“ყველა ერთის წინააღმდეგ, ანუ როცა ეკონომიკა პოლიტიკის ტყვეა”

“ყველა ერთის წინააღმდეგ, ანუ როცა ეკონომიკა პოლიტიკის ტყვეა”

ბატონო ვაჟა, რა ვითარებაშია ქვეყნის ეკონომიკა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ბატალიების კონტექსტში, ხომ არ აისახება იგი უარყოფითად ეკონომიკის მდგომარეობაზე?

– მდგომარეობა გაცილებით რთულია, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს. ციფრების კუთხით, თითქოსდა, აგვისტოში ეკონომიკა 4,3%–ით გაიზარდა. ამას “საქსტატი” იუწყება. ინვესტიციები შემცირდა, მაგრამ არა მნიშვნელოვნად. თუმცა, სამ და ოთხპროცენტიანი ზრდა ის მაჩვენებელი არ არის, რომელიც ხალხის კეთილდღეობის დონეზე აისახება და დასაქმების მაჩვენებელს გააუმჯობესებს. გამოფენების მოწყობაც შეიძლება, სადაც საქართველოში წარმოებულ პროდუქციას გამოფენ, შეგიძლია ტურისტების რაოდენობითაც დაიმშვიდო თავი, მაგრამ ეკონომიკის არსებული სტრუქტურა წლიდან წლამდე არ იცვლება, ანკი რა უნდა შეიცვალოს – დეველოპერული ბიზნესი და ტურიზმი, ესაა ის სფეროები, რომლებიც “ტოკამს”, ეკონომიკას ამოძრავებს იმპორტი, ანუ ვაჭრობა, მცირეოდენი ექსპორტი, რომელიც არ იზრდება და ინფრასტრუქტურული პროექტები. სხვა ყველაფერი გაჩერებულია. არა იმ გაგებით, “ნაციონალების” დროს რომ “დუღდა და გადმოდუღდა”, ვირტუალური მოდერნიზაციაც კი აღარ არსებობს, რომ არაფერი ვთქვათ ახალ მსხვილ პროექტებზე. აგერ ჩინელებს შავ ზღვაზე პორტი უნდათ და ანაკლიასთან დაკავშირებითაა ერთი ორომტრიალი, მთავრობა ცდილობს, პრემიერიც ცდილობს, მაგრამ აბსოლუტურად ბუნდოვანი პროექტის “აწარმოე საქართველოში”, მიღმა საქმე არ მიდის. ერთადერთი აზრიანი ნაბიჯი, რასაც გავიხსენებდი, ცნობილი ამერიკელი მეცნიერების – დანი როდრიკის და ჩარლზ სეიბლის ვიზიტია საქართველოში, რომლებიც ნოვატორული იდეით ჩამოვიდნენ ჩვენთან და შესთავაზეს ჩვენს მთავრობას რეინდუსტრიალიზაციის კურსით სიარული, რახან ნაადრევი დეინდუსტრიალიზაციის უშედეგობაზე დასავლეთშიც კი აღარ კამათობენ. მაგრამ მეწარმეობაზე აქცენტი აშკარად დეკლარირების დონეს არ გასცდენია. მთავრობა მხოლოდ მცირე პროექტებს მიესალმება და ტურიზმის იმედად აპირებს დარჩენას. ჩვენთვის კი იმის ახსნაზე თავს არ იწუხებს, რატომ მიიყვანა განვითარებულმა ტურიზმმა ფაქტობრივ დეფოლტამდე საბერძნეთი და ჯიუტად აკეთებს ტურიზმის ეკონომიკის მამოძრავებელ ძალად წარმოჩენაზე აქცენტს. ანაკლიის პორტი კარგია, ჩინური ინტერესის გამოყენებასაც არაუშავს, აქედან მომდინარე ნეგატივსაც დაარეგულირებდა გონიერი ხელისუფლება,  მაგრამ ამის იქეთ ხელისუფლების ფანტაზია არ მიდის. ხელისუფლებას მხარს უბამს არასამთავრობო სექტორიც. უზარმაზარი დაფინანსების მქონე “ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი”, შესაბამისი კონცეფციების ნაცვლად საერთაშორისო სიმპოზიუმს მართავს და რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლაზე მსჯელობს, თან ამას უზარმაზარ თანხებს ახარჯავს. აღარაფერს ვამბობ ძველ ზრაპრებზე, რომ “ბორჯომი” და ღვინო გადაგვარჩენს და დაგვარჩენს. ვერც ოქროსა და მარგანეცს ვიყენებთ, ყველაფერი, რაც ნაჩქარევად გაიყიდა, სადღაც ოფშორებში ქრება, ხოლო აქ რომ მილიონები იშოვეს, იმათგან საქართველოში რეინვესტირებული მილიონების შესახებ არაფერი ისმის.

აი, პასუხი თქვენს კითხვაზე. მაგრამ მთავარი ეს არ გახლავთ. სახიფათო ის პოლიტეკონომიკური რეალობაა, რაც ქვეყანაში შეიქმნა. ისევ საქართველოში  ბიზნესი პოლიტიკაა, პოლიტიკა კი ბიზნესია. მაგრამ არის ამაზე სახიფათო რეალობაც, როცა ეკონომიკა პოლიტიკის ტყვეა, ხოლო ოლიგოპოლიები ისევ აჩანაგებენ ჩვენი შეჭირვებული მოქალაქეების ისედაც შეთხელებულ ჯიბეებს.არის ამაზე ცუდი რეალობაც. ესაა სიტუაცია – ყველა ერთის წინააღმდეგ, რაც დამოუკიდებელი საქართველოს მუდმივ და საბედისწერო ტრადიციად იქცა. ყველა გამსახურდიას წინააღმდეგ, რაც პუტჩით დამთავრდა. ყველა შევარდნაძის წინააღმდეგ, რაც მისი ჩამოგდებით დასრულდა. ყველა სააკაშვილის წინააღმდეგ, რამაც მისი ავტორიტარული რეჟიმი დაამთავრა. ახლა ყველა ბიძინა ივანიშვილს უპირისპირდება. მე როგორც ერთმა მოქალაქემ, მინდა გავაფრთხილო ივანიშვილი, რომ სხვა დასასრული ამ დაპირისპირებასაც არ ექნება, თუ მან არ გაითვალისწინა წინამორბედების შეცდომები და არ გახსნა პოლიტიკური პროცესი, არ შეწყვიტა პოლიტიკის დეპოლიტიზაციის კურსი.

არავინ არის გულუბრყვილო და ყველა მიიჩნევს, რომ მართავს ივანიშვილი, “მეფობს და მართავს” და არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ის სოლოლაკის რეზიდენციაში იჯდება, ჭორვილაში, შეკვეთილში, თუ პრემიერის სავარძელში, ყოველდღიური, ან პერიოდული შეხვედრები ექნება თუ არა პრემიერთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან, ისაუბრებს თუ არა ტელეფონით მათთან. ყველა პოლიტიკური და საკადრო გადაწყვეტილება მასთან თანხმდება, მისი კადრია კვირიკაშვილი, კობახიძე, მისი კანდიდატურაა კალაძე, მისი რჩეულია მარგველაშვილი, რომელმაც უფრო შორს გაიხედა და ბიძინაზე მეტად ამერიკულ პოლიტიკურ ისტებლიშმენტს უწევს ანგარიშს. ამიტომ უფუნქციოდ დარჩენილი ქართული პოლიტიკური სპექტრი გაერთიანდა. ვითომ გაყრილები ბოკერია და მელია, ვაშაძე და ჯაფარიძე, ნათელაშვილი და ქარდავა, და ჰოი საოცრებავ, ბიძინას წინააღმდეგ მათთან არიან თარხან მოურავი, ირმა ინაშვილი და ნინო ბურჯანაძე. ახალი “ნოუ ჰაუც” არსებობს – “ლიდერთა საბჭო” ტრადიციული “პარტიების საბჭოს” ნაცვლად. დამუკიდებელი ელისაშვილიც მათივე ფლანგზე მოიაზრება. პოლიტიკიდან გაქრა ფული, მაგრამ დარჩა დიდი ფული. არჩევნები თავისუფალია ვიდრე შევარდნაძის და სააკაშვილის დროს, მაგრამ არა კონკურენტული – ყველასთვის ცხადია, რომ კალაძე უპირობო ფავორიტია. არც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები და არც ქართული საზოგადოება ამ არჩევნებზე არ გარისკავს, სტატუს–კვო 2020 წლამდე შენარჩუნებული იქნება, მაგრამ რა ეშველება კონკურენციის გაქრობას პოლიტიკიდან, ეკონომიკიდან და ბიზნესიდან, არავინ იცის. ეკონომიკური პერსპექტივა აზერბაიჯანში ცხადი და პროგნოზირებადია, სომხეთშიც მეტ–ნაკლებად გარკვეულია ყველაფერი, თურქეთში ერდოღანი სიტუაციას აკონტროლებს, რუსეთში პუტინი. აი, უკრაინაში და საქართველოში სერიოზული ტექტონური პროცესები კი არ გამოირიცხება. ქართული საზოგადოება ისევ იგნორირებულია.

რატომ, ბატონო ვაჟა, აი, კონსტიტუციაში შესწორებების საყოველთაოსახალხო განხილვა მოხდა.

– თქვენ ხუმრობთ? მმართველი პარტიის აქტივისტების ჩამოვლა რეგიონებში, რომელიც არცთუ სასიამოვნო თავყრილობით დასრულდა ფილარმონიაში, თქვენ განხილვად მიგაჩნიათ? შესწორებების თაობაზე ერთ მხარეს დგას მმართველი პარტია, ანუ ბიძინა ივანიშვილი და მეორე მხარეს დანარჩენი ყველა და არც ერთ მხარეს აზრად არ მოსდის საზოგადოებისთვის მიმართვა, პლებისციტის ჩატარება, რათა გამოკითხვის გზით 7–8 საკვანძო ცვლილებაზე საზოგადოებას დააფიქსირებინონ პოზიცია. ჩვენთან ხალხის ეშინიათ, ხალხი ხომ უბირია, ის ვერ ერკვევა რთულ პოლიტიკურ საკითხებში, ამიტომ მთავარია თავი აარჩევინო, მერე კონტროლირებადი მედიის საშუალებით თავგზა აუბნიო და გადაწყვეტილება ისეთი მიიღო, რომელიც საჭიროა და რომელსაც ხალხი არ მიიღებს.     

ამიტომ ბიძინა ივანიშვილს მოქმედება მართებს. ყველა ერთის წინააღმდეგ საქართველოში ერთის დამარცხებით დასრულდება.

თქვენ მიიჩნევთ, რომ არსებულ პრობლემებში ივანიშვილია დამნაშავე?

– არა, ჩემო კარგო, თქვენ ვერ გამიგეთ. ივანიშვილი ჩვენი ქვეყნის ახალი ისტორიის თვალსაჩინო ფიგურაა. მისი დამსახურებაა სააკაშვილის რეჟიმის მშვიდობიანი გასტუმრება, ძალადობისა და თავგასულობის აღკვეთა. უკეთესი და უფრო მეტი დემოკრატია, ადამიანის უფლებების მდგომარეობის გაუმჯობესება, საპატიმრო ადგილებში წესრიგის დამყარება, პროდასავლური და ევროატლანტიკური კურსის შენარჩუნება და განმტკიცება, რუსეთთან ურთიერთობის დალაგების აქამდე უშედეგო, მაგრამ მაინც მცდელობა, მეზობლებთან დაბალანსებული ურთიერთობა, ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამა, რომელმაც ათასობით ადამიანს სიცოცხლე შეუნარჩუნა, მისასალმებელი პროექტები, რომლებიც იმედია, განხორციელდება: საყოველთაო ინტერნეტიზაცია, ტექნოლოგიური უნივერსიტეტის იდეა, ნახევარმილიარდიანი ინვესტიაცია – “პანორამა თბილისი” და უამრავი სხვა, რომ არაფერი ვთქვათ მის მასშტაბურ ქველმოქმედებაზე, რომელიც მილიარდს აღემატება და ბადალი არ ჰყავს საქართველოს ისტორიაში, სადაც ამ მხრივ ისეთი გამორჩეული ადამიანები გვყავს, როგორებიც დავით სარაჯიშვილი, აკაკი ხოშტარია, ძმები ზუბალაშვილები და სხვები არიან. აღარ გავაგრძელებ, ბევრის ჩამოთვლა შეიძლება, ბევრი კარგი და დიდი საქმის. ჩვენ ქართველებს სიცოცხლეშივე ადამიანის აღიარება და დაფასება გვიჭირს, თუმცა მის მიერ საზოგადოებასთან დიალოგზე უარის თქმა, პოლიტიკური პროცესის შეჩერება, ანტიპარტიული მსოფლმხედველობა, არაფორმალური მმართველობა და შპს–ს პრინციპით ქვეყნის მართვა, რა თქმა უნდა მიუღებელია.

ასე რომ, სათქმელი და ნაქმნარი ბევრია, მაგრამ ბევრია საკრიტიკოც, რომლის მიმართაც თითქოსდა ბიძინა შეუვალია. არ შეიძლება პოლიტიკური სუბიექტების თანაბრობაზე იყოს საუბარი, როცა მმართველ პარტიას, რომელსაც პოლიტიკური პარტიის ნიშან–წყალი არ ეტყობა, ბევრი ვინმე აფინანსებდეს, მათ შორის სახელმწიფო ტენდერებში გამარჯვებული ბიზნესმენები და სხვა პარტიებს, ფაქტობრივად არავინ. აღარაფერს ვამბობ მმართველობის საპარლამენტო მოდელზე გადასვლის დაჩქარებაზე იმ ვითარებაში, როცა საქართველოში მოქმედი პოლიტიკური პარტიები ძალიან სუსტები არიან, როგორც ორგანიზაციულად, ისე ფინანსური და ადამიანური რესურსის თვალსაზრისით. საპარლამენტო მოდელი და პროპორციული სისტემა კი ევროპაში სწორედ ძლიერ პარტიებს და მყარ კოალიციებს ეფუძნება. ემანდ პროფანაცია არ მივიღოთ და ამ ურთულეს გეოპოლიტიკურ გარემოცვაში ხელისუფლების გარეშე არ დავტოვოთ ქვეყანა. და ყველაფრის მიუხედავად, მის წინააღმდეგ პოლიტიკოსების ნაწილის გააფთრებული ბრძოლა მიუღებლად მიმაჩნია. კონსტანტინე გამსახურდიას პერიფრაზს გავაკეთებდი: არა მგონია, ერთი ბიძინა უფრო დიდი საფრთხეზე იყოს საქართველოსთვის, ვიდრე შვიდი ხევისბერი…

თუმცა, ფაქტობრივად ივანიშვილის მთავრობა, მას ერთ ლარად აძლევს თბილისში პუშკინის სკვერში 2000 კვადრატულ მეტრ მიწის ნაკვეთს. ეს ხომ დაუშვებელია?

– ნუ მივუდგებით ასე მექანიკურად პრობლემებს. თქვენს ავტორიტეტულ გაზეთს არ ეკადრება. აქ საუბარია ერთ მილიონიან ინვესტიციაზე და თითქოს მარტივი არითმეტიკით 2000 კვადრატული მეტრი ფართობი თბილისის ცენტრში მინიმუმ ორი – ორნახევარი მილიონი დოლარი ღირს, მაგრამ ეს გადაწყვეტილება დიდი პროექტის – ნახევარმილიარდიანი პროექტის – “პანორამა თბილისის” ნაწილია. “ცეკავშირის” შენობის ადგილზე აშენებულ დიდი კომპლექსს, ბუნებრივია, გარშემო შესაბამისი ინფრასტრუქტურა სჭირდება. ამდენად, ეს ერთლარიანი “საჩუქარი” ნახევარმილიარდიანი ინვესტიციის კონტექსტში უნდა იქნას განხილული. ეს პროექტი საზოგადოების ნაწილს არ მოსწონს, მათგან განსხვავებით, მე მხარს ვუჭერ მის განხორციელებას, რა თქმა უნდა, უმკაცრესი ექსპერტიზით და თვალ–ყურის მიდევნებით. თუმცა, ფაქტია, რომ საზოგადოება ამ პროექტის შესახებ სათანადოდ არ არის ინფორმირებული. თაბორის მთის პრობლემაც და სოლოლაკის ძველი ბრწყინვალე ნაგებობებიც თბილისის პერსპექტივის  ორგანული ნაწილია, მაგრამ ინვესტორების შეზღუდვა კიდევ უფრო დაამძიმებს სოლოლაკის და მიმდებარე უბნების მდგომარობას. რაც შეეხება იმით გაღიზიანებულებს, რომ ყოფილი “ცეკავშირის” შენობის ადგილზე მშენებარე კომპლექსი და უნივერმაღ “თბილისის” ნაცვლად აგებული “გალერეა თბილისის” მეპატრონე რომ ივანიშვილია, მინდა ვუთხრა, – განა ამ ობიექტებს ინვესტორი არ ესაჭიროებოდა, განა არაბი შეიხები რომ ყოფილიყვნენ მისი მეპატრონეები, უკეთესი იქნებოდა? არც უკეთესი და არც უარესი, მაგრამ არც იმის დაუნახაობა ივარგებს, რომ  რაც ამ კაცს უშოვია და რასაც იშოვის, ყველაფერს რომ საქართველოში ხარჯავს, ეს მისასალმებელია. თუმცა, ამის სანაცვლოდ მთავრობის და პარლამენტის მუდმივად დანიშვნის უფლება მას არ უნდა მიენიჭოს.