მსხვილი იმპორტიორები ამბობენ, რომ ბოლო პერიოდში ლარის მკვეთრმა გაუფასურებამ საკმაოდ რთული ვითარება შექმნა. პროდუქტი მალე გაძვირებას დაიწყებს, ხოლო საწვავის ფასი სულ უფრო მაღლა მიიწევს. პარალელურად მცირდება მოხმარება, რაც ბიზნესისთვის დიდი პრობლემაა. საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის ხელმძღვანელი ივა ჭყონიას განცხადებით, ამ დროისთვის იმპორტიორების მხრიდან ფასების „დაჭერა“ ხდება.
„ველოდებით, საბოლოო ჯამში, ლარი რა ნიშნულს მიაღწევს. სანამ საბოლოო რაღაც ზღვარზე არ გაჩერდება, შეუძლებელია იმაზე საუბარი, თუ რამდენით მოიმატებსფასები. 2.70 კრიტიკული ნიშნულია და ეს ყველაზე მტკივნეულად დისტრიბუტორებზე აისახება. რა დრომდეც გავუძლებთ, გავუძლებთ“, - აცხადებს ჭყონია.
მისი თქმით, ერთი პრობლემაა ფასების გაზრდა და მეორე — მსყიდველობითუნარიანობა. თუ ლარი არ გამყარდა, 1-თვიან პერიოდში, ფასების ზრდა 2-5%-ის ფარგლებში აუცილებლად მოხდება. „მაქსიმალურად ვცდილობთ, ფასების მატებისგან თავი შევიკავოთ იმიტომ, რომ კომპანიებს თავი გავატანინოთ. დამერწმუნეთ, დისტრიბუტორ კომპანიებს საკმაოდ რთულ მდგომარეობაში გვიწევს ყოფნა. ჩათვალეთ, მოგებაზე არ ვფიქრობთ. გვინდა თავი გავიტანოთ, კომპანიები გადავარჩინოთ. გვაქვს იმედი, რომ ეროვნული ბანკი სახელმწიფოსთან ერთად გონივრულ ნაბიჯებს გადადგამს. ყოველ შემთხვევაში, თუ არ შემცირდება კურსი,დაფიქსირდეს მაინც სტაბილურ დონეზე, რომ შემდეგ ჩვენც ფასების განსაზღვრა შევძლოთ“, - განუცხადა „კომერსანტს“ ჭყონიამ.
ეკონომისტები ადასტურებენ, რომ ლარის გაუფასურებას აუცილებლად მოჰყვება პროდუქტებისა და ბენზინის გაძვირება. პირველ რიგში, ფასების ზრდა შეეხება იმ სამომხმარებლო საქონელს, რომელიც იმპორტირებულია. „საწვავის ფასი უკვე გაიზარდა, შემდეგ სატრანსპორტო სექტორის მომსახურება გაძვირდება და იმპორტირებული პროდუქტიც უფრო ძვირი იქნება. მალევე ეს ავტომატურად გადაეცემა სხვა პროდუქტებსაც. ბიზნესმა რომ იცოდეს, რომ ლარი მომავალში მნიშვნელოვნად არ იმერყევებს, იქნება მშვიდად. მაგრამ, თუ მნიშვნელოვან გაუფასურებას ელის მოკლე პერიოდში, ამას ჰქვია სავალუტო რისკი და ამ რისკს პროდუქტის ფასში დებს, ანუ თავს იზღვევს, რომ დევალვაციისგან თვითონ არ დაზარალდეს“, - ამბობს გიორგი პაპავა.
ლარის გაუფასურებაზე მყისიერად საწვავი რეაგირებს. ბენზინი და დიზელი ახლო პერიოდში 10 თეთრით უკვე გაძვირდა, პარარელურად შემცირდა მისი მოხმარება. ოქტომბერში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა შეადგინა 97,1 ათასი ტონა, რაც 12,4 ათასი ტონით ნაკლებია სექტემბრის მაჩვენებელზე და 18,5 ათასი ტონით ნაკლებია 2016 წლის ოქტომბრის მაჩვენებელთან შედარებით.
„ამ ყველაფრის მიზეზი, პირველ რიგში, საერთაშორისო ბირჟებზე ნავთობის სწრაფი გაძვირებაა. 1 ბარელი ნავთობის ღირებულებამ უკვე მიაღწია 64 დოლარს, რაც ბოლო 28-თვიანი მაქსიმუმია. მსოფლიო ბაზარზე მიმდინარე ტენდენციამ, საქართველოზე მეტად უარყოფითად იმოქმედა. კერძოდ, ოქტომბერ-ნოემბრის თვეებში გაძვირდა „რეგულარის“ ტიპის ბენზინისა და დიზელის საწვავი: ევროდიზელის საწვავის ფასი, საშუალოდ, 6-11 თეთრით გაიზარდა, ხოლო „რეგულარის“ ტიპის ბენზინისა - 5-10 თეთრით ერთ ლიტრზე. ამ პროცესშიძალიან დიდი როლი შეასრულა ლარის გაუფასურებამ. საერთაშორისო ფასის ზრდისა და ლარის გაუფასურების პირობებში საწვავი საცალო ქსელში მნიშვნელოვნად გაძვირდა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით საწვავისიმპორტი და მოხმარებაც მცირედით შემცირებულია, თუმცა წინა წლებთან შედარებით მაინც მაღალია. სრულყოფილი სურათი დეკემბრის ბოლოს გვექნება“, - აღნიშნა ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარემ ვანო მთვრალაშვილმა.