ახალი სეპარატისტული რეგიონის საფრთხე ევროპაში

ახალი სეპარატისტული რეგიონის საფრთხე ევროპაში

"კატალონიამ არალეგიტიმურ რეფერენდუმში ესპანეთისგან დამოუკიდებლობას მხარი დაუჭირა და ევროპაში ახალი თავის ტკივილი გაჩნდა - შეძლებს თუ არა ესპანეთის ხელისუფლება, შეაჩეროს ქვეყნის შიგნით კონფრონტაცია და ახალი სეპარატისტული რეგიონის გაჩენა ევროპაში. მადრიდის დიდი წინააღმდეგობისა და რეფერენდუმის არაკონსტიტუციურად გამოცხადების მიუხედავად, კვირას, 1-ელ ოქტომბერს, კატალონიაში ესპანეთისგან დამოუკიდებლობის რეფერენდუმი ჩატარდა. ხმის მიცემაში მონაწილეობდა 42,3% და მათგან 90%-ზე მეტმა ხმა დამოუკიდებლობას მისცა. კატალონიის პრეზიდენტი კარლეს პუჩემონტი აცხადებს, რომ რეფერენდუმის შედეგები რამდენიმე დღეში კატალონიის პარლამენტში გადაიგზავნება და დამოუკიდებლობის გამოცხადების პროცედურებს დაიწყებენ“, - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით, ახალი სეპარატისტული რეგიონის საფრთხე ევროპაში / "კატალონია უფრო ფართო ავტონომიას მიიღებს, დაახლოებით ისეთს, როგორიც შოტლანდიას აქვს"

"კატალონიამ 6 სექტემბერს მიიღო კანონი რეფერენდუმის შესახებ, რომლის მიხედვით, კენჭისყრის შედეგების გამოცხადებიდან 2 დღეში კატალონიის პარლამენტმა უნდა გამართოს სხდომა, რათა დამოუკიდებლობის გამოცხადება განიხილოს. ეს კანონი ესპანეთის საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გაუქმებულია. ოფიციალური მადრიდი რეფერენდუმს არაკონსტიტუციურს უწოდებს და მის შედეგებს არ აღიარებს. პირველ ოქტომბერს მთელი დღის განმავლობაში ესპანური პოლიცია ცდილობდა, რეფერენდუმის ჩატარებისთვის ხელი შეეშალა, იყო დაპირისპირება მოსახლეობასა და ძალოვან სტრუქტურებს შორის. პოლიციამ რამდენიმე საარჩევნო უბანი დახურა და მოსახლეობას ბიულეტენები ჩამოართვა. კატალონიის ხელისუფლების თქმით, შეტაკებების დროს პოლიციამ რეზინის ტყვიები გამოიყენა, დაშავდა 800-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის 33 პოლიციელი. სამი ადამიანია დაკავებული“, - აღნიშნავს გამოცემა.

"კატალონიის რეფერენდუმს უკანონოდ მიიჩნევს ევროკომისია, რომელიც აცხადებს, რომ ესპანეთის კონსტიტუციის თანახმად, რეფერენდუმის ჩატარების უფლება მხოლოდ ცენტრალურ მთავრობას აქვს. შესაბამისად, კატალონია, როგორც ავტონომიური ერთეული, ცალმხრივად რეფერენდუმს კანონის ფარგლებში ვერ ჩაატარებს და კენჭისყრა კანონიერი არ არის. რაც შეეხება პოლიციის ქმედებებს, ევროკომისიის ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებით, "ძალადობა არ შეიძლება პოლიტიკის ინსტრუმენტი იყოს" და ესპანეთის პრემიერ-მინისტრ მარიანო რახოის ამ რთული პროცესიდან გამოსავლის პოვნისკენ მოუწოდებს“, - განაგრძობს გამოცემა.

"კატალონია ესპანეთის მდიდარი რეგიონია, რომლის მოსახლეობა 7.5 მილიონია. რეგიონს აქვს ავტონომია, საკუთარი დროშა, ჰყავს საკუთარი ხელისუფლება, რომელსაც გენერალიტეტს უწოდებენ. ესპანეთიდან გამოყოფის იდეა ბოლო 5 წლის განმავლობაში საკმაოდ პოპულარულია. დამოუკიდებლობის მომხრე პოლიტიკოსები ამბობენ, რომ კატალონია ცენტრალურ ბიუჯეტში ბევრად მეტს იხდის, ვიდრე უკან იღებენ და ეს უსამართლოა. საერთაშორისო ურთიერთობათა სპეციალისტ გიორგი რუხაძის განცხადებით, რეფერენდუმი არალეგიტიმურია, ასე უყურებენ ამ პროცესს ევროკავშირი და ცივილიზებული სამყარო. თუმცა ოფიციალურმა მადრიდმა თავისი ძალადობრივი დაპირისპირებით საქმე გაირთულა, გააღიზიანა კატალონიელები, ამ ძალადობით კატალონიელებისთვის დამოუკიდებლობის საკითხი ღირსების საკითხად გადააქცია და ამიტომ გამოსავლი პოვნა რთულია. თუმცა, მადრიდის ამ შეცდომის მიუხედავად, რუხაძე პროგნოზირებს, რომ მომავალში დრამატულად განვითარებული მოვლენები შედარებით დაწყნარდება და ორივე მხარეს მოუწევს მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდომა, შედეგად კი კატალონია უფრო ფართო ავტონომიას მიიღებს, დაახლოებით ისეთს, როგორიც შოტლანდიას აქვს“ , - დასძენს გამოცემა.

"რუხაძის თქმით, გამოსავალი სეპარაციაში არ არის. ევროკავშირი შეეცდება, რომ კატალონიის საკითხი გადაწყვიტოს ესპანეთის ტერიტორიული მთლიანობის ფარგლებში და, მეორე მხრივ, მისწრაფება მეტი უფლებებისკენ, რაც კატალონიელებს აქვთ, დაკმაყოფილდეს ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან. არ ველი, რომ უახლოეს მომავალში ვიხილავთ ახალ სახელმწიფო კატალონიას. თეორიულად თუ დავუშვებთ, რომ კატალონია გადაწყვეტს დამოუკიდებლობის ცალმხრივად გამოცხადებას, ამ გზაზე ძალიან ბევრი სერიოზული პრობლემა ექნებათ იქიდან გამომდინარე, რომ ევროკავშირი მზად არ არის, ეს რეგიონი მიიღოს როგორც სახელმწიფო და მას პრობლემები გაუჩნდება ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზეც, არა მარტო ესპანეთი, სხვა სახელმწიფოებიც დაბლოკავენ მის წევრობას. მეტი ფართო ავტონომია შესაძლებელია, ამის მაგალითია შოტლანდია, რომელსაც, ფაქტობრივად, ქვეყნის სტატუსი აქვს, მაგრამ არის გაერთიანებული სამეფოს ნაწილი და ის საერთაშორისო შეჯიბრებებში, მაგალითად, ფეხბურთში, როგორც დამოუკიდებელი ერთეული, ისე მონაწილეობს და კიდევ უამრავი რამაა, რაც კატალონიას არ გააჩნია. ამ მიმართულებით ბევრი რამის შეთავაზება შეიძლება მადრიდის მხრიდან. მისი თქმით, ყველა ხედავს, მათ შორის კატალონიელებიც, რომ კატალონიის დამოუკიდებლობა, მინიმუმ, ახლო პერსპექტივაში არავის სჭირდება, რადგან ევროკავშირის ტერიტორიაზე ახალი სახელმწიფო ცუდი პრეცედენტი იქნება, ევროკავშირის წევრი ქვეყნების სხვა რეგიონებში ანალოგიური პროცესები დაიწყება. რაც მოხდა ერთხელ, კოსოვოს პრეცედენტი, ამან ძალიან ცუდი როლი ითამაშა და არ მგონია, რომ მეორე ასეთი პრეცედენტი დაუშვან ევროკავშირის სახელმწიფოებმა და ამ საკითხის მოგვარებაში ბრიუსელი აუცილებლად ჩაერთვება. თუმცა კატალონიის დამოუკიდებლობის ბედი საბოლოოდ კატალონიის მოსახლეობას უპყრია ხელში. თუ მათ დამოუკიდებლობა გადაწყვიტეს, ვერაფერი შეუშლით ხელს, მაგრამ ეს რთული პროცესია. ხომ წარმოგიდგენიათ, ახალი სახელმწიფოს დაბადება ძალიან რთული პროცესია და ეს ყველაფერი წაიღებს ათწლეულებს, იმ შემთხვევაშიც კი, რაღაც პერიოდის შემდეგ აღიარებაც რომ მოხდეს", - წერს სტატიის ავტორი.