„საზოგადოებას აქვს განცდა, რომ ეროვნული ბანკი არის მსხვილი კომერციული ბანკების მონა“

„საზოგადოებას აქვს განცდა, რომ ეროვნული ბანკი არის მსხვილი კომერციული ბანკების მონა“

ლარი იმდენად გაუფასურდა, რომ მისი სტაბილურობა უკვე აღარავის სჯერა. როდესაც მოსახლეობას და ბიზნესს ყველა იმედი გადაეწურა, ხელისუფლების წარმომადგენლებმა მაშინღა ამოიღეს ხმა, თუმცა მათი მიკიბ-მოკიბული საუბრის აღარვის სჯერა. მთავრობასთან ერთად საბოლოოდ განულდა ეროვნული ბანკის ავტორიტეტი, რომელიც საზოგადოებას ახსნა-განმარტებისა და დამშვიდების ნაცვლად, ყველა საშუალებით გაურბის.

მთავრობა ბოლო 2 დღეა მოსახლეობის დამშვიდებაზე გადავიდა. ეკონომიკის მინისტრის გიორგი გახარიას განმარტებით, კურსის ცვალებადობა მართლაც დამოკიდებულია მოლოდინზე. როგორც კი ეს პერიოდი ჩაივლის, სავალუტო ბაზარიც დასტაბილურდება და გამყარებაც დაიწყება.

„ფუნდამენტური მაკროეკონომიკური პარამეტრები არის პოზიტიური, ეკონომიკური ზრდა სექტემბრის მონაცემებით კარგი გვაქვს, ექსპორტის ნაწილში 28%-ზე მეტი ზრდა გვაქვს, რაც ნიშნავს, რომ ჩვენი ძირითადი სავაჭრო პარტნიორების ბაზარზე მოთხოვნა დასტაბილურდა, ტურიზმის ნაწილში კარგი მაჩვენებელებია, შესაბამისად გამოდის, რომ მართლაც ეს არის მოლოდინის თემა.

შარშან წლის ბოლოს უფრო რბილად გადავლახეთ გაუფასურების ეტაპი, ვიდრე შარშანწინ. დარწმუნებული ვარ, წელს ლარის კურსის მერყეობა გადალახული იქნება კიდევ უფრო რბილად. მესმის, რომ ლარის კურსის მერყეობა პირდაპირ არის დამოკიდებული ჩვენი მოქალაქეების შემოსავლებთან, მაგრამ ასევე უნდა ვთქვათ ის მომენტი, რომ ლარის კურსი ბოლო წლებში სტაბილურად გარკვეული დროის შემდეგ მყარდება. წელსაც იგივე ეფექტი იქნება“, - განაცხადა გახარიამ.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე ირწმუნება, რომ საშუალოვადიან პერიოდში ლარის კიდევ უფრო გაუფასურების პრობლემა არ არსებობს.

„რა თქმა უნდა, ლარის დევალვაცია გავლენას ახდენს იმ ადამიანებზე, ვისაც სესხი აქვს დოლარში, თუმცა ეს დევალვაცია არის ხანმოკლე პერიოდის. ჩვენ სწორედ ამიტომ გვაქვს ის პროგრამა, რასაც დედოლარიზაციას ვეძახით და ეს საკმაოდ გრძელვადიანი პროცესია. არ გვინდა, რომ ჩვენი მოქალაქეები დამოკიდებული იყვნენ დოლარზე. სესხების კოეფიციენტები მნიშვნელოვნად არის შემცირებული, დაახლოებით 10 პუნქტით და ეს პროცესი უნდა გაგრძელდეს, თუმცა საკმაოდ გრძელვადიანია.

ლარის დევალვაცია ნამდვილად გავლენას ახდენს იმ ადამინებზე ვისაც სესხი აქვს დოლარში, თუმცა გაუფასურება არის ხანმოკლე პერიოდი, გარკვეული სეზონური ფასები მუშაობს. არც ერთი მაკროეკონომიკური ფაქტორი გაუარესებული არ არის და საშუალოვადიან პერიოდში ლარის დევალვაციის გაუარესების პრობლემა არ არსებობს“, - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

სულ სხვაგვარად უყურებენ საკითხს სპეციალისტები, რომელთა პროგნოზი, ხელისუფლების წევრებისაგან განსხვავებით, თითქმის ყოველთვის მართლდება.

ფინანსისტი თემურ ბასილია ამბობს, რომ ინფლაციასა და ვალუტის გაცვლით კურსზე უმთავრესი გავლენა აქვს ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკას. სებ-ის მონეტარული პოლიტიკა კი მიმართულია ლარის კიდევ უფრო გაუფასურებისკენ.

„ადრეც ვთქვი და ახლაც გავიმეორებ, რომ პრობლემა არის ეროვნული ბანკის მიერ კომერციულ ბანკებზე გაცემული სესხების მოცულობა. მაგალითად, 2017 წლისთვის კომერციულ ბანკებზე გაცემული სესხების მოცულობა გაიზრდება 1,27 მილიარდ ლარამდე, 2018 წელს - 1,8 მილიარდ ლარამდე, 2019 წელს - 2,33 მილიარდ ლარამდე, ხოლო, 2020 წელს - 3,28 მილიარდ ლარამდე; ანუ ამ 4 წლის განმავლობაში ეროვნული ბანკი გეგმავს 3-ჯერ და უფრო მეტად გაზარდოს კომერციულ ბანკებზე გაცემული სესხების მოცულობა.

საქართველოში უკვე არაეკონომისტებმაც კი იციან, რომ თუ მიმოქცევაში ფულის მასა უფრო სწრაფად გაიზრდება, ვიდრე საქონლისა და მომსახურების მოცულობა, ეს გამოიწვევს ინფლაციის ზრდას, ლარის კიდევ უფრო გაუფასურებას, მისი გაცვლითი კურსის დაცემას. ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, თუ რა მოჰყვება მიმოქცევაში არსებული ფულის მასის 3-ჯერ და უფრო მეტად გაზრდას. ეს არის გზა საქართველოს ფინანსური დესტაბილიზაციისკენ“, - განუცხადა „კომერსანტს“ თემურ ბასილიამ.

აკადემიკოსი ლადო პაპავა კი ამბობს, რომ ბოლო დროს განვითარებული მოვლენების ფონზე შეიქმნა განცდა, რომ კომერციული ბანკები არიან მონსტრები, რომლებიც ქვეყანას ღუპავენ, ხოლო ეროვნული ბანკი მათი მონაა. ამიტომ, სებ-მა ყველა ეჭვი უნდა მოხსნას, რაც მის გარშემო არსებობს და ხისტი განცხადებები არ უნდა გააკეთოს.

„დღეს საზოგადოებას აქვს განცდა, რომ ეროვნული ბანკი არის მსხვილი კომერციული ბანკების მონა. ეს ბრალდება, პირველ რიგში, ეროვნულმა ბანკმა უნდა მოხსნას და არა ხისტი განცხადებები აკეთოს - საზოგადოებაზე გაბუტული ვარ და არავითარ განმარტებას არ გავაკეთებო.

ეროვნულ ბანკზე ზედამხედველობის ფუნქცია აქვს პარლამენტს. ამიტომ კარგი იქნება თუ დეპუტატები სთხოვენ ეროვნული ბანკის წარმომადგენლებს, რომ რაგირება მოახდინონ ან დაიბარონ პარლამენტში და მოსთხოვონ, რომ ხისტი განმარტებები არ აკეთონ“, - განაცხადა პაპავამ.