"საქართველოს მესამე პრეზიდენტის, ოდესის ოლქის ექსგუბერნატორ მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირება, შესაძლოა, წლის ბოლომდე მოხდეს. ყოველ შემთხვევაში, უკრაინის იუსტიციის მინისტრის განცხადებით, პროცედურების დასაწყებად მხოლოდ პროკურატურის დოკუმენტებს ელოდებიან და საბოლოო დასკვნა ნოემბრის ბოლომდე იქნება. ქართველ იურისტთა ნაწილი ამას შეუძლებლად მიიჩნევს, ნაწილის აზრით კი, ახლა სწორედ შესაფერისი დროა. თავად სააკაშვილის ინფორმაციით, უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ მისი დაკავებისა და საქართველოში ექსტრადირებისათვის საბუთების შეგროვება უკვე დაიწყო", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით სააკაშვილის საქართველოში ექსტრადირება საახალწლოდ იგეგმება.
"ექსტრადიციის შემოწმება ხორციელდება პროკურატურის მიერ. ჩვენ გამოგვიგზავნეს მასალები. ამგვარი ინსპექტირების სავარაუდო პერიოდი ყოველთვის 60 დღეა, მაგრამ ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება იყოს უფრო სწრაფად. ამავდროულად, მიგრაციის სამსახური იხილავს პოლიტიკური თავშესაფრის განაცხადის საკითხს. ჩვენ ველოდებით მათ მოსაზრებას, ამის შემდეგ გადაწყვეტილებას მივიღებთ", - განაცხადა უკრაინის იუსტიციის მინისტრმა პაველ პეტრენკომ. კითხვაზე, როდის დაიწყება ექსტრადირების დოკუმენტების შესწავლა იუსტიციის სამინისტროს მიერ, პაველ პეტრენკომ უპასუხა, რომ ეს ნოემბრის ბოლოს მოხდება. "ნოემბრის ბოლოს, მაგრამ დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ტიპის ინფორმაციას უზრუნველყოფს პროკურატურის მიგრაციის სამსახური. ეს არის საკითხი, სადაც დაცული უნდა იყოს ყველა სამართლებრივი პროცედურა.მათ აქვთ დრო, ასეთი შემოწმება გრძელდება 60 დღის განმავლობაში. ჩვენ ველოდებით. როგორც კი დასრულდება ექსტრადიციის შემოწმება, მაშინ უკვე სამართლებრივი ნაბიჯები იქნება გადადგმული", - აცხადებს პაველ პეტრენკო. უკრაინაში არსებული პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, იურისტი ლია მუხაშავრია წლის ბოლომდე სააკაშვილის ექსტრადირებას შესაძლებლად მიიჩნევს, თუმცა დასძენს, რომ ეს ახლა საქართველოს პროკურატურაზეა დამოკიდებული", - აღნიშნავს გამოცემა.
"ჩვენი პროკურატურა იმითაა ცნობილი, რომ დასაბუთებულ მოთხოვნებს ვერ ადგენს ხოლმე. ვნახოთ, ამჯერად რას იზამენ. ყველაფერი დამოკიდებული იქნება შოთაძის უწყების მიერ გაგზავნილ მტკიცებულებებზე. პოროშენკოსთვის სააკაშვილი მიუღებელია. ამიტომ სწორედ დღეს არის შესაძლებელი, რომ მისი ექსტრადირება მოხდეს. ანუ, სამართლებრივი და პოლიტიკური მომენტები ორივე არის და ახლა ეს დამოკიდებულია პროკურატურის კონკრეტულ ქმედებებზე", - ამბობს მუხაშავრია. შოთაძის უწყებაში კი აცხადებენ, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით ახალი გარემოებები არ არის და რომ მიმდინარე წლის პირველ სექტემბერს უკრაინის საგამოძიებო უწყებას სააკაშვილის ექსტრადირებაზე მოთხოვნა კიდევ ერთხელ გაუგზავნეს. წლის ბოლომდე სააკაშვილის შესაძლო ექსტრადირებას შეუძლებლად მიიჩნევს იურისტი ლევან ალაფიშვილი. მისი თქმით, უკრაინაში სანამ სააკაშვილის მიერ აღძრულ საქმეზე სამართლებრივი დავა არ დასრულდება, მანამდე ეს პროცესი შეჩერებული იქნება", - დასძენს გამოცემა.
"ამ საკითხზე პროგნოზი საკმაოდ რთულია, იმიტომ, რომ აქ არ არის მხოლოდ სამართლებრივი საკითხი. უფრო მეტად პოლიტიკური საკითხია და დამოკიდებულია უკრაინაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება ვიმსჯელოთ სააკაშვილის პოლიტიკურ ბედზე. ყოველ შემთხვევაში, ეს არის გაგრძელება იმ მძიმე შეცდომებისა, რაც დაუშვა უკრაინის ხელისუფლებამ, როცა მას მოქალაქეობა შეუწყვიტა. რაც შეეხება ექსტრადირების პროცესს, შეიძლება დაიწყოს, თუმცა არ დასრულდება, ჰაერში იქნება გამოკიდებული მანამდე, სანამ უკრაინაში სააკაშვილთან დაკავშირებით სასამართლო პროცესი მიმდინარეობს მის მოქალაქეობასთან დაკავშირებით. ახლა გაყალბების საქმეზეც თუ დაიწყო, მაშინ კიდევ უფრო გაწელავს დროს. ასე რომ, მინიმუმ, 1 წლის განმავლობაში არ ველი, რომ მისი ექსტრადირება მოხდეს", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ლევან ალაფიშვილი.
"საქართველოში სააკაშვილის ჩამოყვანას, პოლიტიკური თვალსაზრისით, გამორიცხავს ანალიტიკოსი სოსო ცინცაძე, რომელიც მას "ოცნების" ხელისუფლებისთვის დიდ თავის ტკივილად მიიჩნევს და იმ პოლიტიკურ რისკებზე საუბრობს, რასაც ხელისუფლებას სააკაშვილის შესაძლო ექსტრადირება მოუტანს - "პოროშენკოს სძინავს და სიზმარში ხედავს, როგორ მოიშორებს სააკაშვილს. ამავე დროს, იგი პუტინი არ არის, ვისაც არ ადარდებს, რას იტყვის დასავლეთი. უკრაინის პრეზიდენტი მთლიანად ჩამოკიდებულია დასავლეთის კეთილგანწყობაზე, ამერიკა ჰპირდება იარაღის გადაცემას, რაც მისთვის მნიშვნელოვანია", - ამბობს ცინცაძე. მისივე თქმით, სააკაშვილიც ისე თავდაჯერებულად მოქმედებს, რომ ხელშეუხებლობის გარანტია აუცილებლად ექნება.", - წერს სტატიის ავტორი.
"სააკაშვილს უკრაინაში არანაირი დანაშაული არ ჩაუდენია, წითელი ცირკულარით ძებნილიც არ არის. თანაც პოროშენკომ ადრე თქვა, იგი რეჟიმის მსხვერპლიაო და ამიტომ პოროშენკოსთვის ახლა ძალიან უხერხული იქნება მისი ექსტრადირება. კიდევ ის, რომ დასავლეთი ისედაც ამრეზით უყურებს, რადგან არ ებრძვის კორუფციას. ჩვენ, ქართული რეალობიდან გამომდინარე, ძნელად თუ გვაქვს გათვითცნობიერებული, რას ნიშნავს კორუფცია. იგი უდიდესი დანაშაულია. ქუცნაშვილს შეცდომა კი ჰგონია, მაგრამ ასე არ არის, ეს დიდი დანაშაულია. ამიტომ როდესაც რეპუტაცია არ აქვს, ძალიან რთულია, დაუმატოს სააკაშვილის გაძევება მაშინ, როდესაც იგი მშვიდობიან აქციებს მართავს, რაც მის იმიჯს კიდევ უფრო შელახავს. უკრაინის იუსტიციის მინისტრი ასეთი განცხადებით ადრეც გამოვიდა, თუმცა განცხადება განცხადებად დარჩა. სააკაშვილი ისე თავდაჯერებულად მოქმედებს, რომ არ მგონია, მას ხელშეუხებლობის გარანტია არ ჰქონდეს ოფიციალური კიევიდან თუ არა, ევროპიდან ან ამერიკიდან მაინც", - დაასკვნის გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სოსო ცინცაძე.
"ჩემი აზრით, ყველაზე დიდი საშინელება, რაც სააკაშვილს ელის, არის ამერიკაში ცხოვრების უფლების მიცემა და რომელიმე უნივერსიტეტში ლექციების კითხვა, როგორც იალოვიცმა უწინასწარმეტყველა. მაგრამ თუ მაინც მოხდა მისი ექსტრადირება, ეს საქართველოს მოუტანს უდიდეს თავის ტკივილს. წარმოიდგინეთ სააკაშვილი ციხეში ან სასამართლო პროცესზე. არავინ იცის, რას იტყვის და 2012 წლამდე პერიოდიდან რომელ გუდას მოხსნის თავს. ტყუილ-მართალს მამაზეციერიც ვეღარ გაარჩევს. ამიტომ პოლიტიკურად ეს ძალიან წამგებიანი იქნება ჩვენი ხელისუფლებისთვის. მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც მოსახლეობას სახელმწიფო ინსტიტუტებისადმი ნდობა აღარ აქვს. ლამის მხოლოდ 2 მინისტრი დარჩა, რომლის დაბარებასაც პარლამენტში გამწარებული ოპოზიცია არ ითხოვს. ეს პროცესი კიდევ უფრო შეარყევს ნდობას. მნიშვნელობა არ აქვს, ინფორმაცია მართალი იქნება თუ ტყუილი, ამის გარჩევას არავინ დაიწყებს", - მიიჩნევს სოსო ცინცაძე.