აპრობირებული მეთოდია. კორუფციულ გარიგებებში შემჩნეულები ან სამართალდამცავ ორგანოებთან შესაძლო პრობლემების მქონენი ხშირად პოლიტიკაში მიდიან. ბევრი მაგალითის მოყვანა შეიძლება. მგონი, პიონერი ფრიდონ ინჯია იყო. თუმცა, თამამი დასკვნები ჯობია, არ გავაკეთოთ.
ახლა სხვა ისტორია უნდა მოგიყვეთ, უბრალოდ, ეს ისტორია ძალიან ჰგავს სხვა კორუმპირებული ჩინოვნიკებისას. კოტე შარაშენიძე ოზურგეთის გამგებელი იყო. და როგორც ყველა გამგებლის, რა თქმა უნდა, მისი საქმიანობაც აუდიტმა შეამოწმა. ხარვეზებიც იპოვა და სერიოზული დარღვევებიც. სავარაუდოდ, სწორედ ამ სკანდალური დასკვნის შემდეგ გადაწყვიტა მან არჩევნებში მონაწილეობა და საკუთარი კანდიდატურა მერად წამოაყენა.
„ქართულმა ოცნებამ“ ის პარტიიდან გარიცხა. ოზურგეთში მმართველ პოლიტიკურ ძალას ახალი კანდიდატურა ჰყავს. ბეგლარ სიორიძე მოქმედი მერია. საარჩევნო რინგზე მას, სოციალური კვლევების მიხედვით, კონკურენტი არ ჰყავს.
შარაშენიძე რინგზე ჯერჯერობით მხოლოდ ხმაურს იწვევს. ერთგვარი ინტრიგაა, როცა „ქართული ოცნების“ კანდიდატს კონკურენციას ამ პარტიის ყოფილი წევრი უწევს. კოტე რინგზე დამოუკიდებელ კანდიდატად ავიდა.
მედია კი საარჩევნოდ, როგორც წესი, თავის ჩვეულ ამპლუაშია. საარჩევნო მარათონზე „ქართული ოცნებიდან“ გარიცხულმა გამგებელმა, რა თქმა უნდა, ყველა მედიასაშუალების ყურადღება მიიპყრო.
მაშინვე დაიწყეს დოკუმენტების ძებნა. და მაინც, რა ფინანსური დარღვევები ჰქონდა ბატონ შარაშენიძეს ასეთი, რომ სკანდალურად სურდა კარის გაჯახუნება და საარჩევნო მარათონში გადაეშვა თავის გადასარჩენად. როგორც უკვე აღვნიშნე, ნაცადი მეთოდია – წახვალ პოლიტიკაში და მერე ყველაფერს პოლიტიკურ დევნად შეაფასებ.
ასეა თუ ისე, მედიას ხელში აუდიტის დასკვნა ჩაუვარდა. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვის კუთხით სერიოზული ხარვეზებია.
„ბანკები და ფინანსები“ ერთ-ერთი სერიოზული ონლაინგამოცემაა. დოკუმენტები და ციფრები მათაც გაასაჯაროეს:
„2012-2013 წლებში საკრებულოს სხდომების ორგანიზებისთვის გაწეული ხარჯის – 342 100 ლარის ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია მუნიციპალიტეტმა აუდიტის სამსახურს ვერ წარუდგინა. „2012-2013 წლებში გაწეულია 342.1 ათასი ლარის ხარჯი, მუნიციპალიტეტმა აუდიტის ჯგუფს ვერ წარუდგინა ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტაცია“, – პირდაპირ წერია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ჯგუფის დასკვნაში, რომელმაც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2012-2013 წლების საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობა შეისწავლა.
შარაშენიძის გამგებლობის პერიოდს ემთხვევა მოქალაქეთა სამედიცინო მომსახურების პროგრამის 171 ათასი ლარით შემცირება. 2012 წლის 372.3 ათასი ლარის ნაცვლად, 2013 ში 170.9 ათას ლარამდე შემცირდა. 2013 წელს უფასო სასადილოს მომსახურების 5 პრეტენდენტს უარი ეთქვა ბენეფიციარად აღრიცხვაზე პროგრამის დაფინანსების უკმარისობის გამო (1 ბენეფიციარზე გათვალისწინებულია დღიურად 1.68 ლარი). და ამ დროს, ოზურგეთის ბიუჯეტს სოციალური პროგრამებიდან, ნაშთის სახით, 41.3 ათასი ლარი მორჩა.
ასევე, დიდი რაოდენობით გადარიცხული თანხები ტენდერებში გამარჯვებულ კომპანიებზე. 2012 წელს კომპანია „მარჯინს“ გადაურიცხეს 820 ათასი ლარი; 2012 წელს კომპანია „ნიუ ვეივის“ გადაურიცხეს 555,7 ათასი ლარი; 2012 წელს შპს „სამკუთხედს“ 142 ათასი ლარი; 2012 წელს შპს „ე.ე.ე.“-ს 248 ათასი ლარი; 2013 წელს, როცა მერობის დღევანდელი დამოუკიდებელი კანდიდატი – შარაშენიძე მუნიციპალიტეტს ხელმძღვანელობდა, შპს „ბათვანს“ 112 ათასი ლარი; ასევე, 2013 წელს შპს „სამშენებლო კომპანია გოლდს“ გადაურიცხეს 52 ათასი ლარი – ამ ტრანზაქციების ფაქტობრივი ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები კი, იმავე დასკვნის თანახმად, არ არსებობს.
რამდენადაც ირკვევა, 2012-2013 წლებში ასობით ათასი ლარია ზედმეტად გადახდილი ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისთვის საჭირო მასალებში. მაგალითად: 30-ლარიანი ღორღი შარაშენიძეს 48 ლარად შეუძენია. 3-ლარიანი ქვიშა-ხრეშოვანი ნაზავი, თითო კუბური მეტრი, 27,37 ლარად არის ნაყიდი. ამას მოჰყვება 12-ლარიანი ასფალტის 16 ლარად დაგება; 1000-ლარიანი ბიტუმის 1500 ლარად შეძენა; 15-ლარიანი მეტალოკრამიტის 21 ლარად ყიდვა, 15-ლარიანი შიფერისა კი – 20 ლარად.
აუდიტის დასკვნაში გამარტივებული წესით გაფორმებულ ხელშეკრულებებზეცაა საუბარი. ასე მაგალითად, მუნიციპალიტეტმა 220 000 ლარის ხელშეკრულება გამარტივებული წესით გააფორმა. შემდეგ, სიტყვიერი შეთანხმების საფუძველზე, კონტრაქტში ჩაწერილი პირობები შეცვალა და მშენებელს საქმე გაუმარტივა – საჭიდაო დარბაზის ლითონის კონსტრუქციით შემოსვის ნაცვლად ძველი კონსტრუქცია შეაკეთეს და კედლებზე ქვიშა-ცემენტით შელესვის ნაცვლად თაბაშირ-მუყაო გააკრეს. თაბაშირ მუყაო ობიექტის ჩაბარების დროს უკვე დამტვრეული იყო, ხოლო სახურავიდან ჩამოსულმა წყალმა, დააზიანა შენობაში დამონტაჟებული „ამსტრონგის ჭერი“.
აუდიტის დასკვნა სერიოზულ ხარვეზებს შეიცავს. თუმცა, შარაშენიძე მედიასაშუალებებს სასამართლოსა და ჟურნალისტურ ქარტიაში უჩივის. „ბანკებსა და ფინანსებს“ ამ დარღვევებზე კონსტანტინე შარაშენიძის პრესსამსახური ესაუბრა. თიკო შარაშენიძის განმარტებით, ბატონი კონსტანტინე გამგებლად მხოლოდ 2012 წლის დეკემბერში დაინიშნა. ეს გასაგებია, თუმცა, აუდიტი 2013 წლის დარღვევებსაც ასაჯაროებს. ამ დარღვევებზე „ბანკებსა და ფინანსებს“ პასუხები არ მიუღია.
მით უფრო, რომ 2013 წელს საკრებულოს ერთ-ერთი სხდომა დიდი ხმაურით დასრულდა. მაშინ, 12 სექტემბერს, ოზურგეთი საკრებულოს დეპუტატები დაინტერესდნენ, რის საფუძველზე იხარჯებოდა სტიქიით მიყენებული ზარალის ასანაზღაურებლად გამოყოფილი თანხები. გამგებელი შარაშენიძე რატომღაც წყობიდან გამოვიდა და დეპუტატებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ამის შესახებ „გურია ნიუსი“ წერდა:
„რა გინდა შენ, რას იჩხრიკები, საგადასახადოს ყოფილი კორუმპირებული უფროსი და ინსპექტორი ხარ, ინტრიგანი ხარ, ვიღაცა! ვის დაკარგვიხარ, შენ?! მიჩვეული ხარ დარეკვას და დაჭერას, კორუმპირებული ხარ, რა გინდა შენ?!“. გაბრაზებული შარაშენიძის დანახვისას დეპუტატმა კვერღელიძემ უცებ შეარბილა ტონი და დაწყნარდიო, – ურჩია გამგებელს. „დავწყნარდე კი არა, დაახვიე აქედან! კორუმპირებული ხარ, საგადასახადოს ყოფილი ინსპექტორი, რასაც აკეთებდი, ყველამ იცის!“, – არ ცხრებოდა შარაშენიძე“. - წერს ონლაინგამოცემა.
შარაშენიძეს ერთხელ ადგილობრივებმა საპროტესტო აქციაც მოუწყვეს. აქტივისტები მის გადადგომას მოითხოვდნენ. გაბრაზებული გამგებელი „ოცნების“ აქტივისტს ნესტორ რამიშვილს სახლში მიუვარდა და იარაღის კონდახი ჯერ თავში ჩაარტყა, შემდეგ ესროლა კიდეც. როგორც გამოცემა წერს, რამიშვილმა არ გაასაჩივრა და მომხდარზე არც გამგებლის პასუხისმგებლობის საკითხი დადგა.
„გურია ნიუსი" კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრს, ნესტორ რამიშვილს დაუკავშირდა, რომელმაც ეს ინფორმაცია უარყო.
– ბატონო ნესტორ, როგორც გავიგეთ, თქვენსა და გამგებელს შორის წუხელ ინციდენტი მოხდა.
– არაფერი ვიცი.
– ბატონო ნესტორ, თქვენს შორის ფიზიკური დაპირისპირება არ მომხდარა? როგორც ვიცით, იარაღიც იყო გამოყენებული...
– არ არის სიმართლე.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი კოტე შარაშენიძე „გურია ნიუსთან“ მსგავს ფაქტს კატეგორიულად უარყოფს.
– ნამდვილად არ მომხდარა მსგავსი რამ. მე იმდენად შეჩვეული ვარ ჭორებს, რომ არ მიკვირს, შესაძლოა, ესეც მორიგი პროვოკაციაა ჩემ მიმართ.
– ბატონო კოტე, ჩვენი წყარო ამბობს, რომ თქვენ მას იარაღის კონდახით თავი გაუტეხეთ...
– არ არის სიმართლე და ძალიან გთხოვთ, იარაღს ნუ ახსენებთ, უბრალოდ, სირცხვილია, – გვითხრა კოტე შარაშენიძემ.
„გურია ნიუსი“ შსს-ს გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსს ზაზა პეტრიაშვილს დაუკავშირდა, რომელმაც განაცხადა, რომ ინციდენტის შესახებ პოლიციაში ოფიციალურად შეტყობინება არ შესულა.
ბატონი მერობის კანდიდატი განსაკუთრებული აგრესიით მედიის მიმართ გამოირჩევა. ყველას, ვისაც მის მიმართ კითხვა უჩნდება ან მაკოპრომეტირებელი დოკუმენტები უვარდება ხელში, ღიად ემუქრება. „გურია ნიუსი“ ამაზეც წერდა:
„შარაშენიძეს არც მედია დაუტოვებია „უყურადღებოდ“ – „გურიის მოამბის“ რედაქტორს ლადო მენაბდეს რედაქციის შენობის წართმევით დაემუქრა. ის რედაქტორს პირადადაც შეხვდა ამ საკითხზე სასაუბროდ, როდესაც მყარი გარანტია მისცა იმისა, რომ ღია ცის ქვეშ დარჩებოდა.
არც „გურია ნიუსის“ ჟურნალისტი და რედაქცია გამორჩა შარაშენიძეს. გამოცემის ჟურნალისტს ჟანა მეგრელიშვილს მაშინდელმა გამგებელმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, უშვერი სიტყვებით აგინა. გამგებელი ჟურნალისტის კითხვებმა გააღიზიანა, რომელიც სოფლის პროექტების დაფინანსებას ეხებოდა.
„შარაშენიძე კატეგორიულად და შეურაცხმყოფელი სიტყვებით მთხოვდა, დიქტოფონი არ ჩამერთო, მიყვიროდა, რატომ მიწერ ასეთ რაღაცებს, რას ახარებ ამ „ნაგავ ხალხს“, ან რა გინდა, ამ სოფლებში რომ დადიხარ, რას ეძებ, მე რომ ცუდი დამემართოს, გაგიხარდება. რას ეძებ ამ გაჭირვებულებსო, – ხმამაღლა მესაუბრებოდა და დიქტოფონის ჩართვის საშუალებას არ მაძლევდა. როცა დაინახა, რომ დიქტოფონის ჩართვა მოვახერხე, უკვე დაკარგა ყოველგვარი კონტროლი საკუთარ თავზე და ღიად, დიქტოფონზე დასაფიქსირებლად შემაგინა უშვერად. რადგანაც უკვე შეიქმნა საშიშროება, რომ შარაშენიძეს ფიზიკური შეურაცხყოფაც შეიძლებოდა მოეყენებინა, ვეცადე, სასწრაფოდ დამეტოვებინა მისი კაბინეტი“, – აცხადებდა „გურია ნიუსის“ ჟურნალისტი“.
ბატონ შარაშენიძეს მაშინ ჟურნალისტისთვის ბოდიშის მოხდა მოუწია. თუმცა, არაფერი შეცვლილა.
დღეს ის მერობისთვის იბრძვის.