„აზიურმა ფაროსანამ“ თხილის შემდეგ ციტურის 50-60 პროცენტამდე მოსავალი უკვე გაანადგურა“-ამის შესახებ ფერმერები „კომერსანტთან“ საუბრისას აცხადებენ. ,,ციტრუსი პლიუსის” დირექტორი, ვლადიმერ ლომაძე განმარტავს, რომ ოზურგეთის რაიონი სოფელ შრომაში კოოპერატივის საკუთრებაში 5 ჰექტარი მანდარინის და ფორთოხლის პლანტაციებია. ფერმერი აცხადებს, რომ აზიურმა ფაროსანამ თხილის შემდეგ ახლა უკვე ციტრუსიც დააზიანა.
მისი თქმით, ქართული მანდარინი და ფორთოხალი თურქულს ისედაც რთულად უწევდა კონკურენციას და ახლა საქმე კიდევ უფრო რთულად იქნება. როგორც ლომაძე აცხადებს, პროდუქციის ექსპორტს ახორციელებენ დსთ-ს ქვეყნებში, თუმცა წელს საექსპორტო პოტენციალი შემცირებულია. მისი განცხადებით, მოსავლის აღება 5 -10 ნოემბრიდან დაიწყება.
ქობულეთის სოფელ ხუცუბანში არსებული კომპანია „ავანგარდის“ გამგეობის თავმჯდომარე, თამაზ თხილაიშვილი განმარტავს, რომ აზიური ფაროსანა უკვე ციტრუსსაც აზიანებს. მისი მტკიცებით, არის შემთხვევები, როდესაც დაზიანებული მანდარინი ხეებიდან ცვივა.
„მთელი ერთი თვე წვიმები იყო, სიცივეში მავნებელი ვერ გამოდის, დამალულები არიან, როგორც კი ამინდები გამოვა, არვიცი რა იქნება. წინასწარი შედეგების განსაზღვრა ძალიან ძნელია“-აცხადებს თხილაიშვილი.
მისი თქმით, თუ აზიური ფაროსანა კიდევ გავრცელდა და პრობლემა ვერ აღმოიფხვრა, ციტრუსი უკვე გასაყიდად ვარგისი არ იქნება და ფერმერები დიდი ზარალის წინაშე დადგებიან.
კომპანია Agro Solutions Georgia-ს ხელმღვანელი ირაკლი ჩიქავა განმარტავს, რომ აზიური ფაროსანას შედეგად ზარალი დიდი და შესამჩნევი იქნება. „სამწუხაროდ, ეს მავნებელი ყველა კულტურას ერჩის, იქნება ეს თხილი, ციტრუსი თუ სხვა რამ“-აცხადებს ჩიქავა.
რაც შეეხება იმას, თუ რამდენად ადექვატურად და სწრაფად მოხდა სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ რეაგირება და ღონისძიებების დაწყება, ჩიქავა განმარტავს, რომ დღესდღეობით უწყება უკვე გადავიდა ფაროსანასთან ბრძოლის აქტიურ რეჟიმში, ხოლო რამდენად ეფექტური იქნება, ამას დრო გვიჩვენებს.
„ეს ახალი მავნებელია საქართველოსთვის, შესაბამისად, მისი პოტენციალის და მასთან ბრძოლის ყველაზე ეფექტური გზები ჯერჯერობით არ ვიცით“-აცხადებს ჩიქავა.
ამასთან, ჩიქავას თქმით, აზიური ფაროსანა საქართველოში მოხვდა სოჭის ოლიმპიადის შემდეგ, როდესაც მოხდა ჩინური კონტეინერების შეტანა. მისი თქმით, ეს არის ყველაზე ლოგიკური ბმა, თუ როგორ უნდა მოხვედრილიყო საქართველოში აზიური მწერი.
„მარშრუტი არის აფხაზეთის გავლით დასავლეთ საქართველო, სამეგრელო, ახლა უკვე გურია და თუ მასთან დროული გამკლავება არ მოხდა, რისკის ქვეშ დგება აღმოსავლეთ საქართველოც“-აცხადებს ჩიქავა.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მიზნით, 230 ათას ოჯახს პრეპარატები გადაეცემა. მავნებლის საწინააღმდეგო პრეპარატების დარიგების პროცესი მიმდინარეობს სამეგრელოს, გურიის, იმერეთის, აჭარის იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც მავნებელია გავრცელებული. ერთ ოჯახს ერთი ლიტრი პრეპარატი, ფერომონი (მავნებლის მოსაზიდი ხაფანგი), მათი გამოყენების ინსტრუქცია და საინფორმაციო მასალები გადაეცემა.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სამეგრელოს, გურიის, იმერეთის და აჭარის მუნიციპალიტეტებს გადასცა პრეპარატები; სამეგრელოს რეგიონი -116 000; გურია - 50 670; იმერეთი - 38 838; აჭარა - 13 000. პრეპარატების გადაცემას ადგილობრივი მუნიციპალიტეტები უზრუნველყოფენ.
სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დაცვის დეპარტამენტის უფროსმა ნიკოლოზ მესხის ინფორმაციით კი, აზიურ ფაროსანასთან საბრძოლველად წელს 15 მილიონ ლარამდე დაიხარჯა. ნიკოლოზ მესხის თქმით, აღნიშნული თანხა შესაწამლი პესტიციდების, ზურგსაკიდი შემასხურებელი აგრეგატების შეძენას დასჭირდა.
ნიკოლოზ მესხმა აღნიშნა, რომ ამ მომენტისათვის აზიური ფაროსანა უკვე გამოსაზამთრებლად თბილ ადგილებში იწყებს გადასვლას. მისივე თქმით, ღონისძიებების გატარება გაზაფხულიდან გაგრძელდება, როდესაც ფაროსანა გამრავლებისა და კვებისათვის მწვანე მცენარეებზე ისევ გადაინაცვლებს.
„მავნებელი თავისი ბიოლოგიიდან გამომდინარე ახლა უკვე გამოსაზამთრებელ ადგილებში შედის და სამალავისკენ მიიწევს, რაც ადამიანისათვის შესაძლოა, შეუმჩნეველი იყოს, შეუძლებელი იყოს მისი პოვნა, მაგრამ გაზაფხულზე, როდესაც გადაადგილდება, ამ დროს მექანიკური ღონისძიებების განხორციელებას უფრო მაღალი ეფექტი აქვს.
გაზაფხულზე, როდესაც ჰაერის ტემპერატურა 15 გრადუსს გადააჭარბებს, ეტაპობრივად იწყება მათი გამოსვლა. ფაროსანა გადაადგილდება სხვადასხვა მწვანე მცენარეებზე, სადაც კვებას, გამრავლებას იწყებს და მთელი სეზონის განმავლობაში მავნებლობს. ზუსტად ამ დროისთვის ჩვენ ძალიან აქტიურად ვიქნებით ჩართულები მომავალი წლის პროგრამისთვის, რათა მავნებლის რიცხოვნობა მინიმალურამდე დავიყვანოთ. თუმცა მხოლოდ ჩვენი სააგენტო ამ ღონისძიებების მასშტაბებს ვერ გაწვდება. სხვა უწყებების, ასევე თითოეული ფერმერის ჩართულობაა საჭირო, რათა გვქონდეს ისეთი შედეგი, როგორც ამ მავნებლის წინააღმდეგ ბრძოლაში სხვა ქვეყნებს ჰქონდათ“, – განაცხადა ნიკოლოზ მესხმა.
მისივე თქმით, დასავლეთ საქართველოს ოთხ რეგიონში 110 000 ჰექტარი ფართობი შეიწამლა.როგორც ნიკოლოზ მესხმა აღნიშნა, აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონებში სპეციალისტების მიერ აზიური ფაროსანა აღმოჩენილი არ არის, თუმცა ფერმერებისა და მოსახლეობის ინფორმირება უკვე იქაც მიმდინარეობს.