[ნანა მაისაშვილი]
გიგი უგულავა წინასაარჩევნო მარათონში ჩაება. ხალხს, თურმე, სააკაშვილზე უკეთესი პრეზიდენტი უნდა - უფრო მაღალხარისხიანი და უფრო რეფორმატორი და, შესაძლოა - უფრო ახალგაზრდაც და ნაკლებად თავქარიანიც.
თავის მხრივ, 2011 წლის მაისში უკრაინულ ტელეარხისთვის – „1+1“ მიცემულ ინტერვიუში, სააკაშვილმა, როდესაც მას ჰკითხეს, აპირებდა თუ არა პრემიერობას მისი ბოლო საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ, განაცხადა: „მე ამაზე არაფერს ვიტყვი, რადგან არ მსურს, ბოლო საპრეზიდენტო ვადაში მყოფი „კოჭლი იხვი“ ვიყო“.
კონსტიტუციის ცვლილებების თანახმად, „სუსტი პრეზიდენტი“ და „ძლიერი პრემიერი“ მხოლოდ 2013 წლის ოქტომბერში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ გვეყოლება. მანამდე კი, პარლამენტი და პრემიერი კონსტიტუციითაც სუსტია და არც ისე ეკითხება ვინმე რამეს.
მიშა საკუთარ ჩრდილსაც არ ენდობა და მართალიც არის. ოქრუაშვილმა ხომ უღალატა და გიგის, ზურას, ვანოს, გიგას რატომ უნდა ენდოს? „ჩვენ ერთი გუნდი ვართ“ - დღესაც პოპულარული სიმღერაა ნაცებში და, რაც მეტად მოახლოვდება არჩევნები, ჟღერადობაში გატეხილი ნოტებიც მოემატება.
დღეს ნაცმოძრაობა მთლიანად სააკაშვილის პოპულარობაზე დგას. სააკაშვილი დღეს ყველაზე გავლენიანი ნაციონალია, მაგრამ რა იქნება ხვალ? და რატომ უნდა დაელოდოს მიშა „ხვალ“-ს? რატომ დაელოდოს 2012-2013 წლებს? რა იცი, რა ხდება? ბარემ, ახლავე გავარკვიოთ ყველაფერი, დავალაგოთ ურთიერთობები. ინიციატივის აღება და დროის მოგება მას ყველაზე უკეთ გამოსდის.
„არაფერი არ არის გამორიცხული“, - აცხადებს პრესაგე.ტვ-სთან საუბრისას ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი.
- არაფერი არ არის გამორიცხული, ლოდინი არ ჭირდებათ, სააკაშვილის ვალდებულებების გამო ქვეყნის შიგნით და გარეთ მას აგვიანდება. მან უკვე მოირგო ქუთაისური პარლამენტი და მოსალოდნელია იგი გახდეს ნაციონალური მოძრაობის პირველი ნომერი საპარლამენტო არჩევნებში, უკეთ მოარგოს კონსტიტუცია პარლამენტს. ერთხელ პარლამენტში სააკაშვილმა თქვა: „ახალი პარლამენტი ის არ იქნება, რაც დღევანდელია - მთავრობა ყოველ კვირაში მობრძანდება ანგარიშის ჩასაბარებლად“. არა მგონია, ეს პრემიერ-მინისტრ სააკაშვილს გულისხმობდეს. მას წინასწარ წამოსცდა - პარლამენტის თავმჯდომარე იქნება ძლევამოსილი. მასზე ძლევამოსილი კი ნაციონალებს არავინ ყავთ.
გამოქვეყნდა კარნეგის ცენტრის დასკვნა, სადაც სააკაშვილი აჭარის მმართველადაა მოაზრებული, პრემიერ-მინისტრად - ვანო მერაბიშვილი, პრეზიდენტად - ვარშალომიძე.
- გამორიცხული არაფერია, მაგრამ სააკაშვილი პრეზიდენტიცაა და აჭარის ხელმძღვანელიც. სად იგრძნობს იგი თავს მშვიდად? სადაც დაუღამდება - იქ.
გიგი უგულავა სად შეიძლება მოვიაზროთ.
- გიგი უგულავა იქნება იქ, სადაც ეტყვიან აქ მოგიაზრეთო. იგი ჯერ სათანადოდ არ არის მოძლიერებული. დამოუკიდებელი თამაში იწყება მაშინ, როცა თანამოაზრეების აზრი იყოფა. ამ შემთხვევაში უკვე დიდი ხანია თანამოაზრეები თანამზრახველებმა შეცვალეს. თანამზრახველები ერთმანეთს ადვილად ვერ გაეცლებიან, თანამზრახველებს შორის თამაშის სხვა წესებია.
ჟვანიას ყოფილი გუნდი ასეთ სიტუაციაში ვისზე იმუშავებს?
- საკუთარ თავზე, გადარჩენაზე, რაც მათ ეხერხებათ. ამიტომ, ამ ადამიანებისგან პრინციპულობის კიდევ უფრო დაბალი ხარისხის მოსმწრენი გავხდებით. ყველაზე მეტი ასაღელვებელი მათ აქვთ და ამიტომ, ყველაზე ნაკლებინფორმატიულ ინტერვიუებს სწორედ ისინი მოგცემენ ჟურნალისტებს, იმის შიშით, რომ ვაითუ ვერ გამოიცნონ თუ ვინ იქნება მათი თავშესაფარისთვის საუკეთესო. ვინც არ უნდა მოვიდეს ხელისუფლებაში, მას მთავარი მეხოტბეები სწორედ ამ გუნდიდან ეყოლება.
ბენდუქიძე-ბოკერიას სამომავლო პარტიაზეც საუბრობენ...
- არც ერთ გაერთიანებაში არ გამორიცხოთ სააკაშვილი, რადგან ეს იქნება კოლექტიური შეთანხმების შედეგი, კრილოვის იგავ-არაკისა არ იყოს - მეგობრებო, როგორც არ უნდა მოიწადინოთ, მუსიკოსებად მაინც არ გამოდგებით.
პოლიტიკური სპექტრი აჭრელებულია. ამ საქმეში სჭირდება სააკაშვილს ოპოზიციური სპექტრი?
- არ ვარ დარწმუნებული, რომ სააკაშვილს სჭირდება ოპოზიციური სპექტრი. ისინი თავად აირევიან და ერთმანეთში ომობანას ითამაშებენ.
ანუ, არჩევნები, რომლის დანიშვნას ოპოზიციის ერთი ნაწილი ითხოვს, ოქტომბერში დაინიშნება...
- ნაციონალები მაჟორიტარულ ოლქებსაც შეინარჩუნებენ, გააკეთებენ განცხადებას, რომელიც ინგლისურად ნათარგმნი სულ სხვაგვარად მოესალბუნება დასავლეთის ლიდერთა სმენას, ხოლო ქართულ რეალობაში სხვაგვარად გაჟღერდება. ამიტომ წარმოუდგენელია, რომ ვიქონიოთ რაიმე წინსვლა საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით, როგორც ამაზე საუბრობს „რვიანი“. სინამდვილეში შეიძლება იყოს მხოლოდ ფასადური წინსვლა მხოლოდ სააჩევნო კანონმდებლობაში, რაც არის აუცილებელი, მაგრამ - მიუღწევადი.