"მოდელირებული ქრონიკის" გაგრძელება კინოფილმ "მონანიების" სტილში

[მერაბ ბრეგაძე]   

შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, „ირაკლი ოქრუაშვილი საქართველოში შემოსვლას 200-მდე რუს სპეცრაზმელთან ერთად გეგმავდა“. მათ, წინასწარ შექმნილი ოცამდე ქართული ბანდფორმირების დახმარებით, ადმინისტრაციულ საზღვარზე განთავსებული ჯერ, ქართული საგუშაგოები, შემდეგ კი გორში მდებარე პოლიციის შენობა უნდა განეიარაღებინათ. ოპოზიციას ამ საქმესთან დაკავშირებული „სატელივიზიო აღიარებები“ კინოფილმ „მონანიებას“ ახსენებს და ობიექტური გამოძიების ჩატარებას მოითხოვს.

სამინისტრო აცხადებს, რომ გაიშიფრა სქემა, რომლის მიხედვითაც ირაკლი ოქრუაშვილის ცხინვალიდან შემოსვლა უნდა მომხდარიყო. კერძოდ, ამ სქემაში ფიგურირებენ თავად ირაკლი ოქრუაშვილი, მისი პირადი დაცვის წევრი გიორგი გაბროშვილი, შსს–ს სპეცდანიშნულის რაზმის ყოფილი უფროსი თამაზ ბეგიაშვილი, ასევე შიდა ქართლის სატყეოს ყოფილი უფროსი მალხაზ კაკაშვილი. ბეგიაშვილი და კაკაშვილი მიმალვაში არიან.

დაკავებულები არიან თავდაცვის სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი ბონდო კაკაშვილი, შიდა ქართლის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ ქარელის დაცვის ყოფილი წევრი ზაზა ბეთლემიძე, მიხეილ ქარელის დაცვის ყოფილი უფროსი ხვიჩა მაჭარაშვილი, სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსი დავით ჯარმელიშვილი, მიმალვაში იმყოფება მიხეილ ქარელის დაცვის ყოფილი წევრი გაბრიელ პავლიაშვილი, მიმალვაში იმყოფებიან ასევე, თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის ყოფილი უფროსი იოსებ გიგუაშვილი, შიდა ქართლის სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსი ხვიჩა საბაშვილი.

დაკავებულები არიან თავდაცვის სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი შალვა საბაშვილი, თავდაცვის მინისტრის აპარატის ყოფილი უფროსი, „ქართული პარტიის“ რეგიონალური კოორდინატორი ლევან ტერაშვილი, შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი კახა ტერაშვილი, თავდაცვის სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი გიორგი საათაშვილი და შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცდანიშნულების რაზმის ყოფილი წევრი.

„შსს-ს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ დაკავებულები მალხაზ კაკაშვილი, თამაზ ბეგიაშვილი და ხვიჩა საბაშვილი აპრილის ბოლოს, ვლადიკავკაზში ირაკლი ოქრუაშვილს შეხვდნენ“, – ამის შესახებ შსს-ს მიერ გავრცელებულ აღიარებით ჩვენებაში თავდაცვის სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი გიორგი საათაშვილი აცხადებს:

„როგორც ჩემთვის ცნობილი გახდა, მალხაზ კაკაშვილის თქმით, აპრილის თვის ბოლოს, თვითონ და თამაზ ბეგიაშვილი გადავიდნენ სოფელ ზემო არცევში, სადაც დახვდათ ყოფილი სამხარეო პოლიციის უფროსი ხვიჩა საბაშვილი, რის მერეც, ორ რუს ოფიცერთან, სამხედრო ფორმაში ჩაცმულები ავტომანქანა „ვილისით“, რომლებიც ფსბ-ს მოწმობით სარგებლობდნენ, გადაიყვანა ორჯონიკიძეში“.

საათაშვილის თქმით, აღნიშნული სამი პიროვნება ვლადიკავკაზში, ერთ-ერთ შენობაში, შეხვდა ირაკლი ოქრუაშვილს. საათაშვილის თქმით, ოქრუაშვილის თან ახლდა ერთი ქართველი და სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ორი რუსი.

მისივე ინფორმაციით, ოქრუაშვილმა მათ დაავალა ადმინისტრაციულ საზღვრებზე განლაგებული ქართული პოლიციის საგუშაგოების კოორდინატების დადგენა. საათაშვილის თქმით, კაკაშვილმა, თამაზ ბეგიაშვილმა და ყოფილი ფინანსური პოლიციის თანამშრომელმა, დათო ჯარმელიშვილმა საგუშაგოების კოორდინატები ოქრუაშვილს გადასცეს:

„კაკაშვილის თქმით, ირაკლი ოქრუაშვილი აპირებდა 200 რუსი სპეცრაზმელის თანხლებით შემოსვლას, სადაც დახვდებოდა 20-მდე შეიარაღებული ქართული ჯგუფი, რის შემდეგ მათ საგუშაგოების განიარაღება უნდა განეხორციელებინათ. ერთ-ერთ საგუშაგოზე დაგეგმილი იყო შესვლა „ზილის“ მარკის ავტომანქანით. ამის შემდეგ, კაკაშვილის თქმით, აპირებდნენ გორში მდებარე სპეცრაზმის შენობაზე და შიდა ქართლის სამხარეო სამმართველოზე თავდასხმას“.

საათაშვილის აღიარებით, 22 აპრილს მას ტელეფონით დაუკავშირდა კახა ტერაშვილი და უზნაძის 113-ში განთავსებულ „ქართული პარტიის“ ოფისში მისვლა სთხოვა. საათაშვილის თქმით, 22 აპრილს ის მივიდა „ქართული პარტიის“ ოფისში, სადაც კახა ტერაშვილის ძმას, ლევან ტერაშვილს შეხვდა:

„მან მკითხა, მქონდა თუ არა მართვის მოწმობა და შევძლებდი თუ არა „ზილის“ მართვას. მე დავთანხმდი ამაზე. ამის შემდეგ მან „ზილის“ საფასური გადმომცა, რომლითაც „ზილი“ უნდა მეყიდა“.

საათაშვილის თქმით, აღნიშნულ „ზილში“ ჩასვამდენ იმ სპეცრაზმელთა ნაწილს, რომლებთან ერთადაც საქართველოში ირაკლი ოქრუაშვილი უნდა შემოსულიყო: „ზილში“ ჩასვამდნენ სპეცრაზმელთა გარკვეულ ნაწილს და მიიყვანდნენ ქართულ საგუშაგომდე მალულად. „ზილი“ წავიყვანე სოფელ ჯარიაშენში, სადაც დამხვდა კახა ტერაშვილი. „ზილი“ სოფლის ერთ-ერთ ეზოში დავაყენეთ, რის შემდეგაც დავბინავდით მიტოვებულ ბინაში“.

მისივე თქმით, 22 აპრილის ღამეს, მათთან მივიდნენ მალხაზ კაკაშვილი, შიდა ქართლის ყოფილი გუბერნატორის, მიხეილ ქარელის დაცვის წევრები, ხვიჩა მაჭარაშვილი და გია პავლიაშვილი. მათ კიდევ ორი პირი ახლდათ.

სამინისტრომ გაავრცელა სატელეფონო საუბრებიც. მათგან ერთ-ერთია თავდაცვიას ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილისა და მალხაზ კაკაშვილის სატელეფონო საუბრის ჩანაწერიც, რომლის შინაარსიც ასეთი:

 ოქრუაშვილი - გაუმარჯოს, დალაგდით?

 კაკაშვილი - კი, კი

 ოქრუაშვილი - დალაგდით, თუ ისე-რა?

 კაკაშვილი - არა, არა ერთად ვართ, კარგად ვართ.

 ოქრუაშვილი - ყველაფერი წესრიგშია?

 კაკაშვილი - კი

 ოქრუაშვილი - ხო, „ხარაშო“, კარგი, კარგად.

 კაკაშვილი - კარგი, ნახვამდის, გელოდებით. . .

საპარლამენტო უმრავლესობის წევრ ვახტანგ ბალავაძისთვის ოქრუაშვილის გეგმებთან დაკავშირებით შსს-ს მიერ გავრცელებულ მასალებში „ახალი არაფერი არ ყოფილა“. როგორც ბალავაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ოქრუაშვილის განცხადებებიდან გამომდინარე, ისედაც ცნობილი იყო, რომ „იგი მოქმედებდა არა ღირსების და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, არამედ რუსეთის სპეცსამსახურის დავალებით“.

თუმცა ბალავაძე აღნიშნავს, რომ ამით სიტუაცია არ არის დასრულებული და სურს საზოგადოებას შეახსენოს რუსეთის ფედერაციის გეგმები საქართველოში ტერაქტებთან დაკავშირებით: „ფაქტი ერთია, რუსეთს აქვს თავისი ამოცანები და მიზნები, რომ ებრძოლოს არა საქართველოს ხელისუფლებას, არამედ ქართულ სახელმწიფოს“.

„ქართული პარტიაში“ შსს–ს მიერ გავრცელებულ ვიდეომასალას აბსურდულს, სპექტაკლს და ფალსიფიკაციას უწოდებენ. როგორც ჟურნალისტებს პარტიის პოლიტიკურმა მდივანმა ეროსი კიწმარიშვილმა განუცხადა, ის რაც დღეს ყველამ მოისმინა და ნახა, გამოგონილი ისტორიაა, რაშიც საზოგადოებას დარწმუნება არ სჭირდება:

„მე დღეს ვნახე კინოსტუდია შსს-ს ბოლომდე დაცლა, რენე ჰარლინი ამასთან შედარებით არის ფელინი და ანტონიონი. დონაძისა და მერაბიშვილის გემოვნება უკვე ყველას ზღვარს გასცდა“.

კიწმარიშვილის განცხადებით, ყველაფერი, რაც შინაგან საქმეთა სამინისტროს ვიდეომასალებშია, ირონიას იწვევს, რომ არა იმ ადამიანების ბედი, ვინც დღეს დაკავებულები არიან და, რომელთა ოჯახების დატერორებაც ხდება.

მისივე განცხადებით, ისინი „ჩამოაგდებენ“ მიხეილ სააკაშვილს, მაგრამ არა ასეთი კომიკური სცენარებით, რომელსაც ეს ვიდეომასალები გადმოსცემს:

„ჩვენ ჩამოვაგდებთ სააკაშვილს ისე, როგორც შეეფერება დიდ დიქტატორს – სამოქალაქო აქტიურობის გზით, ხოლო როცა დავიჭერთ ვანო მერაბიშვილს და ის იქნება იზოლატორში, მე მოგცემთ ჟურნალისტებს საშუალებას, რომ ვრცელი ინტერვიუ ჩაწეროთ მასთან, თუ როგორ ამზადებდა ის ყალბ ვიდეო მასალებს“.

ამავე დროს, კიწმარიშვილის თქმით, „ირაკლი ოქრუაშვილის საქართველოში ჩამოუსვლელობის მიზეზი „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის ნინო ბურჯანაძის არაადეკვატურობა გახდა“.

„ირაკლი ოქრუაშვილის საქართველოში ჩამოსვლა მართლაც იგეგმებოდა და ამას 24 მაისისთვის ვგეგმავდით. ის საქართველოში ჩვენი მოთხოვნის გამო არ ჩამოვიდა, ამ მოთხოვნის მიზეზი კი ის გარემოება გახდა, რომ იმ მომენტში ვერ დავარწმუნეთ მაშინდელი აქციის ორგანიზატორები იმაში, რომ წარმატება მხოლოდ ერთიანი პოზიციითა და რესურსების გაერთიანების პირობებში იქნებოდა მიღწეული. იმ მომენტში ბურჯანაძე რომ ადეკვატური ყოფილიყო, დღეს ჩვენ სულ სხვა რეალობაში ვისაუბრებდით და საქართველოს სააკაშვილის რეჟიმისგან 1 თვის გათავისუფლებული იქნებოდა“.

ამასთან, „ქართული პარტიის“ პოლიტიკური მდივანი არც იმაზე აკეთებს კომენტარს, თუ რა გეგმები აქვს ირაკლი ოქრუაშვილს საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით სამომავალოდ.

შსს-ს მიერ გავრცელებულ ოპერატიულ მასალას „თავისუფალი დემოკრატები“ ხელისუფლების ჩვეულ სტილს უკავშირებენ.

„ეს კადრები კიდევ ერთხელ ადასტურებს, როგორ შეუძლია პოლიტიკოსს დააყენოს საკუთარი ინტერესები სახელმწიფოსა და ქვეყნის ინტერესებზე მაღლა. ეს არ არის მხოლოდ ოქრუაშვილის, არამედ ზოგადად ამ ხელისუფლების პრობლემა, რომლის სტილი და მანერა ასეთ უპასუხისმგებლო და კერძო ამბიციით მოქმედებასთან არის დამოკიდებული. ოქრუაშვილი ამ ხელისუფლების ნაწილი იყო და ის, რაც დღეს ვიხილეთ, ამ ხელისუფლების სტილის და ქმდებების ნათელი დადასტურებაა“, - აცხადებს ლევან იზორია პარტიის სახელით.

„თავისუფალი დემოკრატები“ ოქრუაშვილის საქართველოში შემოსვლის გეგმასთან დაკავშირებით მიუკერძოებელი და ობიექტური გამოძიების ჩატარებას ითხოვენ, რომლის შედეგად ამ მტკიცებულებების ავთენტურობა დამტკიცდება.

 „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი „ჯი–ეიჩ–ენთან“ საუბრისას მიიჩნევს, რომ შსს-ის მიერ გამოქვეყნებულ ჩანაწერებზე შეფასება პოლიტიკოსებმა კი არა, კინომცოდნეებმა უნდა გააკეთონ:

„საქართველოში გვყავს ძალიან კვალიფიციური კინომცოდნეები: გოგი გვახარია, დავით ბუხრიკიძე. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ვიდეომასალები სწორედ მათი შესაფასებელია. მე სერიოზულად არ მიმაჩნია ამ ტიპის საკითხებზე პოლიტიკური კომენტარის გაკეთება“.

რაც შეეხება უშუალოდ „ქართულ პარტიას“ და ირაკლი ოქრუაშვილს, ბერძენიშვილის განმარტებით, მათ მიმართ „რესპუბლიკელების“ პოზიცია უკვე ჩამოყალიბებულია და მას შსს-ის მიერ გამოქვეყნებული ჩანაწერები ვერ შეცვლის:

 „ჩვენი პოზიცია არის მკაფიო. მიგვაჩნია, რომ ოქრუაშვილი არც ხელისუფლებაში ყოფნის დროს იყო კარგი მინისტრი და არც ოპოზიციაში ყოფნის დროსაა კარგი პოლიტიკოსი. ასევე გვახსოვს, რომ ამ გამოქვეყნებული მასალების ავტორები ოქრუაშვილის ვეზირები იყვნენ მრავალი წლის განმავლობაში. ასე რომ, ჩვენს პოზიციებს ეს მასალები არ განსაზღვრავს“.

„ახალი მემარჯვენეების“ ერთ-ერთი ლიდერი მანანა ნაჭყებია არ გამორიცხავს, რომ ირაკლი ოქრუაშვილი საქართველოში სწორედ იმ სქემით შემოსულიყო, რომელიც შსს-მ გამოაქვეყნა:

 „ოქრუაშვილის მიერ გაკეთებული ცოტა უცნაური განცხადებებიდან გამომდინარე, შესაძლოა, მისგან მსგავსი ქმედებები გასაკვირი არც იყოს“.

თუმცა, მეორე მხრივ, „ახლების“ წარმომადგენელი არც იმას არ გამორიცხავს, რომ შსს-ის მიერ გამოქვეყნებული ჩანაწერები გაყალბებული იყოს, „რისი გამოცდილებაც ქართულ საზოგადოებას აქვს“:

 „ხელისუფლებას არაერთხელ შეურცხვენია თავი მსგავსი ტიპის დოკუმენტების ფაბრიკაციით. ამის გამო, ქართული საზოგადოება, პრაქტიკულად, გაორებულია და დასკვნას ვერ აკეთებს იმასთან დაკავშირებით, თუ რომელი მხარეა მართალი. საბოლოო ჯამში, ეს ჩვენი სახელმწიფოებრიობისთვის საფრთხის შემცველია. შეიძლება ისე დაგვემართოს, როგორც ერთ ქართულ არაკშია, როცა ცრუ „მგელი, მგელიო“ ყვირის და ბოლოს მგელი სწორედ მაშინ გამოჩნდება, როცა არავინ ელის. შეიძლება წარმოდგენილი ფაქტები არ იძლეოდეს კონკრეტულად ოქრუაშვილის შემთხვევაში ამ დასკვნის გაკეთების საშუალებას, მაგრამ ზოგადად, ეს ფონი რომ არსებობს, ცხადია“.

„ეროვნული საბჭოს“ ლიდერი ზვიად ძიძიგური შსს-ის მიერ გავრცელებულ ჩანაწერებს უნდობლობას უცხადებს და ვანო მერაბიშვილის უწყებას „ქოსატყუილას“ უწოდებს:

 „მე მახსოვს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გაშიფრული სქემა, თუ როგორ მოიკლა თავი ზურაბ ჟვანიამ, თუმცა შემდეგ გამოძიება ბოლომდე არ მივიდა და ეს სქემა არ დადასტურდა. 2003 წლიდან დაწყებული დღემდე დამთავრებული, შსს-ის მიერ გავრცელებული ბევრი ვიდეო-და აუდიომასალა მინახავს, მაგრამ მასალების ადეკვატური სასამართლო განაჩენი არ მომისმენია. ამიტომ. ჩემთვის, შსს-ის ვერსიები იმასთან დაკავშირებით, თუ რა სქემით აპირებდა ირაკლი ოქრუაშვილი საქართველოში შემოსვლას, არადამაჯერებელია“.

 აღნიშნულის პარალელურად, ოპოზიციონერი ლიდერი მიიჩნევს, რომ „რაღაც გეგმები“ ირაკლი ოქრუაშვილს ნამდვილად ჰქონდა, თუმცა რა - „ამაზე მკითხაობა მიზანშეუწონელი და უსარგებლო საქმიანობაა“:

 „ოქრუაშვილს რომ რაღაც გეგმები ჰქონდა, ნამდვილად ვიცი. ის 25 მაისს საქართველოში ჩამოსვლას ტყუილად არ გამოაცხადებდა, მაგრამ რამდენად შეიძლებოდა იმ სქემით ესარგებლა, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ დახატა, ძნელი სათქმელია და ამაზე ლაპარაკი მკითხაობას უფრო ჰგავს“.

„თავისუფალი საქართველოს“ ლიდერის კახა კუკავას შეფასებით კი, „ქართული პარტიის“ მხარდამჭერთა დაპატიმრებები და სატელევიზიო აღიარებები, მოდელირებული „ქრონიკის“ გაგრძელებაა. მისი თქმით, როდესაც ადამიანს დაიჭერენ, მისგან სასურველი აღიარებითი ჩვენებების მიღება პრობლემას აღარ წარმოადგენს და უკვე საჭირო აღარ არის შინაგან საქმეთა სამინისტროს ოპერატიული ვიდეომასალების გავრცელება, თუ სახელმწიფო არხების მხრიდან ვრცელი რეპორტაჟების მომზადება.

კახა კუკავას აღნიშნული სატელივიზიო აღიარებები კინოფილმ „მონანიებას“ ახსენებს.