სავალუტო ბაზარზე პანიკაა, ხელისუფლება ლარის მკურნალობას ვერ ახერხებს

სავალუტო ბაზარზე პანიკაა, ხელისუფლება ლარის მკურნალობას ვერ ახერხებს

ეროვნული ვალუტა დიდი განსაცდელის პირასაა. სავალუტო ბაზარზე უკვე პანიკაა, რადგან ლარი წლის ამ პერიოდში ასე გაუფასურებული არასდროს ყოფილა. არანაირი დამაიმედებელი პროგნოზი არ კეთდება და საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ დევალვაციას ვერაფერი შეაჩერებს.

ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი არჩილ მესტვირიშვილი ამბობს, რომ საქართველოში მოქმედებს მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი და ამ ბაზრისთვის დამახასიათებელია ცვალებადობა. ასთი დამოკიდებულება კი კატეგორიულად მიუღებელია ოპოზიციისთვის და ეკონომისტებისთვისაც.

„რაც შეეხება თვითონ კურსზე მოქმედ ფაქტორებს, ჩვენ ამაზე ბევრჯერ გავაკეთეთ კომენტარი, მათ შორის, არის დეტალური კომენტარი გამოქვეყნებული ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე ბოლო დროინდელ ცვალებადობასთან დაკავშირებით. შემიძლია გითხარათ, ფუნდამენტური ფაქტორები არის პოზიტიური. მოლოდინის მხრიდანაა გამოწვეული ეს ქცევა. იმპორტიორებმა, რომლებიც ადრე იანვარ-თებერვალში ყიდულობდნენ ვალუტას, შესყიდვა ჯერ კიდევ აგვისტოდან დაიწყეს. ახლა ეს უფრო გააქტიურებულია, რაც ასევე დაკავშირებულია მოლოდინთან.

თუ ჩვენ დავინახავთ, რომ კურსის ეს მაჩვენებელი დიდი ხნით იქნება გადახრილი მისი ფუნდამენტური მდგომარეობიდან და ამან შეიძლება საფრთხე შეუქმნას ინფლაციას, ჩვენ მოვახდენთ რეაგირებას, მათ შორის, გავამკაცრებთ მონეტარულ პოლიტიკას“, - განაცხადა მესტვირიშვილმა.

ეროვნული ბანკის უსუსური კომენტარი სპეციალისტების არადამაკმაყოფილებელია. სამართლის სფეროს ექსპერტის აკაკი ჩარგეიშვილის შეფასებით, ეროვნული ვალუტის ასეთ გაუფასურებაზე გავლენა ბევრმა ფაქტორმა იქონია და მათ შორის იმანაც, რომ ხელისუფლებამ წლების განმავლობაში ეკონომიკის გაჯანსაღების მიზნით ნაბიჯები არ გადადგა.

„ჯერ კიდევ წლების წინ ვამბობდი, რომ ქვეყანაში ეკონომიკური აქტიურობა არ არის. შემდეგ რაღაცეები დაიძრა, ტურისტულმა ნაკადებმა იმატა, ეკონომიკა გამოცოცხლდა, მაგრამ, საერთო ჯამში, მთავრობამ თავის დროზე არ გადადგა ისეთი სწრაფი ნაბიჯები, რომლებიც ეკონომიკას გააჯანსაღებდა. ეროვნული ბანკიდან საფინანსო ზედამხედველობის გამოყოფა უნდა მომხდარიყო და საბოლოოდ არ გამოეყო. ამას მოჰყვა ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის მიღება, სახელმწიფოს მიერ კონკურენციის სააგენტოს შექმნა, მაგრამ ეს კანონმდებლობა იმ სათანადო დონეზე მაინც ვერ დადგა, რომ ბანკების პირდაპირი მონოპოლიზირებული კონკურენციის შეზღუდვა მომხდარიყო. ასევე, იყო საუბარი საბანკო სფეროში არაპროფილურ საქმიანობის აკრძალვაზე და ესეც მხოლოდ ინიციატივის დონეზე დარჩა.

ამასობაში მოხდა ისე, რომ ბანკებმა სამშენებლო, სააფთიაქო, განათლების ბიზნესი და საფონდო ბირჟა მთლიანად ჩაიგდეს ხელში და კერძო მესაკუთრეს წილიც არ დაუტოვეს. მონოპოლიზირებამ ეკონომიკას თავისი უარყოფითი შედეგი დაუტოვა, მათ შორის, გაუფასურებული ლარი“, - აცხადებს ჩარეგიშვილი.

მისი თქმით ქვეყნის ფისკალურ პოლიტიკაზე საპარლამენტო კონტროლის მექანიზმები არ გვაქვს: „ეროვნული ბანკი პარლამენტის მიერ მიტოვებულია. ეროვნული ბანკის მხოლოდ და მხოლოდ აუდიტირება ხდება და ისიც საერთაშორისო აუდიტორული კომპანიის მიერ. მისი საქმიანობის შესახებ საპარლამენტო კონტროლი პრაქტიკულად არ ხორციელდება. რა ნაბიჯები გადადგეს ფისკალური პოლიტიკის მიმართულებით, რა მოიტანა ამ ნაბიჯებმა, რამდენად სწორი იყო, რეფინანსირების განაკვეთი რატომ შეინარჩუნა და ა.შ, მსგავს ანგარიშს არავინ იბარებს“, - აცხადებს ჩარგეიშვილი „კომერსანტთან“ საუბრისას.

ოპოზიცია კი მთავრობის მხრიდან ეკონომიკისთვის საზიანო და დანაშაულებრივ ნაბიჯებზე საუბრობს. „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წარმომადგენელი ზურაბ მელიქიშვილის განცხადებით, მთავრობა იმის ნაცვლად, რომ კრიზისის დაძლევის გეგმაზე მუშაობდეს, დაკავებულია წარუმატებელი მინისტრების ერთი ადგილიდან მეორე ადგილზე დანიშვნით.

„შემცირებული ინვესტიციები, ბიზნესისთვის დამღუპველი რეგულაციები, საბიუჯეტო თანხების არასწორი ხარჯვა, უარყოფითი სიგნალები ინვესტორებისთვის. ეს იმ მიზეზების არასრული ჩამონათვალია, რომელიც პირდაპირ ურტყამს ეკონომიკას და აუფასურებს ეროვნულ ვალუტას. მასზე პასუხისმგებელი კი მთავრობაა. მთავრობამ მხოლოდ კრიზისების შექმნა იცის და არა მისგან თავის დაღწევის გზები, ოპოზიციის მხრიდან შეთავაზებულ გეგმაზე კი უარს ამბობს, სწორედ ამიტომ, მიმაჩნია, რომ ამ მთავრობის ხელში პოზიტიური პერსპექტივა ლარს ნამდვილად არ აქვს“, - განაცხადა მელიქიშვილმა.

სავალუტო ბაზარზე არასტაბილურობა მმართველი გუნდისაც ყელში ამოუვიდა., ამიტომ „ქართული ოცნება“ ეროვნული ბანკისგან მეტ განმარტებას ითხოვს.

„როდესაც ასეთი ეკონომიკა გვაქვს, როგორიც ჩვენ გვაქვს, ის ყოველთვის არის მოწყვლადი და შესაძლებელია, გარკვეული ტიპის მცურავი კურსი არსებობდეს. ეროვნული ბანკის სამიზნე არის ინფლაცია და არა გაცვლითი კურსი. ამ ორივეს ერთად რეგულირება ძალიან ძნელია. რამდენად წარმატებულია ის? ხარვეზები არის, მაგრამ საგანგაშო ჩემი აზრით არ არის ინფლაციასთან დაკავშირებით, თუმცა ჩვენ სახეზე გვაქვს ფასების მატება“, - განაცხადა დეპუტატმა რომან კაკულიამ.