რეგიონებისკენ მგზავრობა

რეგიონებისკენ მგზავრობა

ლარის დევალვაციამ, საწვავის გაძვირებამ და სავალუტო კრიზისის მორიგმა ტალღამ ბიზნესის ყველა მიმართულება დააზარალა და მათ შორის, გადამზიდავებიც. ამიტომ უკვე დაიწყო მგზავრობის გაძვირება და კერძო ტაქსებს რომ თავი დავანებოთ, ტარიფი გაზარდეს საქალაქთაშორისო მარშრუტზე მოძრავმა მძღოლებმა. რეგიონებში გამგზავრების მსურველებს ზოგიერთი მიმართულებით უკვე მომატებული ტარიფით ემსახურებიან.

ახალციხე-თბილისი მგზავრობის ფასი უკვე ათ ლარს შეადგენს. სამარშრუტო ტაქსის მძღოლები ახალ ტარიფს მინიმალურს უწოდებენ და არ გამორიცხავენ, რომ მომავალში მგზავრობის ფასმა კიდევ უფრო მოიმატოს. ფასის მატება მძღოლების განმარტებით, საწვავის გაძვირებამ გამოიწვია.

ადრე ახალციხის მიმართულებით სამარშრუტო ტაქსები 7 ლარად გადაადგილდებოდნენ, ერთბაშად 3 ლარით გაძვირება მგზავრებისთვის მოულოდნელი იყო. საწვავზე ფასის მომატებამ და ეროვნული ვალუტის გაუფასურებამ მათი უკმაყოფილება გამოიწვია.

მგზავრობის ფასის გაძვირება ბევრი მიზეზის გამო მოხდა, თუმცა მძღოლების მტკიცებით, მიღებულ გადაწყვეტილებაზე გავლენა ლარის კურსის გაუფასურებამ და საწვავის გაძვირებამ განაპირობა. მოიმატებს თუ არა მგზავრობის ფასი მომავალში ამ კითხვაზე პასუხის გაცემა მძღოლებს უჭირთ, თუმცა აღნიშნავენ, რომ ეროვნული ვალუტის კიდევ უფრო გაუფასურების შემთხვევაში, საწვავიც გაძვირდება და მგზავრობის ტარიფიც.

იგივე აზრს იზიარებენ დარგის სპეციალისტები. ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის ხელმძღვანელი დავით მესხიშვილი ამბობს, რომ ტარიფი გადამზიდავებს კბილებით უჭირავთ და გაძვირება სავსებით ლოგიკური იქნება.

„ოფიციალურად ამაზე არავინ საუბრობს, მაგრამ ექსპერტები, მათ შორის მეც, მგზავრობის გაძვირებას ველოდებით, მათ შორის დედაქალაქშიც. ტაქსის მომსახურების ტარიფი ბოლო 2 წლის განმავლობაში დაახლოებით 30%-ით გაიზარდა.

საწვავზე ფასის მატებას ყოველთვის მოჰყვება საავტომობილო გაზის გაძვირება. სავალუტო პრობლემასაც თუ გავითვალისწინებთ, ფაქტია, რომ არსებული ტარიფის შენარჩუნება სატრანსპორტო სფეროში ძალიან გართულდება. ველოდები, რომ მგზავრობა გაძვირდება. არსებული რეალობიდან გამომდინარე, არ გამოვრიცხავ, რომ კომპანიებმა სატარიფო პოლიტიკა შეცვალონ.

რაც შეეხება მუნიციპალურ ავტობუსებს, გაძვირება უახლოეს მომავალში არ იგეგმება. ეს მაინც თბილისის მერიის პრესტიჟის საკითხია, თუმცა მას არსებული საფასურის შესანარჩუნებლად გაცილებით მეტის დახარჯვა მოუწევს. საბოლოო ჯამში, მივიღებთ ხელოვნურ პროცესს, რადგან ნაძალადევად მოხდება ფასის შენარჩუნება“, - განაცხადა დავით მესხიშვილმა.

რასაკვირველია მგზავრობის საფასური გაზრდის მიზეზი საწვავის ფასის სწრაფი მატებაა. ბოლო 2 თვეში ნავთობკომპანიებმა ბენზინი და დიზელი 5-ჯერ გააძვირეს. ბოლო დღეებში მათ მხარი აუბეს გაზგასამართმა სადგურებმა და ავტოგაზი 10 თეთრით გაძვირდა.

17 ნოემბრიდან ავტოგაზის ფასი შეიცვალა თითქმის ყველა გასამარ სადგურზე და 1 კბ/მ უკვე 1.55 ლარი ღირს მაშინ, როცა რამდენიმე დღის წინ 1.45 ღირდა.

გაზგასამართი სადგურის მფლობელები აცხადებენ, რომ ბუნებირივი აირის ღირებულებამ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ზოგადად ბაზარზე და შესაბამისად, საცალო ქსელშიც მოიმატა.