[მარიამ ლოლაშვილი]
1 ივლისიდან დედაქალაქის მოსახლეობას დასუფთავების მოსაკრებლის გადახდა ახალი წესით მოუწევს. დასუფთავების ტარიფი თბილისის მოსახლეობისთვის ყოველ დახარჯულ კილოვატ ელექტროენერგიაზე 5 თეთრი იქნება. ასეთი გადაწყვეტილება თბილისის საკრებულოს სხდომაზე 34 ხმით 8-ის წინააღმდეგ დაამტკიცეს. თუმცა ახალი ტარიფის ამოქმედებას საკრებულოს ოპოზიციონერ დეპუტატთა წინააღმდეგობა, საკრებულოს შენობის გარეთ კი საპროტესტო აქცია უძღოდა.
საკრებულოს წინ შეკრებილი მოსახლეობა აღშფოთებას ვერ მალავდა და პროტესტის გამოსახატად სხდომაზე დასწრებას აპირებდა, თუმცა საკრებულოს შენობაში შესვლა საშვების გარეშე არ ხერხდებოდა. მეტიც, საკრებულოში შესვლა ჟურნალისტებისთვისაც კი გართულებული აღმოჩნდა და პრესის საბუთი მანამდე არ ჭრიდა, სანამ მონაცემთა სიაში არ დაფიქსირდებოდა ჟურნალისტის ვინაობა.
სხდომის დასაწყისში საკრებულოს ოპოზიციონერ წევრ ინგა გრიგოლიასა და უმრავლესობის წევრ ნიკოლოზ ხაჩირაშვილს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მას შემდეგ მოხდა, რაც გრიგოლიამ „ნაცმოძრაობის“ დეპუტატებს წინასაარჩევნო პირობები შეახსენა და თაბახზე ამობეჭდილი მათივე პროგრამები დაურიგა. გრიგოლია დაინტერესდა, თუ რატომ ატარებდნენ ნაციონალები ექსპერიმენტებს საკუთარ მოსახლეობაზე, რატომ აბამდნენ ელექტროენერგიაზე დასუფთავების გადასახადს, მაშინ, როცა წინასაარჩევნო დაპირებებში არ აფიქსირებდნენ, რომ გააძვირებდნენ ცხოვრებას ამ ქალაქში. რას ნიშნავდა მათი წარმომადგენლების მიერ პარლამენტში გაკეთებული განცხადება, რომ ყველა ადამიანი, ვინც არ არის დარეგისტრირებული სოციალურად გაჭირვებულთა ბაზაში, თურმე შეძლებული მოქალაქეა. ამით ნაციონალებმა მოატყუეს თუ არა ამომრჩეველი.
მართალია, ინგარ გრიგოლიას მიერ თაბახით მირთმეული წინასაარჩევნო დაპირებები ზაალ სამადაშვილმა დიდსულოვნად მიიღო, მაგრამ ნიკოლოზ ხაჩირაშვილი გაცხარდა. მან გრიგოლიას მოუწოდა, „მარიოსავით ხტუნაობა“ შეეწყვიტა და „ქრისტიან-დემოკრატების“ წინასაარჩევნო დაპირებებსაც გადასწვდა. კერძოდ, გრიგოლიას შეახსენა მათი „ზედაპირული 10 თეთრიანი და უფასო“ დაპირებები, სადაც დასუფთავების ტარიფებზე არაფერი იყო ნახსენები. საკრებულოს უმრავლესობამ არ გაითვალისწინა სხვა ოპოზიციონერ დეპუტატთა მოთხოვნა, ერთი თვით მაინც გადაედოთ ამ საკითხის განხილვა და დღის წესრიგში მაინც დააყენა მერიის მიერ შემოტანილი კანონპროექტი. უმრავლესობამ ოპოზიციონერთა ის აზრიც უგულებელყო, რომ თბილისში მცხოვრები 15 ათასი ოჯახი მხოლოდ ელექტროენერგიას მოიხმარს, რადგან სხვა ალტერნატივა არ აქვს და მათ ტვირთად დააწვებათ ეს გადასახადი.
„თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერი ვიქტორ დოლიძე საკრებულოს უმრავლესობის წევრებს მოუწოდებდა, უსამართლობას ნუ ჩაიდენდნენ და ნუ იჩქარებდნენ ხალხის გაწამებას.
„ნუ გვეჩქარება ამ ხალხის გაწამება. თბილისში რამდენი სიღარიბის მიღმა მყოფი ოჯახია, როდესაც სოციალურად დაუცველებს გადასახადს ვუძვირებთ, პოლიტიკური პასუხისმგებლობა ხომ უნდა აიღოთ საკუთარ თავზე?“
დოლიძის აზრით, ხელისუფლებამ სოციალური ტერორი დაიწყო საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ. მოსაკრებლების ახალი წესის სიმძიმეს კი ხალხი ერთ-ორ თვეში საკუთარ თავზე იწვნევდა.
„თავისუფალი დემოკრატების“ წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე აცხადებს, რომ მერიის მიერ შემოტანილი ეს პროექტი ცდება საკრებულოს კომპეტენციის ფარგლებს. მან მოუწოდა უმრავლესობას:
„არ მემეტებით ამ უკანონო გადაწყვეტილების მიღებისთვის. ეს ანტიკონსტიტუციურია და მოქალაქეების გაძარცვისკენაა მიმართული. მერიაში ადმინისტრირების პრობლემაა და ვერ ახერხებენ, რომ დაასუფთავონ ქალაქი“. ამასთან, აბაშიძე ადასტურებს, რომ დასუფთავების მოსაკრებლის ახალი წესის გამო „თავისუფალი დემოკრატები“ სასამართლოს მიმართავენ.
საკრებულოს სხდომის პარალელურად, ქალაქის მერის განცხადებაც გავრცელდა. გიგი უგულავა აცხადებს, რომ მიგრაციიდან გამომდინარე, დედაქალაქში ბევრი დაკეტილი ბინაა, სადაც მოქალაქეებს ჩაწერის გამო გადასახადის გადახდა მაინც უწევთ. ამდენად, დასუფთავების გადასახადის ელექტროენერგიის გადასახადზე მიბმა სოციალურად სამართლიანია.
პრესაგე.ტვ. დაიტერესდა, რა არგუმენტები ჰქონდა დედაქალაქის მერის მოადგილე ტარიელ ხიზანეიშვილს. მისი თქმით, დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის უკეთესი სამართლებრივი პრინციპი არ არსებობს, რადგან დარიცხვის მექანიზმში ობიექტური ხარვეზები იყო. ამდენად, მხოლოდ და მხოლოდ თელასის მრიცხველი და მოხმარებული ელექტროენერგია მათთვის არის ინდიკატორი, ცხოვრობს თუ არა ადამიანი კონკრეტულ მისამართზე.
ამასთან, ხიზანეიშვილი ირწმუნება, რომ დედაქალაქის 250 ათას აბონენტს რეალურად უმცირდება გადასახადი და მხოლოდ 25 %-ს ეზრდება, რადგან ისინი ბევრ ელექტროენერგიას მოიხმარენ.
როცა მერიამ დასუფთავების ტარიფად 2.50 ლარი დააწესა, ისინი ფიქრობდნენ, რომ ყოველთვიურად მისი ამოღება 3 მილიონის ფარგლებში იქნებოდა. ამასთან, მერიას პარალელურ რეჟიმში შემოღებული სანქციები დაეხმარებოდა, რაც არგადამხდელი აბონენტებისთვის ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტას გულისხმობს.
თუმცა ამის შემდეგ მერიასა და გამგეობებში ყოველდღიურად 1000-მდე განცხადება შევიდა, რომლითაც მოქალაქეები ამტკიცებდნენ, რომ ხსენებულ მისამართზე არ ცხოვრობდნენ და გადასახადის გადახდა არ ეკუთვნოდათ. ასევე, მოსახლეობა ითხოვდა სულადობის დაკლებას, რათა გადასახადი არ გადაეხადა. მეტიც, ხიზანეიშვილმა აღიარა, რომ ხალხი ისეთი გაჭირვებულია, რომ მერიის სახელზე განცხადებებიც კი შედის ოჯახის წევრთა „გარდაცვალების“ თაობაზე.
კორექტირების შედეგად დასუფთავების გადასახადის გადამხდელთა რაოდენობა დედაქალაქში 800 ათას აბონენტამდე შემცირდა, რაც დასუფთავების სამსახურის შემოსავლებზეც აისახა. თუ აქამდე შემოსავალი 3 მილიონი ლარი იყო, ახლა მილიონ 900, 2 მილიონი ლარამდე დავიდა. ამის გამო ქალაქის მერიას უწევდა თვეში მილიონ ლარიანი სუბსიდირება.
ხიზანეიშვილს გაკვირვებია დედაქალაქის მოსახლეობის 50%-ის, რომელიც იმის მიუხედავად, რომ დასუფთავების ტარიფი თავიდან 40 თეთრი იყო, მერე 1.20, ახლა კი 2.50, მაინც ჯიუტად არ იხდის გადასახადს.
თუ გავითვალისწინებთ, რომ ნებისმიერ ქვეყანაში დასუფთავების თანხის 3-დან 5%-მდე ამოუღებლობა ჩვეულებრივი მოვლენაა, არც ტარიელ ხიზანეიშვილს უნდა გაკვირვებოდა, რომ დედაქალაქის მოსახლეობისთვის 2.50 თეთრი მნიშვნელოვანი ფულის ერთულია. მით უფრო, ყველაზე განვითარებული სკანდინავიური ქვეყნებიც ვერ ახერხებენ, ბოლომდე ამოიღონ ეს თანხა.
პრესაგე. ტვ. გაესაუბრა „რესპუბლიკელ“ თინა ხიდაშელს, რომელიც აცხადებს, რომ მოსახლეობის ხარჯზე მეორე დიდი ჯიბე კეთდება, რადგან დასუფთავების გადასახადი უკონტროლოა.
„სამწუხაროდ, ოპოზიციამ ვერ შეძლო, დაებლოკა ეს გადაწყვეტილება. თბილისურ ოჯახებს დამატებითი ხარკი დაეკისრა. თუ 100 კილოვატზე მეტი აქვთ დამწვარი, 5 ლარზე მეტს გადაიხდიან, რაც საშუალოდ 15-20 ლარი გამოდის. ეს პირდაპირ ეწინააღმდეგება ადგილობრივი მოსაკრებლის შესახებ კანონს, რომელიც ზღვრულ ოდენობას ადგენს. ამ კანონის თანახმად, მოსაკრებელი 3 ლარზე მეტი არ შეიძლება იყოს. ამასთან, კანონში არსადაა გათვალისწინებული, ელექტროენერგიაზე ტარიფის მიბმა. ამდენად, საკრებულოს ამ გადაწყვეტყილებას გავასაჩივრებთ. ძალიან მაინტერესებს, მოსამართლე როგორ დაასაბუთებს და უარს თუ გვეტყვის. ამასთან, სანამ საქმე წარმოებაში იქნება, ჩვენ მოვითხოვთ ამ მოსაკრებლის შეჩერებას. თუმცა ეს უკვე მოსამართლის გადასაწყვეტია.
მოსაკრებლის ახალი სისტემით რამდენი მოემატება სახელისუფლო ბიუჯეტს?
– ყველაზე მინიმალური დათვლით, 40 მილიონი იქნება, რის ამოღებასაც ამიერიდან დაიწყებენ. დღესდღეობით იღებდნენ 20 მილიონს. ასე რომ, უორმაგდებათ. მოსაკრებელი არის სერვისული გადასახადი: დავხარჯე, გადავიხადე. არ დავხარჯე, არ გადავიხადე, აქ რა შუაშია სოციალური თანასწორობა? იმით, ელექტროენერგიას როგორ მოვიხმარ, არ დგინდება, მე ღარიბი ვარ თუ მდიდარი. პირიქით, ელექტროენერგიას უფრო დიდი დოზით მოიხმარენ ის ადამიანები, ვისაც უჭირს და არ აქვს საშუალება, ერთჯერადად გადაიხადოს ის დიდი გადასახადი, რაც გაზზე დაფუძნებულ გათბობის სისტემას სჭირდება. ამიტომ, ეს ოჯახები წლიდან წლამდე ზამთარს იმით ატანენ, რომ ხანდახან ჩართავენ დენის ქურას, რათა შვილები არ გაეყინოთ. ახლა კი უფრო მეტის გადახდა მოუწევთ, ვიდრე თუნდაც მე, რადგან გაზზე მაქვს ეს სისტემა აწყობილი და ზამთარშიც იმდენი დენის გადასახადი მომდის, რაც გაზაფხულზე. არანაირი სხვაობა ამ მხრივ არ მაქვს.
საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატები ამ მოსაკრებლის დაწესებას საარჩევნო აღრიცხვიანობის მოუწესრიგებლობას უკავშირებთ?
– ჩვენ გვითხრეს, რომ არ ვიცით, სინამდვილეში, დედაქალაქში რამდენი ოჯახია და ამით დავალაგებთო. რატომ არ იციან? იმიტომ, რომ საარჩევნო სიებს მალავენ, მუდმივად აყალბებენ რიცხვებს. იმიტომ, რომ დამოუკიდებელ საქართველოში ვცხოვრობთ და ამ დროს კი არავინ იცის, რამდენი ადამიანია ქვეყნის დედაქალაქში და რამდენი ოჯახია. ამ კითხვაზე პასუხი არავის სურს, რადგან მაშინ ვეღარ გააყალბებენ საარჩევნო სიას. ეს არის ამ ყველაფრის თავი და თავი. რეალურ გადასახადს ამიტომ ვერ ადგენენ, თორემ რა უნდა? რამდენი ნაგავი გროვდება, ვიცით. რა ღირს მისი მომსახურება, ვიცით, ანუ ხელფასს რამდენს იხდიან, მანქანის შეკეთება და მომსახურება რა ჯდება, ვიცით. და თუ ვიცით, რამდენი მომხმარებელია, გაყავი, დაუყენე კოეფიციენტი, მორჩა, გამოვიდა ტარიფი. რად უნდა ამას სამწლიანი მუდმივი მსჯელობა და ცვლილებები. მაგრამ ამას ვერ აკეთებენ, რადგან არ უნდათ გაამხილონ მოსახლეობის რაოდენობა. თუ ნარჩენების სერვისი პირობითად ჯდება 100 ლარი, ამ დროს კი თბილისში ცხოვრობს 1000 ადამიანი, გაყოფ და მიიღებ ტარიფს. დღევანდელ სხდომაზე ნაციონალებისგან სამგვარი აღიარება მივიღეთ. პირველი, მათ აღიარეს, რომ თბილისში ბინებზე მიწერილი უამრავი ადამიანი ჰყავთ, რომელთა გადასახადის გადახდაც, რასაკვირველია, მეპატრონეს არ აწყობს. მეორე აღიარებით, მათ დაადასტურეს, რომ მოსახლეობის ნახევარზე მეტი სიღარიბეში ცხოვრობს, ამდენად, ნაკლებად მოიხმარს ელექტროენერგიას. შესაბამისად, ახალი პრინციპით, თურმე მათ გაუიაფდებათ ტარიფი. ეს აღიარება მით უფრო საინტერესოა, რომ სააკაშვილი აცხადებს, უმუშევრობა დაბალია საქართველოში და სიღარიბე დაძლეულიაო. მესამე აღიარებით, კი მათ დაადასტურეს, რომ სამოქალაქო რეესტრში ყველაფერი რიგზე არაა. ხიზანეიშვილს ორჯერ ვკითხე, იყენებდა თუ არა სამოქალაქო რეესტრის ბაზას, რაზეც მიპასუხა, რომ ამ ბაზას პრობლემები აქვს და იქ დაცული მონაცემები არ გვაძლევს რეალურ საფუძველსო. მეტი რა უნდა გვითხრან? ე.ი. ქვეყანაში მთავარ მონაცემთა ბაზა გაყალბებულია.
და ბოლოს, უმრავლესობის ერთ–ერთი წევრი კოკი იონათამიშვილი აღნიშნავს, რომ 700 ათასამდე ადამიანს დასუფთავების მოსაკრებლის ტარიფი არ გაუძვირდება. პირიქით, გაუიაფდება გადასახადის ტარიფი. კერძოდ, რთულ პირობებში მაცხოვრებელი, სოციალურად ხელმოკლე ადამიანები, რომელთაც 100 ათას ქულაზე ნაკლები აქვთ, ნახევარ ტარიფს გადაიხდიან. ასევე, კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილებს ამ ტარიფს სამინისტრო დაუფინანსებს.