"ლარის გასამყარებლად ეროვნული ბანკი კვლავ არაფერს აკეთებს. იმის ნაცვლად, რომ კრიზისულ პერიოდში ბაზარს უცხოური ვალუტა მიაწოდონ, კურსის გაუფასურებას ხან მოლოდინს უკავშირებენ, ხანაც - ფუნდამენტურ ფაქტორს. სებ-ის საქმე ისე წავიდა, რომ ლარის დევალვაციაში უკვე იმპორტიორებსაც სდებენ ბრალს. უკანასკნელ პერიოდში ლარის ვარდნის მიზეზად სებ-ში სწორედ სავაჭრო კომპანიებს მიიჩნევენ. როგორც საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა არჩილ მესტვირიშვილმა განაცხადა, კურსის ვარდნა, გარკვეულწილად, იმპორტიორების ქცევითაა განპირობებული", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით ხალხი ყოველდღე ლარის დასამარებას უყურებს / "ასე თუ გაგრძელდა, ქვეყანაში სოციალურ ამბოხსაც მივიღებთ".
"ჩვენ რასაც ვხედავთ, იმპორტიორები, ვინც ადრე იანვარ-თებერვალში ყიდულობდა ვალუტას, უფრო ადრე გააქტიურდნენ. მათ დაიწყეს შესყიდვა ჯერ კიდევ აგვისტოდან და ახლა ეს უფრო გაძიერებულია, რაც ასევე მოლოდინს უკავშირდება", - განაცხადა მესტვირიშვილმა და გამაფრთხილებელი განცხადებაც გააკეთა: "თუ ვინმე ზედმეტად გაზრდის ფასს, მათ შორის - იმპორტიორი, მას ეყოლება ადგილობრივი ჩამნაცვლებელი. ჩვენ ადრეც გვინახავს - გააძვირეს და შემდეგ მათი რეალიზაცია შემცირდა და მოუწიათ ისევ ფასის დაწევა. ამ პროცესთან გვექნება ისევ საქმე", - განაცხადა მესტვირიშვილმა. როგორც აღმოჩნდა, ეროვნული ბანკი კურსზე რეაგირებას ჯერჯერობით არ აპირებს, ყოველ შემთხვევაში, სანამ ინფლაციის საფრთხეს არ დაინახავს. რეალურად კი ეს საფრთხე არათუ შორს არ არის, საკმაოდ მყარად აქვს ფესვი გადგმული და მისი მოთოკვა უკვე შეუძლებელია", - აღნიშნავს გამოცემა.
"ჩვენ თუ დავინახავთ, რომ ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი დიდი ხნით იქნება გადახრილი მისი ფუნდამენტური მდგომარეობიდან და ამან შეიძლება შეუქმნას საფრთხე ინფლაციას, მოვახდენთ რეაგირებას, მათ შორის - გავამკაცრებთ მონეტარულ პოლიტიკას", - განაცხადა ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა. სავალუტო ბაზარზე უცხოური ვალუტის დეფიციტია. ამ დროს საჭიროა, სებ-მა დოლარის გარკვეული მარაგი მიაწოდოს ბაზარს, მით უმეტეს, რომ ზაფხულში ლარს გამყარების საშუალებას არ აძლევდა და ბრუნვიდან დოლარს იღებდა. რა ინტერვენციები შეიძლება განახორციელოს ეროვნულმა ბანკმა, უცნობია, ამის შესახებ, ცხადია, გვენეტაძის უწყებაში წინასწარ არავინ საუბრობს. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის კი ლარი ის თემაა, რაზეც საუბარი ნაკლებად სურთ და, სიმართლე ითქვას, არც აქვთ სათქმელი. დეპუტატი ნუკრი ქანთარია მიიჩნევს, რომ ვისაც ეს საკითხი ეხება, განმარტება უნდა გააკეთოს", - განაგრძობს გამოცემა.
"ეს საკითხი მეც მაინტერესებს. ამბობენ, რომ ეს არ არის ეროვნული ბანკისა და ეკონომიკური გუნდის საქმე, მაშინ მაინტერესებს, ვისი საქმეა? იმედი მაქვს, უახლოეს ხანში კონკრეტულ განმარტებებს მოვისმენთ. აუცილებლად უნდა აგვიხსნას, ვისაც ეხება, სად არის ზღვარი? ეროვნულ ბანკსა და ეკონომიკურ გუნდს არ ეხებაო, მიხეილ გიორგაძეს თუ ეხება, დღესვე მივმართავ", - განაცხადა ნუკრი ქანთარიამ. დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულიაც, ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებით, ეროვნული ბანკისგან დამატებითი განმარტებების გაკეთებას ითხოვს. "ეროვნული ბანკი არის უწყება, რომელსაც ჩვენზე მეტი ინფორმაცია აქვს ამ საკითხზე. ნეგატიური ეფექტი აქვს გაუფასურების პროცესს, თუმცა საგანგაშო მდგომარეობა არ არის. მთავრობას პროცესების მოგვარების დადებითი დინამიკა აქვს, მაგრამ ეს ვერ გამორიცხავს ასეთ პატარა რყევას. ეროვნულმა ბანკმა სწორედ ეს უნდა თქვას, რომ ახლა რაიმე უფრო სერიოზულთან საქმე არ გვაქვს. როდესაც ამას ამბობს ეროვნული ბანკი, სიმშვიდე მეტია", - განაცხადა კაკულიამ. საბანკო სფეროს სპეციალისტებს თუ მოვუსმენთ, ისინი ამბობენ, რომ ლარი უკვე იმ ნიშნულზეა, როცა არანაირ ინტერვენციას აზრი არ აქვს. ისინი სებ-ის, როგორც უწყების, პასუხისმგებლობაზეც ალაპარაკდნენ", - დასძენს გამოცემა.
"ექსპერტი გოჩა თუთბერიძე ფიქრობს, რომ კურსი ეკონომიკის რეალურ ვითარებას ასახავს და არსებულ სიტუაციაში ინტერვენციების გამოყენება არაეფექტური იქნება - "რეზერვების გამოყენება არ იქნება გამოსავალი. ტყუილად დაიხარჯება ეს ფული და შედეგი არ გვექნება. ექსპორტ-იმპორტის ბალანსი არასახარბიელოა (დაახლობით 4,5 მლრდ არის სხვაობა). რაც შეეხება ფულად ტრანსფერებს, მართალია, წინა წელთან შედარებით, გაიზარდა, მაგრამ არც ამ მხრივ არის დამაიმედებელი ვითარება. არარეზიდენტების მიერ ქვეყნიდან რეგულარულად მილიარდობით დოლარი გადის, როცა ფულადი გზავნილები შემოდის ბევრად ნაკლები. გამოსავალი არის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების გაძლიერება ქვეყანაში, ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობა უნდა გაიზარდოს, რისთვისაც ეროვნულმა ბანკმა უმჯობესია, მიმართოს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ზრდას", - აცხადებს თუთბერიძე, რომლის თქმით, "ეს გადაწყვეტილება აუცილებლად მისაღებია", - წერს სტატიის ავტორი.
"სამწუხაროდ, ქვეყანაში ეკონომიკური პრობლემები ღრმავდება. საჭიროა სტრუქტურული რეფორმების განხორციელება, სხვა შემთხვევაში, ყოველთვის ასეთი ვითარება იქნება. საჭირო იყო 5 წლის განმავლობაში სიღრმისეული ეკონომიკური რეფორმების განხორცილება, რაც ვერ გააკეთეს", - მიიჩნევს თუთბერიძე. ექსპერტი ლია ელიავა ფიქრობს, რომ სავალუტო კრიზისის გამო, მოსახლეობა კიდევ უფრო გაღარიბდება, რაც სოციალური პროტესტითაც შეიძლება, დასრულდეს", - დასძენს სტატიის ავტორი.
"საკუთარი ეკონომიკისა და ხალხის მიმართ ასეთი დაუდევარი დამოკიდებულება დაუშვებელია. ფასები იზრდება ყოველდღიურად. ინფლაცია კიდევ მოიმატებს და ხალხს ცხოვრება უკიდურესად გაუჭირდება. სასწრაფოდ იყო მისაღები გადაწყვეტილება სავალუტო ინტერვენციების განსახორციელებლად, რაც თავის დროზე არ გააკეთეს. ეკონომიკისთვის არასტაბილური კურსი ყველაზე მძიმეა. ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის უცნაური განცხადების გარდა, სებ-ისგან ბოლო დროს ვერაფერი მოვისმინეთ. არ ვიცი, ვის ატყუებენ, რა მოლოდინზეა საუბარი ან იმპორტიორებს რას ერჩიან. ფაქტია, საკმარისი თანხა არც აქვთ იმისთვის, რომ კურსის ვარდნა შეაჩერონ. მეორე საკითხია, რატომ არ აქვთ ეს რესურსი. ცხადია იმიტომ, რომ ფული მთლიანად აქვთ გატანილი საზღვარგარეთ და ფასიან ქაღალდებშია დაბანდებული. ამიტომ არ აქვთ დღეს სავალუტო ინტერვენციების განხორციელების უნარი. ასე თუ გაგრძელდა, ჩვენ არა მარტო ინფლაციის ზრდას, არამედ სოციალურ ამბოხსაც მივიღებთ", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ლია ელიავა.