მომავალი წლის ბიუჯეტმა უკვე ხმაური გამოიწვია

მომავალი წლის ბიუჯეტმა უკვე ხმაური გამოიწვია

მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის სამუშაო ვერსიამ აქედანვე დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. ირკვევა, რომ ქვეყანა ძალიან ბევრ ვალს იღებს, არ იმატებს პენსიები და დახმარებები, ხოლო ეკონომიკური ზრდა დაახლოებით წლევანდელის მსგავსია.

მთავრობის მიერ პარლამენტისთვის წარდგენილი 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტით, მისი მოცულობა 12,2 მლრდ-მდე იზრდება. 2018 წლის ბიუჯეტის პროექტის პირველადი ვერსიით, შემოსავლები 10 120.0 მლნ ლარი იქნება. მათ შორის, საშემოსავლო გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი 2 780.0 მლნ ლარით განისაზღვრა, რაც მშპ-ის 6.9 პროცენტს შეადგენს. მოგების გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი - 630.0 მლნ ლარია, რაც მშპ-ის 1.6 პროცენტია.

დამატებული ღირებულების გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი 4390.0 მლნ ლარს უტოლდება, რაც მშპ-ის 10.9 პროცენტს შეადგენს. რაც შეეხება აქციზის საპროგნოზო მაჩვენებელს, იგი 1 450.0 მლნ ლარით (მშპ-ის 3.6 პროცენტი) განისაზღვრა.

2018 წლის ბიუჯეტი ყურადღებას იპყრობს ხელისუფლების დამოკიდებულებით ვალებისადმი, რაც წინა წელთან შედარებით, საკმაოდ მზარდია. იმის ნაცვლად, რომ ქვეყანა ვალების შემცირების გზას დაადგეს, საგარეო თუ საშინაო ვალების რაოდენობა საოცარი ტემპით იზრდება. ამ დროს პენსიებისა და სოციალური დახმარების ზრდა 2018 წლის ბიუჯეტის პროექტით გათვალისწინებული არ არის.

„ბიუჯეტის პროექტით მომდევნო წელს პენსიები არ იზრდება. არ არის გათვალისწინებული ის გაჭირვება და გაჭირვებული მოსახლეობის დახმარება, რომელიც დღეს არსებობს საქართველოში. ამ ბიუჯეტში არ არის გათვალისწინებული მაგალითად რეგიონებისთვის დაფინანსების ზრდა, გარდა ადმინისტრაციული ხარჯებისა. გარდა ამისა, ცალკე პრობლემატურია ის, რომ ამ ბიუჯეტით, როგორც ჩანს, მთავრობა არ აპირებს შეამციროს ადმინისტრაციული ხარჯები. რაც ასევე მნიშვნელოვანია, კიდევ ერთხელ იზრდება სახელმწიფო ვალი, შესაბამისად, თითოეულ მოქალაქეს მომდევნო წლებში კიდევ უფრო მეტი ფულის გადახდა მოუწევს“, - განაცხადა „ევროპულისაქართველოს“ წევრმა სერგი კაპანაძემ.

დეპუტატი რომან გოცირიძე კი ხმამაღლა ამბობს, რომ ქვეყანა ვალებში იძირება, რადგან 2018 წლის ბიუჯეტის პროექტით 2 მილიარდით იზრდება ქვეყნის საგარეო და საშინაო ვალი.

„ბიუჯეტის ხარჯები წინა წელთან შედარებით 950 მილიონით იზრდება და ამ 950 მილიონში არ მოიძებნა არც ერთი თეთრი პენსიონერებისთვის, მასწავლებლებისთვის. რაც მთავარია, ეს ფული დაქსაქსულია უამრავ არაეფექტიან ხარჯზე და რეალურად უზარმაზარი ზრდა არ აისახება ქვეყანაში სიღარიბის შემცირებაზე. ეს ბიუჯეტი, ისევე როგორც წინა ხუთი ბიუჯეტი, არის ქვეყანაში მაკროეკონომიკური არასტაბილურობის შემქმნელი.

კვლავ 3%-ზე დიდია დეფიციტი და კვლავ არის ისეთი ხარჯები გაწეული, რომელიც საბოლოო ჯამში ვერ იმოქმედებს ფასების სტაბილურობასა და ლარის სტაბილურობაზე. სამწუხაროდ, მთავრობამ შემოიტანა ბიუჯეტი, რომელიც აბსოლუტურად მიუღებელია სწრაფი ეკონომიკური ზრდისთვის.

ქვეყანა ვალებში იძირება. ვიქნებით იმ მდგომარეობაში და იმ სიღარიბეში, როგორც ახლა ვართ. მთავარი პრობლემა ბიუჯეტი კი არ არის, მთავარი პრობლემა არის ის ეკონომიკური შეცდომები და დაბალი ეკონომიკური ზრდა, რომელიც ქმნის იმის აუცილებლობას, რომ ქვეყანამ უზარმაზარი ვალი აიღოს. უნდა შეჩერდეს ვალებით ცხოვრება. ეს ბიუჯეტი და ეს ეკონომიკური ზრდა ქვეყანას სიკეთეს არ მოუტანს“, - დასძინა გოცირიძემ.

უმრავლესობა ოპონენტების ბრალდებებს არ ეთანხმება და მათ ბრალდებებს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე პასუხობს. ირაკლი კოვზანაძისთვის 4,5%-იანი ზრდა სრულებით მისაღებია.

„2018 წლის ბიუჯეტის ვარიანტი, რომელიც შემოსულია, ითვალისწინებს მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდას 4.5%-ით. ეს არის მთავრობის ვერსია და ნიშნავს, რომ მთლიანი შიდა პროდუქტი გაისად გადააჭარბებს 40 მილიარდ ლარს. ეს ერთ-ერთი კარგი მაჩვენებელია ამ ეტაპისთვის ჩვენი რეგიონის ქვეყნების ეკონომიკურ მაჩვენებლებთან მიმართებით“, - განაცხადა კოვზანაძემ.

ფინანსთა მინისტრის მოადგილე, გიორგი კაკაურიძე კი ამბობს,რომ 2018 წლის ბიუჯეტი სრულად ეფუძნება მთავრობის 4-პუნქტიანი სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ ღონისძიებებს და დასახულ გეგმებს, რომლის მიღწევისთვის მნიშვნელოვანია არსებული ფისკალური რესურსების მაქსიმალურად ეფექტიანი გამოყენება.

მისი თქმით, 2018-2021 წლებში დაგეგმილია მნიშვნელოვანი ინვესტიციების განხორციელება სახელმწიფო ინფრასტრუქტურაში, რომელმაც უნდა წაახალისოს ინვესტიციები და ეკონომიკური აქტივობა კერძო სექტორში, რაც საბოლოო ჯამში, ხელს შეუწყობს ქვეყნის რეგიონებისა და მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას.

მისი თქმით, 2017-18 წლების შედარებისას ჩანს, რომ ვალის აღების მოცულობა გაზრდილია, თუმცა მნიშვნელოვნად  იზრდება ვალების დაფარვის მაჩვენებელიც.

„760 მილიონი ლარის ოდენობით ვალის დაფარვა 2018 წელს მოხდება და ეს არის უპრეცედენტო, ყველაზე მაღალი მოცულობა, რაც ბოლო წლებში განხორციელებულა. მომავალ წელს დაახლოებით 300 მილიონამდე მეტს დავფარავთ, ვიდრე ეს იყო 2017 წელს. ვალის აღება ხდება მხოლოდ ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც ტურისტული, ასევე სატრანზიტო პოტენციალის გასაზრდელად და სწორედ მსგავსი პროექტების დაფინანსებას ემსახურება დამატებით მიღებული თანხები“, - განაცხადა კაკაურიძემ.