ტექდათვალიერების გადავადება სულ უფრო რეალური ხდება

ტექდათვალიერების გადავადება სულ უფრო რეალური ხდება

დაიწყება თუ არა იანვრიდან ავტომობილების სავალდებულო ტექნიკური დათვალიერება ეს ჯერ კიდევ გაურკვეველია. სპეციალისტები ამბობენ, რომ დღევვანდელი მოცემულობიდან გამომდინარე ეს შეუძლებელია. საპირისპირო განწყობაა აკრედიტაციის ეროვნულ ცენტრში, სადაც ამტკიცებენ, რომ 1 იანვრისთვის ყველაფერი მზად იქნება.

იმისათვის, რომ ინსპექტირება ერთიანად ყველა მსუბუქი ავტომობილისთვის არ გახდეს სავალდებულო, გარკვეული რეგულაციები მუშავდება. შესაძლოა ავტომობილები წლოვანების ან სანომრე ნიშნების მიხედვით დაიყოს და ამის მიხედვით ინსპექტირება სხვადასხვა დროს ამოქმედდეს.

კონკრეტულად რა რეგულაციებზე მიდის მუშაობა, რა ეტაპზეა პროცესი, გახდება თუ არა ტექდათვალიერება სავალდებულო 1 იანვრიდან, რამდენად მოსალოდნელია მისი გადავადება, ამ თემაზე ეკონომიკის სამინისტროში კომენტარს არ აკეთებენ.

ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის ხელმძღვნელი, დავით მესხიშვილი კი ტექდათვალიერების გადავადებას რეალურად მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ რეგულაციის იანვრიდან ამოქმედების შესაძლებლობას ვერ ხედავს.

“შეიძლება ითქვას, ეს პროცესი გაჭედილია. რეგლამენტი არ გვაქვს, მძღოლები, ცენტრები მზად არ არის, არაფერი გვაქვს და ამიტომ ტექნიკური დათვალიერების გადავადება რეალურად მიმაჩნია. პროცესი დახურულია - არ ვიცით რა შემოწმდება, რომელი ავტომობილების შემოწმება დაიწყება პირველ ეტაპზე და ა.შ. სწორედ ამიტომ ვითხოვთ ჩვენც, რომ პროცესში არასამთავრობო სექტორის ჩართვა მოხდეს“, - განუცხადა “ბიპიენს” მესხიშვილმა.

აღსანიშნავია, რომ ამ დროისთვის ქვეყნის მასშტაბით 26 აკრედიტირებული ინსპექტირების ორგანოა, აქედან თბილისში მხოლოდ ოთხია.

სხვაგვარ მონაცემებს ავრცელებს აკრედიტაციის ეროვნული ცენტრი. მისი  ხელმძღვანელის პაატა გოგოლიძის ინფორმაციით, შემოწმების ცენტრებში ხაზების რაოდენობა 35-მდეა. აქედან 7 თბილისშია. მათი რაოდენობა წლის ბოლომდეც მოიმატებს და მომდევნო თვეების განმავლობაში ცენტრების რაოდენობა დაახლოებით 15-20%-ით გაიზრდება.

“ყველა კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებისთვის ინსპექტირების ვადა განსხვავებულია. ეს ნიშნავს, რომ ყველას ერთად არ დასჭირდება ცენტრებში მისვლა, დროში ეს პროცესი ისე იქნება განაწილებული, რომ ცენტრების რაოდენობა საკმარისი იყოს. ამ მხრივ პრობლემა ნამდვილად არ გვექნება.

სავალდებულო ტექდათვალიერების დაწყებამდე სულ რამდენიმე თვეა დარჩენილი. შეგვიძლია ვთქვათ, რომ სიახლისთვის ბაზარი მზად იქნება, დაბრკოლებას არ ველოდებით. აკრედიტირებული ტესტირების ცენტრების დანიშნულება იქნება სწორედ ის, რომ შეამოწმოს სატრანსპორტო საშუალებები რამდენად აკმაყოფილებს საგზაო უსაფრთხოებისა და გამონაბოლქვის მოთხოვნებს. ამ ეტაპზე საქართველოს ყველა რეგიონში უკვე არის ეს ცენტრები და წლის ბოლომდე მათ კიდევ რამდენიმე დაემატება, სავარაუდოდ, მათი რაოდენობა 15-20%-ით გაიზრდება”, - აცხადებს გოგოლიძე.

ავტომობილები წლოვანების მიხედვით, სხვადასხვა კატეგორიად დაიყოფიან. ჯერჯერობით 20 და მეტი წლოვანების ავტომობილების შემოწმების საბოლოო ვადაა 2018 წლის 1 იანვარი; ასევე, 17-დან 19 წლამდე ავტომობილებიც უნდა შემოწმდეს 2018 წლის 1 იანვრამდე, ხოლო 14-დან 16 წლამდე მანქანების საბოლოო ვადა 2018 წლის 1 ივნისია. 11-დან 13 წლამდე ავტომობილების შემოწმების ვადა 2019 წლის 1 იანვარია; 1-დან 10 წლამდე ავტომობილებისთვის საბოლოო ვადაა 2019 წლის 1-ლივნისი.

ცხადია, თუკი მოცემულ ვადებში არ ექნებათ მძღოლებს სერტიფიკატი, დაჯარიმდებიან. საქართველოში სულ დაახლოებით 1,2 მლნ ავტომობილია რეგისტრირებული, საიდანაც ბუნებრივ აირზე 300 ათასი მუშაობს. მათი 40 პროცენტი, დაახლოებით 550 ათასი კი 20 წელზე მეტი ხნისაა.