მთავრობა დასანგრევი სახლების და დაუმთავრებელი კორპუსების წინააღმდეგ

მთავრობა დასანგრევი სახლების და დაუმთავრებელი კორპუსების წინააღმდეგ

[გიორგი ბექაური]

საქართველოს მთავრობამ სამშენებლო მიმართულებით რამდენიმე ინიცაიტივა წამოაყენა და იმედოვნებს, რომ ამით გადაჭრის თბილისის როგორც „დაუმთავრებელი მშენებლობის“ ქალაქის პრობლემას. აქედან,  პირველი ინიციატივა უშუალოდ შეიცავს კერძო მესაკუთრეთა უფლებების დარღვევის ნიუნსებს.

სულ მალე ავარიული შენობის დემონტაჟი, რომლის არსებობა ადამიანის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის, მესაკუთრის თანხმობის გარეშე მოხდება. აღნიშნულთან დაკავშირებით ცვლილება შედის „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ კანონში.

როგორც მთავრობის საპარლამენტო მდივანი გია ხუროშვილი განმარტავს, საქართველოში დადგენილია სარეაბილიტაციო არეალი, რომლის თანახმადაც, თუ შენობა ავარიულია და მისი არსებობა ადამიანის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის და მისი გამაგრება შეუძლებელია, ასეთ შემთხვევაში, შენობის დემონტაჟი მესაკუთრის თანხმობის გარეშე მოხდება.

„ბევრი შემთხვევა იყო, როდესაც შესაბამისი სამსახურის წარმომადგენელი მისულა და შეუთავაზებია, რომ თავიანთი ხარჯით გააკეთებდნენ შენობას, მაგრამ მესაკუთრე თანახმა არ ყოფილა და ერთ თვეში შენობა ჩამონგრეულა, თანაც მსხვერპლი ყოფილა. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ თუკი შენობა იმ ტიპის ავარიულია, რომ მისი არსებობა საფრთხეს შეუქმნის ადამიანის სიცოცხლეს, მესაკუთრის თანხმობის გარეშე მოხდება მისი დემონტაჟი და ახლის აშენება იმავე ადგილას“, - აღნიშნა ხუროშვილმა.

მთავრობის საპარლამენტო მდივნის განცხადებით, ახლად აშენებული შენობის ფართობი, სულ მცირე, უნდა იყოს დემონტაჟირებული შენობის ფართობის ტოლი.

ეს ინიციატივა, უშუალოდ მთავრობის წისქვილზე ასხამს წყალს. შეიძლება ითქვას, ამიერიდან დედაქალაქისა თუ ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებს ხელ-ფეხი ეხსნებათ. ადამიანის სიცოცხლისა თუ ჯანმრთელობის საფრთხის შემცველი შენობის სტატუსი, შეიძლება, „შესაბამისი სტრუქტურების“ მხრიდან ნებისმიერ მადისაღმძვრელ ადგილას განთავსებულ შენობას „მიენიჭოს“.

ყველას კარგად მოეხსენება თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე სახლის დანგრევის წინაისტორია, რომელსაც პირველ ხანებში სწორედ ავარიული შენობის სტატუსი მიაკერეს. მართალია, შემდეგ სასამართლომ არაერთგზის დაადასტურა მისი სიმტკიცე და მდგრადობა, მაგრამ თაბუკაშვილის სახლის ადგილას დღეს უზარმაზარი ცარიელი ორმოა.

მაშინ ზემოაღნიშნული კანონი არ არსებობდა და ხომ ადვილი წარმოსადგენია, რა ელის იმ სახლის მფლობელს, რომელსაც უცერემონიოდ დაუმტკიცებენ, სახლ-კარის „ავარიულობას და საფრთხის შემცველობას“.

ხელისუფლების მეორე ინიციატივა დედაქალაქში არსებულ დაუმთავრებელი მშენებლობებას და მათ გამო დაკისრებული მილიონობით ლარის ჯარიმას ეხება.

შეიძლება ითქვას, საქართველოში ახალი საფინანსო ამნისტია მზადდება. მთავრობის შესაბამის კანონპროექტს პარლამენტი უკვე განიხილავს. კანონპროექტი იმ კომპანიებზეა გათვლილი, რომელთაც დაუმთავრებელი მშენებლობების მიზეზით ყოველდღიურად საჯარიმო სანქციები ეკისრებათ. მთავრობა ასეთ კომპანიებს ჯარიმებს გააუქმებს, თუმცა სანაცვლოდ, მათგან მშენებლობების განახლებასთან დაკავშირებით ახალი ვადების გაცხადებას ითხოვს.

აქამდე ვადების დარღვევის მიზეზით კომპანიებს სამმაგი ჯარიმა ეკისრებოდათ. მთავრობის საპარლამენტო მდივნის გია ხუროშვილის განცხადებით, მათი მიზანია, როგორც სახელმწიფომ, ასევე მოქალაქეებმა, რომელთაც ამ მშენებლობებში ფული აქვთ გადახდილი, ზუსტად იცოდნენ, როდის განახლდება მათი მშენებლობის პროცესი და როდის დასრულდება ის.

სამშენებლო კომპანიებს, რომლებიც მთავრობის მიერ გამოცემული ე. წ. ამნისტიით არ ისარგებლებენ, გაზრდილი ჯარიმები დაეკისრებათ. ამასთან დაკავშირებით, ცვლილება შედის „ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“ კანონში.

„თვითმმართველობის მიერ დადგინდება ზონები და კომპანიებს ამის მიხედვით მოუწევთ საკმაოდ გაზრდილი ჯარიმების გადახდა, კერძოდ, 1 კვ/მ-ზე 10 თეთრიდან 1 ლარამდე ოდენობის ჯარიმა, რომლის ათვლაც ყველა ვადაგადაცილებულ დღეზე მოხდება“, - დასძინა ხუროშვილმა.