თხილის ბიზნესი ფსკერზე დავიდა, პრობლემა აქვს დაფნასაც

თხილის ბიზნესი ფსკერზე დავიდა, პრობლემა აქვს დაფნასაც

თხილი წამყვანი საექსპორტო პროდუქტების სიიდან ამოვარდა. სხვადასხვაგვარმა დაავადებამ მეურნეობის და ბიზნესის ეს მიმართულება ფსკერზე დაიყვანა. სხვათა შორის, იგივე ემუქრება ციტრუსსაც და დაფნასაც, რომლის მოშენება და წარმოება ბოლო დროს ისევ პოპულარული გახდა.

ქართული თხილის ექსპორტი შემცირდა, შესაბამისად, შემცირდა ამ პროდუქტის წილი მთლიან ექსპორტში. 2017 წლის იანვარ-სექტემბერში უცხეთის ბაზრებზე სულ 50,5 მლნ დოლარის თხილი გავიდა, 2016 წლის ანალოგიურ პერიოდში კი ეს მაჩვენებელი 116,6 მლნ დოლარს აჭარბებდა. მიუხედავად ამისა, თხილი კვლავ ინარჩუნებს წამყვან საექსპორტო ათეულში ბოლო ადგილს, თუმცა შარშანდელი 7,7%-ის ნაცვლად მისი წილი ექსპორტში მხოლოდ 2,6%-ით განისაზღვრა და მკვეთრად არის შემცირებული.

ექსპორტის შემცირების მიზეზი, სავარაუდოდ, უხარისხო მოსავალია. სპეციალისტები ფერმერებს მომავალ წელს თხილის ხარისხიანი მოსავლის მისაღებად ურჩევენ, გარკვეული ღონისძიებების გატარება შემოდგომიდანვე დაიწყონ.

როგორც სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის კვლევის დეპარტამენტის უფროსმა ზურაბ ხიდეშელმა განაცხადა, მათი რეკომენდაციაა, გვიანი შემოდგომის პერიოდში თხილის ბაღები დაზიანებული ტოტებისგან გაათავისუფლონ და სპეციალური პრეპარატით შეწამლონ.

„რეკომენდაციები მდგომარეობს იმაში, რომ ფიტოსანიტარული ღონისძიებები გატარდეს - მცენარის გასხვლა, დაზიანებული კვირტებისგან გათავისუფლება მოხდეს. აღსანიშნავია, რომ სოკოვან და ბაქტერიულ დაავადებებსაც შეუძლია თხილის გულის დაზიანება. ორივე დაავადების წინააღმდეგ გამოიყენება ერთი და იგივე, ამ შემთხვევაში სპილენძის შემცველი პრეპარატი. ფერმერებს ვურჩევთ, რომ ამ საერთო პრეპარატებით ახლავე ებრძოლონ დაავადებებს“, - განაცხადა ხიდეშელმა.

მისივე თქმით, ბოლო ორი წლის განმავლობაში, თხილის როგორც ხარისხობრივი, ასევე რაოდენობრივი მაჩვენებლის მკვეთრი ვარდნა მხოლოდ ფაროსანას ბრალი არ არის და ეს უპირველეს ყოვლისა, სხვადასხა დაავადებით, განსაკუთრებით კი, სოკოვანი და ბაქტერიული დაავადებებითაა განპირობებული.

დასავლეთ საქართველოს დამაქცევარმა მწერმა შეიძლება ისეთ საქმიანობასაც შეუშალოს ხელი როგორცი დაფნის ექსპორტია. მიუხედავად იმისა, ფაროსანა დაფნას არ ჭამს, ექსპორტიორებს მაინც დიდ თავსატეხს უჩენს. კომპანია „აგროლენდის“ დირექტორი გიორგი ნადარაია აცხადებს, რომ მავნებელი დაფნაში იბუდებს, რაც ფოთლის დამუშავებას ხელს უშლის.

„ფაროსანა დაფნას არ ჭამს, თუმცა ზამთარში იბუდებს და ბუჩქებში იზამთრებს. როდესაც კომპანია დაფნას გლეხებისგან იბარებს, ექსპორტის დროს თუ ფოთოლს სხვა ქვეყანაში მავნებელი გაჰყვა, იქაური ფიტოსამსახური სერიოზულ პრობლემას ქმნის. შეიძლება პროდუქცია უკან არ გამოაბრუნონ, თუმცა მის დამუშავებას აუცილებლად მოითხოვენ. ეს კი ჩვენნაირი კომპანიებისთვის ხარჯიანი იქნება“, - განაცხადა ნადარაიამ და აღნიშნა, რომ თუ მავნებელთან დაკავშირებული პრობლემა არ მოგვარდა, შემცირდება საექსპორტო პოტენციალი.

შპს „ლაურუსის“ ხელმძღვანელი ივანე ჯალაღონიაც ადასტურებს, რომ მავნებელი არ ერჩის დაფნას, თუმცა დასაწყობების დროს მასში იბუდებს და ექსპორტზე გატანის დროს, შესაძლოა, პრობლემა შექმნას.

სურსათის ეროვნული სამსახურის უფროსის მოადგილე ზურაბ ლიპარტია „კომერსანტთან“ აცხადებს, რომ სააგენტო მხოლოდ რეკომენდაციით შემოფარგლება და ამ შემთხვევაში დაფნის შემოწმება თავად მეწარმემ უნდა განახორციელოს.

„ტვირთის ფორმირებისას ჩვენი ინსპექტორები ამოწმებენ და სერტიფიკატს გასცემენ, თუმცა დაფნა ფიტოსანიტარული თვალსაზრისით დაბალი რისკის პროდუქციაა. ხმელ დაფნაზე სერტიფიკატი არ მოითხოვენა, დსთ-ს ქვეყნები არც ითხოვენ, თუმცა შეიძლება ფაროსანა სატრანსპორტო საშუალებას გაჰყვეს. ამიტომ ჩატვირთვის დროს ძალიან ფრთხილად უნდა იყვნენ“, - აცხადებს ლიპარტია.