"ყველაზე მეტად რაც გულს მტკენს და კვირიკაშვილის გამოსვლისასაც იყო შესამჩნევი, არის ის, რომ ჩვენი ხელისუფლების პირველი პირების შეიძლება გაწონასწორებული და დიპლომატიური საუბარი ხშირად არ შეესაბამება შიდა ვითარებას და ჩვენი ქვეყნის გეოპოლიტიკურ მდგომარეობას. ხელისუფლების წარმომადგენლები ყურადღებას ამახვილებენ მიღწევებზე, მაგრამ ქვეყნის მოქალაქეები ამას მაინცდამაინც ვერ ვგრძნობთ. არადა, ჩვენ გვერდით სახელმწიფოები ეკონომიკური თუ სამხედრო თვალსაზრისით აშკარად ვითარდებიან... ძალიან რთულ რეგიონსა და რთულ პერიოდში ვცხოვრობთ, რაც, ჩემი აზრით, მართლაც მოითხოვს მეტ კატეგორიულობას ზოგიერთი მიმართულებით. რაც მთავარია, არ ჩანს, რომ ამ დეკლარირებულ განცხადებებს შორის გააზრებულია მთელი შინაარსი და მათი განხორციელების გზები. ოკუპაციაზე საუბრისთვის გაერო მართლაც საუკეთესო ტრიბუნაა, მაგრამ, ჩემი აზრით, არც ენგურს იქით, არც ცხინვალში და არც თბილისში ეს საუბარი კარგად არ ისმის... შესაბამისად, ვერც იმას ვხედავთ, რომ ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს ამ პრობლემების მოსაგვარებლად და ქვეყნის განვითარებისთვის", - აცხადებს იურისტი ლია მუხაშავრია გაზეთ "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "გვანცა ყუფარაძის საქმით ევროსასამართლომ თავი მოიჭრა ქართველი საზოგადოების წინაშე!" / "ვენეციის კომისიის წევრები ცხოვრობენ სხვა პლანეტაზე და ჩვენ - სხვაზე... / არ ვფიქრობ, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი შეუერთდება ამ საპროტესტო აქციებს. მით უფრო, მეჩვენება, რომ ზოგჯერ ეს არის მართული, გარედან დაფინანსებული და ორგანიზებული აქციები.
"საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესი თავიდანვე მახინჯად რომ დაიწყო და ასევე გაგრძელდა, აშკარაა. უპირველესად უნდა ითქვას, რომ ჩვენი პოლიტიკური ხელისუფლების სათავეში მყოფი პირები კონსტიტუციას სათანადოდ გონივრულად და პატივისცემით არ ეკიდებიან, რაც ნიშნავს, რომ მათ ხეირიანად არც კი ესმით, რა დანიშნულება აქვს ქვეყნისა და სახელმწიფოს განვითარებისთვის კონსტიტუციას და მასში შეტანილ ნებისმიერ ცვლილებას. ამიტომ ამ ბოლო ცვლილებების მომზადებისასაც თავი იჩინა ისეთივე დამოკიდებულებამ, როგორიც იყო სააკაშვილის მმართველობის პერიოდში, უფრო ადრე კი შევარდნაძის ხელისუფლების დროს. ჩვენ კვლავაც ვნახეთ, რომ სახელისუფლებო ძალა კონსტიტუციას უყურებს, როგორც შესაძლებლობას და საშუალებას, რათა გაიხანგრძლივოს ხელისუფლების სათავეში ყოფნა, თავისთვის კომფორტულად მოაწყოს ქვეყანა ისე, რომ არ გაითვალისწინოს, რა სჭირდება სახელმწიფოს, როგორც უმნიშვნელოვანეს ინსტიტუციას", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ლია მუხაშავრია.
"ასეთი "პრაგმატული და პრაქტიკული მოსაზრებებით ხელმძღვანელობს ხელისუფლება და არ ითვალისწინებს, რომ კონსტიტუცია სახელმწიფოს ხერხემალია და თუ ეს ხერხემალი გამართული და ჯანმრთელი არ არის, მაშინ სახელმწიფოს არათუ განვითარება და სწრაფი წინსვლა, არამედ გადაადგილებაც კი გაუჭირდება. ისინი ვერ ხვდებიან, რომ ასე ხშირად, ასეთი სისწრაფით და დროის ასეთ მოკლე მონაკვეთებში სახელმწიფოს კონსტიტუციური მოწყობის ერთი მოდელიდან მეორეზე გადახტომა გაუჭირდება არა ჩვენისთანა ახალფეხადგმულ სახელმწიფოს, არამედ სტაბილურ და კარგად განვითარებულ ქვეყნებსაც კი... ამიტომ ეს საკონსტიტუციო ცვლილებები უფრო ასუსტებს სახელმწიფოს, ვიდრე აძლიერებს. ყველა ეს მანკიერება რაც ჩამოვთვალე, დამახასიათებელი იყო წინა ხელისუფლებისთვის და რაც ყველაზე გულსატკენია, უფრო მკვეთრად და უფრო გაუგონარი სიჯიუტით ხორციელდება დღეს, ჩვენ თვალწინ. ეს კი ქმნის პირობებს, რომ ჩვენს სახელმწიფოს არა და არ ეღირსა, იყოს განვითარებული, სტაბილური, თანამიმდევრული ქვეყანა", - განაგრძობს რესპონდენტი.
"პრაგმატული მოსაზრებიდან გამომდინარე, მეორე ვადით ხელისუფლებაში ყოფნის შემდეგ ჩვენს პოლიტიკოსებს უჩნდებათ ილუზია, რომ უნდა გააკეთონ ყველაფერი, რაც, მათი აზრით, გაახანგრძლივებს ხელისუფლების სათავეში მათ ყოფნას. "ქართულ ოცნებას" ჰგონია, რომ მაჟორიტარული სისტემის გამოყენებით მომავალი საპარლამენტო არჩევნებისას პარლამენტში მეტი ადგილის მოპოვებას შეძლებს, მეტიც, იმედი აქვს, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობასაც შეინარჩუნებს და ამით გაინაღდებს ხელისუფლების სათავეში უსასრულოდ და "უკუნითი უკუნისამდე" ყოფნას. ასე რომ არ არის, ამას ჩვენი ქვეყნის უახლესი გამოცდილებითაც ვერ სწავლობენ, რაც მაფიქრებინებს, რომ მათ ძალიან მოკლე მეხსიერება აქვთ... რაც შეეხება ვენეციის კომისიის დასკვნებსა და რეკომენდაციებს - ეს ევროპული ტიპის მოაზროვნეების დაწერილია და არ იქნება უადგილო, თუ ვიტყვით, რომ ვენეციის კომისიის წევრები ცხოვრობენ სხვა პლანეტაზე და ჩვენ - სხვაზე... ჯერ ერთი, ჩვენი საზოგადოებისთვის ხშირად გაუგებარია ის ლოიალური, დახვეწილი და რბილი ტონი, რომლითაც იწერება ხოლმე ეს შენიშვნები და რეკომენდაციები. ჩვენს პოლიტიკოსებს თუ ნაჯახით არ დაუჩეხავ, ძალიან მკვეთრად არ ეტყვი, ეს არ შეიძლებაო, ისე აღქმა და გააზრება უჭირთ", - განმარტავს იურისტი.
"ობიექტურობისთვის უნდა ითქვას, რომ კლასიკური საპარლამენტო მმართველობის პირობებში, რა თქმა უნდა, პრეზიდენტს მოსახლეობა არ ირჩევს, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ ვართ ახლად ფეხადგმული ქვეყანა, სადაც უკვე შევქმენით პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევის ხანმოკლე ისტორია, მისი შენარჩუნება, ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია. გარწმუნებთ, ჩვენი ამომრჩეველი კარგად დღემდე ვერ გარკვეულა არჩევნების დანიშნულებასა და არსში, სწორედ ამიტომ ყველა არჩევნები ჩვენი საზოგადოების დემოკრატიული განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომაც ვებღაუჭებოდი პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესს. ვიზიარებ ევროპელი კონსტიტუციონალისტების ამ დასკვნას, მაგრამ მათ არ ესმით ჩვენი საზოგადოებრივი ცხოვრების ნიუანსები, რაც ჩვენთვის გასაგებია. თუმცა, აქვე უნდა ითქვას, რომ ოპოზიცია და ხელისუფლების ოპონენტების ნაწილი პრეზიდენტის არჩევის წესის გადარჩენას ჩემ მიერ ზემოთ ნახსენები მოტივებით არ მოითხოვდნენ. შეიძლება ვცდები, მაგრამ ვფიქრობ, ეს უფრო მეტად იყო _ თუ სრულად არა, ნაწილობრივ მაინც - სპეკულაციის საგანი და მცდელობა, რომ პრეზიდენტიც ჩართულიყო ამ ბატალიებში...", - ამბობს ლია მუხაშავრია.
"ჩვენმა პოლიტიკოსებმა მიაღწიეს იმას, რომ 21-ე საუკუნეში დემოკრატიული ქვეყნის მოქალაქეებს არ სჯერათ, რომ ქვეყანაში არჩევნებით რამის შეცვლა შეუძლიათ. ასეთი ნიჰილიზმი შემთხვევითი არ არის, დარწმუნებული ვარ, ეს "ჩვენი ღვაწლმოსილი" პოლიტიკოსების დამსახურებაა. ამგვარი განწყობა განსაკუთრებულად თვალში საცემი გახდა ამ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისას... ამას წინათ ჩემს პირად ფეისბუქგვერდზე დავწერე და ახლა გავიმეორებ: თბილისელებმა ალეკო ელისაშვილი რომ გაიყვანონ მერად ან მეორე ტურში მაინც, ეს იქნება უზარმაზარი გადატრიალება მთელი საქართველოსთვის. საქმე ის არის, რომ ქართველ ამომრჩეველს არ სჯერა, რომ საარჩევნო უბანზე მის მისვლას მნიშვნელობა აქვს და რამის შეცვლა მოჰყვება. თბილისელებს შეუძლიათ, საპირისპირო დაამტკიცონ. ეს, ვფიქრობ, გადამდები იქნება მთელი ქვეყნისთვის, რადგან დემოკრატია ბოთლიდან გამოშვებული ჯინია, რომელსაც ვერც საკონსტიტუციო ცვლილებებით, ვერც ეკონომიკური სიდუხჭირით უკან ვერ ჩააბრუნებენ. ჩემი ოპტიმისტური განწყობით, თბილისში აუცილებლად მივა საქმე მეორე ტურამდე. იმის იმედიც მაქვს, რომ ამის შემდეგ ნიჰილისტურად განწყობილი ამომრჩეველიც გამოცოცხლდება და მეორე ტურში მიიღებს მონაწილეობას", - დასძენს რესპონდენტი და შეკითხვაზე - "გვანცა ყუფარაძის შეფასებით, ევროპულ სასამართლოში გადაწყვეტილება საქართველოს წარმომადგენლის, ნონა წოწორიას ზეგავლენით არის მიღებული... " - პასუხობს:
"პროფესიული ეთიკის მოთხოვნებით ვარ შეზღუდული და გამიჭირდება მკვეთრი შეფასება, განსაკუთრებით - ევროსასამართლოს ქართველი მოსამართლის. სტრასბურგის სასამართლოს გასაგონად მხოლოდ ერთი რამ მინდა ვთქვა: გვანცა ყუფარაძის საქმეზე ევროკონვენციის დარღვევის ვერდადგენით ევროსასამართლომ თავი მოიჭრა ქართველი საზოგადოების წინაშე და რეპუტაცია შეილახა. ეს არ არის გადაჭარბებული შეფასება, რადგან ევროსასამართლო ამ ქვეყანაში ის ბოლო იმედი იყო, რომელიც ჩვენს მოქალაქეებს სამართლის პოვნის შესაძლებლობას აძლევდა. დღეს კი ეს რწმენა შერყეულია... ორიოდე სიტყვას ვიტყვი სტრასბურგში საქართველოს წარმომადგენლის კანდიდატურების შერჩევაზეც... ეს პროცესი არ არის ღია და ჩვენ, საზოგადოება, ამის თაობაზე ვიგებთ მხოლოდ მიღებული სამარცხვინო შედეგების შემდეგ... იუსტიციის მინისტრმა ვერა და ვერ მოახერხა სამი კანდიდატის შერჩევა... როდესაც ქვეყანაში გყავს ისეთი იუსტიციის მინისტრი, რომელიც სამ კანდიდატს ვერ არჩევს სტრასბურგის სასამართლოსთვის, სხვა რა გადაწყვეტილება უნდა ანდო, არ ვიცი".