საპენსიო ფონდის ფულს ბანკები დაინაწილებენ

საპენსიო ფონდის ფულს ბანკები დაინაწილებენ

დაგროვებით საპენსიო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით ქვეყანაში დიდი აჟიოტაჟია ატეხილი. გამოითქვა უამრავი დადებითი შეფასება, მიმდინარეობს კონფერენციები და სამუშაო შეხვედრები. თუმცა, უმრავლესობას ავიწყდება ერთი მეტად საჭირბოროტო კითხვის დასმა - ვინ ისარგებლებს ფონდში დაგროვებული უზარმაზარი თანხით? სპეციალისტების ერთი ნაწილი ამბობს, რომ ისევე როგორც ყველა ფულად რესურსს, ამ თანხასაც ბანკები გააკონტროლებენ.

იურისტი და ეკონომისტი ლევან ალაფიშვილი საპენსიო რეფორმას გამოეხმაურა და ყურადღება გაამახვილა იმ საფრთხეზე, რაც საპენსიო ფონდში აკუმულირებული თანხების დაბანდებას ეხება.

„2013 წელს მთავრობამ უარი თქვა ნებაყოფლობით დაგროვებით საპენსიო რეფორმაზე. 2014 წელს მთავრობამ ბიუჯეტის, ანუ ჩვენი ფული (173 მლნ) მისცა ბანკებს „გრძელი ფულის“ სახით, ისე, რომ ჩვენ არაფერი გვკითხეს. 2015 წელს მთავრობამ ბიუჯეტის ფული (100 მლნ) მისცა ბანკებს „გრძელი ფულის“ სახით და ისევ არაფერი გვკითხეს.

2017 წელს მთავრობამ სავალდებულო საპენსიო დაგროვებით პენსიაზე გადასვლა დაიწყო. ფონდში აკუმულირებული „გრძელი ფულის“ გამოყენებას ისევ არ გვკითხავენ და მიიღებენ ბანკები!

სიმართლე სჯობს ითქვას. საერთაშორისო ბაზარზე „გრძელი ფული“ რთულად მოსაპოვებელია და უფრო ძვირიცაა. საპარტნიორო ფონდი არის კარგი მაგალითი, როგორი ეფექტური და გამჭვირვალე მმართველია სახელმწიფო, ახლახან სუს-ს 100 მანქანა აჩუქა“, - აღნიშნა ლევან ალაფიშვილმა.

საპენსიო რუფორმის საფრთხეს „გირჩის“ დამფუძებელმა ზურაბ ჯაფარიძემ სპეციალური ბრიფინგი მიუძღვნა და იმ სქემაზე ისაუბრა, რასაც მთავრობა და ბანკები ხლართავენ.

„მთავრობისა და ბანკების მიერ შემოთავაზებული, მსხვილი ბიზნესის ნაწილის მიერ მხარდაჭერილი სავალდებულო საპენსიო სისტემა გულისხმობს დღეს დასაქმებულების სახელფასო შემოსავლების 6%-ის გაშვებას სპეციალურ სახელმწიფო ფონდში. რადგან საშემოსავლო გადასახადის განაკვეთი არის 20%, 2019 წელს როდესაც სავალდებულო დაგროვებითი სახელმწიფო სისტემა გაშვებული იქნება, სპეციალურ ფონდში თავს მოიყრის დაახლოებით 900 მილიონი ლარი.

ხელისუფლების მიერ მიღებული შესაბამისი კანონის მიხედვით, რეფორმის ამოქმედებიდან პირველი 5 წლის განმავლობაში საპენსიო ფულის დაბანდება შეიძლება მოხდეს მხოლოდ და მხოლოდ ნაკლებად რისკიან საინვესტიციო პორტფელში. აქედან უცხოეთში განთავსების მაქსიმალური ზღვარი ნაკლებად რისკიანი პორტფელისთვის არის დაახლოებით 20%, ანუ 2019 წელს მობილიზებული 900 მილიონიდან უცხოეთში შეიძლება გავიდეს მხოლოდ და მხოლოდ 180 მილიონი ლარი, ხოლო დანარჩენი 720 მილიონი ლარი უნდა ჩაიდოს საქართველოში.

ესეც არის განსაზღვრული კანონით, თუ როგორ - აქედან 144 მილიონ ლარამდე შეიძლება ჩაიდოს ქართული კომპანიების ფასიან ქაღალდებში. აქ ძალიან ნათლად ჩანს ქართული მსხვილი ბიზნესის ინტერესი, 720 მილიონი ლარიდან 100%-ვე შეიძლება ისესხოს მთავრობამ შიდა ვალის სახით (2013 წლიდან მოყოლებული დღემდე 2018 წლის ჩათვლით დაგეგმილი შიდა ვალის ჯამური მოცულობა უკვე არის 2 მილიარდ 218 მილიონი ლარი).

675 მილიონ ლარამდე ანუ 75%-მდე შეიძლება განთავსდეს კომერციული ბანკების დეპოზიტებზე. ადვილი წარმოსადგენია რა მასშტაბებზე გავლენ ისინი, თუ ეს სისტემა იმუშავებს 30-40 წლის განმავლობაში.

არანაირი სიბერეზე ზრუნვა, არანაირი „გრძელი ფული“, ეს ყველაფერი არის უსინდისო ტყუილები. თქვენს შვილებს მრავალი წლის განმავლობაში მოუწევთ ამ ვალების გასტუმრება საკუთარი გადასახადებით. ამავე დროს არ არსებობს არანაირი პენსიის მიღების ან ფულის უკან დაბრუნების გარანტია. ნუ მოატყუებინებთ თავს მთავრობას და ბანკებს“, - განაცხადა ზურა ჯაფარიძემ.

ასეთ საფრთხეს სხვებიც გრძნობენ. სამართლის სფეროს ექსპერტი აკაკი ჩარგეიშვილი ამბობს, რომ კაპიტალის ბაზარი საქართველოში ნულოვან მდგომარეობაშია და რეალურად არის საფრთხე, რომ საპენსიო ფონდში აკუმულირებული თანხა ბანკების კონტროლს დაექვემდებაროს.

„საპენსიო რეფორმას ახლა ვიწყებთ, მაგრამ რა დახვდება მას 10 წლის შემდეგ, ამაზე წარმოდგენაც არ გვაქვს. ვრჩებით მხოლოდ დაზღვევის იმედად, რომ თანხა დაზღვეული იქნება. დიდი ალბათობით, ბანკები უპირატეს მდგომარეობაში აღმოჩნდებიან და უზარმაზარი ფულადი ნაკადი ამ შემთხვევაშიც საბანკო კონტროლის ქვეშ მოექცევა“, - აცხადებს აკაკი ჩარგეიშვილი.