"საქართველოში ვალერი გერგიევი არ უნდა ჩამოვიდეს!"
"ამ დარბაზის აშენების იდეაა ვლადიკავკაზი გადაიქცეს კავკასიის კლასიკური მუსიკის ცენტრად, მაგრამ გერგიევი ხვდება, რომ საქართველოს გარეშე ვლადიკავკაზი ვერ გადაიქცევა "კავკასიის ცენტრად" და ამიტომ იგი თავის სიტყვებში ახსენებს საქართველოს ქალაქებს, როგორც ამ პროცესის ნაწილს..."
რამდენიმე დღეა ვრცელდება ინფორმაცია, რომ საქართველოში ჩამოსვლას გეგმავს მსოფლიოში აღიარებული, რუსი დირიჟორი, სანკტ-პეტერბურგის მარიას თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ვალერი გერგიევი. ვინაიდან ვალერი გერგიევი ვლადიმირ პუტინის უახლოეს მეგობრად ითვლება, საქართველოში ამ ინფორმაციას
დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა... რუსული მედიის ინფორმაციით, გერგიევი "დიდი კავკასიის" რეგიონში შემოქმედებითი პროექტების განხორციელებას გეგმავს.
"სომხეთი, საქართველო, აზერბაიჯანი, სამხრეთ ოსეთი, აფხაზეთი, ჩრდილო კავკასიის ყველა რესპუბლიკა, როსტოვის ოლქი და ცალკეული უმსხვილესი ქალაქები, როგორიცაა სოჭი და კრასნოდარი - ყველანი შედიან შემოქმედებითი პროექტების არეალში", - განაცხადა გერგიევმა ვლადიკავკაზში, მე-5 საერთაშორისო კავკასიური ფესტივალის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე. "აუცილებელია წინააღმდეგობების დაძლევა, რომელიც 15-20 წლის განმავლობაში შეიქმნა და ამას მუსიკოსებზე უკეთ ვერავინ შეძლებს. საქართველოში ეს ყველაზე რთული იქნება, ბუნებრივი მიზეზების გამო, მაგრამ მე ამ გზით ვცდილობ, კოლეგებს შორის კავშირების გამყარებას, რადგან, სრულიად აპოლიტიკურები ვართ", - განმარტა გერგიევმა. შეგახსენებთ, ვალერი გერგიევი 2008 წლის 22 აგვისტოს ომის დასრულებიდან რამდენიმე დღეში ოკუპირებულ ცხინვალში ჩავიდა და კონცერტი გამართა.
ამ საკითხთან დაკავშირებით ქართველმა ხელოვანებმა თავიანთი მოსაზრებები გაგვიზიარეს...
გოგი ჭიჭინაძე, დირიჟორი:
- ვალერი გერგიევთან სტაჟირებას გავდიოდი. ის იყო ასპირანტურაში ჩემი თემის ოფიციალური ხელმძღვანელი... 2008 წელს რომ ვალერი გერგიევი სამაჩაბლოში ჩავიდა და მხოლოდ ოსი დაღუპულების საპატივცემულოდ გამართა კონცერტი, ჩემი ყველა მონაცემებიდან ვალერი გერგიევის სახელი და გვარი ამოვიღე. საზღვარგარეთ არავინ იცის ის, რომ ჩემი თემის ოფიციალური ხელმძღვანელი იყო. ჩემს CV-ში მის სახელს და გვარს ვერ ნახავთ! არადა, ვინც მას არც კი იცნობს, ისეთი ხალხი წერს, თითქოს ვალერი გერგიევთან მასტერ-კლასი ჰქონდეთ გავლილი...
- ვალერი გერგიევს ხომ მსოფლიო მუსიკალურ სამყაროში საკმაოდ დიდი გავლენა აქვს…
- მხოლოდ დიდი კი არა, უზარმაზარია მისი გავლენა! მეტად წონიანი კაცია! ის გავლენიანია უპირველეს ყოვლისა, როგორც პოლიტიკოსი, ბიზნესმენი, რუსეთის პრეზიდენტთან დაახლოებული პირი! თუმცა მე ჩემი გადაწყვეტილებით საკუთარ თავთან აბსოლუტურად მართალი ვარ! მეორეს მხრივ მე ვერ გამოვალ იმ იდიოტების მსგავსად კონსერვატორიის წინ რომ მოეთრნენ ცოტა ხნის წინ…
- რას გულისხმობთ?
- კონსერვატორიაში პიანისტთა საერთაშორისო კონკურსი მიმდინარეობდა, მდაბიო "ნაციონალები" შემოცვივდნენ და ყვიროდნენ, რუსეთის დროშა ჩამოხსენითო... ელემენტარული ეტიკეტია, რომ მონაწილეობას ვინც ღებულობს, მისი დროშა იყოს გამოფენილი. ახლა არჩევნები ახლოვდება, ესენიც აღტყინებული დარბიან და იაფფასიანი ხრიკებით ქულებს იწერენ... როცა ასეთი მდგომარეობაა რუსეთ-საქართველოს შორის, მაშინ ოფიციალურად ისე უნდა იყოს გადაწყვეტილი, რომ რუსი კონკურსანტი საქართველოში ვერ ჩამოდიოდეს! მაპატიეთ, მაგრამ ერთი ადგილი არ აქვთ ეს საკითხი რომ დააყენონ! ხომ არ არის დიპლომატიური ურთიერთობები და ნუ შემოუშვებენ, ვთქვათ, სპორტსმენსაც! არც ჩვენ უნდა წავიდეთ ოფიციალურ დონეზე რუსეთში, იქაც რომ არ აიწიოს ჩვენი დროშა, მაგალითად, როცა ძიუდოისტები იგებენ...
საქართველოში ვალერი გერგიევი არ უნდა ჩამოვიდეს! თუ ჩამოვიდა, მერე უნდა დავდგეთ ქართველები მაიმუნებივით ცარიელ დარბაზთან და ვიყვიროთ გერგიევო, წაეთრიეო? - მაინც არაფერი გამოვა! გვაგინა, გვაფურთხა, შეურაცხყოფა მოგვაყენა, ქართველების ძვლებზე კონცერტი გამართა და სახელმწიფომ ქვეყანაში უნდა შემოუშვას?
- როდესაც კავშირი გქონდათ ვალერი გერგიევთან, როგორი იყო მისი დამოკიდებულება ქართველების მიმართ?
- როცა ყველაფერი კარგადაა, მაშინ ძალიან იოლია ლოიალური იყო! ყოველთვის განსაკუთრებულად თბილი ურთიერთობა ჰქონდა... როგორც კი დასჭირდა, პუტინის გამო ქართველებს გადაგვიარა. ეს არ არის იმ რანგის და დონის მუსიკოსი, ამხელა მხარდაჭერა რომ მხოლოდ მაგის გამო ჰქონდეს! გაცილებით დიდი მუსიკოსია - იური ტემირკანოვი, რომელიც იქვე მოღვაწეობს, მაგრამ მეასედი მხარდაჭერაც არ აქვს! იური ტემირკანოვი არ არის მაფიოზი და იმიტომ!
ვალერი გერგიევი არის ნიჭიერი და ძალიან ალღოიანი, აქვს ლიდერობის ცხოველური ინსტიქტი და საკმაოდ ბოროტი ფსიქოემოციური გავლენა მუსიკოსებზე...
"დღეს რუსეთის ხელისუფლება მსოფლიოს ყველაზე დიდი ბოროტებაა! ვერ წარმომიდგენია, ჩემი ქვეყანაც ამ ბოროტების ნაწილი გახდეს!"
- დიდი ხანია რუსეთში კონცერტებზე უარი თქვით...
- ტოკიოში ჩემს კონცერტს პუტინის უახლოესი მეგობარი, ჩელისტი, კონსერვატორიის რექტორი - რულდუგინი დაესწრო და მაშინვე შემომთავაზა პეტერბურგის მარიას თეატრში იმ სპექტაკლისთვის მედირიჟორა, რომელსაც ავირჩევდი... პრინციპულად არ წავედი! 2001 წელს, როდესაც ნიუ-იორკში ტყუპები ააფეთქეს, ორ-სამ კვირაში პუტინმა საქართველო ტერორისტულ ქვეყანად გამოგვაცხადა. იმის შემდეგ რუსეთში კონცერტებზე უარი ვთქვი... ერთადერთი გამონაკლისი 2010 წელს იყო… "ნაციონალურმა მოძრაობამ" იმ მუსიკოსების დევნა დაიწყო, ვინც რუსეთში დადიოდა, მათი დამოკიდებულება უკვე აუტანელი იყო. ამიტომაც პეტერბურგში ფესტივალზე წავედი და ეს იყო ჩემი ორმაგი პროტესტი. იმის შემდეგ აღარც ვყოფილვარ რუსეთში!
ისევ ვალერი გერგიევს რომ დავუბრუნდეთ, უპირველეს ყოვლისა ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება ვალერი გერგიევმა საქართველოში ჩამოსვლა გაბედოს! თუმცა იური ბაშმატი ხომ ჩამოვიდა, ისიც ვალერი გერგიევთან ერთად უკრავდა 2008 წელს ცხინვალში გამართულ კონცერტზე... ამიტომაც ვამბობ, რომ სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს ამდენი პრინციპულობა, რომ საქართველოს მტრები ქვეყანაში არ შემოუშვას.
დავით საყვარელიძე (რეჟისორი)
- ვალერი გერგიევი საქართველოში უახლოესი პერიოდი ვერ ჩამოვა. პირველ რიგში მან იცის ქართველი ხალხის განწყობა და იმიტომ... მეორეც, მომავალი 5 წლის გასტროლები სრულიად გაწერილი აქვს და საქართველო იმ ქვეყნების სიაში არ შედის. მესამე და მთავარი, მან თავის მშობლიურ ვლადიკავკაზში ააშენა საოცარი დარბაზი, რა თქმა უნდა, რუსეთის სახელმწიფოს თანხებით. ამ დარბაზის აშენების იდეაა ვლადიკავკაზი გადაიქცეს კავკასიის კლასიკური მუსიკის ცენტრად, მაგრამ გერგიევი ხვდება, რომ საქართველოს გარეშე ვლადიკავკაზი ვერ გადაიქცევა "კავკასიის ცენტრად" და ამიტომ იგი თავის სიტყვებში ახსენებს საქართველოს ქალაქებს, როგორც ამ პროცესის ნაწილს... ეს ცარიელი სიტყვებია, რაც მიმართულია იმ პოლიტიკოსების მიმართ, რომლებმაც დააფინანსეს გერგიევის ახალი ვლადიკავკაზის საკონცერტო დარბაზის მშენებლობა. არ მგონია, რომ ქართველი მუსიკოსები ჩავლენ ვლადიკავკაზში და მიიღებენ მონაწილეობას გერგიევის პროექტებში…