სამეგრელოსა და გურიაში ხალხს იმედი გადაეწურა და თხილის პლანტაციების ადგილას სხვა კულტურების გაშენებას აპირებს. აქამდე თხილს დიდი მოვლა-პატრონობა და ფინანსები არ სჭირდებოდა, შემოსავალს კი მნიშვნელოვანს იძლეოდა. ახლა ყველაფერი საპირისპიროდ შეტრიალდა - შემოსავალი მიზერულია, პლანტაციების მკურნალობას კი ბევრი ფული და უამრავი დრო სჭირდება.
დასავლეთ საქართველოში თხილის კატასტროფულად დაბალი ფასისა და მცენარეებს შესეული მავნებლების გამო, უამრავმა გლეხმა საერთოდ უარი თქვა მოსავლის აღებაზე. ის კი არადა, ბოლო დროს რამდენიმე შემთხვევაც იყო, როდესაც გლეხებმა თხილის პლანტაციების გაჩეხვა დაიწყეს, რადგან გავრცელებეული ინფორმაციით, მომავალი წელი უარესი იქნება.
ხობის მუნიციპალიტეტის მკვიდრის დავით ჭკადუას თქმით, ახლანდელ თხილს საჭირო მოსავლის მისაღებად ძალიან დიდი თანხა სჭირდება, რისი საშუალებაც ბევრს არ აქვს და ამიტომ თხილის ამოძირკვა გადაწყვიტეს.
„სიმინდს დავთესავ ან მარწყვის სათბურს გავაკეთებ. თხილის იმედი უკვე აღარ მაქვს და მიწას ტყუილად ხომ არ გავაცდენ. მხოლოდ ხოჭოს პრობლემა არ არის, სოკოთია დაავადებული და მხოლოდ სემინარების ჩატარებით პრობლემას ვერ ეშველება. მკურნალობა სჭირდება, მაგრამ მე და ჩემნაირები ამას ვერ გავწვდებით“, - ამბობს დავით ჭკადუა.
„ბიპიენის“ ინფორმაციით, ამ აზრს კიდევ არაერთი ადამიანი იზიარებს. თუ გაისადაც წლევანდელივით კატასტროფული შედეგი დადგა და პრობლემა ვერ აღმოიფხვრა, თხილის პლანტაციის გაჩეხვამ, შესაძლოა, უფრო მასობრივი სახე მიიღოს.
ადგილობრივების თქმით, სპეციალისტებმა სოკოსთან ბრძოლის ყველაზე ეფექტურ საშუალებად, მცენარის ძირში მოჭრა ურჩიეს, რასაც ზოგი აკეთებს კიდეც. თუმცა, უფრო მეტია ისეთი, ვინც თხილი იმ ზომაზე გადაჭრა, რომ შეწამვლა გაუადვილდეს.
ფაროსანამ და სოკოვანმა დაავადებამ თხილის პლანტაციები ძალიან დააზიანა და მოსავალი მკვეთრად შეამცირა. შარშანდელ მონაცემებთან შედარებით, თხილის ექსპორტი საქართველოდან ორჯერ შემცირდა. კერძოდ, იანვარ-სექტემბერში საქართველოდან 50 მილიონი დოლარის ღირებულების თხილია ექსპორტირებული, მაშინ, როდესაც 2016 წლის ანალოგიურ პერიოდში ექსპორტის ღირებულებამ 117 მილიონი დოლარი შეადგინა.
„ამჟამად ექსპორტის მოცულობის შემცირება დაფიქსირდა - გასული წლის მაჩვენებლებთან შედარებით, წელს თხილის ექსპორტი 57%-ით ნაკლები იყო. ეს ნიშნავს, რომ ფერმერებს, რომლებმაც საკმაოდ დიდი ინვესტიციები დააბანდეს თხილის პლანტაციებში, სერიოზული პრობლემები შეექმნათ მოგების არარსებობის თვალსაზრისით“, - განაცხადა ISET-ის უფროსმა მკვლევარმა სალომე გელაშვილმა.
სოფლის მეურნების სამინისტროს ინფორმაციით, ექსპორტის კლება 2017 წელს თხილის მოსავლის 40%-ით შემცირებამ გამოიწვია. უწყების განმარტებით, ამის მიზეზია აზიური ფაროსანა, ასევე ხეების სოკოვანი და ბაქტერიული დაავადებები.
უკვე ცნობილია, რომ აზიური ფაროსანას პარალელურად, კლიმატური პირობების და უხვი ნალექის გამო, თხილის პლანტაციებში გავრცელდა სოკოვანი დაავადებაც. მასთან ბრძოლა არანაკლებ ძალისხმევას მოითხოვს, როგორც ფაროსანასთან გამკლავება. ორივე მიმართულებით ბრძოლას დიდი შრომა და ბევრი ფული სჭირდება, რაც გლეხებს არ გააჩნიათ.
დასავლეთ საქართველოს მტერი ინვაზიური მავნებელი, აზიური ფაროსანა სასოფლო-სამეურნეო, ტყის და დეკორატიული კულტურების საშიშ მავნებელს წარმოადგენს. იგი აზიანებს 200 სახეობის მცენარეს, მათ შორის, ხეხილოვან კულტურებს, თხილს, ვაზს, კენკრას და სხვა. ძლიერი გავრცელების დროს ზარალმა შეიძლება მოსავლის ღირებულების 70% შეადგინოს.