რატომ იღებს მთავრობა დიდი ოდენობით ვალს?

რატომ იღებს მთავრობა დიდი ოდენობით ვალს?

ქვეყნის საგარეო ვალდებულებებს მზარდი ტენდენცია აქვს. წლევანდელი წელი ამ მხრივ „გამორჩეული“ იყო, მაგრამ მომავალში კიდევ მეტი ვალის აღება იგეგმება. რამდენად მოხერხდება მომავალში მისი უმტკივნელოდ გასტუმრება, დამაფიქრებელი სწორედ ეს არის.

ერთი წლის განმავლობაში საქართველოს საგარეო ვალდებულებები 0,545 მლრდ დოლარით არის გაზრდილი და 2017 წლის 31 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოს საგარეო ვალი 5,001 მლრდ დოლარია.

ფინანსთა სამინისტროს სტატისტიკის მიხედვით, სამაგიეროდ, მცირედი, მაგრამ მაინც შემცირების ტენდენციაა თვის ჭრილში, რამდენადაც 2017 წლის სექტემბერში მაჩვენებელი 5,005 მლრდ დოლარს შეადგენდა. სამაგიეროდ, შარშანდელ ანალოგიურ მაჩვენებლებთან შედარებით ნახევარ მილიონზე მეტი სხვაობაა. 2016 წლის 31 ოქტომბრისთვის სამთავრობო ვალი 4,456 მლრდ დოლარს შეადგენდა.

საერთაშორისო ინსტიტუტების მიმართ ქვეყანას 3,634 მლრდ დოლარი მართებს. კრედიტორ შორისაა მსოფლიო ბანკი; სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდი; საერთაშორისო სავალუტო ფონდი; რეკონსტრუქციისა და განვითარების ევროპული ბანკი; აზიის განვითარების ბანკი; ევროპის საინვესტიციო ბანკი. მათგან ყველაზე მსხვილი კრედიტორი საფინანსო ინსტიტუტი მოფლიო ბანკია.

ვალებისაკენ მიდრეკილება მატულობს მომდევნო წლებშიც. თუკი, 2017 წლის ბიუჯეტის მიხედვით, საგარეო ვალდებულებების მოცულობა 1 მლრდ 392 მლნ იყო, 2018 წელს 1 მლრდ 638 მლნ-მდე იზრდება. აქედან გამომდინარე, მარტო ერთ წელიწადში ვალის ოდენობა 246 მილიონით იმატებს. აშკარაა, რომ სამთავრობო ვალი ტვირთად დააწვება ბიუჯეტს შემდეგ წლებში.

„ევროპული საქართველოს“ წევრის სერგი კაპანაძის გაცხადებით, საქართველოს ვალის გადახდის სახსრები არ გააჩნია და ამ ფონზე ვალის ზრდის ტენდენცია შემაშფოთებელია.

„ვალის გასტუმრებას სჭირდება სახსრები, რომელიც ჩვენს ქვეყნას არ გააჩნია. დიდი და ძლიერი ეკონომიკის ქვეყნებში ვალი შეიძლება ასცდეს მთლიანი შიდა პროდუქტის 60%-ს და 100%-მდეც მიაღწიოს, რაც ძლიერი ეკონომიკის მქონე ქვეყნისთვის პრობლემას არ წარმოადგენს. მაგრამ დიდი რაოდენობით საგარეო ვალის აღება პრობლემაა იმ ქვეყნებისთვის, რომლებსაც არ აქვთ განვითარებული ეკონომიკა.

საქართველოში ტენდენცია არის შემაშფოთებელი. რიცხვებს კი არა აქვს დიდი მნიშვნელობა, თუ რამდენით გაიზრდება, არამედ მნიშვნელოვანი როგორი მიმართებით არის შიდა პროდუქტთან და რა ტენდენციით იზრდება საგარეო ვალი“, - აცხადებს კაპანაძე.

სპეციალისტები კი მიიჩნევენ, რომ სამთავრობო ვალის ზრდა ძალიან ცუდია და გამოწვეულია წინდაუხედავი საგადასახადო პოლიტიკით. ექსპერტი ლია ელიავა ამბობს, რომ ყოველ წელს ბიუჯეტს თანხა აკლდება და სახელმწიფო იძულებულია, ისესხოს უცხოეთში. მისი მომსახურება და გასტუმრება მუდმივად მძიმე ტვირთი იქნება.

„მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები, რომ შეამსუბუქონ ბიუროკრატია, სწორედ თანხის გამოთავისუფლების მცდელობით უნდა აიხსნას. ეს არის თადარიგი, რომ მომავალი წლების ბიუჯეტს ნაკლები წნეხი ჰქონდეს ხელფასების სახით და მეტი რესურსი დარჩეთ ვალის გასასტუმრებლად. საგარეო ფინანსური ვალდებულებების ზრდა, როცა აღებული თანხა არ ხმარდება პროექტებს, რომლებიც ქვეყნის ეკონომიკისათვის მასტიმულირებელი იქნება, კატასტროფული შედეგების მომტანია“, - აღნიშნა ელიავამ.