„ელექტრომობილების რევოლუცია ნავთობის ფასს $10-მდე შეამცირებს“

„ელექტრომობილების რევოლუცია ნავთობის ფასს $10-მდე შეამცირებს“

კვლევითი კომპანია Longview Economics-ის ხელმძღვანელის, კრის უეტლინგის განცხადებით, მომავალი 6-8 წლის განმავლობაში 1 ბარელი ნავთობის ღირებულება $10-მდე შემცირდება. მისი თქმით, ფასის ვარდნა მომავალი კვირებისა თუ თვეების განმავლობაში არ დაიწყება.

„ნავთობის ფასი მკვეთრად რამდენიმე წლის შემდეგ შემცირდება. ამ ეტაპზე ნავთობის 70% ტრანსპორტიზაციის მიზნით გამოიყენება, ელექტრომობილების რევოლუციის შემდეგ კი ნავთობზე მოთხოვნა შემცირდება,“ განაცხადა მან.

"ნუ დავივიწყებთ, რომ ერთ დროს ნავთობს მსოფლიოს ეკონომიკაში წვლილი საერთოდ არ შეჰქონდა. 120 წლის წინ მსოფლიოს ნავთობი არ სჭირდებოდა. ალტერნატიული ენერგორესურსები სიტუაციას ძირეულად შეცვლიან,“ განმარტა უეტლინგმა.

2014 წლის ივნისში 1 ბარელი ნავთობის ღირებულება $120-ს შეადგენდა. სიტუაცია კარდინალურად შეიცვალა მაშინ, როდესაც ნავთობმომპოვებელმა ქვეყნებმა მოპოვების ტემპი გაზარდეს, რასაც ბაზარზე ჭარბი რაოდენობით ნავთობის დაგროვება მოჰყვა. შედეგად, 2016 წლის თებერვალში 1 ბარელი ნავთობის ფასი $30-ს ჩამოსცდა.

კრიზისის შედეგად, OPEC-ის წევრმა და არაწევრმა ქვეყნებმა ნავთობის მოპოვების ტემპის შემცირებასთან დაკავშირებით საერთო გადაწყვეტილება მიიღეს, რასაც ბაზრის დარეგულირება მოჰყვა. ნავთობის ფასი უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში $50-57-ის ფარგლებში მერყეობს.

თუმცა ნავთობის ვარდნას არაერთი მსხვერპლი ჰყავდა - მათ შორის გამოსარჩევია ვენესუელა, რომლის ეკონომიკის მთავარ დასაყრდენს ნავთობი წარმოადგენდა. ნავთობის ბაზარზე სიტუაციის დასტაბილურების მიუხედავად, ვენესუელა საგარეო ვალების გადახდას ვერ ახერხებს, ქვეყანაში საკვების, მედიკამენტებისა და პირველადი საჭიროების ნივთების სიმწირეა. საერთო შეფასებით, ქვეყანა ეკონომიკურ კოლაფსამდე ერთ დროს უგო ჩავესის მირ გადადგმულმა არასწორმა ეკონომიკურმა ნაბიჯებმა და ნავთობის კრიზისმა მიიყვანა.