„ჰამერბერგის კომისია 26 მაისზე სპეციალურ დასკვნას 6-7 დღეში გამოაქვეყნებს“

„ჰამერბერგის კომისია 26 მაისზე სპეციალურ დასკვნას 6-7 დღეში გამოაქვეყნებს“

[ნინო მიქიაშვილი]

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი, თომას ჰამარბერგი, 26 მაისის მშვიდობიანი აქციის დარბევის ფაქტზე დასკვნას გამოაქვეყნებს. ჰამარბერგი ქართველ უფლებადამცველებს სთხოვს ამ დასკვნას დაელოდნონ, რომელიც სავარაუდოდ, მომავალ კვირაში საჯარო გახდება და მისივე განმარტებით, ობიექტური და ყურადსაღები იქნება.

ამის შესახებ ჰამარბერგმა ქართველ უფლებათა დამცველებს სტრასბურგში გამართული შეხვედრის დროს უთხრა. ბრიუსელსა და სტრასბურგში 20-დან 24 ივნისის ჩათვლით შეხვედრებს მართვადნენ: „საერთო-სახალხო წინააღმდეგობის მოძრაობის“ თავმჯდომარე  დავით თარხან-მოურავი,  ა/ო. „ყოფილი პოლიტპატიმრები - ადამიანის უფლებებისათვის“ ლიდერი  ნანა კაკაბაძე და მედია-კავშირ „ობიექტივის“ ხელმძღვანელი ირმა ინაშვილი.

სტრასბურგსა და ბრიუსელში, ევროსტრუქტურებისა და საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებზე გამართული შეხვედრების პარალელურად, ირმა ინაშვილი, დავით თარხან-მოურავი და ნანა კაკაბაძე აწარმოებდნენ შეხვედრებს ევროსტრუქტურების მაღალჩინოსნებთან, რის შესახებაც ირმა ინაშვილს ვესაუბრეთ.

ირმა ინაშვილი: 20-დან 24 ივნისის ჩათვლით, ბრიუსელსა და სტრასბურგში, პარალელურ რეჟიმში, ადამიანის უფლებათა დაცვის თემაზე დიალოგი მიმდინარეობდა, საქართველოსა და ევროსტრუქტურების წარმომადგენლებს შორის.

უშუალოდ ვინ მონაწილეობდა ამ შეხვედრებში, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან?

- ამაზე ზუსტი ინფორმაცია არ მაქვს, მაგრამ აეროპორტში შევხვდით აკაკი მინაშვილს, ჩიორა თაქთაქიშვილსა და გოკა გაბაშვილს, რომლებიც მიუნჰენის რეისით ბრიუსელში მიემგზავრებოდნენ. ზემოხსენებულ შეხვედრებს ჩვენ არ დავსწრებივართ, რადგან დახურული იყო, მაგრამ ჩვენი მიზანი გახლდათ ამ პროცესის პარალელური შეხვედრები გაგვემართა  ევროსტრუქტურების იმ წარმომადგენლებთან, რომლებიც უფლებადაცვით სფეროში მუშაობენ.

თქვენ და საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ერთი და იმავე ადამიანებს ხვდებოდით?

- დიახ, ასე იყო. მეტსაც გეტყვით - 20 ივნისს ჩვენ შევხვდით ევროკავშირის საგარეო  საქმეთა  კომისრის, კეტრინ ეშტონის წარმომადგენელს, ვოიჩეკ ვისოცკის, რომელიც ზემოხსენებულ შეხვედრებზე, ჩვენს ქვეყანაში არსებული ვითარების შესახებ მთავარი მომხსენებელი იყო.

რას ამბობენ 26 მაისის დარბევის შესახებ?

- ეს თემა ევროპაში ძალიან აქტუალურია. დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში ვისაუბრეთ  იმაზე, თუ რა ხდება საქართველოში, როგორი ვითარებაა ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით და, ბუნებრივია, ამ დროს მთავარი ყურადღება 26 მაისის დარბევაზე გავამახვილეთ. ვოიჩეკ ვისოცკის გადავეცით 26 მაისის აქციის დარბევის ამსახველი ფოტო და ვიდეომასალა, ამავე თემაზე, ნანა კაკაბაძის მიერ მომზადებული სამართლებრივი დასკვნა. ამ მასალამ დიდი ინტერესი გამოიწვია, მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული ინფორმაცია უკვე ჰქონდათ.

საერთოდ, ევროპაში კარგად იციან, რომ სააკაშვილი ძალიან შორსაა დემოკრატიული მმართველობისგან. იციან ის, რომ აქ არის დიქტატურა. მოკლედ, ევროპას საქართველოში არსებულ ვითარებაზე ზუსტი ინფორმაცია აქვს. ყოველგვარი გაზვიადების გარეშე შემიძლია გითხრათ, რომ ამაში ჩვენი მოკრძალებული წვლილიც არის - იმ ადამიანების და ორგანიზაციების წვლილი, რომლებიც სწორედ ევროსტრუქტურებთან აქტიურად ვმუშაობთ და ინფორმაციას ოპერატიულ რეჟიმში ვაწვდით.

ჩვენს მიერ მიწოდებული მასალები, 26 მაისის დარბევასთან დაკავშირებით, უკვე იყო ეშტონის ოფისში, ისევე, როგორც პატიმართა ცემა-წამების კონკრეტული ფაქტები, რაც გაცილებით ადრე მივაწოდეთ. დაახლოებით ორი თვის წინ, როდესაც ქალბატონი ეშტონისგან წერილი მომივიდა, მასში ეწერა, რომ ივნისის ბოლოს საქართველოს ხელისუფლებისა და ევროკავშირის წარმომადგენლებს შორის დაგეგმილ შეხვედრაზე, თქვენს მიერ მოწოდებულ ფაქტებზე ვიმსჯელებთ და ხელისუფლების წევრებს პასუხს მოვთხოვთო. მაქვს ინფორმაცია, რომ  ეშტონის აპარატმა ჩვენს მიერ მიწოდებული მასალები სწორედ ამ მიზნით გამოიყენა და კითხვები დაუსვა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს: საქართველოს ციხეებში არსებულ უმძიმეს ვითარებზე, კანონმდებლობაზე, რომელიც რეჟიმმა თავის თავზე მოირგო და 26 მაისს მშვიდობიანი აქციის დარბევაზე, რა დროსაც ადამიანები ალყაში მოაქციეს და უსასტიკესად გაუსწორდნენ.

მინდა გითხრათ, რომ დეტალური ინფორმაციის მიწოდებასთან ერთად, ჩვენს მიერ ჩატანილი ფოტოების ნახვამ ისინი შოკში ჩააგდო. ბატონ ვისოცკისთან გამართულ შეხვედრას ჩვენთან ერთად ესწრებოდნენ „წინააღმდეგობის მოძრაობის“ ომბუდსმენები ევროპაში: გიორგი ფოფხაძე და მერაბ ბლადაძე.

გაქვთ ინფორმაცია, რა პასუხები გასცეს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა, 26 მაისთან დაკავშირებულ კითხვებს?

- ანალოგიური კითხვა დავსვით ჩვენც, ბატონ ვისოცკისთან შეხვედრის დროს - ახლა მეზობელ ოთახში ხომ დიალოგი მიდის და საინტერესოა, რა არგუმენტები მოჰყავს საქართველოს მთავრობას, 26 მაისს მშვიდობიანი მიტინგის სასტიკი ფორმებით დაშლის შესახებ-თქო. ამაზე ვოიჩეკ ვისოცკიმ პირდაპირ გვითხრა - „საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები ძველ სიმღერას მღერიან, თითქოს, არაფერი მომხდარა, არც ძალის გადაჭარბება, არც კანონის დარღვევა“.

ამგვარი პასუხი იმაზე მეტყველებს, რომ ევროსტრუქტურებში ძალიან კარგად იციან ის ორმაგი სახე, რაც ამ რეჟიმს აქვს - საუბრობენ დემოკრატიაზე, ადამიანის უფლებებზე, სიცოცხლის დაცვაზე, აზრის გამოხატვის უფლებაზე და პარალელურად, ამ ყველაფერს თავად ებრძვიან.

ბატონ ვისოცკის ნანა კაკაბაძემ მანიფესტაციების შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებები გააცნო და დეტალურად ესაუბრა იმაზე, თუ რა ხდება კანონმდებლობაში, როგორ მოერგო კონსტიტუცია და მთელი კანონმდებლობა ამ რეჟიმს. ჩვენი საუბარი ასევე შეეხო პატიმართა რეალურ რაოდენობას. ქალბატონმა ნანამ, მაგალითად, ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციის კვლევის შედეგი მოიტანა, რომლის მიხედვით, ჩვენს ქვეყანაში, ყოველ 100 000-ს მოსახლეზე პატიმართა რაოდენობა მაგალითად, ამერიკასა და რუსეთში არსებულ პროცენტულ მაჩვენებელზე დიდია.

ითქვა ისიც, რომ ეს კვლევა და პროცენტული მაჩვენებელი ეფუძნება ხელისუფლების ინფორმაციას, რომლის თანახმად, საქართველოში 24 000 პატიმარია, მაგრამ რეალურად, ეს რიცხვი 40 000-სს აღწევს.

მხოლოდ ვისოცკის შეხვდით?

- ბრიუსელში ვისოცკის შევხვდით. როგორც გითხარით, ბრიუსელის პარალელურად, შეხვედრები სტრასბურგშიც მიმდინარეობდა, საქართველოს ხელისუფლების წევრებსა და ევროპის საბჭოს მაღალჩინოსნებს შორის. ეს შეხვედრებიც დახურული იყო. ბრიუსელიდან პირდაპირ სტრასბურგში გავემგზავრეთ, რადგან 21 ივნისს თომას ჰამარბეგრთან შეხვედრა გვქონდა დანიშნული. 21 ივნისს, დილის 11 საათზე ჩვენ უკვე ჰამარბერგის კაბინეტში ვიყავით. ჰამარბერგსაც გადავეცით მასალები, 26 მაისის დარბევაზე.

როგორ შეაფასა  ჰამარბერგმა 26 მაისის დარბევა?

- საერთოდ, ასე პირდაპირი შეფასებები არ კეთდება ხოლმე, დიპლომატები არიან და ეტიკეტს იცავენ, მაგრამ გეტყვით რეზიუმეში რა განცხადება გააკეთა. ვისაუბრეთ იმაზე, რომ აუცილებელია ევროპამ გამოყოს მომხსენებელი, რომელიც  საქართველოში  არსებულ რეალურ მდგომარეობაზე დასკვას მოამზადებს. უახლოეს ხანში, თბილისში დიდი კონფერენცია გაიმართება, რომელშიც მსოფლიოში ცნობილ უფლებადამცველებთან და დისიდენტებთან ერთად,  მონაწილეობას თომას ჰამარბერგიც მიიღებს. ამ ინიციატივამ ჰამარბერგის მხრიდან, ძალიან დიდი ინტერესი გამოიწვია. ასევე საუბარი შეეხო იმას, რაში გამოიხატება სააკაშვილის რეჟიმის ორმაგი სახე. დავით თარხან-მოურავმა უთხრა ჰამარბერგს, რომ „ჩვენთან არის ხელისუფლება, რომელიც ლაპარაკობს ინგლისურად, ფრანგულად. თქვენთვის, ევროპისთვის გასაგებ ენაზე. ამბობენ, რომ არიან დემოკრატები, მაგრამ სინამდვილეში, საქართველოში ამ ყველაფრის საწინააღმდეგო პროცესებს ავითარებენ -  ანუ, არც დემოკრატია და არც ადამიანის უფლებებს იცავენ - უფრო მეტიც, ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ქვეყანაში თავისუფალი აზრი მოკლანო...“

და მოკვდა კიდეც თავისუფალი აზრი - ის ვითარება, რაც დღეს არის, ქვეყნის შიგნით პოლიტიკური პროცესის კვდომაა, რასაც ევროსტრუქტურების წარმომადგენლებიც ძალიან კარგად ხედავენ.

ჰამარბერგმა აღნიშნა, რომ მას 26 მაისი დარბევასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია აქვს. პირდაპირ გვითხრა, რომ 26 მაისთან დაკავშირებით, მისი კომისია სპეციალურ დასკვნას  6-7 დღეში გამოაქვეყნებს - „გპირდებით, რომ ამ დასკვნაში ადეკვატურად და ობიექტურად იქნება ასახული ყველაფერი ის, რაზეც თქვენ ახლა მე მესაუბრებით. ასე რომ დაელოდეთ ჩვენი კომისიის დასკვნასო“, - ორჯერ გაუსვა ამას ხაზი -  „დასკვნა ჩვენს საიტზე ოფიციალურად გამოქვეყნდება და თქვენთის ძალიან ყურადსაღები იქნებაო“.

ჰამარბერგთან შეხვედრა დაახლოებით საათნახევარი გაგრძელდა. საშუალება მომეცა მესაუბრა მედიაში შექმნილ ვითარებაზე. იმიტომ, რომ მედია-ორგანიზაციას წარმოვადგენდი. ასეთ დროს ყოველთვის გვისვამენ კითხვას - „აი, ხომ არის „კავკასია“ და „მაესტრო“!  ამით არ არის მედიადამოუკიდებლობა უზრუნველყოფილი?!“  და მე მიწევს ხოლმე იმის ახსნა, რომ ეს ტელევიზიები მხოლოდ თბილისის მასშტაბით მაუწყებლობენ და, რომ მათი მაყურებლის რაოდენობა ძალზე შეზღუდულია. „მაესტრო“ საკაბელო ტელევიზიაა და თანამგზავრზე  რომ ზის, იმას არ ნიშნავს, რომ სატელიტური ანტენა ყველა ოჯახს აქვს.

სამწუხაროდ, ეს  ორი ტელევიზია ქვეყნის მასშტაბით, საზოგადოებრივ აზრს ვერ ქმნის და ამასთან, ამ ხელისუფლებას სალაპარაკოც აქვს - ამ ორი ტელევიზიის არსებობა დემოკრატია არ არისო?! სხვათა შორის, მათ არ ჰქონდათ ინფორმაცია, რომ არ არსებობს ქვეყანაში ნაციონალური მეტრული არხი, დამოუკიდებელი ტელევიზია, რომლის ყურებაც მთელ საქართველოს შეუძლია. 

ასევე,  მე მოვუყევი იმის შესახებ, რომ 2003-2011 წლებში ხელისუფლებამ 40-ზე მეტი დეციმეტრული ტელევიზია დაისაკუთრა - მეპატრონეებისთვის წართმეული ტელევიზიები, თანამდებობის პირების სიძეებსა და ცოლებზე გადაფორმდა. ბატონ ჰამარბეგრს ვუთხარი, რომ ამ თემაზე ჟურნალისტური გამოიძიება მაქვს გაკეთებული და საჭიროების შემთხვევაში მოგაწვდით-მეთქი. მან დაინტერესება გამოხატა და უახლოეს დღეებში მის ოფისს ამ ჟურნალისტურ გამოძიებას მივაწვდი.

ევროპაში გამართული შეხვდრების შემდეგ შემიძლია ვთქვა, რომ ისინი ჩვენი მოკავშირეები არიან. შეხვედრის დროს არ მალავდნენ იმას, რომ მთავარია არა კონკრეტული პიროვნება, არამედ, ქართველი ხალხის ინტერესის დაცვა.

ჩვენი გეგმები აიგება სწორედ იმაზე, რომ უფრო და უფრო გააქტიურდეს მუშაობა ევროპაში, ბრიუსელში, ევროსტრუქტურებთან, რადგან სწორედ მათთან მჭიდრო მუშაობის შედეგია ის, რაც შემდეგ დასკვნებში, წერილებში და განცხადებებში აისახება.

უახლოეს ხანში ბრიუსელში სპეციალური ოფისის გახსნას ვაპირებთ - იქ ჩვენი წარმომადგენლები იმუშავებენ, რომლებსაც ყოველდღიური შეხვედრები ექნებათ ევროსტრუქტურების წარმომადგენლებთან.

და აქ რა გეგმები გაქვთ?

- ძირითადი აქცენტი ბრიუსელსა და სტრასბურგში გადავა, რადგან დღეს საქართველოში პოლიტიკური პროცესი მოკლეს. ამ პროცესის გაცოცხლება შეგვიძლია მხოლოდ ევროსტრუქტურების წარმომადგენლების მხარდაჭერით, რადგან ისეთი კანონებია მიღებული, რომ ქუჩაში გასული 200 000 კაციც ვერ შეარყევს ამ რეჟიმს. თუ 3-4 წლის წინ რამდენიმე ასეულ ათას ადამიანს შეეძლო გამოსულიყო და ეთქვა სააკაშვილისთვის „წადი“, დღეს იგივეს გაკეთების შემთხვევაში, სამჯერ, ოთხჯერ მეტ შეიარაღებულ სპეცრაზმელს და პოლიციელს გამოიყვანს, რომლებთანაც შიშველი ხელებით დაპირისპირება შეუძლებელია.

 მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ პერმანენტული საპროტესტო აქციების გზას არ გავაგრძელებთ, მაგრამ ეს გზა ევროსტრუქტურების მხრიდან დაცული უნდა იყოს. უნდა ვაღიაროთ, რომ დღეს ურთულესი პოლიტიკური სიტუაციაა - სააკაშვილის რეჟიმი ზენიტშია და პირდაპირ ვიტყვი, რომ ამაში იმ ოპოზიციური ძალების წვლილიც არის, რომლებმაც ეს პროცესი პასუხისმგებლობით ვერ წარმართეს.

ჩვენი წამოსვლის შემდეგ, ბრიუსელში მიხეილ სააკაშვილი დაუგეგმავი ვიზიტით ჩავიდა. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ იქ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს ძალიან რთული კითხვები დაუსვეს და სააკაშვილი ვითარების გასანეიტრალებლად ჩავიდა. ჩვენი კოლეგებისგან ინფორმაცია მაქვს, რომ მას ევროპაში აღარავინ ელაპარაკება. ევროსტრუქტურების წარმომადგენლებისგანაც ანალოგიური ინფორმაცია მივიღე.  

გაიხსენეთ როგორი სიუჟეტი გავიდა ბრიუსელში სააკაშვილის სტუმრობაზე - ის დგას მისაღებში, ტანსაცმლის ყვავილებიანი საკიდის ფონზე და იძლევა ინტერვიუს, ქართველი მაყურებლისთვის. პრეზიდენტებს ასე არ ხვდებიან და ყვავილებიან საკიდის ფონზე ინტერვიუს არ ართმევენ.