საჯარიმო ხრიკები „სითი პარკის“ შესრულებით

საჯარიმო ხრიკები „სითი პარკის“ შესრულებით

მიუხედავად იმისა, რომ წინასაარჩევნოდ „სითი პარკს“ მერობის ყველა კანდიდატი ემუქრებოდა, კომპანიას ეს არაფრად ჩაუგდია და კიდევ უფრო გააგრძელა თავისი აგრესიული საქმიანობა. ბოლო თვეებში მოქალაქეებს საჯარიმო ქვითარი მანქანის საქარე მინაზე ხვდებათ და მათ ვერ გაურკვევიათ ჯარიმა აუცილებლად უნდა გადაიხადონ, თუ ეს „სითი პარკის“ თავისებური ხრიკია.

როგორც ჩანს, კომპანია არად აგდებს არც კანონს და არც მის წინააღმდეგ დარაზმულ პოლიტიკოსებს. თბილისის ახლად არჩეული გუნდის წევრებიც დაუფარავად აცხადებენ, რომ პარკირებაზე პასუხისმგებელი კომპანია ხელშეკრულებას არღვევს და ერთ-ერთი ზომა, რომელიც შეიძლება მერიამ გაატაროს, ეს არის ხელშეკრულების გაუქმება.

სანამ ქალაქის ახალი ხელმძღვანელობა „სითი პარკს“ შეუტევდეს, მანამდე კომპანია ყველანაირი მეთოდით ცდილობს კანონსაწინააღმდეგოდ იმოქმედოს. ერთ-ეთრი ასეთი ფორმაა ავტომობილის საქარე მინაზე ჯარიმის ქვითრის დატოვება.  მძღოლებისთვის ხშირად გაუგებარია ითვლება თუ არა მანქანის შუშაზე განთავსებული „სითი-პარკის“ ჯარიმა მათთვის ჩაბარებულად.

ჩაბარების წესს კი დიდი მნიშვნელობა ენიჭება, რადგან სამართალდამრღვევს ჯარიმის გადახდის ვალდებულება სწორედ ჩაბარების მომენტიდან ეკისრება და იმ შემთხვევაში, თუ მძღოლი ჯარიმას 30 დღის ვადაში არ გადაიხდის, საურავი დაერიცხება.  შესაბამისად, ჩაბარების მომენტის ზუსტად განსაზღვრა ჯარიმის ადრესატისთვის ქონებრივ შედეგებს იწვევს.

საადვოკატო ბიურო მოქალაქეებს განმარტებას აძლევს თუ რა შემთხვევაში ითვლება „სითი პარკის“ ჯარიმა ჩაბარებულად. წესით და რიგით, ჯარიმის ჩაბარებას ახორციელებს არა უშუალოდ „სითი-პარკი“, არამედ ფოსტის უფლებამოსილი თანამშრომელი.

„აღსანიშნავია, რომ ჯარიმის განთავსება მხოლოდ ავტომობილის საქარე მინაზე კანონით დადგენილი წესით ჩაბარებად არ ითვლება და ქონებრივ პასუხისმგებლობას არ წარმოშობს. ამასთან, ჯარიმა ჩაბარებულად ითვლება მხოლოდ დამრღვევთან მუდმივად მცხოვრები ოჯახის წევრისათვის ჩაბარების შემთხვევაში, ამდენად თუ ფოსტის თანამშრომელი დოკუმენტს აბარებს თქვენს მეზობელს ან ფართში დროებით მყოფ პირს, ჯარიმაზე დარიცხული საურავის გაუქმების მიზნით შეგიძლიათ მიმართოს გასაჩივრების პროცედურებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ასეთი განუკითხაობის გამო, თბილისელების პირდაპირი მოთხოვნაა, რომ „სითი პარკი“ ჩამოშორდეს დედაქალაქის პარკირების სისტემას. რა თქმა უნდა, ასეთი პრეტენზიით ისინი ახალ მერს და მის გუნდს მიმართავენ. აპირებს თუ არა მუნიციპალიტეტის მომავალი ხელმძღვანელობა ამ კონტრაქტის გაუქმებას, ეს ბოლომდე გადაწყვეტილი არ არის, თუმცა, ამ საკითხზე მერია ნამდვილად იმუშავებს.

თბილისის მერის არჩევნებში პირველ ადგილზე გასული კანდიდატის - კახა კალაძის გუნდის წევრ ირაკლი ხმალაძის განცხადებით, „სითი პარკი“ მერიასთან გაფორმებულ ხელშეკრულებას არღვევს.

„ჩვენი მოსაზრებები წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებშიც გავაჟღერეთ, თუმცა უკვე მოგვიწევს სამართლებრივად პროცესების მართვა. ჩემი სამართლებრივი ანალიზით, ეს კომპანია ხელშეკრულებას არღვევს და დარღვევაზე ერთ-ერთი ზომა, რომელიც შეიძლება მერიამ გაატაროს, ეს არის ხელშეკრულების გაუქმება, როდესაც შევუდგებით ამ უფლებამოსილების განხორციელებას, შემდეგ უფრო ზუსტად გავაკეთებთ ამაზე კომენტარს“, - განუცხადა „საქმის კურსს“ ხმალაძემ.

შეგახსენებთ, რომ მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, თუ მერია კონტრაქტს გაწყვეტს, „სითი პარკისთვის“ 25 მილიონი ლარის გადახდა მოუწევს. მოქმედი ხელშეკრულება 2025 წლამდეა ძალაში.