„საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, სადაც მოსახლეობა ღარიბდება და ბანკების უზომოდ მდიდრებიან“

„საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, სადაც მოსახლეობა ღარიბდება და ბანკების უზომოდ მდიდრებიან“

ჯერ კიდევ 2015 წელს, გაუფასურებული ლარის კვალდაკვალ, ხელისუფება „საბოტაჟნიკების“ ძებნას შეუდგა. მაშინდელმა ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ რამდენჯერმე გააკეთა მინიშნება ლარის გაუფასურების პროცესში ორი უმსხვილესი ბანკის შესაძლო მონაწილეობასთან დაკავშირებით...

არც 2016 წელს ულხინდა ლარს. იმ პერიოდში ვარაუდობდნენ, რომ ძალიან მალე ერთი ამერიკული დოლარი სამ ლარს გაუტოლდებოდა, მაგრამ სკეპტიკოსთა ეჭვების საწინააღმდეგოდ, მძიმე მდგომარეობიდან ლარი სასწაულებრივად გამოვიდა, ანუ დაღმასვლის შემდეგ აღმასვლა დაიწყო. თუმცა იმთავითვე კითხვა კითხვად დარჩა, ვინ ისარგებლა ლარის ორივე მდგომარეობით, როგორც მისი დევალვაციით, ისე-უეცარი გამყარებით?

ანალოგიური კითხვები დღესაც არ მოხსნილა. პირიქით, ეჭვები მძაფრდება, რადგან აშკარაა, ამ პროცესით ვიღაც ხელს ითბობს. ამ საკითხების შესახებ For.ge-ს ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში პაატა აროშიძე ესაუბრა.

გასულ წელთან მიმართებით პარალელები აშკარაა. შარშან ერთ-ერთი საკრედიტო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა არც დამალა, ლარის გაუფასურებით კოლოსალური მოგება მივიღეთო. იმ ფაქტმა, რომ კრედიტის გამცემმა ორგანიზაციებმა მიიღეს ყველაზე დიდი მოგება, გააჩინა ეჭვი, რომ ლარის დევალვაცია მომავალშიც წინასწარ მართული პროცესი იქნებოდა. მართალია, შარშან გაუფასურება დეკემბერში დაიწყო და პიკს 21 დეკემბერს მიაღწია, მაგრამ წლეულს უკვე არჩევნების შემდეგ, ოქტომბრიდან დაიწყო ლარმა გაუფასურება. რა უნდა გაკეთდეს ქვეყანაში, რომ ჩვენი ეროვნული ვალუტა ცალკეული სუბიექტების მართვის ობიექტი არ გახდეს სამომავლოდ?

- საწყის ეტაპზე, როცა დაიწყო ლარის დევალვაცია, ანუ, პრაქტიკულად, არჩევნების მეორე დღესვე, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გამოვიდა და განაცხადა, რომ არანაირ კომენტარს არ გააკეთებდა იმ რყევებზე, რომელი რყევაც მახასიათებელი იყო ყველა ვალუტისთვის და ქართული ვალუტაც არ იყო გამონაკლისი. ნიშანდობლივია ის ფაქტი, რომ გუშინწინ დაიბარეს ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობა ჯერ „ქართული ოცნების“ ოფისში, შემდეგ პარლამენტში არიან ისინი დაბარებულნი. ეს ნიშნავს, რომ პრობლემა ჩარჩოებიდან გავიდა. ამ დროს ეროვნული ბანკის მესვეურები ირწმუნებოდნენ, ჩვენ პრობლემა არ გვაქვს, ლარის კურსთან მიმართებით ჩვეულებრივი პროცესი მიმდინარეობსო.

თუკი ლარის დევალვაციას ეკონომიკური საფუძველი არ აქვს, მაშინ, აშკარაა, ვიღაც ამ ბაზარზე დაუშვებელი წესებით თამაშობს.

- კი ბატონო, ეს ასეა, რადგან, როცა ეკონომიკური მიმართულების ექსპერტები ამბობენ, რომ მაკროეკონომიკური პარამეტრები რიგზეა, საგარეო ფაქტორები არანაირ გავლენას არ ახდენს ჩვენს ეროვნულ ვალუტაზე და ამ დროს ლარი მაინც უფასურდება, გამოდის, რომ რაღაც ისე არ არის. აქ საუბარია ბლუმბერგის სისტემის გაუმართაობაზე, ასევე, საუბარია თვითონ ბანკების მოთხოვნაზე. მართლაც, ექსპორტ-იმპორტის მონაცემები და სხვა მონაცემებიც თითქოს რიგზეა და რა მიმართულებითაც იყო ეს მონაცემები, ისეთივე მიმართულებითაა. უფრო მეტიც, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა ეკონომიკური ზრდა დააფიქსირა და განმარტა, რომ ეს ზრდა იმაზე მეტი იქნება, ვიდრე დღეს არის. მაგრამ ლარის კურსი დღითი დღე მაინც იზრდება. აქ სპეკულაციასთანაც გვაქვს საქმე, მოლოდინების ზრდასთანაც.

თავად ეროვნული ბანკი გაუფასურების მიზეზად ტრანზაქციებს ასახელებს. შეიძლება ტრანზაქციები ლარის გაუფასურების ერთ-ერთ მიზეზად განვიხილოთ?
- რა არის, იცით? ეროვნული ბანკი ცდილობს, გარკვეულწილად, შეიმსუბუქოს თავისი პასუხისმგებლობა, რაც, პირდაპირ შეიძლება ითქვას, მას არ გამოსდის. ტრანზაქციები გასაგებია, მაგრამ ქვეყანა, რომელიც ტრანზაქციებსა და უცხოეთიდან გადმორიცხვებზეა დამოკიდებული, შემდგარი არ არის. მხოლოდ და მხოლოდ უცხოეთიდან გადმორიცხვებით იცხოვროს ქვეყანამ, ასეთი რამ, პრაქტიკულად, შეუძლებელია. ლარს მანამ არაფერი ეშველება, სანამ არ მოხდება ექსპორტისა და წარმოების ზრდა. დანარჩენი ყველანაირი საუბარი ფუჭია.

არც ინტერვენცია უშველის ლარს?

- ჩემი აზრით, ინტერვენცია უკვე დაგვიანებული და წყალში გადაყრილი თანხა იქნება.

წლიდან წლამდე ვინ სარგებლობს ლარის ორივე მდგომარეობით, როგორც დაღმასვლით, ისე აღმასვლით- კომერციული ბანკები, მთავრობა თუ ეროვნული ბანკი?

- რა თქმა უნდა, თუკი თვალს გადავავლებთ მაჩვენებელს, თვალსაჩინოა, რომ ლარის მერყეობით, პირველ რიგში, სარგებლობენ ბანკები. ვგულიხმობ მსხვილ ბანკებს. საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, სადაც მოსახლეობა ღარიბდება და ბანკების უზომოდ მდიდრებიან.

ზოგიერთების აზრით, მთავრობის ეკონომიკური ბლოკი სიტუაციას ვერ აკონტროლებს, ამიტომ ეკონომიკური გუნდის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დაისვას.

- ეს პროცესი უკვე დაგვიანებულია, თვითდინებაზე მიდის და ვინმეს დასჯას უკვე მნიშვნელობა არ აქვს. ასეთი სიტუაციის გამოსწორებისთვის გადამჭრელი ზომებია საჭირო.

ლარის გაუფასურებასთან ერთად კუპონისშემოქმედირომან გოცირიძე შეგვახსენებს თავს. ფრაქციანაცმოძრაობისთავმჯდომარის ამპლუაში იგი აცხადებს, მომეცით დრო და ძველი ლარი დაგიბრუნდებათო.

- ამის არანაირი ეკონომიკური შანსი არ არსებობს, თუ არ გაიზარდა ექსპორტი და, თუ არ მოხდა ქვეყანაში წარმოების ზრდა.