ეროვნული ვალუტის გაუფასურების ფონზე მმართველი პარტია განმარტებებს ეროვნული ბანკისგან ითხოვს. ვითარება იმდენად დაიძაბა, რომ უკამყოფილებას ვეღარც „ქართულ ოცნებაში“ მალავენ. ქვეყანა და მისი ვალუტა ჩქარი ტემპით მიექანება ქაოსისკენ.
უმრავლესობის დეპუტატის ლევან კობერიძე მოითხოვს, რომ ყველა კითხვას ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ პარლამენტში მოსვლით უპასუხოს. „ეროვნული ბანკის პასუხები ეკონომიკის კომიტეტის კითხვებს მხოლოდ ნაწილობრივ აკმაყოფილებს და პასუხობს. უკეთესი იქნება, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტს მოვუსმინოთ და კომიტეტზე გავმართოთ მსჯელობა, - ამბობს ლევან კობერიძე.
„ქართული ოცნების“ წევრი დავით ჭიჭინაძე კი დასძენს, რომ დევალვაციის პროცესზე ეროვნულ ბანკს მეტი პასუხისმგებლობა უნდა ეკისრებოდეს.
„ქვეყნის პირველი ბანკი ყველაზე მეტად უნდა იყოს შეშფოთებული ამ საკითხით, მაგრამ მას ჩვენ შეშფოთებას ვერ ვატყობთ. განცხადებასაც არ აკეთებს. გვახსოვს ახლო წარსულში მისი პოზიცია, რომ არ აპირებს განცხადების გაკეთებას. თუ არ აპირებს, მე ვფიქრობ, პარლამენტს აქვს საკმარისი კომპეტენცია დაიბაროს. ეს ტენდენცია ერთ თვეზე მეტია გრძელდება და არც ისე მოკლევადიანია. ასეთ მდგომარეობაში ეროვნულ ბანკს მეტი პასუხისმგებლობა უნდა ეკისრებოდეს“, - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.
მმართველი პარტიის ამ მოთხოვნას არ იზიარებენ ოპოზიციაში. ნაცმოძრაობის წევრებს სერგო რატიანს და რომან გოცირიძეს მიაჩნიათ, რომ ლარის გაუფასურებაზე ძირითადი პასუხისმგებლობა მთავრობას ეკისრება და „ქართული ოცნება“ ეროვნულ ბანკზე საუბრით რეალური პრობლემიდან ყურადღების გადატანას ცდილობს.
„მოხდა ის, რაც უნდა მომხდარიყო. რაც ლარს დამართეს, ამაში პირდაპირაა დამნაშევე მთავრობა და ეროვნული ბანკი - მთავრობა დაუბალანსებელი ბიუჯეტითა და ბანკებზე ნახევარი მილიარდი ლარის ოდენობის კრედიტის მიცემის ავანტურისტული ინიციატივის გამო, ეროვნული ბანკი კი ასევე „იაფი ფულის“ პოლიტიკის წარმოებისათვის. გუშინწინ მთავრობამ ისევ მისცა ბანკებს 50 მილიონი. დღევანდელ აუქციონზე არც ეროვნულმა ბანკმა შეამცირა რეფინანსირების სესხები. ძალიანაც უნდათ ამ მძიმე ვითარებაში დაკრედიტების შემცირება, მაგრამ არ შეუძლიათ. ბანკები ნარკოდამოკიდებული გახადეს. „ლომკები“ დაეწყებათ. სად გაგონილა, ეკონომიკა ოთხი პროცენტით იზრდებოდეს და ბანკების დაკრედიტება ხაზინიდან და ეროვნული ბანკიდან კი ასი პროცენტით?
მთავრობისა და ეროვნული ბანკის მიერ ძალდატანებითი და წარუმატებლად დამთავრებულ ლარიზაციას თავის წვლილი მიუძღვის ამ პროცესში. მან შვა ე.წ. ერთთვიანი ღია ბაზრის ინსტრუმენტი - ეროვნული ბანკის 400 მილიონი ლარის რეფინანსირების სესხი. იგი ერთჯერადი უნდა ყოფილიყო და გალარების პროგრამის დამთავრებისთანავე უნდა დაბრუნებულიყო. ასე არ მოხდა.
გაუტკბათ იაფი ფული ბანკებს. დღემდე ხდება ამ „ინსტრუმენტით“ დაკრედიტება. წლის ბოლომდე დარჩენილ თვენახევარში ბიუჯეტიდან დასახარჯია ორი მილიარდი ლარი. ესეც ძველი სენია. შეჭამა ქვეყანა ბიუროკრატიამ და უსარგებლო ხარჯებმა. ხელისუფლებამ ვერ დასვა სწორი დიაგნოზი ან შეგნებულად იტყუებოდა. ლარის დევალვაცია მოლოდინებით ახსნა“, - აცხადებს რომან გოცირიძე.
ექსპერტები კი ფიქრობენ, რომ მმართველი გუნდი დევალვაციას გარკვეული პოლიტიკური გადაწყვეტილებების გასატარებლად იყენებს.
შესაბამისად, ლარის გაუფასურება ემსახურება კონკრეტული ბიზნეს წრეების ინტერესებს.
„არანაირი საგარეო ფაქტორი, არც მაკროეკონომიკური ფაქტორი, არც ერთი სხვა ფაქტორი არ მიანიშნებს იმაზე, რომ ახლა უნდა იყოს ასეთი გაუარესება. ჩვენ გვიჩნდება ეჭვი, რომ ხომ არ არის ეს პროცესი შეთანხმებული მთავრობასთან, რომელიც დევალვაციას ხელს უწყობს გარკვეული პოლიტიკური ამოცანების შესასრულებლად. ასევე, ეძლევათ საშუალება კონკრეტულ ბიზნეს ჯგუფებს ამ ლარის გაუფასურებაზე ხელი მოითბონ.
ეროვნული ბანკი ვერ ერევა ამაში. იმიტომ ვერ ერევა, რომ უბრალოდ დაშინებულია ან უთხრეს, არ ჩაერიოო“, - განაცხადა „ახალი ეკონომიკური სკოლის პრეზიდენტმა“ პაატა შეშელიძემ.
მისი აზრით, მთავრობა ლარის გაუფასურების პროცესში თავიდან ბოლომდე ჩარეულია.
„ვფიქრობ, რომ ესენი ასეთი სულელები არ არიან, რომ ასეთ მიამიტურად აკეთებდნენ განცხადებებს და ამას არ ჰქონდეს შინაარსი. ასეთი განაცხადებებით ინიღბება რეალური ქმედებები. მთავრობას, ეროვნულ ბანკსა და მსხვილ ბიზნესს ლარის გაუფასურება აწყობთ. არ ვფიქრობ, რომ ეს პროცესი მათგან დამოუკიდებლად მიმდინარეობს. მათ ეს პროცესი ხელს აძლევთ და ვითარებას ნიღბავენ ისე, თითქოს ისინი არაფერ შუაში არ არიან“, - აღნიშნა პაატა შეშელიძემ.