პატიმარ მალხაზ ბადუაშვილს ევროსასამართლოდან საჩივრის გამოტანას აიძულებენ

პატიმარ მალხაზ ბადუაშვილს ევროსასამართლოდან საჩივრის გამოტანას აიძულებენ

[ნინო მიქიაშვილი]

გლდანის №18 სამკურნალო დაწესებულებაში მყოფი 28 წლის პატიმარი, მალხაზ ბადუაშვილი, საქართველოს მთავარ პროკურორს განცხადებით მიმართავს, რომელშიც დეტალურად აღწერს როგორ აიძულებენ მას ევროპული სასამართლოდან საჩივრის გამოტანას, როგორ ემუქრებიან ტელეფონის და თვითნაკეთი დანის „ჩადებით“ და როგორ მოითხოვენ მისგან იმის დაწერას, რომ სხეულზე დაზიანებები თავად მიიყენა.

პატიმარმა განცხადება 21 ივნისს დაწერა. 22-ში მასთან შევიდა ადვოკატი მამუკა ნოზაძე, რომლის თქმითაც, განცხადების კანცელარიაში ჩაბარება ვერ შეძლო, რადგან „დაემალნენ“. 

„ობიექტივთან“ საუბრისას ადვოკატმა განმარტა, რომ მისივე თხოვნის საფუძველზე, მსჯავრდებულმა ანალოგიური შინაარსის მეორე განცხადებაც დაწერა, რომელიც მამუკა ნოზაძეს თან აქვს - „27 ივნისს კანცელარიაში გადავამოწმებ, გაატარეს თუ არა რესგისტრაციაში განცხადება, რომელიც მე დავუტოვე კანცელარიის თანამშრომელ გოგონას (რადგან კანცელარია დაკეტეს, ფაქტიურად დამემალნენ). თუ აღმოჩნდება, რომ განცხადება გატარებული არ არის, სამშაბათს საქართველოს მთავარი პროკურატურის კანცელარიაში, პატიმრის ხელით დაწერილ განცხადებას თავად ჩავაბარებ“.

მამუკა ნოზაძის განმარტებით, მსჯავრდებულ მალხაზ ბადუაშვილზე განხორციელებული ზეოწლის მთავარი მიზეზი ისაა, რომ მის საქმეზე ევროსასამართლოში საბოლოო გადაწყვეტილება დღედღეზე გამოცხადდება. ამასთან, პატიმარს გასაჩივრებული აქვს რუსთავის №6 დაწესებულების დირექტორის, დავით მარგებაძის მხრიდან, მასზე განხორციელებული ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტი, რაზეც 21 ივნისით დათარიღებულ წერილში, საქართველოს მთავარ პროკურორს, მურთაზ ზოდელავას რეაგირებას სთხოვს.

„ობიექტივი“ მალხაზ ბადუაშვილის უფლებების დამცველი ადვოკატის, მამუკა ნოზაძის ნებართვის საფუძველზე გთავაზობთ, მსჯავრდებულის განცხადების სრულ ტექსტს:

„საქართველოს მთავარ პროკურორს, მურთაზ ზოდელავას - ვიმყოფები მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა №18 სამკურნალო დაწესებულებაში. ამავე დაწესებულების უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, მომაკითხა 13 ივნისს, პალატაში, სადაც გავდივარ მკურნალობას და მითხრა, რომ გარეთ გავსულიყავი. მე რა თქმა უნდა, დავემორჩილე და გავყევი, სადაც დამხვდა დაწესებულების რეჟიმის უფროსი. შემიყვანეს ექთნების ოთახში, სადაც იმყოფებოდნენ ექთნები - ციცო და ნონა. მათ გარეთ გასვლა უბრძანეს.

უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა მითხრა, რომ დამეწერა დავით მარგებაძეზე, რომ მას არ ვუწამებივარ და, რომ ჩემით დავიზიანე თავი. მე რა თქმა უნდა, ამაზე უარი ვუთხარი და ვთხოვე ჩემთვის თავი დაენებებინათ, მაგრამ არ მომეშვნენ, რეჟიმის უფროსი, ალექსი თოლორდავა და უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გიორგი. კარებში დააყენეს სართულის ოფიცერი, შალვა ქავთარაძე, რომ ვინმემ არ გააღოსო და მითხრეს, რომ ჩამიდებდნენ „შტირს“ და ტელეფონს.

ამ დროს გიორგიმ მაგიდაზე დამიდო ტელეფონი, მწვანე „ნოკია“, ხელით დამზადებული დანა და მითხრა, რომ დამღუპავდნენ მთლიანად. მერე მითხრეს, რომ მაინც არ გაგაჩერებთ, აქ, საავადმყოფოში და ის მაინც დაწერე, რომ ვითომ უკვე კარგად ხარ და შენი ნებით წადიო.

ვინაიდან არაერთხელ გავხდი წამების მსხვერპლი, დავწერე, რომ კარგად ვარ და არავითარი პრეტენზია არ მაქვს-თქო, რაც არის აბსოლუტური სიცრუე და რაც დამაწერინეს იძულებით. გთხოვთ, მოახდინოთ შესაბამისი რეაგირება, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით.

ამასთანავე, აღვნიშნავ, რომ გამოძიება მიმდინარეობს დავით მარგებაძის მხრიდან განხორციელებულ არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობისა და ცემის ფაქტზე, რაზეც დღემდე არ დავკითხულვარ. შესაბამისად, სამკურნალო დაწესებულების ადმინისტრაცია ახორციელებს ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ზეწოლას, რომ გამოვიტანო საჩივარი. წინააღმდეგ შემთხვევაში, სასჯელის დამატებით მემუქრებიან. თითქმის ყოველდღიურად აქვს ჩემს მიმართ ადგილი ზეწოლას და ვიმყოფები გაუსაძლის პირობებში. გთხოვთ, მოახდინოთ სამართლებრივი რეაგირება.

ამასთანავე, სოციალური სამსახურის უფროსი, თავის მოავლეობას არ ასრულებს და ჩემს წერილებს ადრესატებამდე არ აგზავნის. 21 ივნისი, 2011 წელი“.