრო პოტენციალის გაზრდას გააგრძელებს:

„თუ 2003 წელს ჩვენი სამხედრო ხარჯები 160 მილიონი დოლარი იყო, 2010 წელს ეს რიცხვი 2.150 მილიონი გახდა, წელს კი ამ რიცხვმა 3.300 მილიონს მიაღწია... აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობა არ ყოფილა და არ იქნება მოლაპარაკებების თემა. ვცდილობთ, კონფლიქტი საერთაშორისო სამართლის ნორმების გათვალისწინებით გადაწყდეს. აზერბაიჯანის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრები უნდა აღდგეს“.

ამ ფონზე, მკითხველისთვის სომხეთ–აზერბაიჯანის პერმანენტული დაპირისპირების ახლო პრედისტორია ინტერესმოკლებული არ უნდა იყოს:

სომხეთ-აზერბაიჯანის ომი მიმდინარეობდა 1918-1920 წლებში სომხეთის დემოკრატიულ რესპუბლიკასა და აზერბაიჯანის დემოკრატიულ რესპუბლიკას შორის. შეიარაღებული კონფლიქტი დაიწყო სომხეთის მიერ დასავლეთ აზერბაიჯანის დიდი ტერიტორიის დაპყრობით. ომს მოჰყვა რუსეთის მიერ ჯერ აზერბაიჯანის, ხოლო შემდეგ – სომხეთის ოკუპაცია. ხოლო ტერიტორიები, რომელიც სომხეთის მიერ იყო ოკუპირებული, შემდგომში შექმნილ აზერბაიჯანის სსრ-ს დაუბრუნდა.

წინაპირობა:

1905 წელს მოხდა რამდენიმე შეიარაღებული შეტაკება ეთნიკურ აზერბაიჯანელებსა და სომხებს შორის, ჯერ ბაქოში, ხოლო მოგვიანებით შუშაში, რასაც ასობით ადამიანის სიკვდილი და 300-მდე სახლის გადაწვა მოჰყვა.

1918 წლის მარტში სიტუაცია კრიტიკულ ზღვარს მიუახლოვდა. აზერბაიჯანში მოქმედი პარტიები, მუსავატი და ერთიანობის და განვითარების კომიტეტი პრო-თურქულ პარტიებად მონათლეს და ბოლშევიკებმა და სომხურმა დაშნაკურმა პარტიამ მათ ომი გამოუცხადა. 9 მარტს, აზერბაიჯანული დივიზიის მეთაურის, გენერალ ტალიშინსკის დაპატიმრებამ, ბაქოს აზერბაიჯანულ მოსახლეობაში დიდი პროტესტის გრძნობა გააჩინა. შედეგად, ქ.ბაქოში რუსულ-სომხურმა არმიამ 12,000 აზერბაიჯანელი გამოასალმა სიცოცხლეს.

ბრძოლა ბაქოსა და ყარაბაღისთვის:

ისლამის არმიამ (იგი ძირითადად თურქი მეომრებისგან შედგებოდა), ენვერ ფაშას მეთაურობით იევლახსა და აგდაშში რუსულ-სომხური არმია დაამარცხა და ბაქოსკენ დაიძრა. 14 სექტემბერს ბაქოში გამაგრებულმა ბრიტანეთის არმიამ ქალაქი დატოვა და ირანში გადავიდა. 15 სექტემბერს გაერთიანებული თურქულ-აზერბაიჯანული არმია, ნური ფაშას მეთაურობით ბაქოში შევიდა და სომხების მიერ მოწყობილ სასაკლაოს პასუხად, 10,000-20,000 სომეხი გაჟლიტეს. თუმცა 30 ოქტომბერს ბრიტანეთსა და ოსმალეთს შორის დადებული მუდროსის ზავის შედეგად, თურქული ჯარი ბაქოში ანტანტის სამეულმა (ბრიტანეთი, საფრანგეთი, რუსეთი) ჩაანაცვლა. 17 ნოემბერს ქალაქში, გენერალ ტომფსონის მეთაურობით, 5,000 ჯარისკაცი შევიდა.

1918 წლის დასაწყისში, სომხეთის მთიან ნაწილში შეიქმნა მთიანი სომხეთის რესპუბლიკა. აგვისტოში მათ შუშა აიღეს და ის ადმინისტრაციულ ცენტრად გამოაცხადეს, იქვე განათავსეს რესპუბლიკის მთავრობა. სომხურმა სამხედრო ძალებმა მდ.ვარანდაზე გასვლა მოინდომა, მათ ოსმალეთის არმიასთან შეტაკება მოუწიათ. შეტაკებები ოქტომბრამდე, მუდროსის ზავამდე გაგრძელდა, რის შედეგადაც ოსმალეთის არმიამ ტერიტორია დატოვა, სომხურმა შენაერთებმა კი მთელი მთიანი ყარაბაღის ტერიტორია საკუთარ კონტროლს დაუქვემდებარა.

მუდროსის ხელშეკრულებამ სომხური არმიის მეთაურს, ანდრანიკ ოზანიანს შანსი მისცა, მოემზადებინა ბაზა, აღმოსავლეთისა და ნახჭევანისკენ გაჭრისთვის. 1919 წლის იანვარში ოზანიანმა ყარაბაღის მთავარ ქალაქზე, შუშაზე დაგეგმა შეტევა და დაიძრა კიდეც მისკენ. სანამ ისინი ქალაქ მიუახლოვდებოდნენ, ბრიტანეთის მაღალჩინოსნებმა დაარწმუნეს ოზანიანი, რომ მოახლოებული იყო პარიზის მშვიდობის კონფერენცია, სადაც ამ კონფლიქტის დასრულების გზები განიხილებოდა. ოზანიანი დათანხმდა და ჯარი უკან დააბრუნა.

აზერბაიჯანის გასაბჭოება:

1920 წლის აპრილში აზერბაიჯანი მეტად რთულ სიტუაციაში იმყოფებოდა. დასავლეთით, სომხეთს ქვეყნის დიდი ნაწილი ჰქონდა დაპყრობილი. აღმოსავლეთით არ ცხრებოდა ადგილობრივი კომუნისტების აჯანყებები. ხოლო ჩრდილოეთით, რუსეთის ჯარს დენიკინის თეთრრაზმელები დამარცხებული ჰყავდა და სამხრეთით აზერბაიჯანისკენ მოიწევდა.

27 აპრილს ბოლშევიკური არმია აზერბაიჯანში შევიდა. აზერბაიჯანის მთავრობას სხვა გზა არ ჰქონდა, გარდა დანებებისა. ამის მიუხედავად, ადგილობრივმა გენერლებმა და შეიარაღებულ მოხალისეებმა წინააღმდეგობა მაინც გაწიეს, თუმცა უშედეგოდ.

შექმნილი მდგომარეობით სომხეთმა ისარგებლა და კონტროლის არეალი უკვე, შუშაზე, ხანკენდზე და სხვა მნიშვნელოვან ქალაქებზე გაავრცელა. 1920 წლის აპრილისთვის, სომხეთს მთელი ყარაბაღი და მისი შემოგარენი ეჭირა.

აზერბიჯან-საბჭოთა კავშირის კონტრშეტევა:

აზერბაიჯანის გასაბჭოების შემდეგ, ბოლშევიკებმა სომხეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლება განიზრახეს. აზერბაიჯანის არმია განახლდა და რუსული იარაღით შეიარაღდა.

კონტრშეტევა ივნისის დამდეგს დაიწყო. 5 ივნისს სომხებმა შუშა დატოვეს, ივლისის დასაწყისში კი – ტატევი. 28 ივლისს გაერთიანებულმა რუსულ-თურქულმა არმიამ ნახჭევანის დედაქალაქს შეუტია და იქ გამაგრებული სომხური ჯარი დაამარცხა. აგვისტოში სომხებმა რამდენჯერმე სცადეს ნახჭევანზე კონტრშეტევა, თუმცა უშედეგოდ. შედეგად, აზერბაიჯანის სსრ-მ ყველა ის ტერიტორია დაიბრუნა, რომელსაც სომხეთთან ომამდე აკონტროლებდა.

1920 წლის 10 აგვისტოს ერევანში ხელი მოეწერა ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებას. ზავის თანახმად სომხეთი უარს ამბობდა ყარაბაღსა და ნახჭევანზე.

სომხეთის გასაბჭოება:

1920 წლის 28 ნოემბერს წითელმა არმიამ სომხეთის საზღვარი გადაკვეთა, იმ მიზეზით, რომ სომხეთმა 20 ნოემბერს ყარაბაღსა და ნახჭევანზე გაჭრა სცადა. 4 დეკემბერს წითელი არმია ერევანში შევიდა. სომხეთის მთავრობა მათ უბრძოლველად ჩაბარდა.

 მთიანი ყარაბაღის უახლესი კონფლიქტი კი, 1988 წლის თებერვალში დაიწყო, როდესაც უმეტესად სომეხი ეროვნების მოსახლეობით დასახლებულმა მთიანი ყარაბაღის ავტონომიურმა ოლქმა აზერბაიჯანის საბჭოთა რესპუბლიკის ფარგლებიდან გასვლის შესახებ განცხადება გააკეთა. 1991 წელს სტეპანაკერტში მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის შექმნის შესახებ განცხადება გაკეთდა. ამის შემდეგ დაწყებული შეიარაღებული კონფლიქტი 1994 წლის 12 მაისამდე გაგრძელდა, როდესაც ძალაში ზავი შევიდა, შედეგად აზერბაიჯანმა დაკარგა კონტროლი მთიან ყარაბაღზე და მის ირგვლივ მდებარე შვიდ რაიონზე.

და ბოლოს, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მოლაპარაკებების განახლება უახლოეს მომავალში არ იგეგმება.