პენსიონერები 20 ლარის მომატებას 2 წელი უნდა ელოდონ

პენსიონერები 20 ლარის მომატებას 2 წელი უნდა ელოდონ

პენსიის მატებასთან დაკავშირებით ბრძოლა უკვე პარლამენტში მიმდინარეობს. მთავრობა დაპირებას იძლევა, მაგრამ მის შესრულებას 2-3 წლის შემდეგ აპირებს. ოპოზიცია კი ხვალინდელი ქათმის ნაცვლად, დღევანდელ კვერცხს ითხოვს. სამთავრობო გეგმის მიხედვით საბაზისო პენსია 220 ლარს 2020 წელს მიაღწევს.

ფინანსთა მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ ბიუჯეტში არ არის რესურსი 2018 წელს პენსიის გასაზარდელად. გიორგი კაკაურიძემ ამის თაობაზე ოპოზიციის შეკითხვების საპასუხოდ ისაუბრა, როდესაც საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე 2018 წლის ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებულ ვარიანტს განიხილავდნენ.

„წელს არ არის ბიუჯეტში იმის რესურსი, რომ პენსია გაიზარდოს. სწორედ ამიტომაა, რომ ბიუჯეტიდან ფინანსდება ის პროგრამები, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს ეკონომიკურ ზრდას“, - განაცხადა კაკაურიძემ.

საპარლამენტო ოპოზიცია სწორედ ამ დამოკიდებულებამ გააღიზიანა. დეპუტატი გიორგი კანდელაკი ამბობს, რომ 2018 წლის ბიუჯეტში არ არის გათვალისწინებული პენსიის მატება, მაშინ როდესაც გაზრდილია ბიუროკრატიული ხარჯები.

„ფასებმა მოიმატა ყველაფერზე, ამის შედეგად გაიზარდა საარსებო მინიმუმი და ამ ფონზე, მთავრობა არ ზრდის მომავალ წელს არც პენსიას, არც პოლიციელის ხელფასს, არც მასწავლებლის ხელფასს, არც დევნილების შემწეობას. მაშინ, როდესაც 2012 წელთან შედარებით ბიუროკრატიული ხარჯები, პრემიები, ხელფასები გაზრდილია 369 მილიონი ლარით. რატომ არ ითვალისწინებთ ჩვენის წინადადებას ბიუროკრატიული ხარჯების შემცირების გზით, პენსიების მატების შესახებ?“ - მიმართა გიორგი კანდელაკმა ფინანსთა მინისტრს.

მას კვერი დაუკრა „ევრპული საქართველოს“ ლიდერმა დავით ბაქრაძემაც.

„ბიუჯეტში საკმარისი რესურსია იმისათვის, რომ კახეთის სამხარეო პროკურორმა წლის განმავლობაში 23-ჯერ აიღოს პრემია და ამის ფონზე არ არსებობს თანხა, რომ გაიზარდოს პენსია. მთავრობას არ აწუხებს პენსიონერები და სოციალურად დაუცველი ფენა და ეს არის პრობლემა“, - განაცხადა ბაქრაძემ.

გაცხარებულ დებატებში ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა პარლამენტის სხდომაზე გამოსვლისას პირობა დადო, რომ 2019-20 წლებში, ინდექსაციის მეთოდით, პენსიები 20-20 ლარით გაიზრდება და იქვე ყურადღება გაამახვილა საპენსიო რეფორმაზე, რომლის შესახებაც კანონპროექტი პარლამენტში განსახილველად უახლოეს პერიოდში შევა.

„მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე დღის წინ დამთავრდა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, ჩვენ არ გამოვიყენეთ პოპულისტური ხერხი. მართალია, ვიცოდით, რომ 2019 და 2020 წლებში პენსია გაიზრდებოდა, თუმცა არ გავაკეთეთ ეს განცხადებები, არ მივეცით ფუჭი დაპირებები თანამოქალაქეებს. ჩვენ ვიძლევით დაპირებას, რომელსაც ვასრულებთ.

2016 წელს მოქალაქეებს დავპირდით, რომ ეკონომიკა გაიზრდებოდა, ოთხპუნქტიანი გეგმა შესრულდებოდა და ახლა ვიძლევით პირობას, რომ 2019 და 2020 წლებში გავზრდით პენსიას. ასევე გატარდება ძალიან მნიშვნელოვანი საპენსიო რეფორმა, რომელშიც გვჭირდება თქვენი მხარდაჭერა“, - მიმართა დეპუტატებს ქუმსიშვილმა.

ხელისუფლების პოზიციას პენსიის მოგვიანებით გაზრდის თაობაზე არ იწონებენ არც სპეციალისტები. სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე ამბობს, რომ პენსიის მატება არასაკმარისია და არასწორადაც არის დაგეგმილი. მაღალი ინფლაციის და დევალვაციის ფონზე, უფრო მართებული იქნებოდა, მთავრობას ყოველ წელს გაეზარდა პენსია 10-10 ლარით და წლების შემდეგ ოცით.

„მთავრობის ეს გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ ის მოუწოდებს საპენსიო ასაკის ადამიანებს და დაელოდონ შემდეგ ეტაპს, რომელიც მხოლოდ 2019 წლიდან დადგება. უკეთესი იქნებოდა, ყველაფერი თანმიმდევრულად განხორციელებულიყო. პირობითად 10-10 ლარით გაზრდილიყო ყოველ წელს, რაც მინიმალურ დონეზე მაინც მოახდენდა ინფლაციით მიყენებული დიდი ზარალის კომპენსირებას“, - განაცხადა არჩვაძემ.

როგორც ჩანს, მთავრობა პოზიციას არ შეიცვლის და პენსიონერებსაც მინიმუმ 2 წლით მოუწევს დაცდა. რამდენად იქნება საკმარისი, მაღალი ინფლაციის გათვალისწინებით, 20-ლარიანი ინდექსაცია, ეს 2019 წლისთვის გამოჩნდება.