“ევროპაში ბუნებრივ გაზზე მოთხოვნა გაიზრდება, აზერბაიჯანი ევროპისთვის ერთადერთი ახალი ენერგეტიკული წყაროა“,- აცხადებს ილჰამ ალიევი ევროკავშირის საბჭოს პოლიტიკისა და უსაფრთხოების კომიტეტის დელეგაციასთან შეხვედრისას.მისივე თქმით, აზერბაიჯანი ნავთობის, გაზის, ელექტროენერგიის ექსპორტს სხვადასხვა მიმართულებით ახორციელებს, რისთვისაც ქვეყანას შვიდი მილსადენი გააჩნია. სამი მათგანით ნავთობის ტრანსპორტირებას ახდენს, ხოლო ოთხი მილსადენით ყველა მიმართულებით ახორციელებს გაზის ტრანსპორტირებას. ეს შეეხება საქართველოს, თურქეთს, ირანსა და რუსეთს. ჩვენი მარაგები ცნობილია, ბაზარი კი ჩამოყალიბებულია. ყველაზე მსხვილი ბაზარი ევროპაა, რომელსაც სულ უფრო და უფრო ექნება გაზზე მოთხოვნა,“ - მიიჩნევს ალიევი. რას ნიშნავს ალიევის განცხადება, რომ აზერბაიჯანი ევროპისთვის ერთადერთი ახალი ენერგეტიკული წყარო გახდება და ხომ არ ცდილობს აზერბაიჯანის პრეზიდენტი რუსეთის ენერგეტიკული რესურსების მძევლად მყოფი ევროპელების ნაწილობრივ მაინც „გათავისუფლებას“? ამის შესახებ For.ge საპარლამენტო უმრავლესობის წევრ, ენერგეტიკოს რევაზ არველაძეს ესაუბრა.
რის საფუძველზე ამბობს ილჰამ ალიევი, რომ ის ევროპისთვის ერთადერთი ახალი ალტერნატიული წყარო გახდება? ეს ხომ არ არის გადამეტებული შეფასება მისი მხრიდან და როგორ ჩაანაცვლებს ევროპა რუსეთს სხვა ქვეყნების ენერგეტიკული რესურსებით?
- გათვალისწინებულია, რომ „შაჰ-დენიზი 2“-ით ევროპაში წავიდეს გაზის დიდი ნაწილი, ხოლო ნაწილი თურქეთში დარჩეს. ეს პროექტი უკვე დაწყებულია და სადღაც 2020 წლისთვის უნდა შევიდეს ძალში. წესით, მისი დასრულება 2019 წლისთვისაც იყო განზრახული, მაგრამ ამის განხორციელება 2019-ში ვერ მოესწრება. თუმცა ალიევის მხრიდან მაინც სხვა რამეზეა საუბარი. კერძოდ, არსებობს კიდევ ერთ-ერთი ვარიანტი, რომლითაც აზერბაიჯანის კი არა, თურქმენეთის გაზი უნდა წავიდეს ევროპაში. ეს აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით მოხდება და საკმაოდ ძველი პროექტია. ახლახანს, როცა საქართველოს პრემიერ-მინისტრი იმყოფებოდა თურქმენეთში, ისევ დაიწყო ამ საკითხის წამოწევა. საუბარია იმაზე, რომ კასპიის ზღვაზე გადმოვიდეს მილსადენებით თურქმენეთის გაზი, შემდეგ გაიაროს აზერბაიჯანი, საქართველო, შავი ზღვით გავიდეს რუმინეთში, რუმინეთიდან კი-დასავლეთ ევროპაში. ამდენად, იმის თქმა, რომ ერთადერთი ალტერნატივაა აზერბაიჯანის გაზი, დამაჯერებლობას მოკლებულია. რეალურად, ეს არ არის აზერბაიჯანის გაზი, თუმცა კი, შეიძლება ვთქვათ, რომ აზერბაიჯანი ერთ-ერთია საქართველოსთან ერთად, როგორც სატრანზიტო ქვეყანა. სავარაუდოდ, ალიევის მხრიდან სწორედ ამ პროექტზეა საუბარი, სხვა პროექტი არც განხილულა და არც დგას დღის წესრიგში.
ევროპის გაზით მომარაგების სხვა პროექტებიც არსებობს. მათი განხორციელება რატომ ჭიანურდება?
- სხვა პროექტებიც არსებობს, მაგალითად, კატარიდან ხმელთაშუა ზღვის კუნძულების გავლით მილსადენების გაყვანა. ესეც საკმაოდ ამბიციური პროექტია, მაგრამ ძნელია განსახორციელებლად. მოგეხსენებათ, რუსეთის შემდეგ კატარს გაზის ყველაზე დიდი რეზერვები გააჩნია და მისი სრული მასშტაბით გამოყენება ჯერჯერობით არ მომხდარა. რა თქმა უნდა, ფიქალის გაზის მოპოვების შემდეგ ამერიკასაც აქვს გაცხადებული, რომ შეჭირხნული გაზით მოამარაგებს ევროპას. თუმცა ამასაც საკმაოდ სერიოზული ინფრასტრუქტურა სჭირდება. რაც შეეხება „შაჰ-დენიზ 2“-ს, ტრანსატლანტიკურ და ტრანსანატოლიურ გაზსადენს, რომელიც საქართველოსა და თურქეთის გავლით გადის ალბანეთში და ამის შემდეგ იტალიაში, ეს ცნობილი პროექტია. თუმცა ამით უნდა წავიდეს დაახლოებით 20 მილიარდი კუბური მეტრი გაზი. რა თქმა უნდა, ძალზე ცოტაა 20 მილიარდი კუბური მეტრი ევროპისთვის, რადგან ევროპა მხოლოდ რუსეთიდან 150 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს ყიდულობს. ცხადია, ეს ვერ ჩაანაცვლებს რუსულ გაზს, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ რუსეთი ყოველთვის ცდილობს, ხელი შეუშალოს ასეთი გაზსადენების მშენებლობას.
ამ განცხადებით ალიევმა ხომ არ გამოიწვია რუსეთი, რადგან თუნდაც მთიან ყარაბაღთან მიმართებით ალიევი მკვეთრ ნაბიჯებს ვერ დგამს. რეალურად ხომ სომხეთის უკან რუსეთი მოიაზრება?
- რუსეთს გამოწვევა არ სჭირდება. პოლიტიკურად რუსეთი ევროპამ გამოიწვია მაშინ, როდესაც განაცხადა, რომ ეძებს ალტერნატიულ გზებს, რადგან არ სურს, მარტო რუსეთიდან იღებდეს ბუნებრივ აირს. გახსოვთ, ალბათ, რუსეთმა მაშინ შეაჩერა იმ გაზსადენის მშენებლობა, რომელიც შავი ზღვის გავლით ბულგარეთზე უნდა გასულიყო და დამატებითი გაზის სახით მიწოდებულიყო ევროპისთვის . რუსეთი იძულებული გახდა, ეს თემა გადაეთამაშებინა, თურქეთზე გასულიყო და ევროპისთვის მიმწოდებელი გამხდარიყო არა რუსეთი, არამედ თურქეთი, რომლის საწინააღმდეგოც თითქოს ევროპას არაფერი ჰქონდა. თუმცა ჩამოგდებული თვითმფრინავის გამო რუსეთს თურქეთთან ურთიერთობა აერია, შემდეგ რუსეთი და თურქეთი ისევ შერიგდნენ და ახლა უკვე მიმდინარეობს ამ გაზსადენის მშენებლობა, მაგრამ ეს არის უკრაინულის ჩანაცვლება.
ევროპა უფრო მეტი მოცულობის გაზს აღარ მიიღებს რუსეთისგან, რადგან ნამდვილად ეძებს ალტერნატიულ გზებს. მას შემდეგ, რაც ამერიკამ მზადყოფნა გამოხატა და ფიქალის გაზის მოპოვების შემდეგ ამერიკა გაზის ყველაზე მსხვილი მომპოვებელი გახდა, მას გაუჩნდა გაზის ექსპორტის საშუალება. ახლა პრობლემაა ის, რომ ეს ბუნებრივი გაზი უნდა დაიჭირხნოს მაღალი წნევის ქვეშ და გათხევადებული სახით მიეწოდოს ევროპელ მომხმარებელს. ამის შემდეგ ევროპაში უნდა იყოს ამ გათხევადებული გაზის ისევ აირისებრ გაზად გარდამქმნელი შესაბამისი მოწყობილობები. ამ მიმართულებით ამერიკა მზადყოფნას აცხადებდა. სხვათა შორის, ევროპასაც აქვს ასეთი გამათხევადებლები. ისიც შეიძლება, რომ ევროპამ ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან (კატარიდან, ერაყიდან) მიიღოს ასეთი გაზი, მაგრამ ეს საკმარისი არ იქნება, თუკი ამერიკამ არ დაიწყო ფიქალის გაზის მიწოდება. ეს საკმაოდ ძვირი გამოდის, მიუხედავად ამისა, ევროპა მზადყოფნას გამოთქვამს. გერმანიაში ჩატარდა მოსახლეობის გამოკითხვა, ხართ თუ არა მზად, გადაიხადოთ უფრო ძვირი ენერგორესურსების შესყიდვის თვალსაზრისით? მოსახლეობის დიდმა ნაწილმა განაცხადა, რომ მზად არიან, ოღონდ პოლიტიკური შემადგენელი მოისპოს და რუსეთის ბერკეტები შემცირდეს.
ამ შემთხვევაში, რამდენად გულწრფელები არიან ევროპელები? ცნობილი ფაქტია, ევროპელი ობივატელი სხვა ქვეყნების ოკუპაციას არად დაგიდევთ, ოღონდ საკუთარ ჯიბეს არ მოაკლდეს ზედმეტი გადასახადი.
- აქ საუბარია გერმანელ მომხმარებელზე და არა მთლიანად ევროპელ მომხმარებელზე. ევროპაში ჯერ ასეთი გამოკითხვა არ ჩატარებულა. ეს ის შემთხვევა არ არის, როცა გაზის ღირებულება ათჯერ ძვირია. აქ საუბარია იმაზე, თუ გერმანიაში ერთი ევრო ღირს ერთი კუბური მეტრი გაზი, შეიძლება მომავალში 10 ან 15%-იანი ნამატით მიიღონ გაზი. ისე, ცხადია, გაძვირება არც ერთ მომხმარებელს არ აწყობს. რაც შეეხება ილჰამ ალიევს, ეტყობა, მას სხვა რაღაც აქვს ჩაფიქრებული, თორემ ყარაბაღში ასეთი ვითარება უკვე 25 წელიწადია არსებობს. ყოველ შემთხვევაში, ახალი გაზი აზერბაიჯანში არ აღმოჩენილა, რომ ალიევმა მასზე დაამყაროს იმედები. ზოგადად, აზერბაიჯანი თავისი მოცულობით გაზის საკითხში ვერ გაეჯიბრება რუსეთს, რადგან გაზის ყველაზე დიდი მარაგი სწორედ რუსეთს აქვს მსოფლიოში. ევროპისთვისაც ძნელია მარტივი გამოსავლის პოვნა. შარშან ევროპამ დაინახა, რამდენად მნიშვნელოვანია ენერგოდამოუკიდებლობა, რადგან შარშანდელი ზამთარი საკმაოდ მკაცრი იყო. ამან გაზარდა ბუნებრივ გაზზე მოთხოვნილება. ახლანდელი პროგნოზითაც, წლევანდელი ზამთარიც ისეთივე მკაცრი იქნება. ამიტომ მარტო ალიევის განცხადებებით არ გადაწყდება ევროპის პრობლემები, თვითონ ევროპაც უნდა იყოს გადაწყვეტილების მიმღები, ვისგან ურჩევნია გაზის მიღება. მით უმეტეს, რომ გაზსადენები შენდება ევროპის ფულით. აზერბაიჯანის ან საქართველოს ფულით არც ერთი მათგანი არ აშენებულა.
ალბათ, მნიშვნელოვანი ფაქტია, რომ ალიევი ევროკავშირის საბჭოს პოლიტიკისა და უსაფრთხოების კომიტეტის დელეგაციას ხვდება.
- ევროპა ბუნებრივი აირის დიდი მომხმარებელია. ევროპა არის იმ ქვეყნების გაერთიანება, სადაც ნორვეგიასა და ინგლისს გარდა ბუნებრივი გაზი, პრაქტიკულად, ცოტა მოიპოვება. აქედან გამომდინარე, ცხადია, ევროპა დივერსიფიკაციის საშუალებას ეძებს და ცდილობს,ენერგორესურსები სხვადასხვა ქვეყნიდან აიღოს. ამ მხრივ აზერბაიჯანიც ერთ-ერთი მათგანია და მსხვილ მიმწოდებლადაც ითვლება, მაგრამ არა ერთადერთად, როგორც ამას ალიევი ამტკიცებს.