„ხელისუფლებას  ე.წ. რადიკალი ლიდერების არა დაპატიმრების, არამედ დისკრედიტაციის და მარგინალიზების მიზანი ამოძრავებს“

„ხელისუფლებას ე.წ. რადიკალი ლიდერების არა დაპატიმრების, არამედ დისკრედიტაციის და მარგინალიზების მიზანი ამოძრავებს“

[გერა მამულაშვილი] 

შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, ედპ-ს წარმომადგენელმა გურამ ჩახვაძემ ირაკლი ოქრუაშვილის ექსტრადირება მოითხოვა. თუმცა, მმართველ გუნდს პასუხი არ აქვს კითხვაზე, დადგება თუ არა დღის წესრიგში ეს საკითხი. სპეციალისტების შეფასებით კი, დღევანდელ პოლიტიკურ რეალობაში ოქრუაშვილის ექსტრადირების შანსი ნულის ტოლია.  

პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე გურამ ჩახვაძემ განაცხადა, რომ „ოქრუაშვილმა საკუთარი ქმედებებით ქვეყნის კონსტიტუციის მიღმა დაიყენა თავი“. დეპუტატმა აღნიშნა, რომ ხელისუფლებაში მოსვლის ერთადერთი გზა არჩევნებია, ექსთავდაცვის მინისტრმა კი ამას ძალადობრივი გზა ამჯობინა. შესაბამისად, ჩახვაძე მიიჩნევს, რომ ოქრუაშვილმა თავი როგორც კონსტიტუციის, ისე ხალხის მიღმაც დააყენა.

„მან ხელისუფლებაში მოსვლა ძალადობის გზით და, რაც ყველაზე აღმაშფოთებელია, მტრული სახელმწიფოს დახმარებით გადაწყვიტა“ – განაცხადა ჩახვაძემ და დასძინა, რომ ეს პოლიტიკური პასუხისმგებლობის ფარგლებს სცდება და უკვე სამართლებრივ პასუხისმგებლობაში გადადის.

ჩახვაძემ ხელისუფლებას ირაკლი ოქრუაშვილის საქართველოში ექსტრადიციისთვის, საფრანგეთის ხელისუფლებისათვის სათანადო მიმართვისკენ მოუწოდა. მას პირველი ვიცე-სპიკერი მიხეილ მაჭავარიანი გამოეხმაურა და მის მოთხოვნას დაეთანხმა.

 მმართველი უმრავლესობის წარმომადგენლებს „ქართული პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერის მხრიდან „სახელმწიფოს საფუძვლების შერყევის“ მცდელობასა და შსს-ს მიერ გამოქვეყნებული მასალების უტყუარობაში ეჭვი არ ეპარებათ, თუმცა კითხვაზე, დადგება თუ არა დღის წესრიგში საფრანგეთისგან მისი ექსტრადირების მოთხოვნის საკითხი, პასუხი არ აქვთ.

უმრავლესობის წევრი დავით დარჩიაშვილი აღნიშნულ კითხვაზე პასუხის მისაღებად მედიას სამართალდამცველი ორგანოებისკენ ამისამართებს:          

„ექსტრადიციის საკითხის გადასაჭრელად სამართალდამცველ სტრუქტურებს საკუთარი წესი და პროცედურა გააჩნიათ. დადგენილია მტკიცებულებების ის კრიტიკული ზღვარი, რომლის შემდეგადაც ასეთი ნაბიჯები უნდა გადაიდგას. მე ძიების პროცესში ვერ ჩავერევი და ვერ გეტყვით, არის თუ არა ეს კრიტიკული ზღვარი მიღწეული, ითვალისწინებს თუ არა საერთაშორისო სამართალი ამ ვითარებაში მსგავსი ნაბიჯის გადადგმას, თუ დამატებითი საგამოძიებო მოქმედებებია ჩასატარებელი. იურისტების და სამართალდამცველების გასარკვევია, როდის რა ნაბიჯია გადასადგმელი“.

 ირაკლი ოქრუაშვილი, რომ „გარკვეულ ჯგუფთან ერთად სახელმწიფოს საფუძვლების შერყევას აპირებდა“, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი მინაშვილიც დარწმუნებულია. მისი თქმით, „სამართალდამცველმა ორგანოებმა საზოგადოებას საფუძვლიანი ინფორმაცია გააცნეს“:

„ოქრუაშვილის მთავარი მიზანი სახელმწიფოს მოშლა იყო, მაგრამ მან ამ მიზანს ვერ მიაღწია, რადგან ქართული საზოგადოება ძალიან ერთსულოვანია. მას ეს არც მომავალში გამოუვა, განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა სამართალდამცველებმა წლების განმავლობაში დიდი გამოცდილება შეიძინეს. რაც შეეხება ექსტრადიციას, ეს სხვა საკითხია და სამართალდამცავები ამაზე მუშაობენ. მთავარია, სასამართლომ შესაბამისი გადაწყვეტილება გამოიტანა და საზოგადოებამ იცის, რომ ირაკლი ოქრუაშვილი დაუსწრებლად უკვე გასამართლებულია“.

თავის მხრივ, „ქრისტიან-დემოკრატები“ დარწმუნებულები არიან, რომ ხელისუფლება საფრანგეთის წინაშე ირაკლი ოქრუაშვილის ექსტრადირების საკითხის დაყენებასა და მის დაპატიმრებას არ აპირებს.

 როგორც „პირWელს“ ფრაქცია „ქრისტიან-დემოკრატების“ თავმჯდომარემ გიორგი ახვლედიანმა განუცხადა, „მმართველ გუნდს ოქრუაშვილის და ზოგადად, ე.წ. რადიკალი, რევოლუციონერი ლიდერების არა დაპატიმრების, არამედ მათი დისკრედიტაციის და მარგინალიზების მიზანი ამოძრავებს“:

„ირაკლი ოქრუაშვილის დაპატიმრების გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ხელისუფლებას მოუწევს, საფრანგეთს დაუმტკიცოს, რომ ოფიციალურად მისი მფარველობის ქვეშ მყოფი პირი სახელმწიფო დონის დამნაშავეა, რომელიც ქვეყანაში შეიარაღებული გადატრიალების მოწყობას გეგმავდა. ვეჭვობ, ჩვენმა სამართალდამცველმა ორგანოებმა იმ ვიდეო-მასალებითა და აღიარებითი ჩვენებებით, რომელიც გუშინ ვიხილეთ და მოვისმინეთ, ფრანგული მხარის ამაში დარწმუნება შეძლოს. გამოქვეყნებული ჩანაწერები, იმის მიუხედავად, ის ფაბრიკაციაა თუ რეალური, ამისთვის ნამდვირად ვერ ივარგებს“. 

ახვლედიანის თქმით, „ოქრუაშვილის ექსტრადირების მოთხოვნასა და მის დაპატიმრებას სამართლებრივთან ერთად, პოლიტიკური საფუძველიც უნდა გააჩნდეს“. მას მიაჩნია, რომ „წამებული მსხვერპლის მანტიაში მყოფი ოქრუაშვილის ციხეში ჯდომა მის რეიტინგზეც აუცილებლად დადებითად აისახება რაც, „ნაციონალების“ ინტერესებში არ შედის“:

„ეს რომ ასეა, 2007 წლის სექტემბერში დადასტურდა, როცა დაკავებული ოქრუაშვილი ორ დღეში საკუთარი ნებით გაუშვეს, მასთან არანაირ კავშირში მყოფ პირს 10-მილიონიანი გირაო გადაახდევინეს და საფრანგეთში გააპარეს“.

საერთაშორისო სამართლის სპეციალისტების განცხადებით კი, საფრანგეთიდან ირაკლი ოქრუაშვილის ექსტრადირების შანსი ამ ეტაპზე არ არსებობს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ პროფესორმა ნინო რუხაძემ განუცხადა, როდესაც პირს კონკრეტული ქვეყანა პოლიტიკურ თავშესაფარს ანიჭებს, მისი ექსტრადირება არ შეიძლება.

მისი თქმით, პოლიტიკური თავშესაფარის მინიჭება იმას ნიშნავს, რომ პირს კონკრეტული ქვეყნისგან ემუქრება საფრთხე. შესაბამისად, ამ ქვეყანამ რა დანაშაულშიც არ უნდა წარუდგინოს ბრალი, პოლიტიკური თავშესაფარის მიმნიჭებელი სახელმწიფო ბრალდებულს არ გადასცემს. ექსტრადირება მხოლოდ მხოლოდ ერთ შემთხვევაში ხდება - როდესაც ბრალდებულს საფრთხე აღარ ემუქრება. ასეთ შემთხვევაში, ხდება გადაწყვეტილების გადასინჯვა. თუ გამოიკვეთება, რომ გადაცემის შემთხვევაში პირს სამართლიანად გაასამართლებენ, არ დაირღვევა მისი უფლებები და ვითარება შეცვლილია, ხდება მისი გადაცემა.