„2020 წელს 220-ლარიანი პენსიის მსყიდველუნარიანობა 2-ჯერ ნაკლები იქნება, ვიდრე შარშან იყო“

„2020 წელს 220-ლარიანი პენსიის მსყიდველუნარიანობა 2-ჯერ ნაკლები იქნება, ვიდრე შარშან იყო“

ხელისუფლება ძალიან ცუდად მოიქცა, როდესაც პენსიის მომატებაზე უარი თქვა - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა“, დეპუტატმა რომან გოცირიძემ რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „ეკონომისტის დროს ლევან ქისტაურთან ერთად“ განაცხადა.

„ხელისუფლებამ დაანონსა, რომ პენსია გაიზრდება 2019 და 2020 წლებში 20-20 ლარით. იმ დროს კი ინფლაციისა და ლარის გაუფასურების ფონზე პენსიის მსყიდველუნარიანობა შემცირებული იქნება. ამ ხელისფლების მე-7 წლისთავზე პენსია გახდება 220 ლარი, რომელიც თავისი მსყიდველუნარიანობით 2-ჯერ ნაკლები იქნება, ვიდრე ეს იყო შარშან ან შარშანწინ“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

რაც შეეხება დაგროვებით პენსიას, გოცირიძე თვლის, რომ ეს კარგია, თუმცა ამით რეალურად საშემოსავლო გადასახადის ზრდა მოხდება. „დაგროვებითი პენსიისას თუ საშემოსავლო გადასახადი იქნება 18%, მაშინ ეს გადასახადი არ გაიზრდება, მაგრამ დღეს საშემოსავლო გადასახადი არის 20%, დაგროვებითის პენსიის შემთხვევაში ცხადია, რომ ეს 20% გაიზრდება. როდესაც ხელფასის ფონდი იბეგრება 20%, მომავალში ეს დაიბეგრება 24%-ით, რადგან 2%-ს გადაიხდის დასაქმებული და 2%-ს დამსაქმებელი, ეს კი მთლიანად ბიზნესს დააწვება“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

ამასთან, დეპუტატის განცხადებით, დღეს საქართველოში არ არსებობს არც ერთი სფერო, გარდა ბანკებისა, სადაც ურისკოდ შეიძლება დააბანდო ფული. „საქართველოში არ არის განვითარებული ფასიანი ქაღალდების ბაზარი. რეალურად ყველა ბიზნესი არის შპს და არა სააქციო საზოგადოება. საქართველოს მოსახლეობა განწირულია და დამოკიდებულია ბანკების მოწყალებაზე, რადგან სხვაგან ფულის დაბანდების საშუალება არ არსებობს. საბოლოოდ, ყველა გზა მიდის ბანკებამდე. საპენსიო ფონდში აკუმურირებულ თანხასაც მთავრობა ან ბანკებს მისცემს, ან თვითომ მოიხმარს“, - დასძინა რომან გოცირიძემ.

რაც შეეხება ზოგადად დაგროვებით საპენსიო რეფორმას, გოცირიძე მიიჩნევს, რომ ეს სისტემა უნდა დაინერგოს, მაგრამ თავდაპირველად მას უნდა ჰქონდეს ნებაყოფლობითი ფორმა: „5 წლის განმავლობაში ეს უნდა იყოს გარკვეული ასაკის ადამიანებისთვის ნებაყოფლობითი. 5 წლის შემდეგ ჩვენ უკვე გვექნება შედეგი და შეგვიძლია, განვსაზღვროთ ასაკობრივი კატეგორია, ვისზეც სავალდებულო სისტემა გავრცელდება“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.