თბილისის შემოგარენში უძრავ ქონებაზე მოთხოვნა იზრდება - „დამკვეთები ხშირად აცხადებენ, რომ თბილისში ცხოვრება შეუძლებელია“

თბილისის შემოგარენში უძრავ ქონებაზე მოთხოვნა იზრდება - „დამკვეთები ხშირად აცხადებენ, რომ თბილისში ცხოვრება შეუძლებელია“

გადატვირთული მოძრაობის, დაბინძურებული ჰაერისა და ეკოლოგიური პრობლემების გამო, მოსახლეობის გარკვეული ნაწილი საცხოვრებლად ქალაქგარეთ გადადის. შესაბამისად, თბილისთან ახლოს მდებარე სოფლებში უძრავ ქონებაზე მოთხოვნაც გაიზარდა. როგორც „კომერსანტთან“ საუბრისას უძრავი ქონების სააგენტოების წარმომადგენლები აცხადებენ, თბილისის შემოგარენში სახლის და მიწის ნაკვეთის შეძენის მსურველთა რაოდენობამ ერთ წელიწადში საშუალოდ 5–დან 30%–მდე მოიმატა.  რეალტორების  ნაწილი აცხადებს, რომ პოპულარულ მიმართულებებს შორისაა – კოჯორი, საგურამო, ზემო წყნეთი, ბაზალეთი, ნატახტარი, ცვხარიჭამია, არაგვისპირი, წავკისი და ტაბახმელა. მზარდ მოთხოვნას უძრავი ქონების სპეციალისტები რამდენიმე ფაქტორით ხსნიან, მათ შორის, ყველაზე მნიშვნელოვნად  ეკოლოგიურ მდგომარეობას ასახელებენ.

„თბილისის შემოგარენში სახლისა და მიწის შეძენის მსურველთა რაოდენობამ შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2017 წელს 5-7%-ით იმატა. ჩემი კომპანიის შემთხვევაში ხშირია მოთხოვნა: საგურამოზე, ზემო წყნეთზე და წავკისზე. ეს ტერიტორიები საცხოვრებლად აბსოლუტურად მოწესრიგებულია და ის თბილისთან ახლოსაა. მთავარი მიზეზი კი, როს გამოც მოსახლეობა საცხოვრებელ ადგილად თბილისის შემოგარენს ირჩევს, ეკოლოგიური მდგომარეობაა. თბილისში სუნთქვა პრაქტიკულად, შეუძლებელია“, - განმარტა უძრავი ქონების საგენტო „სიგმას“ დირექტორმა ზურაბ ლაჩაშვილმა.

მყიდველთა რაოდენობის ზრდაზე საუბრობს „ჯეო რეალთის“ დამფუძნებელი მაია გამზარდიაც. მისი თქმით, განსაკუთრებულად მოთხოვნადია კოჯორი, საგურამო, ცხვარიჭამია, წავკისი და ტაბახმელა. გამზარდიას თქმით, ეს პროცესი დედაქალაქში დაბინძურებულმა გარემომ გამოიწვია.   

„ჩვენი დამკვეთები ხშირად აცხადებენ, რომ თბილისში ცხოვრება და სუნთქვა შეუძლებელია. ეკოლოგიის თვალსაზრისით ჰაერი წარმოუდგენლად დაბინძურებულია“, - განმარტავს „ჯეო რეალთის“ დამფუძნებელი მაია გამზარდია.

Myhome.ge-ში აცხადებენ, რომ ქალაქის შემოგარენში უძრავ ქონებაზე როგორც ყიდვის, ასევე გაყიდვის მოთხოვნა ერთი წლის განმავლობაში 30%-ზე მეტით გაიზარდა. ძირითადად პოპულარულია – ბაზალეთი, ნატახტარი, მისაქციელი, არაგვისპირი და ცხვარიჭამია.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, მოქალაქეები დედაქალაქის გარეთ ცხოვრებას თბილისში არსებული მძიმე ეკოლოგიური მდგომარეობის გამო არჩევენ. დაბინძურებული ჰაერი კი პრობლემაა არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მსოფლიოსთვისაც. მაგალითად, ინგლისურ სამეცნიერო ჟურნალ Lancet-ის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2015 წელს ჰაერისა და წყლის დაბინძურების გამო, მსოფლიოში ცხრა მილიონი ადამიანი გარდაიცვალა. ჯანდაცვისა და გამონაბოლქვის საკითხებზე კომისიის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მსოფლიოში სიკვდილის ყოველი ექვსი შემთხვევიდან ერთი გამონაბოლქვს უკავშირდება.

რამდენი ადამიანი იღუპება საქართველოში დაბინძურებული ჰაერის გამო, ამის ზუსტი სტატისტიკა არ არსებობს. თუმცა ისეთი დაავადებების რიცხვი, რომელთა მაპროვოცირებელი სწორედ დაბინძურებული ჰაერია, მნიშვნელოვნად არის გაზრდილი. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2016 წელს პირველადი დადგენილი დიაგნოზით  სისხლისა და სისხლბადი ორგანოების ავადმყოფობები 2012 წელთან შედარებით 3,9 ათასი შემთხვევით გაიზარდა. (18,5 ათასი–დან 22,4 ათასამდე). ასევე მოიმატა სისხლის მიმოქცევის სისტემის ავადმყოფობებმა – 2012 წელს – 133.4 ათასი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო 2016 წელს – 191 ათასი. სუნთქვის ორგანოთა ავადობის მაჩვენებელი კი 521.9 ათასიდან 744,7 ათასამდე გაიზარდა.

საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ავტომობილების გამონაბოლქვი, ემისიებისა და ნახშირორჟანგის, ასევე აზოტის ჟანგეულები, გოგირდის ორჟანგი, ჭვარტლი, ბენზოპირენი და ჰაერში შეწონილი წვრილდისპერსიული მყარი ნაწილაკების დიდი რაოდენობით გამოყოფა, გავლენას არა მარტო ჰაერის დაბინძურებაზე ახდენს, არამედ მკვეთრად აუარესებს ადამიანის ჯანმრთელობას. მათივე ინფორმაციით, ზრდის გულსისხლძარღვთა და რესპირატორულ დაავადებათა რისკს, მწვავდება ალერგიული ფონი და ფილტვის კიბოს განვითარების ალბათობა.

სხვადასხვა არასამთავრობო სექტორის მიერ ჩატარებული კვლევების მიხედვით, საქართველოში ჰაერის დაბინძურების 72% ავტომობილებზე მოდის. იმისათვის, რომ ეს მაჩვენებელი შემცირდეს, საჭიროა მანქანებზე ტექდათვალიერების ამოქმედება, რომელიც 2018 წლის პირველი იანვრიდან დაიწყება.  ასევე აუცილებელია მწვანე ნარგავებით თბილისის, განსაკუთრებით კი ცენტრალური უბნების განაშენიანება და გზების ხარისხის მოწესრიგება. ამასთან, დედაქალაქში ჰაერის დაბინძურების დონის შემცირებას ხელს შეწყობს საცხოვრებელი კომპლექსების ქალაქგარეთ გატანა, ასეთი გამოცდილება ევროპაში უკვე არსებობს და მისი ქართულ რეალობაში გადმოტანა, ურიგო ნამდვილად არ იქნებოდა.