მსუბუქი ავტომობილები ტექდათვალიერებას 2019 წლამდე არ გაივლიან

მსუბუქი ავტომობილები ტექდათვალიერებას 2019 წლამდე არ გაივლიან

სავალდებულო ტექნიკური დათვალიერების ვადები იცვლება. მსუბუქი ავტომობილის მფლობელებს საშუალება ეძლევათ მომავალი წლის განმავლობაში მანქანის ტექნიკურ გამართულობაზე იზრუნონ, რადგან მათთვის ინსპექტირების ვადამ 1 წლით გადაიწია. 2018 წელს მხოლოდ სატვირთო ავტომობილებისა და მგზავრების გადამყვანი ტრანსპორტის შემოწმება მოხდება.

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონიდან იმ ნორმის ამოღება იგეგმება, რომლის მიხედვითაც, მსუბუქი ავტომობილების გზისთვის ვარგისობაზე ტესტირება 2018 წლის 1-ლი იანვრიდან უნდა ამოქმედებულიყო.

კანონპროექტის განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ იმ გარდამავალი დებულების ამოღება, რომელიც ზემოაღნიშნულ შინაარსს ითვალისწინებდა, განპირობებულია ტერმინის - „გზისთვის ვარგისობაზე ტესტირება“ შეცვლა ტერმინით - „პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება“.

„ვინაიდან ცვლილებების შედეგად კანონი ტერმინს „გზისთვის ვარგისობაზე ტესტირება“ აღარ გაითვალისწინებს, წარმოდგენილი პროექტით ხდება კანონის 62-ე მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტების ამოღება“, - ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

ეკონომიკის სამინისტროს ტრანსპორტისა და ლოგისტიკის განვითარების პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელის ქეთევან სალუქვაძის ინფორმაციით, გაიწერება მეთოდოლოგია, თუ ვის როდის მოუწევს პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების გავლა. უკვე ცნობილია, რომ 2018 წლის 1-ლი იანვრიდან პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებას 8 ადგილზე მეტი ტევადობის სამგზავრო და 3,5 ტონაზე მეტი მასის სატრანსპორტო საშუალებები დაექვემდებარება.

„სწორედ ეს სატრანსპორტო საშუალებები ყველაზე მეტად აბინძურებენ ჰაერის. ისინი ინსპექტირებას ისედაც ექვემდებარებიან, მაგრამ გამომდინარე იქედან, რომ არსებობდა გარკვეული ტიპის ხარვეზები აღსრულების მექანიზმებთან დაკავშირებით, გაიზარდა სტანდარტი და ხდება ევრორეგულაციებთან დაახლოება. ახალი წლიდან მოხდება ტექნიკური ინსპექტირების განსხვავებული მეთოდით განხორციელდება. მთლიანად ავტოპარკი ეტაპობრივად 2 წლის განმავლობაში შემოწმდება“, - განაცხადა ქეთევან სალუქვაძემ.

უფრო ვრცლად აღნიშნულთან დაკავშირებით ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ გიორგი ჩერქეზიშვილმა ისაუბრა. მისი ინფორმაციით, 2018 წლის 1-ლი იანვრიდან რეფორმა იწყება და მომდევნო 2 წლის განმავლობაში ყველა ავტოსატრანსპორტო საშუალება პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებას დაექვემდებარება.

„აღნიშნული მუხლის კანონიდან ამოღება გამოწვეულია იმით, რომ მთავრობამ უნდა განიხილოს ტექნიკური რეგლამენტი, როგორც ტექნიკური ინსპექტირების ცენტრებისათვის და იქ მომუშავე ადამიანებისთვის, ასევე თვითონ ავტოსატრანსპორტო საშუალებებისათვის. აღნიშნული ჩანაწერის კანონში დატოვება გამოიწვევევდა იმას, რომ მეორე დღესვე ყველა ავტომფლობელი იქნებოდა დაჯარიმებული. გამოდის, რომ 1 200 000 სატრანსპორტო საშუალება 1-ელი იანვრისათვის შესამოწმებლადუნდა მიიყვანონ. ეს შეუძლებელია, ამიტომ კეთდება გრაფიკი, რომლის მიხედვით 2 წლის განმავლობაში ყველას მოუწევს ტექნიკური ინსპექტირების გავლა“, - განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ ჩერქეზიშვილმა.

საკანონმდებლო ცვლილებების შემდეგ მთავრობას წარედგინება ტექნიკური რეგლამენტი ტექნიკური ინსპექტირების ცენტრებთან, მათ შენობებთან და პერსონალთან დაკავშირებით. ასევე მთავრობა დაადგენს სტანდარტებს, რომლებსაც ავტოსატრანსპორტო საშუალებებიუნდა აკმაყოფილებდეს.

მიუხედავად იმისა, რომ ავტომობილების უმრავლესობას 2018 წელს სავალდებულო ინსპექტირება არ შეეხება, ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, რომ გადავადებით არაფერი არ გადავადებულა.

„როგორც აქამდე იყო საზოგადოებისთვის ცნობილი, ყველაფერი ისეა - 2018 წლის 1-ელი იანვრიდან პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება დაიწყება და შეეხება მთლიან ავტოპარკს. მისი სრული მოცვა 2 წლის განმავლობაში მოხდება. ნორმის ცვლილება არ მომხდარა. უბრალოდ, კანონპროექტიდან ამოღებულ იქნა შარშან შეტანილი ცვლილება, რომლითაც გაწერილი იყო, რომ 2018 წლის იანვრიდან მთელი პარკის შემოწმება მოხდებოდა“, - აცხადებს სალუქვაძე.

მისი თქმით, ფიზიკურად შეუძლებელია 1.2 მილიონი დარეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებისთვის ერთდრულად ინსპექტირების გავლა. „ახლა განხორციელებული კონსულტაციის საფუძველზე დღეს 26 ტესტირების ობიექტია, ორჯერ მეტიც რომ იყოს, შეუძლებელია მოხდეს ყველა ავტოსატრანსპორტო საშუალების ერთდროულად შემოწმება“, - აცხადებს სალუქვაძე და დასძენს, რომ ზოგიერთ ქვეყანაში გაცილებით მეტი დრო დასჭირდათ.

„მაგალითად, შვედეთში სავალდებული ტესტირება 15 წელია მიმდინარეობს. სხვა ევროპულ ქვეყნებში 5 წელიწადი იყო. ჩვენ მიზანშეწონილად მივიჩნიეთ, პროცესის 2 წლის განმავლობაში გაგრძელება. ეს გადაწყვეტილება რეფორმის მოწესრიგებულად განხორციელებისთვისაა მიღებული“, - აცხადებს სალუქვაძე.