სეპარატისტებო ყველა ქვეყნისა, შეერთდით! - სოხუმსა და ცხინვალში კატალონიის გამოყოფაზე დიდ იმედებს ამყარებენ

სეპარატისტებო ყველა ქვეყნისა, შეერთდით! - სოხუმსა და ცხინვალში კატალონიის გამოყოფაზე დიდ იმედებს ამყარებენ

“კატალონიაში, კვირას ჩატარებული დამოუკიდებლობის რეფერენდუმის შემდეგ, საპროტესტო აქციები არ წყდება. გუშინ საყოველთაო გაფიცვაც გამოაცხადეს და დასავლურ პრესაში აქტიურად დაიწყეს საუბარი იმაზეც, რომ კატალონიელ სეპარატისტებს შესაძლოა, რუსეთი ეხმარებოდეს. გარდა ამისა, კატალონიის დამოუკიდებლობის მომხრე პოლიტიკოსი ენრიკ ფოლკი, რომელიც კატალონიის სოლიდარობის პარტიის საერთაშორისო მდივანია, რუსულ მედიასთან ინტერვიუში აცხადებს, რომ დამოუკიდებელი კატალონია მსოფლიო ფორუმებზე რუსეთის მოკავშირე იქნება და აფხაზეთისა და "სამხრეთ ოსეთის" დამოუკიდებლობასაც აღიარებს”, - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით სეპარატისტებო ყველა ქვეყნისა, შეერთდით! - სოხუმსა და ცხინვალში კატალონიის გამოყოფაზე დიდ იმედებს ამყარებენ

„ევროპელი თუ ქართველი ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ კატალონიური სეპარატიზმის ფარული მხარდაჭერა მოსკოვის მორიგი მცდელობაა, ერთიანი ევროპის იდეა დააზიანოს. საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის დამფუძნებელი, პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია ამბობს, რომ როდესაც რუსეთს კავკასიაში თავად აქვს რეგიონების გამოყოფის საფრთხე, წესით, კენჭებს არ უნდა ისროდეს, თუმცა რუსეთის ინტერესი გლობალური ინტერესებიდან გამომდინარეობს და ჰგონია, რომ რაც უფრო გაძლიერდება ევროპის ქვეყნებში სეპარატისტული ტენდენციები და რაც უფრო ჩაფლავდება ევროკავშირი, რუსეთის პოზიციისთვის უკეთესია. კაკაჩიას თქმით, რუსები ფიქრობენ, თუ ესპანეთის სახელმწიფო დანაწევრდება, ამას ჯაჭვური რეაქცია მოჰყვება და ეს ევროკავშირისა და ნატო-ს პოზიციებს უფრო დაასუსტებს. ამიტომაც კატალონიელი სეპარატისტების მხარდაჭერისას მთელი გათვლა ამაზეა დამოკიდებული“, - აღნიშნავს გამოცემა.

„სტრატეგიული კვლევების კავკასიური ცენტრის ხელმძღვანელ მამუკა არეშიძის განცხადებით, მოსკოვს აინტერესებს არა ის, კატალონია დამოუკიდებელი გახდება თუ არა, არამედ მისი ინტერესი ევროკავშირის დასუსტებაა. არეშიძის თქმით, კატალონია - ეს არის ლაკმუსის ქაღალდი. შოტლანდიაში ეს არ გავიდა, ხოლო თუ კატალონიაში გავა, ამ შემთხვევაში ზოგიერთ ევროპულ სახელმწიფოში სერიოზული პრობლემები დაიწყება. ეს იქნება ბელგიაში, იტალიაში, სხვაგანაც... ევროპის დასუსტება და პრობლემატური პროცესების შექმნა რუსეთის ინტერესებშია. რუსულ პრესაში აქა-იქ გაჩნდა ზოგიერთი პოლიტიკური მოღვაწის განცხადებაც, რომ რუსეთმა მხარი უნდა დაუჭიროს კატალონიას იმიტომ, რომ ესპანეთმა ჩვენ წინააღმდეგ სანქციებს დაუჭირა მხარი," - განაგრძობს გამოცემა.

„მიუხედავად იმისა, რომ თავად ოფიციალური მოსკოვი კატალონიაში განვითარებულ მოვლენებს არ ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს ესპანეთის საშინაო პოლიტიკაა, ესპანეთს ამ რეგიონის დამოუკიდებლობას ღიად ემხრობა რუსული სახელმწიფო მედიაც და ამ პროცესში კატალონიისკენ სიმპათიებს არ მალავენ კრემლთან დაახლოებული ექსპერტებიც, რაც, ანალიტიკოსების შეფასებით, სწორედ კრემლის რეალური პოლიტიკის გამოძახილია. კატალონიას მხარდაჭერას უცხადებს სეპარატისტული აფხაზეთი. დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომ კატალონიაში მიმდინარე პროცესები მსგავსია იმისა, რაც 90-იანი წლების დასაწყისში აფხაზეთში ხდებოდა. დე ფაქტო პარლამენტმა კი, ბარსელონაში დამოუკიდებლობის გამოცხადების შემთხვევაში, კატალონიის აღიარება დააანონსა. მამუკა არეშიძის თქმით, ჩვენს კონფლიქტებსა და კატალონიის ამბებს შორის არანაირი მსგავსება არ არის და ამიტომაც ის, რაც ესპანეთის ამ რეგიონში ხდება, ჩვენს კონფლიქტებზე გავლენასაც ვერ მოახდეს, თუ ვინმემ ის ხელოვნურად არ შექმნა. არეშიძის თქმით, კატალონია მაქსიმალურად ცდილობს, სამართლებრივ ჩარჩოში დარჩეს, მიუხედავად იმისა, რომ ესპანეთის კონსტიტუციას არღვევს, რადგან ესპანეთის კონსტიტუციაში ცალსახად წერია, რომ მხოლოდ მთელი ესპანეთის ტერიტორიაზე გამართულ რეფერენდუმს შეუძლია, ამა თუ იმ რეგიონის სტატუსი განსაზღვროს. კატალონია ძალადობისგან შორს არის. იმაზე, რომ ვიღაც კატალონიიდან გააძევონ, იმიტომ რომ ის მათ დამოუკიდებლობას მხარს არ უჭერს, ლაპარაკი საერთოდ არ არის. აფხაზეთსა და "სამხრეთ ოსეთში" კი ჯერ გააძევეს ქართული მოსახლეობა და მხოლოდ შემდეგ ჩაატარეს რეფერენდუმი. ამიტომაც პარალელების გავლება არ შეიძლება იმიტომ, რომ პარალელები არ არის, კატალონიის ამბები ჩვენზე გავლენას ვერ მოახდენს, თუ ხელოვნურად არ შექმნის გავლენების ფორმატს ვიღაც," - დასძენს გამოცემა.

„არეშიძის თქმით, ერთი, რომ აფხაზეთში ზოგიერთი რუსული პოლიტიკური წრეების განწყობებს ახმოვანებენ, პლუს ხავსს ეჭიდებიან და კატალონიის დამოუკიდებლობის გამოცხადების დიდი მოლოდინი აქვთ, თუმცა თვლის, რომ ამ ეტაპზე ისინი ვერაფერს მიაღწევენ, არანაირი დამოუკიდებლობის გამოცხადება-აღიარება არ მოხდება. პროგნოზირებს იმას, რომ იქნება გამოსვლები, დაპატიმრებები, მაგრამ სამოქალაქო ომში ეს არ გადავა და ესპანეთი ტერიტორიულ მთლიანობას შეინარჩუნებს. აფხაზები კი, შოტლანდიისა და კატალონიის შემდეგ, ისევ ახალ, მსგავს აქტიურობას დაელოდებიან, რომ როგორმე სათავისოდ გამოიყენონ. არეშიძის თქმით, საინტერესოა, აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტს ქურთისტანის აღიარება რატომ არ აინტერესებს? იმიტომ, რომ ქურთისტანი სხვა სივრცეა, ნაკლებად ჟღერადია, კატალონია კი ევროპის შემადგენელი ნაწილია და იქ უნდა, რომ მოხდეს გარღვევა. ქურთისტანის დამოუკიდებლობა მოსკოვის ინტერესში არ შედის და ამიტომ არ იღებენ ხმას. კორნელი კაკაჩიას თვალსაზრისით კი, კატალონიაში პროცესები თუ არ დაწყნარდა, ეს ბუნებრივია, აფხაზ და ოს სეპარატისტებს გარკვეულ იმედს მისცემს, რომ საერთაშორისო ურთიერთობებში მათი პოზიციების გაძლიერება მოხდება. კაკაჩიას თქმით, აფხაზი და ოსი სეპარატისტები აღფრთოვანებული არიან კატალონიის მაგალითით და კიდევ ერთხელ აკეთებენ აპელაციას იმ თემაზე, რომ ყველა ერს, მათ შორის პატარა ერებსაც აქვთ თვითგამორკვევისა და გამოყოფის უფლება და ეს, მათი აზრით, საერთაშორისო ურთიერთობებში მათ პოზიციებს აძლიერებს. ფიქრობენ, რომ თუ ასეთი ტენდენციები წამოვიდა, ევროპაში წამყვან სახელმწიფოებს რეგიონები გამოეყოფა, ეს მათ საერთაშორისო აღიარებას ხელს შეუწყობს, მაგრამ არ მგონია, რომ ასე სწრაფად დასრულდეს კატალონიის ამბები. 10-20 წელი მაინც დასჭირდება, რამე გაირკვეს, ამიტომ პირდაპირი გავლენა გამორიცხულია, მაგრამ ბუნებრივია, ისინი ამაზე აპელირებას ახდენენ," - წერს სტატიის ავტორი