მიკროსაფინანსოების დიდი ნაწილი შეიძლება ბაზრიდან საერთოდ გაქრეს. საქმე ეხება ეროვნული ბანკის ახალ რეგულაციას, როდესაც ასეთი ორგანიზაციების საზედამხედველო კაპიტალი 1 წლის განმავლობაში ოთხმაგდება. სებ-ი პოზიციის შეცვლას არ აპირებს, თავად მიკროსაფინანსოები კი საკითხს სხავადასხვაგვარად უყურებენ.
კომერციული ბანკების შემდეგ, რომელთაც საზედამხედველო კაპიტალი 12 მილიონიდან 50 მილიონამდე გაეზარდათ, მომავალი წლიდან საწესდებო კაპიტალი უკვე მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს გაეზრდებათ. ამჟამად მიკროსაფინანსოებისთვის დადგენილი მინიმალური კაპიტალის ზღვარი 250 000 ლარია. ეროვნული ბანკის მიერ მომზადებული კანონპროექტის მიხედვით, აღნიშნული ზღვარი მომავალი წლიდან ნახევარ მილიონ ლარამდე, 2019 წლიდან კი 1 მილიონ ლარამდე გაიზრდება.
მიკროსაფინანსოებისთვის საწესდებო კაპიტალის გაზრდას დიდ პრობლემად არ მიიჩნევს მიკროსაფინანსო ასოციაციის თავმჯდომარე ბესო შენგელია. მისი თქმით, ათი წელია, მიკროსაფინანსოებისთვის საწესდებო კაპიტალი არ გაზრდილა და ეს რეგულაცია დროულია. მისი თქმით, ორგანიზაციებს, რომლებიც წლებია ბაზარზე ოპერირებენ, ახალ რეგულაციაზე გადასვლა არ უნდა გაუჭირდეთ, თუმცა ყველა კომპანია ერთნაირად ვერ შეძლებს ადაპტირებას.
სულ სხვაგვარი მოსაზრებისაა არასაბანკო ფინანსურ დაწესებულებათა ასოციაციის დამფუძნებელი გივი კორინთელი. მათ ეროვნულ ბანკთან სხვანაირი დათქმა ჰქონდათ, რომ ვადა ერთი წლით გადაიწეოდა.
„ჩვენ ვითხოვდით, რომ საწესდებო კაპიტალის გაზრდა ნაცვლად 2018 წლის პირველი იანვრისა, 2019 წლის პირველი იანვრიდან მომხდარიყო, თუმცა ახლა 2018 წლის სექტემბერი ითქვა. ეროვნული ბანკის მხრიდან ასეთი საქციელი ჩემი აზრით, თამაშს ჰგავს. რეალურად ბაზარს ადაპტირებისთვის გაცილებით მეტი დრო სჭირდება. შეიძლება კანონმდებლებისთვის ეს ვადა დრამატული არ იყოს, მაგრამ მიკროსაფინანსოებისთვის მნიშვნელოვანი პერიოდია. წელიწადნახევარი კი საკმარისი დრო იქნებოდა უმრავლესობისთვის იმისთვის, რომ თავის ბიზნეს მოდელი ახალი რეგულაციისთვის გადაეწყოთ“, - აღნიშნა „კომერსანტთან“ კორინთელმა.
გივი კორინთელის ვარაუდით, იმ შემთხვევაში, თუ საწესდებო კაპიტალის გაზრდა 2018 წლის სექტემბრიდან მოხდება, ბაზარზე მყოფი მიკროსაფინანსოებიდან 70-80% დარჩენას ვერ შეძლებს, ხოლო თუ ვადა 2019 წლამდე გადაიწევა, ორგანიზაციების დაახლოებით 20%-ის გარდა, ბაზარზე ყველა დარჩება. ამიტომაც არის საჭირო, ვადის 2019 წლამდე გადაწევა.
„მიკროსაფინანსოები ჩვეულებრივად არამიკროსაფინანსო ორგანიზაციებად ჩამოყალიბდებიან და საქმიანობას ასე გააგრძელებენ. მათ მიმართ ეროვნული ბანკის მხრიდან კონტროლი ნაკლები იქნება ან საერთოდ არ იქნება. არასაბანკო ფინანსური ბაზარი კი ორად გაიყოფა, ერთი იქნება რეგულირებული, მეორე - არარეგულირებული. თუ ასე მოხდა, კლიენტის უსაფრთხოება, მათი უფლებების დაცვა და ბევრი სხვა მნიშვნელოვანი ნორმა საერთოდ უნდა დავივიწყოთ“, - განაცხადა კორინთელი.
მიუხედავად ამისა, ეროვნული ბანკი უკან დახევას არ აპირებს. როგორც სებ-ის პრეზიდენტი აცხადებს, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის ახალი რეგულაციების დაწესების თარიღი არ შეიცვლება.
„ის რომ, არასაბანკო საფინანსო სექტორს რეგულირება სჭირდება, ეს ადრეც განვაცხადეთ. დღესაც ვფიქრობ, რომ ეს აუცილებლად უნდა გაკეთდეს, რათა საქართველოში სტაბილური ფინანსური სექტორი შევინარჩუნოთ.
რაც შეეხება კონკრეტულად ამ საკითხს. როდესაც ეროვნული ბანკი რეგულაციაში რამე ცვლილებას ახორციელებს, ეს ყოველთვის ხდება სექტორთან კონსულტაციის საფუძველზე, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეროვნული ბანკი გააკეთებს ზუსტად იმას, რასაც სექტორი უკარნახებს. რა თქმა უნდა, ყოველთვის მოვუსმენთ მათ, გავითვალისწინებთ მათ მიერ დასმულ საკითხებს, მაგრამ მივიღებთ იმ გადაწყვეტილებას, რომელსაც ჩვენ ვფიქრობთ, რომ აუცილებელია დღეისათვის“, - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, ეროვნულ ბანკს მოთხოვნა ჰქონდა, რომ საწესდებო კაპიტალი უნდა გაზრდილიყო უფრო ადრე, მაგრამ გარკვეულწილად გაითვალისწინეს ის მოთხოვნები, რაც მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს ჰქონდათ.
„რაც არის დღეს შემოთავაზებული, აღარ შეიცვლება. გარდა ამისა, ამ საკითხზე საუბარი საკმაოდ ადრე დავიწყეთ. ორგანიზაციებს ჰქონდათ და ახლაც აქვთ საშუალება, რათა დაიწყონ ზრუნვა კაპიტალის შევსებაზე და შემდგომ გაზრდაზე. ჩვენი მიზანი არის, რომ ქვეყანაში შევინარჩუნოთ ფინანსური სტაბილურობა. ჩვენ გვინდა, რომ ეს სექტორი გავხადოთ ისეთი გამჭვირვალე და ინვესტორებისთვის მიზიდველი, როგორიც არის საბანკო სექტორი“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ.