საქართველოში არანაირი თავისუფალი ზონა არ ამართლებს, მაგრამ მათ შორის წარუმატებლობით ტურისტული ზონები გამოირჩევა. 7 წლის წინ შემუშავებული პროექტი იმდენად წარუმატებელი აღმოჩნდა, რომ შეიძლება მისთვის სპეციალურად დაწერილი კანონიც კი გაუქმდეს. ყოველ შემთხვევაში, აშკარა, რომ თავისუფალი ტურისტული ზონებიდან სახელმწიფო ვერანაირ სარგებელს ვერ იღებს.
კანონი თავისუფალი ტურისტული ზონების შესახებ 2010 წლიდან მოქმედებს. იგი ადგენს პირობებს თავისუფალ ტურისტულ ზონებში სასტუმროების მშენებლობისა და ფუნქციონირებისთვის, ასევე საგადასახადო და სხვა შეღავათებს. კანონი ვრცელდება ქობულეთის, ანაკლიის, განმუხურისა და საქართველოს სხვა ტერიტორიებზე არსებულ თავისუფალ ტურისტულ ზონებზე, რომელთა კოორდინატებიც განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
თავისუფალი ტურისტული ზონებით დაინტერსების შემთხვევაში ინვესტორი თავისუფლდება ქონებისა და მოგების გადასახადის გადახდის ვალდებულებისაგან 15 წლის ვადით. ასევე მშენებლობის ნებართვის მოსაკრებლის გადახდის ვალდებულებისაგან. ინვესტორს შესაბამისი ფართობის მიწის ნაკვეთი საკუთრებაში გადაეცემა სიმბოლურ ფასად − 1 ლარად.
მიუხედავად რიგი შეღავათებისა, ტურისტული ზონების შესახებ კანონი არ მუშაობს. 7 წლის განმავლობაში ვერ მოხერხდა ერთი ტერიტირიის სრულფასოვანი ათვისებაც კი. ამიტომ კანონში ცვლილებები მზადდება, რაზეც მუშაობა წლის ბოლომდე დასრულდება.
„კანონი არის მოძველებული. მისი მიზნობრიობის ხარისხი ერთმნიშვნელოვანდ არის გადასახედი, რომ იგი იყოს უფრო ეფექტური. ვმუშაობთ ამ კანონში ცვლილებებზე და საერთოდ ვფიქრობთ ეს კანონი გვჭირდება თუ არა“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა გიორგი გახარიამ.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში კი აცხადებენ, რომ ახალი რეგულაციებით ინვესტორს პროექტის განხორციელების ვადა გაეზრდება.
„ამ ეტაპზე მიმდინარეობს მუშაობა ტურისტულ ზონასთან დაკავშირებულ ნორმატიულ აქტებში ცვლილებების შეტანის თაობაზე, რაც, ვფიქრობ, საინვესტიციოდ უფრო მიმზიდველს გახდის ტურისტულ ზონებს. არსებული რეგულაციის ერთი-ერთი სირთულე მდგომარეობს იმაში, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესასრულებლად ინვესტორს შეიძლება არაუმეტეს 3 თვიანი ვადა მიეცეს, რაც კომპანიისთვის საკმაოდ მცირე დროა. ახალი ნორმატიული აქტის ამოქმედების შემდეგ კი დამატებითი ვადა უკვე 3 თვეზე მეტი დროით განისაზღვრება“, - აცხადებს ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი დავით ბალაძე.
აჭარის მთავრობის მეთაური კი განმარტავს, რომ ინვესტორებს ამ დროისათვის, ძირითადად, ბათუმი და მიმდებარე ტერიტორია აინტერესებთ. სხვა ზონები მათი ინტერესის სფეროში არ ექცევა.
„ტურისტული ზონა გარკვეულ შეღავათებს მოიცავს. ამ დროისათვის ზონით 2 კომპანიაა დაინტერესებული - ერთმა სასტუმროს მშენებლობა დაასრულა, ხოლო მეორე მშენებლობის პროცესშია. ამ მიმართულებით მუშაობა გრძელდება, თუმცა ამ ეტაპისათვის ინტერესი ბათუმზე და მის მიმდებარე ტერიტორიაზეა“, - აცხადებს არჩილ ხაბაძე.
ის, რომ თავისუფალ ტურისტულ ზონებში საგადასახადო პრეფერენციების მიუხედვად ინვესტიციები ვერ განხორციელდა, თავისებურ ახსნას უძებნიან ტურიზმის სექტორის წარმომადგენლები. „აჭარა გრუპის“ მარკეტინგის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ინვესტორს სჭირდება გრძელვადიანი განვითარების გეგმა. თუ ეკონომიკურად არააქტიურ ზონაში ინვესტორი მისი შემდგომი განვითარების გეგმას ვერ დაინახავს, შეღავათების მიუხედავად, იქ ფულს არ ჩადებს.
იგივე პოზიციაზეა სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის ერთ-ერთ დამფუძნებელი. შალვა ალავერდაშვილიც. იგი მიიჩნევს, რომ პროექტი თავისუფალი ტურისტული ზონების შესახებ ინვესტორებისთვის საინტერესოა, თუმცა ამ ზონების პოპულარიზაციის ვალდებულება სახელმწიფომ უნდა აიღოს. როგორც ალავერდაშვილმა „საქმის კურსს“ განუცხადა, ტურისტული ზონის განვითარების მეტი შესაძლებლობა ამ ეტაპზე ანაკლიას აქვს, თუმცა პოტენციალი არსებობს თავისუფალი ტურისტული ზონა განვითარდეს რაჭაშიც.