"უნდა აიკრძალოს თუ არა სახელმწიფო ქონების სიმბოლურ ფასად, მაგალითად, 1 ლარად და კონკრეტული ვალდებულებებით გაყიდვა?

"ოპოზიცია პარლამენტში უახლოეს პერიოდში წარადგენს ინიციატივას, რომლის თანახმადაც, საერთოდ უნდა აიკრძალოს სიმბოლურ ფასად გადაცემა გარკვეული საინვესტიციო ვალდებულებებით, ერთ პირთან მოლაპარაკების გზით", - მიმართავს გაზეთი "რეზონანსი" საზოგადოების წარმომადგენლებს კითხვით, "უნდა აიკრძალოს თუ არა სახელმწიფო ქონების სიმბოლურ ფასად, მაგალითად, 1 ლარად და კონკრეტული ვალდებულებებით გაყიდვა?"

"რა თქმა უნდა, ვფიქრობ, რომ უნდა აირძალოს 1 ლარად სახელმწიფო ქონების გაყიდვა და ამასთან, მკაცრად უნდა იყოს გაკონტროლებული საინვესტიციო პირობები. დღეს რაც ხდება, სამარცხვინოა. ის, რაც ქოცური მმართველობის პირობებში თავს დაგვატყდა, დაუშვებელია", - აღნიშნავს ფერმწერი გია ბუღაძე

"ძალიან რთული კითხვაა, ანუ ეს ნიშნავს, უნდა აჩუქოს თუ არა სახელმწიფომ გაკვეულ პირებს ქონება, ხომ? თუ რამე დამსახურება აქვთ ამ პიროვნებებს, მაგალითად, არის ძალიან ნიჭიერი მხატვარი და სახელმწიფომ აჩუქოს ფართი. მაგალითად, მე ვარ ფოტოგრაფი, რომელსაც არ აქვს საკუთარი სტუდია და სულ ვფქირობ, როდესმე სახელმწიფო მოიფიქრებს და მაჩუქებს რამეს? - ამ შემთხვევაში მე არაფერი საწინააღმდეგო არ მაქვს. არა მხოლოდ იმიტომ, რომ მე მაჩუქოს, არამედ ზოგადად იმ ადამიანებს, ვისაც რაიმე დამსახურება აქვს. ზოგადად ხალხის გაღიზიანება ასეთ შემთხვევებში, ვფიქრობ, არ იქნება", - აცხადებს ფოტოგრაფი იური მეჩითოვი

"ვფიქრობ, შესაძლებელია აიკრძალოს ერთ ლარად სახელმწიფო ქონების გასხვისება, რადგან ჩვენი საზოგადოება ჯერ არ არის მომწიფებული იმისთვის, რომ ეს ქონება ნორმალური ადამიანების ხელში მიდიოდეს. ახლა ფაქტობრივად ხდება მიტაცება და ამ უფლების ბოროტად გამოყენება, ამიტომ სასურველი არ არის, რომ ასეთი დაშვება არსებობდეს", - ამბობს პოეტი მიხეილ ღანიშაშვილი

"სულ აკრძალვა რამდენად მიზანშეწონილი იქნება, არ ვიცი, თუმცა ასე თავისუფლად, როგორიც ახლა ხდება, ქონების ერთ ლარად გადაცემა არ უნდა ხდებოდეს. ზოგიერთ შემთხვევაში ეს დაშვებული უნდა იყოს, თუმცა ამას ძალიან ბევრი ნებართვა უნდა სჭირდებოდეს. წარამარა ასე ქონების გასხვისება არათუ ჩვენი ქვეყნისთვის, დიდი ქვეყნებისთვისაც არ არის მიზანშეწონილი. ამასთან, აუცილებელია, რომ ქვეყანამ რაღაც სარგებელი მიიღოს ასეთი ტიპის გასხვისებისგან, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს დაუშვებელია", - დასძენს ისტორიკოსი გია ანჩაბაძე