„მთავრობა რაც პატარაა, უფრო ეფექტურია“-ასე აფასებს ბიზნესმენი, „ისთ გეით ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, ირაკლი იაშვილი მთავრობაში განხორციელებულ ცვლილებებს.
მისი თქმით, ცვლილება მისაღები და დროულია. როგორც იაშვილი აცხადებს, მაგალითად, ენერგეტიკის სამინისტრო 2012 წელს იყო გასაუქმებელი, რადგან დღემდე აღნიშნული უწყება აბსოლუტურად უფუნქციოდ არსებობდა. „ინვესტიციების შემოსვლა სამინისტროს დამსახურება არ არის. არასოდეს არ დაიჯეროთ, რომ ეკონომიკაში ინვესტიციის შემოსვლა რომელიმე ჩინოვნიკის დამსახურებაა. ეს არის მოთხოვნა-მიწოდებიდან გამომდინარე. დარგში თუ ინვესტიციის მოთხოვნაა, აუცილებლად შემოვა. მოხელის ამოცანა და დანიშნულებაა, ხელი შეუწყოს და ინვესტორებს პროცედურები გაუმარტივოს. ენერგეტიკაში ყოველწლიურად ხდება ენერგო ბალანსების დათვლა - მოხმარებული, წარმოებული, ექსპორტირებული და ასე შემდეგ, ამას პატარა სააგენტოც მშვენივრად გააკეთებს. მიზანშეწონილობის დადგენა ახალი ჰესის აშენების დროს, ამასაც მშვენივრად გაართმებს თავს. ენერგეტიკის სამინისტროს გაუქმება აბსოლუტურად ლეგიტიმური და სწორი გადაწყვეტილება იყო“-აცხადებს იაშვილი.
მისივე განცხადებით, მთავრობის მიერ მიღებული სამთავრობო ცვლილებები ოპტიმიზაციაა და ეს გადასახადის გადამხდელისთვის ძალიან კარგია. როგორც იაშვილი აცხადებს, მთავრობა რაც პატარაა, უფრო ეფექტურია, მოხელე უფრო დატვირთულია და ნაკლები თავისუფალი დრო რჩება.
რაც შეეხება იმას, რომ განხორციელებული სამთავრობო ცვლილებები საჯარო სტრუქტურებში თანამშრომლების შემცირებას ავტომატურად გამოიწვევს და კიდევ უფრო გაზრდის უმუშევრობის მაშვენებელს ქვეყანაში, იაშვილი აცხადებს, რომ ეს მძიმე იქნება, თუმცა, სხვა გამოსავალი არ არსებობს.
„კერძო ბიზნესში ვინმე ამუშავებს ადამიანს რომელიც არ სჭირდება? ტყუილად ვინმე ვინმეს ხელფასს გადაუხდის? 1 ადამიანიც რომ დარჩეს ხელფასის და შემოსავლის გარეშე მძიმეა, მაგრამ სახელმწიფოს სოციალური ფუნქცია ხომ არ აკისრია? საშტატო ერთეული რომელიც არ არის აუცილებელი და საჭირო, იყოს მხოლოდ იმიტომ, რომ ხელფასი გადაუხადონ ადამიანს? ეს გამორიცხულია. ოპტიმიზაცია დღეს სწორი ნაბიჯია. ხომ ჯობია რომ სახელფასო ფონდი დარჩეს იგივე,მაგრამ უკეთესი სპეციალისტები მოვიდნენ. დღეს მაღაკვალიფიციურ ადამიანს სახელმწიფო სამსახურში წასვლა დაბალი ანაზღაურების გამო არ უნდა. ყველა ადამიანს თავისი ამბიცია აქვს, ნასწავლი აქვს და სურს, რომ მაღალი ანაზღაურება მიიღოს. ეს არის გზა იმისკენ, რომ სახელმწიფომ მაღალანაზღაურებადი ხალხი მიიზიდოს. დაბალანაზღაურებადი და დაბალი კვალიფიკაციის ადამიანების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს 45 წელია ვუყურებთ, ეს კი უნდა დასრულდეს“-აცხადებს იაშვილი.
შეგახსენებთ, საქართველოს მთავრობაში სტრუქტურული და საკადრო ცვლილებები განხორციელდა. ცვლილებათა პროექტი საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა წარადგინა.
სოფო ქსოვრელი