[პრესაგე.ტვ]
რამდენიმე წუთის წინ დასრულდა „ახლების“ ოფისში მამუკა კაციტაძის და პალიკო კუბლაშვილის შეხვედრა. შეხვედრიდან გამოსულმა კუბლაშვილმა ჟურნალისტებთან არაფრისმთქმელი კომენტარი გააკეთა და პირობა დადო, რომ ხელისუფლება დეტალებს სპეციალური განცხადებით გაახმოვანებენ.
თუმცა იქვე დასძინა: „ეს შეხვედრა კი არის გაგრძელება და გარკვეულწილად დასასრული იმ ინდივიდუალური კონსულტაციებისა, რომლებიც ბოლო ერთი კვირის განმავლობაში გვქონდა და დღეს ვაფიქსირებთ საბოლოო პოზიციას, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს საარჩევნო გარემოსა და საარჩევნო კანონმდებლობის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით.“
დეტალებზე საუბარი არც მამუკა კაციტაძემ ისურვა, თუმცა აღნიშნა, რომ ხელისუფლების მხრიდან ბევრი ისეთი წინადადება იყო შემოთავაზებული, რომელიც „რვიანისთვის“ საინტერესო იქნება.
ამ დროისთვის „ახლების“ ოფისში „რვიანის“ შეხვედრა იმართება, და ბუნებრივია, უკვე მათ შორის მოხდება პოზიციების შეჯერება. საზოგადოება კი, შეხვედრის დეტალებზე, ალბათ შეხვედრის დასრულების შემდეგ შეიტყობს.
შეგახსენებთ, რომ პრესაგე.ტვ-ის ინფორმაციით, ხელისუფლება საარჩევნო სიებზე „რვიანის“ პოზიციას არ იზიარებს, თუმცა მაჟორიტარულ სისტემასთან დაკავშირებით, ხელისუფლების პოზიცია პარლამენტის დეპუტატების 150-დან 200-მდე გაზრდას გეგმავს. ასევე, საუბარია დაფინანსების წესის შეცვლაზე, საარჩევნო სიებისთვის ვადების დამატებაზე და სიების გადამოწმებისთვის ფინანსების გაზრდაზე.
პრესაგე.ტვ-ის ჟურნალისტი „ახლების“ ოფისში იმყოფება და რამდენიმე საათში მკითხველს დღევანდელი შეხვედრის დეტალებს შევატყობინებთ.