[მოამზადა გოჩა ქიმუცაძემ]
საერთაშორისო სავალუტო ფონდის ექსპერტების განცხადებით, მსოფლიო ეკონომიკას ახალი საფრთხე ემუქრება და რისკის დონე ერთობ მაღალია. კერძოდ, ისინი ხაზს უსვამენ საბერძნეთის გაჭიანურებულ კრიზისს, აშშ-ს ბიუჯეტის დეფიციტის აღმოფხვრის თაობაზე არსებულ უთანხმოებას და აზიური ბაზრების შეუჩერებელი ზრდის გაკონტროლების აუცილებლობას.
ამგვარი დასკვნები საერთაშორისო სავალუტო ფონდის ანალიტიკოსებმა გლობალური ეკონომიკისა და მსოფლიოს ქვეყნების ეკონომიკის სტაბილურობის კვლევის ახალი შედეგების გაცნობის შემდეგ გააკეთეს. თუმცა, ფინანსისტები იქვე აღნიშნავენ, რომ, ყველაფრის მიუხედავად, გლობალური ეკონომიკის ზრდა მაინც გაგრძელდება და მიმდინარე წლის შედეგების მიხედვით 4,3 პროცენტი იქნება, მომავალ წელს კი გლობალური ეკონომიკის 4,5 პროცენტიანი მატებაა მოსალოდნელი.
აღსანიშნავია, რომ ეს ადრინდელ პროგნოზებთან შედარებით ნაკლები მაჩვენებელია, რადგან ფონდის ეკონომისტთა იმედები ევროზონისა და აშშ-ს ეკონომიკების ზრდის პერპექტივამ გააცრუა. ამიტომაც მოითხოვენ ისინი ევროპულ ეკონომიკურ და ამერიკის საბიუჯეტო კრიზისების მოგვარებაში საერთაშორისო თანამეგობრობამ აქტიური წვლილი შეიტანოს.
„ამ პრობლემების მოგვარების გაჭიანურება მსოფლიო ეკონომიკისათვის, შესაძლოა, დამღუპველი აღმოჩნდეს. ეს, ფაქტობრივად, ცეცხლთან თამაშია“- განაცხადა საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენელმა ხოსე ვინიალსმა.
ფონდის სპეციალისტთა აზრით, გლობალური ეკონომიკისათვის ნომერ პირველი პრობლემა ბერძნული კრიზისია, რადგან მას შეუძლია მსოფლიო ფინანსური სისტემის სერიოზული დესტაბილიზაცია გამოიწვიოს. ანალიტიკოსები ერთხმად აცხადებენ, რომ თუ ბერძნულ ეკონომიკაში სერიოზული რყევები დაიწყო, მისი შედეგები ევროზონას აუცილებლად გასცდება.
ექსპერტთა დიდი ნაწილი თვლის, რომ საბერძნეთი ვალების გასტუმრებას ვერ მოახერხებს, რადგან ქვეყნის მთავრობის მიერ აღებული კრედიტების რაოდენობა უკვე ძალიან დიდია. პესიმისტურად განწყობილი ეკონომისტები აცხადებენ, რომ უკვე საკითხი დგას არა იმგვარად, გამოაცხადებს თუ არა საბერძნეთი დეფოლტს, არამედ, ეს დეფოლტი მშვიდად და ორგანიზებულად ჩაივლის თუ არა.
თავისთავად ცხადია, თუ საბერძნეთი ვალების გასტუმრებას ვერ შეძლებს, ეს ძალიან ცუდ გავლენას მოახდენს სხვა ქვეყნებზე, განსაკუთრებით კი პორტუგალიასა და ესპანეთზე. საქმე იმაშია, რომ ევროპული ბანკები, რომლებიც კრედიტებს გასცემენ, დიდ ზარალს ნახავენ და კრედიტირებას შეწყვეტენ, ან გვარიანად შეამცირებენ.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის ექსპერტები ევროპელ ლიდერებს მოუწოდებენ სიტუაციის შემდგომი გაუარესების თავიდან ასაცილებლად გრძელვადიანი ფინანსური დაგეგმარების პოლიტიკა გაატარონ. ამასთან, აფრთხილებენ, რომ ყველას პრობლემის მოსაგვარებლად და სიტუაციის კიდევ უფრო გაუარესების შემთხვევაში ევროპულ ბანკებს ფული უბრალოდ არ ეყოფათ.
გარდა ამისა, საერთაშორისო სავალუტო ფონდი ყურადღებას ამახვილებს ევროზონის მიღმა არსებულ პრობლემებზე. კერძოდ, იაპონიამ ეგრეც ვერ მოახერხა თავისი საბიუჯეტო დანახარჯების შემცირება, რისი მიზეზიც მიწისძვრისა და ცუნამის შედეგების აღმოფხვრის გამო დიდძალი სახსრების გაღების საჭიროებაა. ამერიკაში კი მხოლოდ იმას აკეთებენ, რომ კამათობენ როგორ შეამცირონ ბიუჯეტის დეფიციტი და არც არაფერს აკეთებენ.
მართალია, განვითარებად ქვეყნებში ეკონომიკის სწრაფი ზრდა გრძელდება, მაგრამ მსოფლიო ფინანსური ბაზრის სტაბილურობისათვის ესეც ერთგვარი საფრთხეა, რადგან ასევე სწრაფად შეიძლება ზრდა ვარდნამ შეცვალოს.
საქმე იმაშია, რომ განვითარებადი ბაზრებისაკენ მიმართული ფინანსური ნაკადები, შესაძლოა, ძალზე მნიშვნელოვანი და სწრაფად ცვალებადი იყოს. ბევრ ქვეყანაში ამან უკვე გამოიწვია ინფლაციის ზრდა. შესაძლოა, ცალკე აღებული ეს საკითხი ძალიან მნიშვნელოვან პრობლებად არ ჩაითვალოს, მაგრამ საერთო დაძაბულ და, მით უმეტეს, კრიზისულ ფონზე იოლად გადასალახი ნამდვილად არ იქნება.