[მოამზადა გოჩა ქიმუცაძემ]
მშვენიერი ბუნებით და მეტად განვითარებული ეკონომიკით განთქმული ჰონგ კონგი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში დიდი ბრიტანეთის ყოფილი კოლონიაა და ამჟამად ჩინეთის შემადგენლობაში შედის. 1997 წლის 1 ივლისს ჰონგ კონგს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სიანგანის სპეციალური ადმინისტრაციული რაიონი ეწოდა. კუნძულის გადაცემა განხორციელდა პრინციპით „ერთ ქვეყანაში ორი სისტემა“, ანუ, ჩინეთის ხელისუფლებამ ჰონგ კონგში კაპიტალისტური სისტემის 2047 წლამდე უცვლელად შენარჩუნების შესახებ თანხმობა განაცხადა. გარდა ამისა, არ შეცვლილა ინგლისელების მიერ დანერგილი მმართველობის სტრუქტურა, კანონმდებლობა, საგადასახადო და ფინანსური სისტემა, რომლებიც დასავლური მოდელის მიხედვითაა აწყობილი.
მსოფლიოს ამ მეტად მჭიდროდ დასახლებული რეგიონის ეკონომიკური აყვავება მისმა გეოპოლიტიკურმა მდგომარეობამ და არსებულმა ლიბერალურმა სისტემამ განაპირობა. ამჟამად ჰონგ კონგი ნიუ იორკის და ლონდონის შემდეგ მსოფლიოს უმსხვილესი ფინანსური ცენტრია. მის ტერიტორიაზე განთავსებულია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მილიონამდე მსხვილი ბანკის და კომპანიის შტაბ-ბინა. ჰონგ კონგის პორტს კონტეინერული გადაზიდვების მხრივ მსოფლიოში პირველი ადგილი უკავია. კუნძულის ხელმძღვანელობა ბიზნეს-გარემოს გაუმჯობესებაზე გამუდმებით ზრუნავს და, ამიტომაც არის, რომ ტრადიციულ ჩინურ სიბრძნესთან შერწყმულმა დასავლურმა გამოცდილებამ და არსებულმა უნიკალურმა ატმოსფერომ შედეგი გამოიღო და ადგილობრივი ეკონომიკა საოცარი ტემპებით ვითარდება.
სუპერლიბერალური ბიზნეს-გარემო
ჰონგ კონგი კლასიკური გაგებით ოფშორული ტერიტორია არ არის, თუმცა, ერთობ დაბალი გადასახადებით კი გამოირჩევა, რომლებიც მის ტერიტორიაზე მოღვაწეობით მიღებული შემოსავლის მიხედვით ირიცხება. კუნძულზე არსებობს გადასახადი კაპიტალის საბაზრო ღირებულების გაზრდაზე და მოგებაზე (წლიური 5-16 პროცენტი), ყოველწლიურად იბეგრება ის კომპანიები, რომლებიც შემოსავალს აგროვებენ და ბრუნვაში არ უშვებენ.
ავტოსატრანსპორტო საშუალებების გარდა თითქმის არ არსებობს საბაჟო გადასახადი იმპორტსა და ექსპორტზე, აქციზური დაბეგვრა ხორციელდება მხოლოდ თამბაქოს ნაწარმზე, სპირტიან სასმელებზე, პარფიუმერიაზე, მეთილის სპირტსა და ნავთობპროდუქტებზე. არ არსებობს სავალუტო კონტროლი და კომპანიის ლიკვიდაციის შემთხვევაში დამატებითი გადასახადი.
აღსანიშნავია, რომ კერძო პირები კაპიტალდაბანდებისაგან მიღებული შემოსავლის, ან კაპიტალის საბაზრო ღირებულების გაზრდის გადასახადს არ იხდიან. ეს კანონი ვრცელდება ყველაზე, მათ შორის, არარეზიდენტებზეც.
ასე რომ, კუნძულზე უცხოური კაპიტალის შესვლას ფაქტობრივად არანაირი ბარიერი არ აყოვნებს, ხელისუფლება ბიზნესში არ ერევა, რაც ჰონგ კონგის ეკონომიკური განვითარებისათვის უდიდესი სტიმულია. შეზღუდული პასუხიმგებლობის ღია საზოგადოებრივი ორგანიზაციების გარდა, ხელისუფლება მინიმალურ ინფორმაციას და კაპიტალიზაციას ითხოვს. ხოლო თუ კომპანია რეგისტრირებულია როგორც მთლიანად ჰონგ კონგური, ფინანსური დეკლარაციის შევსებაც არ არის საჭირო.
სამუშაოს მქონე პოტენციურ რეზიდენტებს ადგილობრივი ხელისუფლება 6 თვიან ვიზას აძლევს, ხოლო მათ ცოლ-შვილს შეუძლია სპეციალური ნებართვის გარეშე იმუშაოს. ჰონგ კონგში არ არსებობს პროფკავშირების წევრობის აუცილებლობა, ხოლო საავტორო უფლება ინგლისური წესების მსგვასადაა დაცული, რადგან ჰონგ კონგი პარიზის კონვენციის წევრია.
ასე რომ, თამამად შეიძლება ითქვას, უცხოეთში ბიზნესის წარმოების, საერთაშორისო დონეზე გასვლისა და უცხოელ პარტნიორებთან ურთიერთობის მსურველი ადამიანისათვის, ჰონგ კონგი არა მარტო აზიაში, არამედ მთელს მსოფლიოშიც ნამდვილი სამოთხეა.
რაც შეეხება უძრავი ქონების ბეგარას, ოფისის იჯარით აღების შემთხვევაში, წლიური ქირის 10-20 პროცენტის გადახდა მოგიწევთ. ხოლო უძრავი ქონების შეძენის შემთხვევაში, წლიურად მისი საბალანსო ღირებულების 1,2-დან 5 პროცენტამდე გადაიხდით.
ძვირი სიამოვნება
ჰონგ კონგი საკმაოდ ძვირი ტერიტორიაა, კომპანიის პირველადი რეგისტრაციისათვის პროფესიონალური მომსახურება დაახლოებით 1400 ამერიკული დოლარი დაგიჯდებათ, ხოლო პირველი წლის განმავლობაში ოფისის რეგისტრაცია და იურიდიული კონსულტაცია კიდევ 1300 დოლარი. შემდეგ კი ყოველწლიური მომსახურება 2300 დოლარამდე იზრდება. ამ თანხაში არ შედის ბუღალტერიის წარმოება, აუდიტი, და, რა თქმა უნდა ოფისის იჯარა. ეს ყველაფერი ადგილმდებარეობის და მომსახურებაზე დახარჯული დროის მიხედვით სხვადასხვაა.
ოფისის დაქირავება საკმაოდ ძვირი დაგიჯდებათ. კერძოდ, სიანგანის პრესტიჟულ, საქმიან რაიონში მაღალი დონის ოფისში ყოველთვიურად 20-დან 40 ათასამდე დოლარის გადახდა მოგიწევთ. თუმცა, კუნძულის ნაკლებად პრესტიჟულ რაიონებში ოფისის ბევრად იაფად, მაგალითად, თვეში 800-1000 დოლარად დაქირავებაც შეიძლება.
ასევე ძალიან ძვირია საცხოვრებელი ფართიც. მისი ღირებულება ადგილმდებარეობის გარდა განაშენიანების ტიპზეც არის დამოკიდებული. ელიტარულ რაიონებში მაღალი დონის აპარტამენტები 200-დან 700 ათას დოლარამდე დაგიჯდებათ, ვილა კი 900 ათასიდან 15 მილიონ დოლარამდე. ხოლო თუ ეგზომ მაღალი დონის საცხოვრებელი არ გსურთ და მოკრძალებულ ყოფას დასჯერდებით, მაშინ ჰონგ კონგის სხვადასხვა რეგიონში კვადრატულ მეტრ საცხოვრებელ ფართს 1500-დან 4 ათასი დოლარის ფარგლებში შეიძენთ.
ჰონგ კონგის განსაკუთრებით პრესტიჟული რაიონები გახლავთ: სიანგანის ცენტრალური უბნები, სადაც განლაგებულია სამთავრობო დაწესებულებები, საფინანსო-საბანკო, საქმიანი და სავაჭრო ცენტრები, სიანგანისავე დასავლეთით მდებარე, ტურისტებისათვის მიმზიდველი ტრადიციული ჩინური სტილის უბნები, ხელოვნების ცენტრად მიჩნეული ვანჩაი, ღამის ცხოვრებით განთქმული კოზუეი
ბეი, უძველესი საპორტო დასახლება აბერდინი და ტურისტებისათვის ერთობ მიმზიდველი სამხრეთ სანაპირო.
საერთოდ, უნდა ითქვას, რომ ჰონგ კონგის კანონმდებლობით, არარეზიდენტი კერძო პირისათვის მიწის ნაკვეთის მიყიდვა აკრძალულია. ამიტომ, სანამ კუნძულზე საკუთარ ბიზნესს წამოიწყებთ და რეზიდენტი, ან მოქალაქე გახდებით, ვილაზე უარის თქმა მოგიწევთ.
ისიც უნდა აღინიშნოს, რომ თუ ჰონგ კონგს დიდი ხნით მიაშურებთ, საცხოვრებელი ფართის დაქირავებაზე უფრო ნაკლებად თქვენს ჯიბეს მისი შეძენა დააზარალებს. ამის მიზეზი ის გახლავთ, რომ უძრავი ქონების კაპიტალიზაცია საიჯარო გადასახადების ზრდას ჩამორჩება. წელიწადში ერთი კვადრატული მეტრი საცხოვრებელი ფართის იჯარით აღება მისი ღირებულებულების 10 პროცენტამდე ჯდება. საცხოვრებელი ფართის შეძენა უფრო მომგებიანი იმიტომაც არის, რომ ისედაც ძვირი ჰონგ კონგური უძრავი ქონების ფასი გამუდმებით მატულობს, რასაც საოცრად მზარდი ადგილობრივი
ეკონომიკა და თავისუფალი ფართის რაოდენობის შემცირება განაპირობებს. უძრავი ქონების უფრო ძვირად გაყიდვის შემთხვევაში, მიღებული შემოსავლიდან საკმაოდ მცირე, 0,2-3 პროცენტის გადახდა მოგიწევთ.
ყველაფერი ზემოთთქმულის გათვალისწინებით, ცხადი ხდება, რომ ჰონგ კონგში მიწის ნაკვეთის შეძენა და მშენებლობის წამოწყება მეტად სარფიანი საქმეა. მართალია, როგორც აღვნიშნეთ, მიწის შეძენაზე გარკვეული შეზღუდვა არსებობს, მაგრამ, სანამ რეზიდენტი გახდებით, შეგიძლიათ იქვე იურიდიულ პირად დარეგისტრირდეთ, ან სამშენებლო ბიზნესი ადგილობრივ პარტნიორთან ერთად წამოიწყოთ. 1 კვადრატული მეტრი მიწა ჰოგნ კონგში, რეგიონის პრესტიჟულობის გათვალისწინებით, 700-დან 10000 დოლარამდე ღირს. სამაგიეროდ,
ლიბერალური საბაჟო და საგადასახადო კონონმდებლობის და ადგილობრივი, ძირითადად ჩინეთიდან ჩასული მუშახელის სიიაფის გამო მშენებლობა ძვირი ნამდვილად არ დაგიჯდებათ და გვარიან მოგებასაც ნახავთ.
ჰონგ კონგური უძრავი ქონების მემკვიდრეობით გადაცემისას არანაირი პრობლემა არ შეგექმნებათ მაშინაც კი, თუ რეზიდენტი არ ხართ. თანაც, ამ დროს ქონების ღირებულების მხოლოდ 6-დან 11 პროცენტის გადახდა მოგიწევთ.
ასე რომ, შეგიძლიათ აზიის ამ საქმიან სამოთხეს თამამად მიაშუროთ, მშვენიერ საკურორტო ზონაში ცხოვრებით ისიამოვნოთ და საკუთარი ბიზნესი ამ აყვავებულ რეგიონში ააწყოთ.